ნახვები: 314
საქმის ნომერი: 3ბ/1660-16
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ბს-396-393(2კ-17)
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №3ბ/1660-16 (2017-02-07), www.temida.ge
საქმის № 330310114499806
საქმის № 3ბ/1660-16

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       07 თებერვალი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი

აპელანტი - კ. შ.
წარმომადგენელი: მ. ს.

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: ი. უ.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება; ქმედების განხორციელების დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება

1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

კ. შ. სარჩელი მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ქმედები განხორციელების დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. მოსარჩელე კ. შ. 2013 წლის 27 დეკემბერს გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

კ. შ. თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გაყვანის საფუძვლად მითითებული იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე.

მოსარჩელე კ. შ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №MODXXXXXXXXXXX ბრძანება და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

2.2. 2014 წლის 27 აპრილიდან კ. შ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ- ტექნიკური უზრუნველყოფის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი მთავარი ინსპექტორი გათავისუფლდა სამსახურიდან.

კ. შ. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე- 13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე, ხოლო კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.


დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:


2.3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.


ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.


„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №XXX დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს.

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.


ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.


ამრიგად, სასამართლომ იმსჯელა გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე კ. შ. მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.


2.4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.


სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.


საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.


სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.


ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.


სასამართლომ მითითება გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N
21722/11) გვ.48 -49).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996 -III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002 -III). „პირადი ცხოვრების“ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, §29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004 -VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010).

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.


საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.


აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.


ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.


„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.


სასამართლომ მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი - ევროპის სოციალურ ქარტია, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.


სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელს მოსარჩელე კ. შ. სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

2.5. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი და მათი სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება სამხედრო პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ კანონით, სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამ პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები. „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესით“ განისაზღვრება სამხედრო პოლიციისთანამშრომელთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები.

აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელს სამხედრო პოლიციიდან დაითხოვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №MOD XXXXXXXXXXX ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე კ. შ. 2013 წლის 27 დეკემბერს გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ- ტექნიკური უზრუნველყოფის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელე კ. შ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №MOD XXXXXXXXXXX ბრძანება და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე კ. შ. თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნებაშესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.


სასამართლომ, აღნიშნულ ნორმათა სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და სისტემური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად განმარტა, რომ „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირი - მინისტრი მიზანშეწონილად მიიჩნევს კონკრეტულ თანამდებობის პირთა სამსახურებრივ გადაადგილებას, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს პირის მის მიერ, დაკავებულ თანამდებობასთან კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების ან სხვა ფაქტორების გამო შეუსაბამობით შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, გადაიყვანება კადრების განკარგულებაში და მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარეობს მისთვის შესაბამისი თანამდებობის შერჩევის პროცესი.


აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს იმავე წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის შერჩევა მათ შორის შეიძლება გულისხმობდეს მოსამსახურის კვალიფიკაციის შემოწმებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შესაბამისად ან/და აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობის არსებობის დადგენას. მოსამსახურეს შეეთავაზება თანამდებობა, თუ არსებობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ თუ მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება განპირობებულია მისი კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობის შერჩევით, პირს შეეთავაზება იგი მხოლოდ ასეთი თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, ხოლო აღნიშნული, შესაბამისი თანამდებობის შერჩევის უფლებამოსილება კანონმდებლობით მინისტრს, როგორც ხელმძღვანელს აქვს მინიჭებული სრულად.

დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე კ. შ. სამსახურიდან გათავისუფლდა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვის გასვლის შემდეგ და მას აღნიშნულ პერიოდში არც რაიმე თანამდებობა შეეთავაზა და არც დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მინისტრის მიერ ვერ მოიძებნა შესაბამისი თანამდებობა სამსახურებრივი გადაადგილების მიზნით, ხოლო ასეთ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა კანონმდებლობა („სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი) სამსახურიდან პირის უპირობოდ გათავისუფლებას ითვალისწინებს.

2.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს , ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.


ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. შ. სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აპრილის №MOD XXXXXXXXXXX ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

2.7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის კ. შ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

2.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში.

