საქმის ნომერი: №3ბ/1102-17
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №№3ბ/1102-17 (2017-07-27), www.temida.ge
საქმის № №3ბ/1102-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       27 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი
აპელანტი _ ბ. ღ.
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
წარმომადგენელი: ს. მ., ა. თ.
მესამე პირი - ს.ზ.
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბ. ღ.-ს სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამოაცხადა საჯარო კონკურსი, №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად, რომელშიც მონაწილეობა, სხვა კონკურსანტებთან ერთად მიიღო ასევე მოსარჩელე ბ. ღ.-მ. აღნიშნული კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად - განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება.
მოსარჩელე ბ. ღ.-მ წარმატებით გაიარა მითითებული კონკურსის პირველი ეტაპი - განცხადებების გადარჩევა და შესაბამისად იგი, იმ სხვა კონკურსანტებთან ერთად, რომლებმაც ასევე გადალახეს კონკურსის აღნიშნული ეტაპი, დაშვებული იქნა კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 17 თებერვალსა და 19 თებერვალს.
2016 წლის 17 თებერვალს გამართულ მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომას ესწრებოდა 6 წევრი, რომელთაც ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე დასანიშნად ბ. ღ.-ს კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, ამავე სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე ს. ზ.-ს კანდიდატურის წარდგენის შესახებ, ხოლო კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილებით, რომელსაც ასევე 6 წევრი ესწრებოდა, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე რ. მ.-ს კანდიდატურის წარდგენის შესახებ.
2.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 25 თებერვლის №MOC 7 16 00000368 ბრძანებით, მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ს.ზ. დაინიშნა №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.
2.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 24 თებერვლის №MOC 5 16 00000357 ბრძანებით, მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, რ. მა. დაინიშნა №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე, თუმცა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 7 დეკემბრის №MOC 5 16 00998928 წერილის თანახმად, აღნიშნული პოზიცია ამჟამად ვაკანტურია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო- საატესტაციო კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გამოცემული "ს. ზ -ს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 25 თებერვლის №MOC 7 16 00000368 ბრძანება, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას შემოწმდა მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა, შესაბამის საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე იმსჯელა გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე ბ. ღ.-ს მოთხოვნა კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
2.5. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნ. ი. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
2.6. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
2.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
2.8. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლომ, აქვე მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი - ევროპის სოციალურ ქარტია, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას პირისათვის დასაქმებაზე უარის თქმა, რაც სახელმწიფო სამსახურში მიღებისას პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, სადავო გადაწყვეტილების მიღება შეესაბამება, თუ არა ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი აქტებით დადგენილ პირობებს.
2.9. "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების მიხედვით, სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას და, როგორც წესი, შეირჩევა სპეციალური კონკურსის საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატს ენიჭება კურსანტის სტატუსი. სპეციალური კონკურსის ჩატარების წესს, სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეებსა და გავლის წესს, აგრეთვე სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესს ადგენს მინისტრი.
"საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აპარატის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოხელეებსა და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე, განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს.
მითითებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, კონკურსი და ატესტაცია ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის,
არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით. ამავე წესის მე-5 მუხლის საფუძველზე კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით თითოეულ დაწესებულებაში დამოუკიდებლად იქმნება კომისია, რომლის ფუნქციებია: ა) პირის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და პირადი შესაძლებლობების შეფასების პროცედურის წარმართვა; ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
2.10. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამოაცხადა საჯარო კონკურსი, №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად, რომელშიც მონაწილეობა, სხვა კონკურსანტებთან ერთად მიიღო ასევე მოსარჩელე ბ. ღ.-მ.
აღნიშნული წესის მე-16 და მე-17 მუხლებით განსაზღვრულია კონკურსის შესაძლო ეტაპები, კანდიდატურების განხილვა და კონკურსის შედეგები, რომლის თანახმად, კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) წერითი დავალება; ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება; გ) გასაუბრება. ამასთან, კომისია საკონკურსო ეტაპის/ეტაპების დასრულების შემდეგ კანდიდატების დაუსწრებლად განიხილავს დასაკავებელ თანამდებობასთან თითოეული კანდიდატის შესაბამისობის საკითხს. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კომისიის მიერ კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს, ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
აღნიშნული წესის მე-10 მუხლის (სადავო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქცია) მიხედვით კი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
2.11. სასამართლომ მიუთითას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს კვორუმის წესს ადგენს, კერძოდ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. შესაბამისად, ნორმის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად სასამართლომ განმარტა, რომ კანონი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომაზე, სულ მცირე 3 წევრის დასწრებას მოითხოვს იმისათვის, რომ სხდომა უფლებაუნარიანი იყოს.
სასამართლომ იმასთან დაკავშირებით, რომ "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქცია კვორუმის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებულ წესს ადგენდა აღნიშნა, რომ "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 12 თებერვლის №667 ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია შედგება 16 წევრისგან, ხოლო 2016 წლის 17 თებერვალს გამართულ მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომას ესწრებოდა 6 წევრი, რომელთაც ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე დასანიშნად ბ. ღ.-ს კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, ამავე სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე ს. ზ.-ს კანდიდატურის წარდგენის შესახებ, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 25 თებერვლის №MOC 7 16 00000368 ბრძანებით დაინიშნა №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.
2.12. გამომდინარე იქედან, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საკონკურსო კომისიის საქმიანობაში, არ ვლინდება არსებითი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, კომისიის გადაწყვეტილება არ მიღებულა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ, სადავო გადაწყვეტილების მიღების კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, რადგან იგი ეფუძნება ასეთი კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი არ ფასდება კანონთან მიმართებაში. კანონმდებელმა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის გაითვალისწინა შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება კომისიას მიანდო. მისი წევრების გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი საკონკურსო კომისიის და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საკონკურსო კომისიის და სხვა კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლის ფარგლები სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის (საქმის ნომერი: ბს--300-291(კ-13)) განჩინება) კერძოდ, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლომ, აღნიშნული განმარტება სწორედ ერთ-ერთი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით გააკეთა.
2.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
2.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არა ჰქონდა "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილებები, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3.1 ბ. ღ.-ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები


