ნახვები: 150
საქმის ნომერი: 1გ/524
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №1გ/524 (2015-04-30), www.temida.ge
საქმის № 1გ/524

განჩინება
საქართველოს სახელით
       30 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
საგამოძიებო კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მანუჩარ კაპანაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბრალდებულ ზ. ქ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის 2015 წლის 25 აპრილის განჩინებაზე ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ ც. ც.-ს მიერ შეტანილი საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის №XXXXXXXXXXXX საქმე ზ. ქ.-ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,125-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

2015 წლის 24 აპრილს ზ. ქ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,125-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (იხ.დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.)

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის 2015 წლის 25 აპრილის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულ ზ. ქ.-ს მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე (იხ. განჩინება).

აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორმა ც. ც.-მ.

პროკურორი საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის 2015 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმებას და ბრალდებულ ზ. ქ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლომ არ გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები, რომლებიც ზეგავლენას მოახდენდნენ ზ. ქ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 14 წლამდე ვადით. შესაბამისად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი სასჯელის შიშით იგი შესაძლოა მიემალოს გამოძიებას და არ გამოცხადდეს როგორც საგამოძიებო ორგანოში, ისე სასამართლოში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზ. ქ. ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის არსებითი განხილვაც მიმდინარეობს სასამართლოში. პროკურორის განმარტებით, დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ბრალდებული განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.

აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორი ითხოვს ბრალდებულ ზ. ქ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას (იხ. საჩივარი).

გაეცნო რა საჩივარს, სასამართლოს წარმოებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 207-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჩივარში უნდა აღინიშნოს, თუ რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში ასევე მითითებული უნდა იყოს, თუ რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივარს უნდა დაერთოს მომჩივანის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი (მასალები) იმ ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის.

გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულ ზ. ქ.-ს მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონიძიების არცერთი სახე. ( იხ. გასაჩივრებული განჩინება).

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები და წარდგენილი მტკიცებულებები, მხედველობაში მიიღო, რომ საქმეზე მტკიცებულებათა მოპოვებისა და მათი საპროცესო დამაგრებისას, ზ. ქ.-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დროს არ დარღვეულა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სასამართლომ გამოიკვლია მტკიცებულებების, ანუ ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მასალების საკმარისობის საკითხი და მიუთითა, რომ ბრალდების დადგენილებაში აღნიშნული და საქმეში არსებული მასალები ზ. ქ.-ს მიმართ ქმნიდა ბრალდების საკმარის ფაქტობრივ საფუძვლებს, თუმცა სახეზე არ იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძველი, კერძოდ: სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ სსკ-ის 111,125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ნაწილში გამოძიება დაიწყო 2013 წლის 26 აპრილს. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, 2013 წლის სექტემბერში გამოიკვეთა, რომ ზ. ქ.-ს შესაძლოა ჩადენილი ქონოდა ნარკოტიკული დანაშაულიც, თუმცა ისე, რომ აღნიშნული ქმედებებისათვის მას ბრალი არ წარდგენია, იგი გასამართლებული იქნა სხვა დანაშაულის ჩადენისათვის, რაზედაც მოიხადა სასჯელი. გათავისუფლების შემდეგ იგი შემჩნეული არ ყოფილა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში; არ ქონია მცდელობა, ხელი შეეშალა გამოძიებისათვის; არ უცდია მიმალვა და ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. სასამართლომ გაითვალისწინა ასევე ის ფაქტი, რომ სსკ-ის 111,125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება ზ. ქ.-ს წარდეგინა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულ ზ. ქ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძველი.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გაცემისას, საქართველოს სსსკ-ის 196-198-ე, მე-200, 206-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით განიხილა, გამოიკვლია და შეაფასა სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ მითითებული საკითხები და გარემოებები, ასევე განიხილა და შეაფასა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, გაითვალისწინა ყველა გარემოება, რასაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე; საჩივარში აღნიშნული არ არის, თუ კანონის რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, არ არის დასაბუთებული გასაჩივრებული განჩინების დებულებათა მცდარობა, მიმაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 207-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს და იგი დაუშვებლად უნდა იქნენ ცნობილი.

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 207-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ ც. ც.-ს საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის 2015 წლის 25 აპრილის განჩინებაზე, დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება (ასლები) გაეგზავნოთ და გადაეცეთ სსსკ-ის 206-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 207-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.