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული „სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აპრილის №MOD XXXXXXXXXXX ბრძანება და ასევე, უსაფუძლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე კ. შ. განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

ფაქტობრივი უსწორობები:

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის 21 ივლისის NXXX ბრძანების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის განმარტებისას სასამართლო მიუთითებს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნას სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/გათავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი - მინისტრი მიზანშეწონილად მიიჩნევს კონკრეტულ პირთა სამსახურებრივ გადაადგილებას, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს პირის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების ან სხვა ფაქტორების შეუსაბამობით. შესაბამისად ასეთ შემთხევაში პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, გადაიყვანება კადრების განკარგულებაში და მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარეობს მისთვის შესაბამისი თანამდებობის შერჩევის პროცესი. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის შერჩევა, მათ შორის შეიძლება გულისხმობდეს მოსამსახურის კვალიფიკაციის შემოწმებას ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის შესაბამისად ან/და აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობის არსებობის დადგენას. მოსამსახურეს შეეთავაზება თანმდებობა, თუ არსებობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა დასაბუთებული და მტკიცებულებით გამყარებული ის გარემოება, მიმდინარეობდა თუ არა თანამდებობის შერჩევის ან შესაბამისი კვალიფიკაციის თანამდებობის არსებობის დადგენის პროცესი, სასამართლომ კი მათი მიმდინარეობა უპირობოდ დადგენილად ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა.

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ კ. შ. სამსახურიდან გათავისუფლდა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვის გასვლის შემდეგ. მას აღნიშნულ პერიოდში, არც რაიმე თანამდებობა შეეთავაზა და არც დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მინისტრის მიერ ვერ მოიძებნა შესაბამისი თანამდებობა სამსახურებრივი გადაადგილების მიზნით და ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა (სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის 21 ივლისის NXXX ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი) სამსახურიდან პირის უპირობოდ გათავისუფლებას ითვალისწინებს. იმ ფაქტობრივი გარემოებს დასასაბუთებლად, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანმდებობის შესარჩევად შესაბამისი ღონისძიებები გატარდა მოპასუხე მხარეს უნდა წარმოედინა შესაბამისი წერილობით მტკიცებულება, აღნიშნულზე კი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია. უფრო მეტიც, არც ახსნა განმარტებისა და არც კამათის ეტაპზე ამ საკითხზე მსჯელობა არ ჰქონია.

სამართლებრივი უსწორობები:

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 აგვისტოს N3/1669-14 გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. შესაბამისად გადაწყვეტილება კანონის დარღვევით იქნა გამოტანილი. სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რის საფუძველზე ჰქონდა თავდაცვის მინისტრს უფლება გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წერილობითი დასაბუთებისა და ფაქტობრივი გარემოებების აღწერის გარეშე. - არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.“ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის 21 ივლისის NXXX ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე. არასწორად განმარტა აგრეთვე ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა ,,ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის შერჩევა, მათ შორის შეიძლება გულისხმობდეს მოსამსახურის კვალიფიკაციის შემოწმებას ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის შესაბამისად ან/და აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობის არსებობის დადგენას. მოსამსახურეს შეეთავაზება თანმდებობა, თუ არსებობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა. სასამართლო აღნიშნული ნორმების განმარტებისას უთითებს, რომ ,,კ. შ. სამსახურიდან გათავისუფლდა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვის გასვლის შემდეგ. მას აღნიშნულ პერიოდში, არც რაიმე თანამდებობა შეეთავაზა და არც დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მინისტრის მიერ ვერ მოიძებნა შესაბამისი თანამდებობა სამსახურებრივი გადაადგილების მიზნით და ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა სამსახურიდან პირის უპირობოდ გათავისუფლებას ითვალისწინებს“. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კ. შ. მიმართ, არც შესაბამისი თანამდებობის შერჩევა მოხდა და არც სხვა თანამდებობის შეთავაზება, ასევე არ იქნა გამოკვლეული არსებობდა თუ არა ვაკანტური თანამდებობა. კანონის არსებითი მოთხოვნები კი სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა არასწორად, მხოლოდ იმ ასპექტში, რომ მინისტრს კ. შ. სამსახურიდან დათხოვნის უფლებამოსილება ჰქონდა. ცხადია მინისტრი ამ უფლებამოსილებით აღჭურვილია, თუმცა კანონმდებელი ადგენს იმ აუცილებელ პირობებს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების გამოცემამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ, მინისტრმა აუცილებლად უნდა დაიცვას.- არასწორად განმარტა კანონი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად ,,თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება“. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ,,დისკრეციული უფლებამოსილების განხორცილებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიო პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებული შეზღუდვა“. კანონმდებელი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არჩეულმა ღონისძიებამ, არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთება სახეზე არ არის (არ გამოიყენა კანონი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5-ე მუხლის თანახმად ,,ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება“. ამავდროულად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, ,,ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ესაქტი (არ გამოიყენა კანონი).

