საქმის ნომერი: 3/ბ-1649-16
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: თეა ძიმისტარაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3/ბ-1649-16 (2016-10-31), www.temida.ge
საქმის № 3/ბ-1649-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       31 ოქტომბერი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
თეა ძიმისტარაშვილი

კერძო საჩივრის ავტორი - მ. მ. ჰ.
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმება
კერძო საჩივრის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება

2015 წლის 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. მ. ჰ.-მა, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 07 აგვისტოს №02-01/05/21184 ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელისათვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, მ. მ. ჰ.-ის სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, დარჩა განუხილველად;

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2015 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მ. მ. ჰ.-ის სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში, 09 სექტემბრის განჩინებით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 21 ოქტომბერს. მოსამართლის მივლინებაში ყოფნის გამო, 2015 წლის 21 ოქტომბერს ჩანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2015 წლის 12 ნოემბერს, რის თაობაზეც მხარეებს გაეგზავნათ სასამართლო უწყება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით სარჩელში მითითებულ მისამართებზე, თუმცა მოსარჩელე - მ. მ. ჰ.-ს სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება ვერ ჩაბარდა არასწორი მისამართის მითითების გამო. 2015 წლის 12 ნოემბრის საოქმო განჩინების თანახმად, საქმის განხილვა გადაიდო და შემდეგი მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 10 დეკემბერს. მოსარჩელეს სარჩელში მითითებულ მისამართზე სასამართლო უწყება გაეგზავნა სამჯერ, თუმცა ვერ ჩაბარდა, ვინაიდან ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა, ანუ მოსარჩელის მიერ სარჩელში არასწორად იქნა მითითებული მისამართი, ამასთან, ვერ მოხერხდა მოსარჩელესთან სატელეფონო შეტყობინების გზით უწყების ჩაბარება, ვინაიდან სარჩელში მითითებულ ნომერზე დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 10 დეკემბერს დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ სასამართლო უწყება მოსარჩელე მ. მ. ჰ.-ს რამდენჯერმე გაეგზავნა სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მისამართზე, თუმცა ვერ ჩაბარდა არასწორი მისამართის გამო, ამასთან ვერ მოხერხდა მოსარჩელესთან სატელეფონო შეტყობინების გზით უწყების ჩაბარება, ვინაიდან სარჩელში მითითებულ ნომერზე დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა, კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. მ. ჰ.-მა, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2014 წელს, ჩამოვიდა საქართველოში და თავშესაფრის თხოვნით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2015 წლის 7 აგვისტოს N02-02/05/XXXXX გადაწყვეტილებით უარი უთხრა თავშესაფრის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა 2015 წლის 13 აგვისტოს. თვეების განმავლობაში სასამართლოდან არავინ დაკავშირებია არც ტელეფონზე და არც ფოსტის მეშვეობით მიუღია რაიმე გზავნილი.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2016 წელს, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს და სასჯელის მოხდის შემდეგ, გადაიყვანეს საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მის წინააღმდეგ დაიწყო გაძევების პროცედურები და შესაბამისი სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოდან მისი გაძევების შესახებ. 2016 წლის აგვისტოს თვეში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 10 დეკემბერს, სარჩელი დატოვა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს სარჩელის განუხილველად დატოვებას საფუძველს და განმარტავს, რომ მან საქართველოში საცხოვრებლად იქირავა ბინა, სარჩელში მითითებულ მისამართზე, კერძოდ - სამგორის მე-X დასახლება NXX. გამომდინარე იქიდან, რომ კარგად არ იცნობს არც თბილისს და არც მის ყველა უბანს, ამასთან არ არის ბინის მესაკუთრე, გამორიცხული არ არის სარჩელში შეცდომით ყოფილიყო მითითებული ქუჩის ნომერი.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, იგი იმყოფება შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გაძევების პროცედურები.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.1. მუხლით კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამ კოდექსის 420-ე მუხლით კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. მითითებული ნორმის ,,ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ორივე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს.
პალატა მიიჩნევს, რამდენადაც მხარეთა მატერიალური უფლებების დაცვის გარანტიას ქმნიან საპროცესო ნორმები, საპროცესო შეზღუდვების გამოყენების პროცესში სასამართლოს მიდგომა უნდა იყოს განსაკუთრებით ფრთხილი. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამორიცხოს პროცესის მონაწილეთა უფლებების შესაძლო ხელყოფის ფაქტი და განსაზღვროს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგი .
პალატა მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 07 აგვისტოს №02-01/05/XXXXX ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელისათვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლი მხარეს აძლევს უფლებას საქმე სასამართლოში აწარმოოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. აღნიშნული ნორმა ქმნის გარანტიას საქმის განხილვის პროცესში დაცული იქნას მხარეთა უფლებები და შესაძლებლობები ისარგებლონ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით მინიჭებული უფლებებით.
პალატა მიუთითებს ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ ამ კანონით დადგენილი წესით იურიდიული კონსულტაცია გაიწევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, იურიდიული დახმარების სახეებია: ა) სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და სხვა დოკუმენტები) შედგენა; დ) წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით;
ამავე მე-5 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია იმ თავშესაფრის მაძიებლისათვის, რომლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის ან გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებული დავაც უნდა განიხილოს სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII[6] თავით გათვალისწინებულ საქმესთან დაკავშირებით, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, იმ შემთხვევაში, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი.
პალატა მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ზემოთ აღნიშნული პუნქტი გასაჩივრებული განჩინების გამოტანის დროს არ იყო ამოქმედებული (ამოქმედდა 2016 წლის 01 იანვრიდან), მაგრამ კერძო საჩივრის განხილვის დროისათვის, წარმოადგენს მოქმედ ნორმას, რომლითაც იმპერატიულად არის განსაზღვრული თავშესაფრის მაძიებელი პირისათვის იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა. შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ მოსარჩელე მ. მ. ჰ.-ს, საპროცესო უფლებების სრულყოფილად დაცვის მიზნით, უნდა დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
ზემოთ აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
კერძო საჩივრის ავტორი - მ. მ. ჰ. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის საუძველზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 34.11 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 419-ე-420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ. ჰ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება არ გასაჩივრდება.