საქმის ნომერი: 1/ბ-58-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2კ-244აპ.-16, 1/3378-15
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-58-16 (2016-03-17), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-58-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       17 მარტი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის შოთა კახიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. მ.-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ლ. მ.-ს მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. 2013 წელს ლ. მ. კანონიერი ქურდების - ი. ბ.-სა და კ. ფ.-ს მიერ აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად, იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. ასევე აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ე.წ. ქურდულ გარჩევებში ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით. 2013 წელს ლ. მ. უცხოეთიდან საქართველოში ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უკავშირდებოდა სხვადასხვა პიროვნებებს და მონაწილეობდა საქართველოში ქურდული საერთოს, ე.წ. ,,ობშიაკის“ ფულადი თანხების შეგროვებისა და განკარგვის საკითხებში. დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა რუსეთის ფედერაციაში, მონაწილეობა აქვს მიღებული კანონიერი ქურდის ტ. ო.-ს მხარდასაჭერ ქურდულ შეკრებაში. დაკავების შემდეგ პოლიციელებს სიამაყით განუცხადა, რომ სულით და ხორცით არის კანონიერი ქურდი. სხდომაზე გამოკვლეული იქნა საიტის დათვალიერების ოქმი და თანდართული დოკუმენტები, რომლითაც დადგენილია ლ. მ.-ს კანონიერ ქურდად აღიარების წლები, მისი ზედმეტსახელი და ინფორმაცია მისი ქურდული საქმიანობის შესახებ. მოწმეებმა - ნ. ჯ.-მ და ზ. ნ.-მ განმარტეს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმოებაში არსებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება ქურდულ სამყაროსა და ქურდული „ობშიაკის“ განკარგვის საკითხებს, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ლ. მ., რაც დასტურდება მოსამართლის ბრძანებების საფუძველზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერებით. აუდიოჩანაწერები და კრებსითი ამონაბეჭდები დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რითაც უტყუარად დასტურდება ლ. მ.-ს აქტიური მონაწილეობა ე.წ. „ობშიაკის“, ანუ ქურდული საერთოს შეგროვებასა და შემდგომ განაწილებაში. მართალია, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა საუბრებში მონაწილე პირი იყო თუ არა ლ. მ., თუმცა ჩანაწერი იყო უტყუარი და რელევანტური, რაც არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

ადვოკატ გ. ნ.-ს მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის შესაგებლით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან საჩივარი უსაფუძვლოა, ხოლო განაჩენი არის დასაბუთებული. ბრალდება აგებულია ოპერატიულ ინფორმაციაზე, გაურკვეველ ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე, ხოლო სატელეფონო საუბრების ფარულ ჩანაწერებზე ვერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა ნამდვილად ღებულობდა თუ არა მონაწილეობას ლ. მ. საუბრებში. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არ დაკითხულა არც ერთი მოწმე, რომელიც იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობისთვის აუცილებელი რაიმე ეპიზოდის პირდაპირი მოწმე, თვითმხილველი, ან ისეთი ირიბი მოწმე, რომელიც დაასახელებდა ლ. მ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის კონკრეტული ფაქტის შესახებ კონკრეტულ წყაროს (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, ლ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია წარდგენილი ბრალდებით ლ. მ.-ს ბრალეულობა. დადგენილებით, პირის ბრალდების შესახებ, 2013 წელს ლ. მ. ე.წ. „კანონიერი ქურდების“ - ი. ბ.-სა და კ. ფ.-ს მიერ აღიარებული იქნა ე.წ. „კანონიერ ქურდად“. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან. იგი ასევე აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ე.წ. ქურდულ გარჩევებში ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით, კერძოდ, 2013 წელს ლ. მ. უცხოეთიდან საქართველოში ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უკავშირდებოდა სხვადასხვა პიროვნებებს და მონაწილეობდა საქართველოში ქურდული საერთოს ე.წ. „ობშიაკის“ ფულადი თანხების შეგროვებისა და განკარგვის საკითხში. 2015 წლის 23 მარტს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებული იქნა ლ. მ., რომელმაც დაკავებისას განმარტა, რომ არის ე.წ. „კანონიერი ქურდი“.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში მიიჩნევა გამოკვლეულად, ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ლ. მ.-ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გამამართლებელი განაჩენი ლ. მ.-ს მიმართ.

