ნახვები: 290
საქმის ნომერი: 2ბ/6809-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/6809-16 (2017-07-18), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6809-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       18 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

აპელანტი - ნ. გ.

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ. ფ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბ.-ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „პ. ფ.-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ნ. გ.-ს უკანონო მფლობელობიდან შპს „პ. ფ.-ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: მ.-ის რაიონი, სოფელი ყ., ს/კ XX.XX.XX.XXX, გამოთხოვა და მოსარჩელისათვის ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

2. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.

3. ბ.-ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,პ. ფ.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ნ. გ.-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება მდებარე მ.-ს რაიონი, სოფელი ყ., საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდა შპს ,,პ. ფ.-ს“. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4. 2015 წლის 9 იანვარს შპს ,,პ. ფ.-ს” მიერ აუქციონზე შეძენილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: მ.-ს რაიონის სოფელ ყ., საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX.

5. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მ.-ს რაიონის, სოფელ ყ.-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX, მოსარჩელე შპს ,,პ. ფ.-ს” საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ, 2015 წლის 09 იანვარს გაცემული №AXXXXXX-XXX/XXX განკარგულება (ტ.1. ს.ფ. 21-22).

6.მოცემული დავის განხილვის დროისათვის უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი მოპასუხე მხარის მიერ გასაჩივრებული არ არის და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით დავა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით არ მიმდინარეობს.

7. მოპასუხე, ნ. გ. მ.-ს რაიონის, სოფელ ყ.-ში მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით: XX.XX.XX.XXX, ფლობს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ.

მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ნ. გ. არის საცხოვრებელი სახლის ყოფილი მესაკუთრის გარდაცვლილი დ. გ.ს ოჯახის წევრი, რომელიც არაკეთილსინდისიერად ფლობს უძრავ ქონებას, ცხოვრობს მითითებულ მისამართზე ოჯახის წევრებთან ერთად და მოსარჩელეს არ აძლევს საცხოვრებელი ბინით სარგებლობის შესაძლებლობას.

მოპასუხე მხარე უთითებს, რომ სადავო სახლში ცხოვრობს ოჯახის თოთხმეტ წევრთან ერთად, რომელთა შორის არიან ბავშვებიც. ამასთან, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ ისე შეიძინა სადავო საცხოვრებელი სახლი, რომ მათთვის ცნობილი არ ყოფილა ქონების აუქციონის წესით გაყიდვის თაობაზე.

8. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: მ.-ს რაიონის სოფელ ყ., საკადასტრო კოდი: XX.XX.XX.XXX, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე შპს ,,პ. ფ.-ს“ საკუთრებად (ტ.1. ს.ფ. 20-21).

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა, მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. ასეთ შემთხვევაში კი, პალატა დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტს.

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის მიერ მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ იგი სადავო ქონებას მართლზომიერად ფლობს, მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს. ვინაიდან, ნ. გ.-ს აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულებები საქმეში არ წარმოუდგენია.

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომლის მიხედვით სადავო უძრავი ქონება შპს „პ. ფ.-მ“ აუქციონის წესით შეიძინა. საყურადღებოა, რომ აუქციონის შედეგები და საფუძველი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

რაც შეეხება აპელანტის მითითებას, მასზედ, რომ თავდებმა პირმა ძირითადი დავალიანების დასაფარად გარკვეული თანხა გაიღო, აღნიშნული არ წარმოადგენს მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელ მტკიცებულებას. აღნიშნული შეიძლება გახდეს სხვა სახის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ბინას კანონიერად ფლობს. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

10. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ბ.-ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




I. შეჯამება:
თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

განმარტებული ნორმები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი

საკვანძო სიტყვები:
მტკიცების ტვირთი, მტკიცებულება;

განმარტების ტექსტი:
დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

II. შეჯამება:
პირი უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

განმარტებული ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170(1)-ე მუხლი;

საკვანძო სიტყვები:
საკუთრება; კანონით გარანტირებული უფლებები; მესაკუთრე;

განმარტების ტექსტი:
მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.