ნახვები: 97
საქმის ნომერი: 2ბ/6784-13
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი(თავმჯდომარე), ნატალია ნაზღაიძე, ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/6784-13 (2014-09-15), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6784-13

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       15 სექტემბერი, 2014 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები:
ნატალია ნაზღაიძე, ქეთევან მესხიშვილი,

სხდომის მდივანი – დარეჯან ბიძინაშვილი


აპელანტი – შპს ”ს. კ. ჯ.”
წარმომადგენლები - ი. ჩ., ქ. მ.

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ”ა. ო. ღ. ც.”
წარმომადგენელი - ი. ხ.

მესამე პირი - სს „ჩ. ო. კ.“
წარმომადგენელი - ზ. ბ.

დავის საგანი – გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

შპს ”აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის” სასარჩელო მოთხოვნა: მოპასუხე - შპს ”ს. კ. ა. ს. ჯ.” 2013 წლის აპრილის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 17 480,6 ლარის ანაზღაურების დაკისრება. ასევე, პირგასამტეხლოს - ყოველდღიურად 0.1%-ის, 17,5 ლარის გადახდის დაკისრება, 2013 წლის 31 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2013 წლის 31 მაისიდან ყოველდღიურად 5.30 ლარის ოდენობით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” - ს მოსარჩელე შპს ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - ის” სასარგებლოდ დაეკისრა 17 480.6 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” - ს მოსარჩელე შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - ის” სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად გადაუხდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით (17.5 ლარი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - მა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურება გაუწია სადაზღვევო კომპანია ”ა. ს. ჯ.-ის” მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის აპრილში. მომსახურების თანხამ შეადგინა 17 480,6 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მიღება-ჩაბარების აქტი №27XXXXX, ანგარიშ-ფაქტურა №1XXX, ანგარიშ-ფაქტურა №1XXX (ს.ფ. 22-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

2.2. მოსარჩელესა და სს ”პ. ბ. - ს” შორის დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება წლიური 11% სარგებლით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 148-153).

2.3. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის აპრილის თვეში სადაზღვევო კომპანია ,,ა. ს. ჯ.-ის’’ მიერ დაზღვეულ პირთათვის გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე დავა განხილულია სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ. სამსახურის მიერ გამოტანილია რეკომენდაცია, რომლითაც დაკმაყოფილდა 2013 წლის აპრილის თვეში გაწეული მომსახურებიდან წარმოშობილი მოსარჩელის მოთხოვნები - ძირი თანხის - 17 480,6 ლარის და პირგასამტეხლოს - 17,5 ლარის ყოველდღიურად დაკისრების შესახებ, 31 მაისიდან - აღსრულებამდე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის რეკომენდაცია (ს.ფ. 35-38);
- მხარეთა განმარტება.

2.4. აპრილის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი საანგარიშო დოკუმენტაცია მოპასუხესთან წარდგენილ იქნა 2013 წლის 1 მაისს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფოსტის გზავნილი (ს.ფ. 31-33);
- მხარეთა განმარტება.

2.5. მოსარჩელისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არ არის.

მხარეთა განმარტებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე ”ს. კ.ა. ს. ჯ.” - ს გაწეული სამედიცინო მომსახურების და მისი ღირებულების შესახებ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია 2013 წლის 1 მაისს, რის შესაბამისადაც ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო 19 სამუშაო დღის ვადაში 2013 წლის 31 მაისამდე, თუმცა სამედიცინო მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არ არის. მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის თაობაზე ინსპექტირების აქტი მხარეებს არ შეუდგენიათ.

მესამე პირმა - სს „ჩ. ო. კ.“ - ამ წარმოადგინა გადახდის საბანკო დოკუმენტები და დანართები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მის მიერ აპრილის თვის დავალიანება მოსარჩელისათვის ანაზღაურებულია.

2013 წლის 26 ივლისის საგადახდო დავალებით სს „ჩ. ო. კ.“ - ის მიერ ” ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.- სათვის” გადახდილია დავალიანება 10 000 ლარი (ს.ფ. 120), ხოლო 2013 წლის 24 აგვისტოს საგადახდო დავალებით 20 000 ლარი (ს.ფ. 121). მოსარჩელის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია, რომ გადახდილი 10 000 ლარი წარმოადგენდა მაისის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულებას, რის საფუძველზედაც მაისის თვის დავალიანების გადახდის მოთხოვნით იმავე მხარეებს შორის მიმდინარე დავაზე მან შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. გადახდილი 10 000 ლარი რომ წარმოადგენს მაისის თვის დავალიანებას ასევე დასტურდება სს „ჩ. ო. კ. - ის” დირექტორის - გ. მ. - ის 2013 წლის 13 აგვისტოს წერილით (ს.ფ. 144.).