ქმედების სამართლებრივი აღწერა
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, მოწმე ი. ს.-მ განმარტა, რომ 2012 წლიდან 2015 წლის აპრილის ბოლომდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის 23 მარტს მიიღეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციიდან ლ. მ.-ს დეპორტაციის შესახებ. ლ. მ.-ს დაკავება მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის დარბაზში. ბრალდებულმა, უფლებების განმარტების შემდეგ დაადასტურა, რომ იყო „კანონიერი ქურდი“. მოწმის განმარტებით, მან დაკითხა ის ქალბატონი და მამაკაცი, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვდებოდნენ მ.-ს, რომლებმაც ჩვენებებში აღნიშნეს, რომ ლ.მ. იყო „კანონიერი ქურდი“.

მოწმე გ. მ.-ს ჩვენებით, მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2015 წლის 23 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა კანონიერი ქურდის - ლ. მ.-ს დეპორტაცია, მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. დაკავების ოქმი შეივსო აეროპორტის დარბაზში. გამომძიებელთან მიიყვანეს მან და დ. ქ.-მ. მოწმის განმარტებით, ლ. მ.-მ „კაპეზეზე“ გადაყვანისას პირად საუბრებში უთხრა, რომ გემზე მომხდარ „სხადნიაკზე“ თავადაც იმყოფებოდა, თუმცა, იმ დროს „ქურდი“ არ იყო. მას როგორც ახსოვს, ეს შეკრება იყო 2008 წელს. გ.მ.-ს ჩვენებით, ლ.მ. არის კანონიერი ქურდი, მონაწილეობას იღებს გარჩევებში, ობშიაკის განაწილებაში და სხვა მოქმედებებში. მას, როგორც ახსოვს, ზუგდიდში „ობშიაკის“ განაწილებაზე იყო გარჩევები, სადაც აქტიურად იყო ლ. მ. ჩართული. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ მისთვის ცნობილია, რადგან მოცემულ საქმეს 2013 წელს იძიებდა ის სამმართველო, რომელშიც ის მუშაობდა.

მოწმე დ. ქ.-ს ჩვენებით, მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც 2015 წლის 23 მარტს შევიდა ინფორმაცია ე.წ „კანონიერი ქურდის ლ. მ.-ს დეპორტაციის შესახებ. გ. მ.-თან და ი. ს.-სთან ერთად წავიდა თბილისის აეროპორტში, სადაც გამომძიებლის კითხვაზე ლ.მ.-მ დაადასტურა, რომ იყო „კანონიერი ქურდი“. ამის შემდეგ გამომძიებელმა გააცნო უფლებები და მოვალეობები, დააკავეს და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. იძულებას ადგილი არ ჰქონია, პირად საუბრებში კი ლ. მ. აღნიშნავდა, რომ არის კანონიერი ქურდი, კრიმინალური ლიდერი.

მოწმე გ. შ.-ს ჩვენებით, მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში. 2015 წლის 23 მარტს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ხდებოდა ლ. მ.-ს დეპორტაცია, რომელიც 2001 წლიდან მოღვაწეობდა რუსეთის ფედერაციაში, 2013 წლიდან იყო კანონიერი ქურდი, 2008 წლის ე.წ. „ქურდულ სხოდკაზე“ წარმოდგენილი იყო ტ. ო.-ს კლანის მხარდამჭერთა რიცხვში, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. ლ.მ. ეწეოდა კრიმინალურ საქმიანობას, ბულისკირიას და ფარფალიას მხარდაჭერით გახდა „კანონიერი ქურდი“. გ. შ.-მ აღნიშნა, რომ ინფორმაციის წყაროს ვერ დააკონკრეტებს, რადგან არის საიდუმლო. საიდუმლოა ასევე წყარო, რომელიც ამბობს, რომ ლ.მ. „კანონიერმა ქურდებმა“ ბ.-მ და ფ.-მ მონათლეს კანონიერ ქურდად, საიდუმლოა წყარო, ვინც ამბობს, რომ 07.07.2008 წ. ლ.მ. მონაწილეობდა ქურდულ „სხოდკაში“.

