ნახვები: 542
საქმის ნომერი: 1/ბ-1001-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-1001-17 (2017-12-15), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-1001-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       15 დეკემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი მარიამ ნანეიშვილი

სხდომის სახე - ღია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ.ფ.
დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ზ. გ.-ს ძე ჭ., დაბადებული XXXX წლის XX ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ვ.-ს დასახლება, კორპუსი NXX, ბინა NXXX;

ადვოკატი - ე. ს.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126^1 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლ. ფ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა ზ. ჭ.-ს მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი არის დაუსაბუთებელი და არასამართლიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ჭ. 2017 წლის იანვარში, ივნისში და 09 ივლისს, მთვრალ მდგომარეობაში, სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე ხელის დარტყმით, ყელზე მოჭერით, მუცელზე ფეხის დაჭერით, ამასთან დაკავების დროს იგი იყო აგრესიული, მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს უფრო მკაცრი სასჯელი (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი სამართლიანია და შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას. ზ. ჭ.-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, შეურიგდა დაზარალებულს და ამ უკანასკნელს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი (იხ. სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით, ზ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის იანვრისა და ივლისის თვეში, ქ. თ.-ში, ვ.-ს დასახლების NXX-ე კორპუსის ბინა NXXX-ში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინსპექტორი ზ. ჭ. თავის მეუღლეს ე. ჭ.-ს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 2017 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.თ.-ში, ვ.-ს დასახლების NXX-ე კორპუსის ბინა XX-ში, ზ. ჭ.-მ, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ე. ჭ.-ს ხელის დარტყმებითა და ყელზე მოჭერით კვლავ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 06 ოქტომბრის განაჩენით, ზ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

მსჯავრდებულ ზ. ჭ.-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 ივლისიდან 2017 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზ. ჭ.-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ზ. ჭ-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და ასევე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ ზ. ჭ.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დასაბუთება:

პალატას მიაჩნია, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის ლ. ფ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ზ. ჭ.-ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ. ჭ. მის მეუღლეს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 2017 წლის 9 ივლისს, ხელის დარტყმებითა და ყელზე მოჭერით კვლავ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. საქმის მასალებში გამოკვეთილი არ არის მოტივი, თუმცა, დადგენილია, რომ ზ. ჭ. ძალადობრივ ქმედებებს მეუღლის მიმართ ახორციელებდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნის დროს.

პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის არასამართლიანი და დაუსაბუთებელი, ვინაიდან კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ყოველთვის არ გულისხმობს მის უსამართლობას. ამასთან, გასათვალისწინებელია ბრალდების მხარის მოსაზრება სასჯელის მიზნების სრულყოფილად უზრუნველყოფის კუთხით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, ზ. ჭ.-ს დაუნიშნა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაუთვალა პირობით და გაათავისუფლა სხდომის დარბაზიდან 2017 წლის 6 ოქტომბერს. საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ზ. ჭ.-ს მხრიდან მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). აღნიშნულის და დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად (არ გააჩნია პრეტენზია, შერიგებულია და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას), პალატას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ზ. ჭ.-ს მიმართ დამატებითი მექანიზმის გამოყენება, რომელიც იქნება უკეთესი გარანტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად.

პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე შვილების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე. მოცემულ შემთხვევაში, ქმედებების განხორციელების სახის და არაერთგზისობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ზ. ჭ.-ს მიმართ გამოსაცდელი ვადის გაზრდა 2 წლამდე, რაც იქნება დამატებითი გარანტია ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

განხორციელებული არაერთჯერადი ძალადობის (ფსიქოლოგიური და ფიზიკური) მხედველობაში მიღებით, პალატა ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს ზ. ჭ.-სთვის მოვალეობის დაკისრებას ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის სახით, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს თბილისის პრობაციის ბიურო. პალატას მიაჩნია, რომ 1 წლით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებით ვალდებულებასთან ერთად, შეძლებს დააფიქროს ზ. ჭ. უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის პროკურატურის საგამოძებო ნაწილის პროკურორის ლ. ფ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში.

ზ. ჭ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ. ჭ. გათავისუფლებულია სხდომის დარბაზიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 9 ივლისიდან 2017 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ. ჭ.-ს დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ასევე დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულებები:

მოწითალო ფერის ლაქიდან ანაფხეკი საკონტროლო ნიმუშთან ერთად, შპალერის ამონაჭერი მოწითალო ფერის ლაქებით და ე. ჭ.-ს ნერწყვის ნიმუში (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

1 ცალი CD დისკი და 1 ცალი DVD დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე
ნათია ბარბაქაძე