სასამართლო უთითებს, რომ ,,ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. კ. შ. თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად არ არსებობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი საფძველი. საჩივრის ავტორის აზრით სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების გამოცემისას, სწორედ რომ ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, რაც მისი ბათილად ცნობის, კ. შ. აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების საფუძველია.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები ( სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს, რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

ფაქტობრივი დასაბუთება:

4.7. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №MODXXXXXXXXXXX ბრძანებით კ. შ. 2013 წლის 27 დეკემბერს გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

კ. შ. თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გაყვანის საფუძვლად მითითებული იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე.

მოსარჩელე კ. შ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №MODXXXXXXXXXXX ბრძანება და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4.8. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აპრილის №MOD XXXXXXXXXXX ბრძანების ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი მთავარი ინსპექტორი კ. შ. 2014 წლის 27 აპრილიდან გათავისუფლდა სამსახურიდან.

კ. შ. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე- 13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე, ხოლო კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.


სამართლებრივი დასაბუთება

4.9. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

4.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.” ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.”.

მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს კ. შ. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აპრილის №MOD XXXXXXXXXXX ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

4.11. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №XXX დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს.

4.12. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი და მათი სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება სამხედრო პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ კანონით, სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამ პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები. „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესით“ განისაზღვრება სამხედრო პოლიციისთანამშრომელთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელს სამხედრო პოლიციიდან დაითხოვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.13. აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოიცა „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანება, რომლითაც დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე.


დადგენილია რომ „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №MOD XXXXXXXXXXX ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე კ.შ. 2013 წლის 27 დეკემბერს გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს მთავარი ინსპექტორის თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4.14. გასაჩივრებული, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აპრილის №MOD XXXXXXXXXXX ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი მთავარი ინსპექტორი კ. შ. 2014 წლის 27 აპრილიდან გათავისუფლდა სამსახურიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძვლად მითითებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე- 13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე, ხოლო კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

4.15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №X/X/XXX,XXX გადაწყვეტილებით გ. ბ. და კ. შ. კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.

აღნიშნული გადაწყვეტილები საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი სამსახურებრივი გადაადგილების (მოსამსახურის კადრების განყოფილებაში გადაყვანის) წესი (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX და №XXX ბრძანებების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) არ არის განჭვრეტადი, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს იმ პირობებში, როდესაც სამსახურიდან გათავისუფლება ხდება კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან და არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები. სადავო რეგულაცია იწვევს საჯარო მოხელის კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, რაც, ამავდროულად, აისახება არსებული კანონმდებლობის მიმართ სახელმწიფო თანამდებობის პირთა ნდობის რყევაში. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, სადავო რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო მოსამსახურის დაცვას მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რაც ძირს უთხრის სახელმწიფო საქმიანობის კონსტიტუციური უფლების არსს.

4.16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №X/X/XXX,XXX გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №XXX ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ შეიძლება მოსარჩელე გათავისუფლებულიყო სამსახურიდან თუ არ იარსებებდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. ამდენად მოცემული საკითხი ექვემდებარება გამოკვლევას თავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, კერძოდ უნდა გაირკვეს არსებობს თუ არა სამსახურიდან გათავისუფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოსცეს შესაბამისი აქტი.


4.17. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანებები არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.

4.18. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

ამავე კოდექსის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.

4.19. როგორც უკვე აღინიშნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს რომ საკითხის ხელახლა განხილვისსას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე და 96–ე მუხლების მოთხოვნებით და სათანადო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ უნდა გამოსცეს დასაბუთებული ბრძანება.

4.20. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი“. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილია – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აპრილის №MOD XXXXXXXXXXX ბრძანება კ. შ. სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან მიღებული და გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან არსებობს მოსარჩელის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სანამ არ დადგინდება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ვერ მოხდება მოსარჩელის აღდგენა მის მიერ მოთხოვნილ თანამდებობაზე.

4.21. მოსარჩელე ასევე მოითხოვს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. სააპელაციო პალატა მხარეებს მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. ამ მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი ამ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.


6. საპროცესო ხარჯები:

1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, თანახმად, აპელანტი კ. შ. გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

2. მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;


თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კ. შ. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. კ. შ. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აპრილის №MOD XXXXXXXXXXX ბრძანება და მოპასუხეს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონმდებლობით დადაგენილ ვადაში;

4. სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს

5. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან ოცდაერთი 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე, თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მეშვეობით.




I შეჯამება:
საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება.
განმარტებული ნორმა: საქართველოს კონსტიტუცია, 29.1
თეგები:
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
II შეჯამება:
ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
განმარტებული ნორმა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 5.1
თეგები:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
III შეჯამება:
მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში.
განმარტებული ნორმა: საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, 112
თეგები:
მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.