მოწმე გ. ღ.-ს ჩვენებით, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი. მის მიერ დათვალიერებული იქნა საიტი „პრაიმკრაიმი“, რომლის მე-15 გვერდზე მითითებული იყო ინფორმაცია კანონიერი ქურდის ლ. მ.-ს, ზედმეტსახელად ,,ლ.-ს’’ შესახებ.

მოწმე ნ. ჯ.-ს ჩვენებით, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი. ლ. მ.-ს პირადად არ იცნობს. 2013 წლის 30 აპრილს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლით, ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ქურდული სამყაროს წევრები ახორციელებდნენ ზეწოლას მოქალაქეებიდან თანხის ამოსაღებად. სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების დროს გამოიკვეთნენ ფიგურანტები, ერთ-ერთი იყო გ. კ., რომელიც დაკავებული იყო არალეგალური თამაშებით და წაგებული და მოგებული თანხების ამოღებას ახორციელებდა მოქალაქეებზე ზეწოლით, ასევე ახორციელებდა ქურდული საერთოს ამოღებას. ასევე იყო გ. ჭ., რომელსაც მოუხდა დაპირისპირება კუჭაშვილთან, რადგანაც მის მიერ საერთოს აგროვებაზე არ იყო საქმის კურსში ჭურღულია. ის ჩავიდა თ.-ში, შეხვდა ლ.მ.-ს და ჩააყენა საქმის კურსში. შემდეგ საუბარი მოხდა მ.-სა და კანონიერ ქურდ მ. გ.-ს შორის, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა, საუბარი ვერ დასრულდა და პრობლემა ვერ მოგვარდა, რადგანაც სკაიპით მოხდა გასაუბრება და ეს სატელეფონო საუბარი არ იყო. გამოძიების ფარგლებში, მას წერილით მიმართა თანამშრომელმა, რომ გადაეცა მიყურადების ასლები და ჩანაწერები, რადგან წარმოებდა გამოძიება მ.-ს მიმართ. მოწმის ჩვენებით, მის მიერ აღძრულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და უახლოეს მომავალში დადგება შედეგი. მის საქმეში კ. არ არის დაკითხული, რადგან მისთვის დაკითხვის თემა არ ყოფილიყო ცნობილი, არც ჭ. და მ. დაკითხულან. როგორც ოპერატიული ინფორმაციით ირკვევა, მ. გ. არის ქურდული სამყაროს წევრი, კრიმინალური ავტორიტეტი, ის იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში და არ არსებობს მოწმე, ვინც ადასტურებს, რომ ესაუბრებოდა ლ. მ.-ს.