ფაქტობრივი უსწორობები:
აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსი ჩატარდა არსებითი დარღვევებით. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ არ ხდებოდა კონკურსში მონაწილე პირების ინდივიდუალური შეფასება და ფორმალურ ხასიათს ატარებდა კონკურსი, ამასთანავე აპელანტი ხაზს უსვამს, რომ კომისიას არ გააჩნდა უფლებამოსილება.
სასამართლომ არა სწორად არ გაიზიარა ბ. ღ.-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებილებები, აგრეთვე არ მოახდინა ახალი მტკიცებლეებების გამოთხოვა, რომელთა დაკავშირებით შუამდგომლობა იქნა დაყენებული სარჩელში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სამართლიანობიდან განყენებულად უნდა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ 2017 წლის 23 მარტის, გადაწყვეტილება. ბ. ღ. აღნიშნავს, რომ კვორუმის არარსებობა არის ადმინისტრაციული აქტის ბათილობის აბსოლიტური საფუძველია. სასამართლოს განმარტება არასწორია ზაკის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნაზე, რომლის თანახმად კომისიის წევრთა რაოდენობა ერთმნიშვნელვნადაა განსაზღვრული და რომ კომისია არ არის უფლებამოსილი თუ სხდომას არ ესწრება კომისის წევრთა ნახევარზე მეტი, ვინაიდან სასამართლომ, როგორც ჩანს მიკერძოებულად განმარტა აღნიშნული ნორმა კერძოდ: „შესაბამისად, სასამართლო, ნორმის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად განმარტავს, რომ კანონი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომაზე, სულ მცირე 3 წევრის დასწრებას მოითხოვს იმისათვის, რომ სხდომა უფლებაუნარიანი იყოს.“
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში იგნორირებას უკეთებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას, რომლითაც დადგენილია, რომ კომისია უფლებამოსილია თუ მის სხდომას ესწრება კომისის წევრთა ნახევარზე მეტი.
სასამართლოს განმარტებით კომისია, რომელიც შედგებოდა 16 კაცისაგან თურმე უფლებამოსილი იქნებოდა თუ მის სხდომას კომისის 3 წევრი დაესწრებოდა. კომისიის ლეგიტიმურობის, დადგენის საკითხს აპელანტი სააპელაციო პალატას ანდობს.
სასჯელაღსრულების სისტემაში კონკურისის ჩატარების სპეციალურ ბრძანების თანახმად, რომელზედაც ბატონ მოსამართლეს არც ჰქონდა ინფორმაცია თუ როგორ რეგულირდებოდა აღნიშნული საკითხი, საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქციით, სადაც მითითებულია, რომ კომისია უფლებამოსილი არ არის თუ მას არ ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
აპელანტი აღნიშნავს, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული მიდგომა, რადგან მას არ ჰყავს მინისტრი მამა ან ბიძა, ან მინისტრის მოადგილე ნათესავი, რომ ნეპოტიზმის საშუალებით დაინიშნოს საჯარო სამსახურში. რაც დისკრიმინაციული მიდგომაა და კანონის აბუჩად აგდებას წარმოადგენს. რადგან კომისის მიერ N17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილი იქნა შსს მინისტრის მოადგილის მამა კერძოდ რ. მ. პენსიონერი, რომლის ასაკიც გახლდათ 68 წელი და არა 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც ფლობს კომუნიკაცის ყველა სტანდარტს, არის აღსავსე ენერგით და რომელსაც შეუძლია ყოველგვარი ახალი და ინოვაციურის ათვისება და დანერგვა აღნიშნულ სისტემაში.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნული კომისის ფუნქციონირებისას, ვერასოდეს გაიგებდა და წარმოიდგენდა თუ კომისის მიერ წარდგენილი იქნებოდა ერთის მხრივ პარლამენტის წევრის ნათესავი და მეორე მხრივ მინისტრის მოდგილის მამა.
