ნახვები: 281
საქმის ნომერი: 1ბ/370-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები: ას-686-2019(b),
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/370-17 (2017-05-10), www.temida.ge
საქმის № 1ბ/370-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       10 მაისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

მსჯავრდებული - გ. ო.-ს ძე ა.- დაბადებული XXXX წლის XX ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ., ჯ.-ს მე-X შესახვევი, ბინა NXXX.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი - (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში).

სასჯელი:

03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა ხ. ხ.-მ (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილების შეტანა და გ. ა.-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ის გარემოება, რომ ავტომანქანას მართავდა მთვრალ მდგომარეობაში, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულ გ. ა.-ს პიროვნული მახასიათებელი, მისი ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით დაზარალებულთან მიმართებაში ზიანის აუნაზღაურებლობის კუთხით. გამოყენებული სასჯელის ზომა მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი);
დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრის შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სასამართლომ დაადგინა:

2016 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 17:25 საათზე, ქ.თ.-ში, თ. ე.-ს ქუჩაზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ. ა.-მ, რომელიც მართავდა „აუდის“ მარკის ავტომობილს, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კანონის დანართის ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის მოთხოვნები, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა სავალი გზის საპირისპირო მხარეს, სადაც დაეჯახა ,,ტოიოტას’’ მარკის ავტომობილს, რომელსაც მართავდა გ. ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ავტომობილ ,,ტოიოტას’’ მგზავრმა ც. ს.-მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება;

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ. ა.-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად;

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ ხ. ხ.-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი გ. ა.-ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

სახელმწიფო ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი (აღიარა და მოინანია დანაშაული) გარემოების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. აღნიშნული მუხლი ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავებას და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე, ან უამისოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-2-3 ნაწილების თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია, ხოლო თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ გ. ა. დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე, აღიარებდა დანაშაულს, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიასთან ერთად მიეკუთვნება გაუფრთხილებელ დანაშაულთა კატეგორიას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დანიშნული სასჯელის - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლის შესახებ, არის კანონიერი.

სააპელაციო საჩივარში დანაშაულის ხასიათზე მითითება ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში სასჯელის დამძიმების არგუმენტად მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებებზე, სადაც არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა . პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნეს მოაზრებული როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულს უფლება აქვს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ გ.ა.-ს მიმართ დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი, დამატებით სასჯელთან ერთად, მისი პიროვნების, დანაშაულის აღიარების გათვალისწინებით, შეძლებს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის განაჩენი გ. ა.-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორის ხ. ხ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის განაჩენი გ. ა.-ს მიმართ.

გ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, გ. ა.-ს, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. ა.-ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება ყადაღის დადების თაობაზე და გ. ა.-ს მიმართ შეფარდებული 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას მოქალაქე ლ. კ.-ს (პირადი №XXXXXXXXXXX) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თ., მ.-ს ქუჩა №X, საკადასტრო კოდით XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX იმ წილზე, რომელიც შესატანი გირაოს ფულადი თანხის ეკვივალენტურია.

ნივთიერი მტკიცებულება - 3 ცალი CD დისკი (ერთვის საქმეს) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო ავტომანქანა „აუდი“, სახ. NXXX-XXX (განთავსებული სპეციალურ ავტოსადგომზე), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.


მოსამართლე
ნათია ბარბაქაძე