მოწმე ზ. ნ.-ს ჩვენებით, არის შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი. მოსამართლის ბრძანებით აწარმოებდა ფარულ მოსმენა-მიყურადებას. მისი თქმით, გ. კ.-სა და გ. ჭ.-ს შორის მოხდა დაპირისპირება თანხის აკრებასთან დაკავშირებით. მათი საუბრებიდან ირკვეოდა, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ჭ. წავიდა თ.-ში კანონიერ ქურდ მ.-სთან. აქედან გამომდინარე, მან იცის, რომ ლ. მ. არის კანონიერი ქურდი. როდესაც გ. ჭ. ჩამოვიდა საქართველოში, დაურეკა კ.-ს და უთხრა, რომ კანონიერი ქურდის ლ. მ.-ს დანაბარებს ეუბნებოდა, რომ ჩასულიყო ზუგდიდში. კ. არ ჩავიდა, შემდეგ მ.-მ დარეკა კ.-თან და ისაუბრა დ. გ.-თან, გაეცნენ ერთმანეთს და დ.-მ უთხრა, რომ ეს არ იყო სატელეფონო საუბრის თემა და საუბარს გააგრძელებდნენ სკაიპის საშუალებით. პრობლემა იყო ის, რომ გ. არასწორად აგროვებდა ფულს ზუგდიდში, რასაც ეწინააღმდეგებოდა გ. ჭ., რომ იგი არ აკეთებდა ე.წ. „ტყავს“ ანუ არ წერდა. ისინი აგროვებული ფულით ეხმარებოდნენ ქურდულ სამყაროს, აგროვებდნენ „ობშიაკს“, თუმცა კ.-მ დაარქვა სამეგობრო ფული და ახსნა, რომ ეს იყო სამეგობრო ფული და არა „ობშიაკი“ და მას არ ჭირდებოდა „ტყავის“ ჩაწერა. ვინაიდან ლ. მ. იყო კანონიერი ქურდი, დაუჯერებდნენ მის ნათქვამს და ამით მოგვარდებოდა პრობლემა. გ. ჭ. ეუბნებოდა „შენ რატომ აგროვებ ამ ფულს ზუგდიდში, მანამდე ამ საქმეს ჩვენ კარგები ვაკეთებდითო“, გ. კი უხსნიდა, რომ ეს იყო არა „ობშიაკის“, არამედ „სამეგობრო“, ანუ „კრუგის“ ფული. მათ ამ თემაზე დაეძაბათ ურთიერთობა, შეყვნენ საუბარში და შემდეგ გაირკვა, რომ „ტყავი“ არ ჰქონდა და ამ ყველაფრის გასარკვევად წავიდა მ.-სთან. მ. გ. არის გ. კ.-ს მეგობარი. გ. კ. დაუკავშირდა დ. გ.-ს დასახმარებლად და ასევე მეორე კრიმინალს. ჭ.-მ უთხრა, რომ სხვაობას ვერ ხედავდა და რადგან ფული გროვდებოდა, უნდა დაწერილიყო. ეს საუბრები შედგა ჭ.-სა და გ.-ს შორის. მოწმის ჩვენებით, მან საუბრებიდან გამომდინარე იცის, რომ ის ლ. მ., რომელზეც საუბარი იყო ე.წ. კრებსებში, არის ბრალდებული ლ. მ.. მოწმის განმარტებით, ლ. მ.-ს ქურდობის შესახებ მან ასევე იცის „პრაიმკრაიმიდან“, ინტერნეტიდან და თავისი სამსახურიდან გამომდინარე სხვა წყაროებიდან.

მოწმე ბ. ფ.-ს ჩვენებით, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი. 2015 წლის 23 მარტს შესული ინფორმაციის თანახმად მათთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციიდან ხდებოდა ლ. მ.-ს დეპორტაცია. მისი დაკავება მოხდა აეროპორტში და გადაიყვანეს სამინისტროს შენობაში, სადაც დაკითხა და ბრალდებულმა დაადასტურა, რომ იყო „კანონიერი ქურდი“, მაგრამ სხვა კითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავა. 2013 წელს მათი სამმართველოს წარმოებაში იყო საქმე, სადაც ფიგურირებდა კანონიერი ქურდი ლ. მ., რომელიც აგვარებდა დავას კ.-სა და ჭ.-ს შორის. საუბარში ფიგურირებენ დ. და მ. გ.-ც. აღნიშნულის გამო ლ.მ.-ს წარედგინა ბრალი სსკ-ის 2231 პრიმა მუხლით. აღნიშნული პიროვნებები დაკითხულნი არ არიან. ექსპერტიზა დანიშნული იყო ხმებზე, თუმცა კ.-ს და ჭ.-ს ხმის ნიმუშები არ ჰქონდათ, ლ.მ.-ც უარი განაცხადა ხმის ნიმუშის აღებაზე. მოწმის განმარტებით, მისი სამმართველო ფლობს სხვადასხვა მეთოდებითა და საშუალებებით ინფორმაციას კანონიერ ქურდებზე, მათ შორის მ.-ზე, თუმცა წყაროს ვერ დაასახელებს.

მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია დაკავების ოქმი, სადაც მითითებული არ არის ლ.მ.-ს განმარტება კანონიერი ქურდობის თაობაზე.

დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად დათვალიერებულია ინტერნეტგვერდი www.xxxx.ru, რომლის მე-15 გვერდზე Nxxxx არის მამაკაცის სურათი, სადაც რუსული ასოებით მითითებულია ლ. მ., ზედმეტსახელით „ლ. ზ.“ დაბადების ადგილად და თარიღად - ზუგდიდი 1978, ხოლო ქურდად მონათვლის თარიღად 2013 წელი, თურქეთი. გვერდიდან ამობეჭდილი მონაცემების ქართული თარგმანი მოთავსებულია ასევე სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების სახით.

მტკიცებულების სახით ასევე წარმოდგენილი იქნა 2013 წლის 30 აპრილს დაწყებული სხვა სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, „ფარული ვიდეო-აუდიო და სატელეფონო საუბრების, ფარული მიყურადება და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალები. აღნიშნული მასალები სადავო არ გამხდარა.

პალატას მიაჩნია, რომ გამოკვლეულ, ასევე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

„კანონიერი ქურდობა“ კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლი ბლანკეტური ხასიათის ნორმაა და მისი შინაარსის სწორად დასადგენად საჭიროა ”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენციითა და ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება, რამდენადაც ე.წ ,,ქურდული სამყარო’’ განიხილება, როგორც თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემალი. შესაბამისად, იმისათვის, რათა ე.წ. კანონიერმა ქურდობამ სისხლისსამართლებრივად რელევანტური ხასიათი შეიძინოს, საჭიროა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილის შეფასება, არამედ კანონით და კონვენციით სადავო საკითხთან მიმართებით დადგენილი წესრიგის გაანალიზებაც.

,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის ცალკეული ელემენტები, კერძოდ, კანონმდებლის მიერ ტერმინი ,,ქურდული სამყარო” იმგვარი სოციალური ჯგუფის დასახასიათებლად არის გამოყენებული, რომელიც მოქმედებს მათ მიერვე დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომელთა მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ქურდული სამყაროს წევრია ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქურდული გარჩევა გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტას, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, კანონიერი ქურდი ქურდული სამყაროს წევრია, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.

კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონიერი ქურდობა, ერთის მხრივ, გულისხმობს ქურდული სამყაროსადმი, როგორც ორგანიზებული ჯგუფისადმი კუთვნილებას, ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფის მართვას და ორგანიზებას, ხოლო მეორე მხრივ, ქურდული სამყაროს მიზნების მისაღწევად გარკვეული უკანონო ქმედებების განხორციელებას. ამასთან, ქურდულ სამყაროს, როგორც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ ნაირსახეობას, აქვს კონკრეტულად განსაზღვრული მიზანი - სარგებლის მიღება, რომლის გარეშეც პირთა გაერთიანება ქურდულ სამყაროდ ვერ ჩაითვლება.

”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 7 ივნისის დადგენილებით, დეტალურად განსაზღვრავს ორგანიზებული ჯგუფის ცნებას, კერძოდ, კონვენციაში, ორგანიზებული ჯგუფისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სავალდებულო ნიშნად დასახელებულია პირდაპირ, ან არაპირდაპირ ფინანსური, ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზანი.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ‘’სარგებლის მიღება’’ არ უკავშირდება მხოლოდ მატერიალურ გამორჩენას. ‘’სარგებლის მიღება’’ გარკვეული უპირატესობის მიღებას გულისხმობს თავად ქურდული სამყაროსათვის და მისი წევრებისათვის. ქურდული ტრადიციებისადმი ერთგულების შედეგად მოპოვებულმა ანტისოციალურმა სტატუსმა დანაშაულის სუბიექტებს საშუალება უნდა მისცეს გარკვეული გავლენა მოახდინონ საზოგადოების წევრებზე, რაც მართალია, შესაძლოა განხორციელდეს ქურდული გარჩევების გზით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რაც სავალდებულოა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არსებობს.