აპელანტი მიუთითებს ევროპის სოციალურ ქარტიაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი 9 დონის მიღწევასა და შენარჩუნებას.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ბ. ღ. განმარტავს, რომ პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლოს დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველა შესაძლებლობას მიმართოს სასამართლომ, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავის შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი, გამჭირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს სამართლიანი, გამჭირვალე სასამართლოს უფლებასა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უხეშად დაარღვია აღნიშნული ადგილობრივი და საერთაშორისო აქტის მითითებული ნორმის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სამართლბრივი უსწორობები:
1
სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის №3/3254-16 ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილების 7.3. პუნქტიში არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისნ (შემდგომ სზაკ) 105-ემუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს კვორუმის წესს ეხება, კერძოდ, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. მოხმობილ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლომ საკმარისად მიიჩნია 16 წევრისგან შემდგარი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 6 წევრის დასწრება და ჩატარებული სხდომის უფლებაუნარიანობის საკითხი, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება აღნიშნული ნორმის შინაარს, როგორც სიტყვა-სიტყვითი ასევე ლოგიკური განმარტების მეთოდებს.
სზაკ-ს 105 მუხლის მე-2 ნაწილი არის ზოგადი ხასიათის ნორმა და კომისიის შემქმნელ პირს აძლევს საშუალებას თავად განსაზღვროს კომისიის წევრთა რაოდენობა. კომისია უფლებამოსილი და გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება კომისისი წევრთა ნახევარზე მეტი. ხოლო ამ ნორმის ბოლო წინადადებით - მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა, რაც თავი თავში მოიაზრებს თუ მინიმუმ რამდენი წევრისგან არის შესაძლებელიკომისიის შექმნა.
აღნიშნული ნორმის პირველი წინადადების შინაარსიდან გამომდინარეობს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვარი №13 ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტიც, კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. აღნიშნული კანონქვემდებარე აქტიტაც განსაზღვრულია კომისიის უფლებამოსილების საკითხი, რომ კომისია რამდენი წევრისგანაც არ უნდა შედგებოდეს საჭიროა სხდომას დაესწროს წევრთა ნახევარზე მეტი სხვა შემთხვევაში ის არაუფლებამოსილი და გადაწყვეტილებაუუნაროდ უნდა იქნეს მიჩნეული.
№3/3254-16 ადმინისტრაციულ საქმეზე საკვნძო საკითხს წარმოადგენს სწორედ არაუფლებამოსილი კომიისიის არსებობა, რომელმაც ჩაატარა კონკურსი და მიიღო გადაწყვეტილება №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე აპელანტის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმის და ამავე თანამდებობაზე რამინი მალანიასა და სერგო ზაქარიაძის წარდგენის შესახებ. შესაბამისად არაუფლებამოსილი კომიისიის მიერ მიღებული როგორც უარის ასევე წარდგენის შესახებ საოქმო გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მისი მიღების მომენტიდან.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს, რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ადასტურებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს; კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.

