ნახვები: 276
საქმის ნომერი: 1/ბ-760-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-760-17 (2017-10-03), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-760-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       03 ოქტომბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე

მსჯავრდებული - გ. ი.-ს ძე ს., დაბადებული XXXX წლის XX მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი NXXXXXXXXXXX, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ.-ს რაიონი, სოფელი ქ. კ.;

მსჯავრდებული - მ. მ.-ს ძე მ., დაბადებული XXXX წლის XX დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი NXXXXXXXXXX, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ.-ს რაიონი, სოფელი ძ.;

კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასჯელი:
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით (თითოეული მსჯავრდებულის მიმართ).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულების: გ. ს.-ს და მ. მ.-ს მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ის არ შეესაბამება დანაშაულის ჩამდენთა პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ არის წარმოდგენილი.
სასამართლომ დაადგინა:

გ. ს.-მ და მ. მ.-მ ჩაიდინეს სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 13 მაისს, გ. ს.-მ და მ. მ.-მ, ბ.-ს რაიონის, ხ.-ა.-ს სარკინიგზო ხაზის 29-ე კმ-ის პიკეტ 5-ში რკინიგზის მიწის ვაკისიდან წიდის ფარულად დაუფლების მიზნით მოთხარეს მიწა და დააზიანეს რკინიგზის მიწის ვაკისი, რითაც საფრთხე შეექმნა მატარებლის უსაფრთხო გადაადგილებას. აღნიშნულით დაზარალებულ ორგანიზაციას მიადგა 322,52 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განაჩენით, გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით. მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ. ს.-ს და მ. მ.-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების: გ. ს.-ს და მ. მ.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე;

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი აღლემაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვთ სასჯელი გ. ს.-ს და მ. მ.-ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები, შესაძლოა იძლეოდეს დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენების წინაპირობას, თუმცა, სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მათთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე. სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულია, რომ ბრალდებულები არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და არ იყვნენ დაინტერესებულნი მართლმსაჯულების განხორციელებით, თუმცა, საქმის მასალებით და სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ორივე ბრალდებული გამოძიების დაწყებიდან აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, ასევე უდავოდ მიიჩნიეს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფ მართლმსაჯულებას. ასევე, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული დანაშაული მსჯავრდებულებს შემოსავლის წყაროდ ჰქონდათ ქცეული.

რაც შეეხება საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი არის მეტისმეტად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ასეთი სასჯელის დანიშვნით მსჯავრდებულებს ჩამოუყალიბდებათ დაუსჯელობის სინდრომი და ა.შ.. პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის ისეთი სახის დანიშვნა, რომელიც არაა დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა წარსული ცხოვრების და მათი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობების გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა იქნება მკაცრი. რაც შეეხება სასჯელის სახეს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის აღნიშნული სახის გამოყენება იყო კანონიერი და სამართლიანი მსჯავრდებულთა პიროვნებების, მათი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყვეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და აანაზღაურეს მიყენებული ზიანი. გასათვალისწინებელია, რომ გ. ს. და მ. მ. ნასამართლევ პირებად ჩაითვლებიან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე, ნასამართლობა კი გაუქარწყლდებათ სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. აღნიშნული გარემოება დამატებითი ბერკეტია სასჯელის მიზნების მისაღწევად.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან; კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება დამაფიქრებელი გ. ს.-სა და მ. მ.-სთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ გიორგი აღლემაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გიორგი აღლემაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

გ. ს. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ს.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

მ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით;

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. მ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე განსაზღვროს პრობაციის ბიურომ.
ნივთიერი მტკიცებულებები:

სამუშაო იარაღები: 2 ცალი წერაქვი, 1 ცალი ნიჩაბი, 1 ცალი ურო, 1 ცალი ლომი, 1 ცალი ჩაქუჩი და 2 ცალი თოხი, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

20 ტომარა, მასში მოთავსებული წიდის ქვებით, რომლებიც ინახება სს ,,საქართველოს რკინიგზის’’ ბორჯომის რეგიონის სამსახურის ტერიტორიაზე ვ. ჯ.-სთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს სს ,,საქართველოს რკინიგზას’’.

1 ცალი ცარიელი ტომარა, რომელიც ინახება სს ,,საქართველოს რკინიგზის’’ ბორჯომის რეგიონის სამსახურის ტერიტორიაზე ვ. ჯ.-სთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

შემთხვევის ადგილის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოცხრილები 3 ცალ CD დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.


მოსამართლე
ნათია ბარბაქაძე