საქმეში „აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი №45554/08, 2014 წლის 15 ივლისი) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ ასახავს კარგად ცნობილ ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის მიმართაც საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 20 დეკემბერს მიღებულ იქნა ფართო საკანონმდებლო პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო ბრძოლა ამგვარი დანაშაულებრივი სინდიკატების წინააღმდეგ... ეს დანაშაულებრივი ფენომენი იმდენად ღრმად იყო საზოგადოებაში გამჯდარი და „კანონიერი ქურდების“ სოციალური ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრებისთვის ცნებები - „ქურდული სამყარო“, „კანონიერი ქურდი“, „დავების გადაწყვეტა კანონიერი ქურდის ავტორიტეტის გამოყენებით“, „ობშიაკი“ და ა.შ. იყო საყოველთაოდ ცნობილი და გაგებული... შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 20 დეკემბერს ორი ახალი დანაშაულის წარდგინებით, კერძოდ, „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „კანონიერი ქურდობა“, საქართველოს კანონმდებლობამ მხოლოდ ამ ცნებების და დანაშაულებრივ („ქურდულ“) სუბკულტურასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაცია მოახდინა...

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე თავის პოზიციას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე:

1. ლ. მ.-ს განმარტებაზე, რომ არის „კანონიერი ქურდი“, რაც განუცხადებია აეროპორტში, დაკავებისას და რაც გადმოსცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

დადგენილია, რომ ლ. მ. დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მოწმეთა განმარტებით, დაკავებული ე.წ „კანონიერი ქურდის’’ სტატუსით მოსარგებლე პირს წარმოადგენდა და დაკავებისას განაცხადა კიდეც, რომ იყო „კანონიერი ქურდი“.

პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩვენებები არ წარმოადგენს „კანონიერი ქურდობის“ დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებებს და არ არის საკმარისი ლ. მ.-ს ქმედებაში კანონიერი ქურდობის შემადგენლობის ნიშნების დასადგენად.

თუნდაც, ლ. მ.-ს მხრიდან იმის დადასტურება, რომ წარმოადგენდა ე.წ. „კანონიერ ქურდს“, ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მხოლოდ გარკვეული ქმედების აღიარება არ წარმოშობს პირის დამნაშავედ ცნობის წინაპირობას თუ არ იარსებებს იმ ნიშნების ერთობლიობა, რაც პალატამ მიუთითა კანონის განმარტებისას და რომლის დადასტურებაც წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ მომხდარა.

2. მოწმეთა, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩვენებებზე, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ მათთვის ოპერატიული ინფორმაციით ცნობილია, რომ ლ. მ. „კანონიერი ქურდია“.

პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების დაშვების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებასაც გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი... მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს... მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს იმას, რომ საეჭვო, მცდარი ან სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებები გამოირიცხოს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. გამორიცხული უნდა იყოს გონივრული ეჭვი წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით. სათანადო პროცესუალური სტანდარტების შემცველი, არაორაზროვანი ნორმების საფუძველზე, სასამართლოს, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა შეეძლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, მათი მნიშვნელობისა და უტყუარობის შეფასება. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, აღჭურვოს სასამართლო სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც მას ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხის ან, ასეთ ჩვენებაზე დაყრდნობით, განაჩენის მიღებაში დაეხმარება.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირდაპირი მტკიცებულება და ვერ დაასაბუთა თუ რატომ უნდა გაიზიაროს პალატამ იმ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი ჩვენება, რომლის გადამოწმების, შემოწმების და შეფასების საშუალება სასამართლოს არ ჰქონია. „2013 წელს ლ. მ. კანონიერი ქურდების - ი. ბ.-სა და კ. ფ.-ს მიერ აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად, იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას“ - ბრალდების მხარე აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს იმ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც სასამართლოს განუცხადეს, რომ მათთვის აღნიშნული ინფორმაციის წყარო საიდუმლოა და ვერ დაასახელებენ. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების და ინტერნეტგვერდის დათვალიერების ოქმის გარდა, სხდომაზე არ წარმოდგენილა მტკიცებულება 2013 წელს, თ.-ში, ვინმე ი. ბ.-სა და კ. ფ.-ს მიერ ლ. მ.-ს „ქურდად“ მონათვლის, თავად აღნიშნული პიროვნებების ვინაობების, ან პრეიუდიციულად დადგენილი რაიმე ფაქტის არსებობის შესახებ.