ფაქტობრივი დასაბუთება:

4.7. დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამოაცხადა საჯარო კონკურსი, №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად, რომელშიც მონაწილეობა, სხვა კონკურსანტებთან ერთად მიიღო ასევე მოსარჩელე ბ. ღ.-მ. აღნიშნული კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად - განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება.
მოსარჩელე ბ. ღ.-მ წარმატებით გაიარა მითითებული კონკურსის პირველი ეტაპი - განცხადებების გადარჩევა და შესაბამისად იგი, იმ სხვა კონკურსანტებთან ერთად, რომლებმაც ასევე გადალახეს კონკურსის აღნიშნული ეტაპი, დაშვებული იქნა კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 17 თებერვალსა და 19 თებერვალს.
2016 წლის 17 თებერვალს გამართულ მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომას ესწრებოდა 6 წევრი, რომელთაც ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე დასანიშნად ბ. ღ.-ს კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, ამავე სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე ს. ზ.-ს კანდიდატურის წარდგენის შესახებ, ხოლო კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილებით, რომელსაც ასევე 6 წევრი ესწრებოდა, ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე რამინი მალანიას კანდიდატურის წარდგენის შესახებ.
4.8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 25 თებერვლის №MOC 7 16 00000368 ბრძანებით, მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ს.ზ. დაინიშნა №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.
4.9. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 24 თებერვლის №MOC 5 16 00000357 ბრძანებით, მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 19 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, რ. მ. დაინიშნა №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე, თუმცა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 7 დეკემბრის №MOC 5 16 00998928 წერილის თანახმად, აღნიშნული პოზიცია ამჟამად ვაკანტურია.

