ნახვები: 265
საქმის ნომერი: 2ბ/797-15
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/797-15 (2015-04-03), www.temida.ge
საქმის № 2ბ/797-15

განჩინება
საქართველოს სახელით
       03 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - სს „თ. ბ.“

წარმომადგენელი - დ. ბ.

მოწინააღმდეგე მხარეები - გ. დ., ი. დ., ლ. თ.

განმცხადებლის მოთხოვნა - მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დ. გ. ც.-ს“ 2013 წლის 13 აგვისტოს #2549 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

2015 წლის 5 მარტს სს „თ. ბ.-“ წარმომადგენელმა, დ. ბ.-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დ. გ. ც.-ს“ 2013 წლის 13 აგვისტოს #XXXX საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შუამდგომლობით მომართა.

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი განცხადება და საქმის მასალები, მიიჩნია, რომ სს „თ. ბ.-ს“ წარმომადგენელს, დ. ბ.-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613-ე მუხლისა და 35620-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას ახორციელებენ სააპელაციო სასამართლოები. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35621-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი. თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან საარბიტრაჟო შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35621-ე მუხლის მე-2 პრიმა ნაწილის თანახმად, რომელიც ძალაში 2015 წლის 26 მარტს შევიდა , საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მხარის შუამდგომლობა ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ამ უკანასკნელს შეუძლია შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში წარადგინოს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადება. სასამართლო საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ მხარის განცხადების მიღებაზე განჩინებით უარს ამბობს, თუ არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იმავე საფუძვლით გაუქმების შესახებ, რა საფუძვლითაც მხარე ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმას, ან თუ მხარემ არ გაასაჩივრა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს განჩინების ფორმით, ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული განცხადების წარდგენიდან ან მის წარსადგენად განსაზღვრული 7-დღიანი ვადის გასვლიდან (რომელიც უფრო ადრე იყო) არაუგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35624-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში. ამავე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს საჩივრით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:

ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;

ა.ბ) იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა მიუთითეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;

ა.გ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;

ა.დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს;

ა.ე) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს;

ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:

ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

ამდენად, პალატა განმარტავს, რომ კრედიტორმა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შუამდგომლობით მომართავს, სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მხარეებისათვის ჩაბარების ფაქტი. ამასთან, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მიზნებისათვის გასული უნდა იყოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების 90 დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც, მხარეს მითითებული გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტორი ვალდებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მიზნით სასამართლოსათვის მომართვის შემთხვევაში, წარმოადგინოს საარბიტრაჟო საქმეში მონაწილე მხარეების ფაქტობრივი მისამართები და ასევე განცხადება თანდართული მასალითურთ იმდენი ასლის სახით, რამდენი მოპასუხეცაა საქმეში.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებლის მიერ შუამდგომლობაზე თანდართული 2012 წლის 15 აგვისტოს №XX-XXXXX-XXXXXX საკრედიტო ხელშეკრულების 12.1 და 12.4 პუნქტების (ს.ფ. 5-11), აგრეთვე, იმავე თარიღის №XX-XXXXX-XXXXXX და №XX-XXXXX-XXXXXX სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებების 3.1 და 3.4 პუნქტების (ს.ფ. 12-17) მიხედვით მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის შეტყობინება ან/და სხვა სახის ოფიციალური კომუნიკაცია წარმოებს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით; თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.

მოცემულ შემთხვევაში, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დ. გ. ც.-ს“ ვებ-გვერდზე, www.drc-arbitration.ge - ზე, XXXXXXXXXX საქმის კოდით წარმოდგენილ საქმის მასალებში არსებული უკუშეტყობინებებით, მოწინააღმდეგე მხარეებისათვის, გ. დ.-სათვის, ი. დ.-სათვის და ლ. თ.-სათვის შეთანხმებული წესით საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული გზავნილების და მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დ. გ. ც.-ს“ 2013 წლის 13 აგვისტოს #XXXX საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება სარწმუნოდ არ დასტურდება.

ზემოხსენებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე, განცხადების განსახილველად მიღებაზე. ასევე განმცხადებელს უნდა განემარტოს, რომ იგი ვალდებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მიზნით სასამართლოსათვის მომართვის შემთხვევაში, წარმოადგინოს საარბიტრაჟო საქმეში მონაწილე მხარეების ფაქტობრივი მისამართები და ასევე განცხადება თანდართული მასალითურთ იმდენი ასლის სახით, რამდენი მოპასუხეცაა საქმეში.

ამასთან, განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სს „თ. ბ.-ში“ 2015 წლის 2 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარი (საგადახდო დავალება #1).

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია ხელახლა მიმართოს სასამართლოს იმავე მოთხოვნით, განცხადების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35621-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე, 35613-ე, 35620-ე, 35621-ე, 35624-ე, მე-7, 186-ე მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ. ბ.-ს“ წარმომადგენელს, დ. ბ.-ს უარი ეთქვას შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დ. გ. ც.-ს“ 2013 წლის 13 აგვისტოს #2549 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადების მიღებაზე;

2. სს „თ. ბ.-ს“ უკან დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2015 წლის 5 მარტს შემოტანილი შუამდგომლობა თანდართული მასალებით.

3. სს „თ. ბ.-ს“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ სს „თ. ბ.-ში“ 2015 წლის 2 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარი (საგადახდო დავალება #1);

4. განჩინება არ გასაჩივრდება.




1. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2780019#DOCUMENT:1;