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა არსებობა. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ეფუძნება არა უშუალოდ ნანახს, არამედ ოპერატიული თუ სხვა წყაროებიდან მოძიებულ და სასამართლოსთვის უცნობ ინფორმაციას, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

3. ინტერნეტგვერდის www.xxxx.ru-ს დათვალიერების ოქმზე, სადაც განთავსებულია ინფორმაცია „კანონიერი ქურდის“ ლ. მ.-ს შესახებ.

პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საიტის დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მტკიცებითი სახის ინფორმაციას. მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია გაურკვეველ ინტერნეტგვერდზე განთავსებული არასანდო და არაავთენტიკური ინფორმაციის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

4. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, „ფარული ვიდეო-აუდიო და სატელეფონო საუბრების, ფარული მიყურადება და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებულ მასალებზე.

აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე:
4.1. მტკიცებულება, რომელიც ძირითადი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარუდგინა ბრალდების მხარემ სასამართლოს, სადავო გახადა დაცვის მხარემ იმ კუთხით, რომ არ არის დადასტურებული საუბრებში მონაწილე ვინმე ლ., შემდეგ სხვების საუბრებში დაფიქსირებული სახელი და გვარი „ლ. მ.“ არის თუ არა ის პირი, რომელსაც სახელმწიფომ ბრალი წაუყენა „კანონიერი ქურდობისთვის“.
4.2. ბრალდების მხარეს აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით, მასში მონაწილე რომელიმე პირი არ დაუკითხავს, შესაბამისად გაურკვეველი დარჩა სატელეფონო მოსმენისას მიღებულ მტკიცებულებებში მითითებულ პირთა რელევანტურობა.
4.3. ფონოსკოპიური ექსპერტიზის N93/ფ დასკვნით ვერ დადგინდა საუბრებში მონაწილე პირი იყო თუ არა ის ლ. მ., რომელიც ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობის შესაბამისად, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით ეჭვგარეშე არ დადასტურდა, რომ საუბრებში ნამდვილად გამართლებული ლ. მ. მონაწილეობდა. ამასთან, ის გარემოება, რომ ექსპერტიზამ ვერ გასცა პასუხი გამომძიებლის მიერ დასმულ კითხვას, რადგან თავად ლ.მ.-მ უარი განაცხადა ხმის ნიმუშის აღებაზე, ხოლო წარდგენილი ფონოგრამები (სამეტყველო სიგნალი), არარეპრეზენტატულობის გამო, პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით საკმარისი არ აღმოჩნდა საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის, ვერ იქნება გამოყენებული გამართლებულის ლ. მ.-ს საწინააღმდეგოდ.

სამართლებრივი შეფასება
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ. მ.-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რასაც სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 40.3), ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი პალატის მოსაზრებით ვერ პასუხობენ მტკიცებულების უტყუარობის ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია, სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის შოთა კახიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენი ლ. მ.-ს მიმართ.

ლ. მ. უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ცნობად იქნეს მიღებულია, რომ ლ. მ.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და გათავისუფლებულია სხდომის დარბაზიდან 2015 წლის 17 დეკემბერს.

ლ. მ.-ს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი - 1 დისკი, ფარული აუდიოჩანაწერი (ფონოგრამა) - 2 დისკი, მობილური ოპერატორებიდან მიღებული დეტალური ამონაწერი - 2 დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.