სამართლებრივი დასაბუთება

4.10. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ღ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
4.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია "სერგო ზაქარიაძის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 25 თებერვლის №MOC 7 16 00000368 ბრძანების ასევე, №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობებზე დასანიშნად კანდიდატების წარდგენისა და მოსარჩელის დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან.
4.12. "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების მიხედვით, სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას და, როგორც წესი, შეირჩევა სპეციალური კონკურსის საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატს ენიჭება კურსანტის სტატუსი. სპეციალური კონკურსის ჩატარების წესს, სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის სახეებსა და გავლის წესს, აგრეთვე სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესს ადგენს მინისტრი.
4.13. "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აპარატის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოხელეებსა და თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე, განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს.
მითითებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, კონკურსი და ატესტაცია ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით. ამავე წესის მე-5 მუხლის საფუძველზე კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით თითოეულ დაწესებულებაში დამოუკიდებლად იქმნება კომისია, რომლის ფუნქციებია: ა) პირის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და პირადი შესაძლებლობების შეფასების პროცედურის წარმართვა; ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.
4.14. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამოაცხადა საჯარო კონკურსი, №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად, რომელშიც მონაწილეობა, სხვა კონკურსანტებთან ერთად მიიღო ასევე მოსარჩელე ბ. ღ.-მ.
4.15. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საოქმო გადაწყვეტილება ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ლ” ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. მე-7 მუხლის შესაბამისად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამდენად, ცალკეულ თანამდებობაზე პირთა შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა ცალსახად განეკუთვნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დისკრეციის სფეროს, როდესაც სამართლის ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, რამდენიმე სასურველი გადაწყვეტილებიდან მიიღოს ერთ-ერთი თანასწორობის პრინციპის დაცვით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია განსახილველ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მოქმედებდა მისივე დისკრეციის ფარგლებში.
4.16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას , კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.17. №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობებზე მოსარჩელის დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილების გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, კერძოდ თუ რატომ მიიჩნია კომისიამ მოსარჩელის კანდიდატურა თანამდებობაზე შეუსაბამოდ და რატომ არ იქნა ის წარდგენილი შესაბამის თანამდებობაზე, ასევე არ არის დასაბუთებული, რატომ იქნა მიჩნეული სხვა კანდიდატურები (მათ შორის ს.ზ. ) შესაბამისად და რატომ იქნა წარდგენილი შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნად.
4.18. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. მოცემულ შემთხვევაში საკონკურსო საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას შესაბამისად დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლის მოთხოვნები.
4.19. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
4.20. სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. სასამართლოს მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი პროცედურული საკითხების უგულებელყოფით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
4.21. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 12 თებერვლის №667 ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია შედგება 16 წევრისგან, ხოლო 2016 წლის 17 თებერვალს გამართულ მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომას ესწრებოდა 6 წევრი, რომელთაც ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე დასანიშნად ბ. ღ.-ს კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, ამავე სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე ს. ზ.-ს კანდიდატურის წარდგენის შესახებ, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 25 თებერვლის №MOC 7 16 00000368 ბრძანებით დაინიშნა №8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.
4.22. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, ვინაიდან სხდომას არ ესწრებოდა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის 16 წევრისგან, 2016 წლის 17 თებერვალს გამართულ სხდომას ესწრებოდა 6 წევრი. ქვორუმი იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ სხდომას დაესწრებოდა 9 წევრი მაინც.
4.23. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქცია კვორუმის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებულ წესს ადგენდა.
აღნიშნული წესის მე-10 მუხლის (სადავო გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქცია) მიხედვით კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.
მითითებული ნორმის თანახმად ასევე განსაზღვრულია, რომ სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 16 წევრისგან შემდგარ კომისიას უნდა ესწრებოდეს 9 წევრი მაინც. ამდენად, საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2016 წლის 17 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
4.24. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობებზე დასანიშნად წარდგენილ იქნა კანდიდატების და ბ. ღ.-ს კანდიდატურას ეთქვა უარი დასანიშნად წარდგენაზე გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ასევე უნდა დაევალოს მოპასუხეს კონკურსის ხელახლა ჩატარება აღნიშნულ თანამდებობებზე გასაუბრების ეტაპიდან.
ვინაიდან, "ს. ზ.-ს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 25 თებერვლის №MOC 7 16 00000368 ბრძანება გამოცემულია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნული ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, როგორც უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოცემული.


5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო საჩივრით გაბათილებული იქნა სასამართლოს დასკვნები სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

6. საპროცესო ხარჯები:

აპელანტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:


1. ბ. ღ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ. ღ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
3.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობებზე ბ. ღ.-ს კანდიდატურას ეთქვა უარი დასანიშნად წარდგენაზე და დასანიშნად წარდგენილ იქნა ს.ზ. ;
3.2. ბათილად იქნეს ცნობილი "ს. ზ.-ს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 25 თებერვლის №MOC 7 16 00000368 ბრძანება;
3.3. დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 და №17 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე ახალი კონკურსის ჩატარება გასაუბრების ეტაპიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.


მოსამართლე გიორგი ტყავაძე