მოსარჩელე მოითხოვა 17480.6 ლარის დაკისრება აპრილის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად. 24 აგვისტოს საგადახდო დავალებით გადახდილია თანხა 20 000 ლარი. სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადგინა აპრილის თვის დავალიანების ანგარიშში ამ თანხის გადახდის ფაქტი.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია ”ს. კ.ა. ს. ჯ. - ის” მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის აპრილის თვეში. გაწეული მომსახურებისათვის მოსარჩელე ითხოვს 17480.6 ლარს.

დადგენილია, რომ მოპასუხეს სამედიცინო მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არ აქვს. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს შესრულებული სამუშაოს ღირებულება, მოპასუხე ”ს. კ.ა. ს. ჯ.” ვალდებულია ღ. ს. ე. ს. ც.- ს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯები. არსებული რეკომენდაციის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანიას თანხა არ გადაუხდია. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოთხოვილი თანხის დაკისრების საფუძველი.

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებულია განახორციელოს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით.

მოცემული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე იყო საფუძვლიანი და მოპასუხეს 2013 წლის აპრილის თვის დავალიანების პროპორციულად უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

2.8. სასარჩელო მოთხოვნა სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ყოველდღიურად 5.3 ლარის გადახდის თაობაზე სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სასესხო ვალდებულებები აკისრია ბანკის წინაშე არ შეიძლება წინასწარ სავარაუდო ყოფილიყო მოპასუხისათვის და ასევე არ წარმოადგენს ზიანის გამოწვევის უშუალო შედეგს, რის გამოც მოსარჩელის ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სამედიცინო მედიაციის სამსახურში გაწეული მოპასუხის მიერ აუნაზღაურებელი ხარჯების 500 ლარის დაკისრების თაობაზე.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1. ვინაიდან მხარეთა შორის არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის მხოლოდ საანგარიშებო დოკუმენტაციის მიწოდება და აღნიშნულზე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, არ წარმოადგენს გაწეული მომსახურების ანგარიშსწორების საფუძველს.

3.2. სასამართლომ ასევე არასწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა სადავო პერიოდზე, რადგან ანგარიშსწორების გადახდის წესები, ვადები და ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შორის ორმხრივად ხელმოწერილი ურთიერთშედარების აქტით, რაც სადავო პერიოდზე გაფორმებული არ არის.

3.3. სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად არასწორად განისაზღვრა შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.”, ვინაიდან, გარკვეული კონტიგენტის (სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის რეგიონების) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო სს „ჩ. ო. კ.“.

3.4. სასამართლომ ასევე არასწორად განსაზღვრა სამედიცნო მედიაციის სამსახურში მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადახდილი თანხა 525 ლარის ოდენობით.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე შპს ”ა. ო. ღ.-ის” წარმომადგენელმა 15940,60 ლარამდე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა.

„სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის №177 დადგენილების შესაბამისად, მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.-ის” მიერ დაზღვეულ პირებს (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) 2013 წლის აპრილში. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 17480.60 ლარს.

სს „ვ. ბ. ჯ. - იას“ 2013 წლის 31 ივლისის N1 საგადახდო დავალებით დგინდება, რომ შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” - მა” შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.”- ის წინაშე შეასრულა, N1568 შესრულებული სამუშაოს ანგარიშით (ინვოისით) გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება 1540 ლარის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე 1540 ლარით შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 15940,60 ლარის ოდენობით შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების აპელანტზე დაკისრება.

იმის გათვალისწინებით, რომ 1540 ლარის ფულადი ვალდებულება შესრულდა 2013 წლის 31 ივლისს, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2013 წლის 31 მაისამდე, მოსარჩელემ (მოწინააღმდეგე მხარემ) მოითხოვა გადასახდელი თანხის 0.1 პროცენტის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება 31 ივლისამდე პერიოდზე (61 დღეზე) 17480,60 ლარიდან, ხოლო 31 ივლისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე 15940,60 ლარიდან.

სამართლებრივი დასაბუთება

4.2. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ აპელანტი შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” სადავოდ ხდის შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - ის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის დადგენილი წესით არ არის გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების“ მე-6 მუხლი შეიცავს რეგულაციას, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული შესაბამისი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილი ურთიერთობებისა და ამ პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ანგარიშგებასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. კერძოდ, წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით, დადგენილია მზღვეველის ვალდებულება საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან დაერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეულ შემთხვევაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. წესების მე-2 მუხლის „უ“ პუნქტით, „ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი“ განმარტებულია, როგორც დოკუმენტი (წერილობითი ან ელექტრონული), რომელიც დგება მიმწოდებელსა და მზღვეველს შორის და ასახავს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებას მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების მართებულობაზე, მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობასა და ანაზღაურების ვადაზე. წესების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია (დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების ასლი, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა და შემთხვევათა რეესტრი წინასწარ შეთანხმებული ფორმატით) მიმწოდებელმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს წერილობით ან ელექტრონულად მინიმუმ თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. ამასთან, დეტალური კალკულაცია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხაში არ შედის.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, 2013 წლის 1 მაისის N27XXXXX მიღება-ჩაბარების აქტით, ანგარიშ-ფაქტურებითა და სამედიცინო მომსახურებაზე შედგენილი ანგარიშების უწყისებით დგინდება, რომ შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - მა 17480,60 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება გაუწია (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში) შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” - ის მიერ დაზღვეულ პირებს და გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოპასუხეს წარედგინა წესების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში, 2013 წლის 1 მაისს.

სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე დაეთანხმა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღებას და ამასთან, არც დაზღვეული პირების გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური გაუხდია სადავოდ, თუმცა მან მიიჩნია, რომ ანგარიშსწორების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ „ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი“ და არა მისთვის წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი (მტკიცებულება: შესაგებელი სარჩელზე, ტომი 1. ს.ფ. 55-66, ტ. 1), რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს. მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის „ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი“ არ გაფორმებულა (გათვალისწინებული წესების მე-2 მუხლის „უ“ პუნქტით), არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მზღვეველის გათავისუფლებას სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან. როგორც ეს მზღვეველისათვის მიწოდებული დოკუმენტაციით დგინდებოდა, მზღვეველს ეცნობა ყველა საჭირო ინფორმაცია შესრულებული მომსახურების შესახებ, როგორიც იყო გაწეული მომსახურების თანხის ოდენობა, მომსახურების სახე პაციენტთა ვინაობის მითითებით, დასმული დიაგნოზების დასახელება, მომსახურების პერიოდები, მომსახურების დასახელება და კონკრეტულ პაციენტზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. მზღვეველმა სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩატარებული სამუშაო მიიღო და ამდენად, მას წარმოეშვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შემხვედრი ვალდებულება.

სააპელაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად სწორად განისაზღვრა შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” ვინაიდან, როგორც ეს საქმის მასალებით დგინდება შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - მა სამედიცინო მომსახურება გაუწია სწორედ შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” - ის მიერ დაზღვეულ პირებს, ხოლო აპელანტის პოზიცია, რომ გარკვეული კონტიგენტის (სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის რეგიონების) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო სს „ჩ. ო. კ.“, ვერ გახდება შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.”- ის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების საფუძველი.

საქმეზე დადგინდა, რომ 2013 წლის 1 მაისს მოპასუხისათვის მიწოდებული დოკუმენტაციით მოპასუხეს წარმოეშვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ყ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მზღვეველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” - ს ”შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15 940.60 ლარის გადახდა. ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა, 2013 წლის 31 მაისიდან - 31 ივლისამდე პერიოდზე 17480.60 ლარის 0.1% - 1066,28 ლარის ოდენობით, ხოლო 2013 წლის 31 ივლისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე ყოველდღიურად 15940,60 ლარის 0.1 %-ის ოდენობით (15.94 ლარი).

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

6. საპროცესო ხარჯები

სსსკ 39-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად, შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.”-ს შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში (15940.60+1066.28-ის, 3%) - 510.20 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 680.27 ლარი რჩება ბიუჯეტში. რაც შეეხება. ამავე დროს, სსსკ 55-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 785.45 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :


1. შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” - ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” - ს შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - ის სასარგებლოდ დაეკისროს 15 940.60 ლარის გადახდა;

5. შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.”-ს შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1066,28 ლარის ოდენობით;

6. შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” - ს შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამხტელოს გადახდა, 2013 წლის 31 ივლისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდზე, ყოველდღიურად 15940,60 ლარის 0.1 %-ის - 15.94 ლარის ოდენობით.

7. შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” - ს შპს ”ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც.” - ის სასარგებლოდ დაეკისროს 510.20 ლარი.

8. შპს ”ს. კ.ა. ს. ჯ.” - ს დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე საგადახდო დავალება N1-ით 10/12/2013 წელს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1465.72 ლარიდან თანხა 785.45 ლარის ოდენობით.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.