ნახვები: 328
საქმის ნომერი: 2ბ/2060-17
საქმეთა კატეგორიები: შრომის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/2060-17 (2017-07-27), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2060-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       27 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - გ. ხ.

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბანკი ...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

1. გ. ხ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ბანკი ...-ს“ წინააღმდეგ და სს „ბანკი ...-ის“ 2013 წლის 20 მაისის #XX/XXX.XX ბრძანების ბათილად ცნობა, 2010 წლის 1 იანვრის უვადო შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით სს „ბანკი ...-ს“ ვიპ ფილიალის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა და 2013 წლის ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, მოპასუხე სს „ბანკი ...-სთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის, თვეში 2200 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო დამსაქმებლის უკმაყოფილება მის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგებით. მას განზრახული ჰქონდა სხვა ბანკში გადასვლა. ამასთან, მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა შინაგანაწესი, „თანამშრომლის სახელმძღვანელო“ და შრომის ხელშეკრულება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, გ. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სს „ბანკი ...-ს“ 2013 წლის 20 მაისის ბრძანება გ. ხ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხე სს „ბანკი ...-ს“ მოსარჩელე გ. ხ.-ის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, 39 600 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; გ. ხ.-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის, ასევე 2013 წლის ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს „ბანკი ...-ს“ გ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარისა და წარმომადგენლის ხარჯის 800 ლარის ანაზღაურება; ასევე მოპასუხე სს „ბანკი ...-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1088 ლარის გადახდა დაეკისრა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება გ. ხ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ გ. ხ.-მ გაასაჩივრა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გ. ხ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებზე იმსჯელოს, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო უაპელაციოდ, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესულ ნაწილს, დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გ. ხ. სს „ბანკი ...-სთან“ 2010 წლის პირველი იანვრიდან უვადო შრომით ხელშეკრულებაში იმყოფებოდა. იგი სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის ვიპ ფილიალის საცალო მომსახურების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა და შრომის ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად 2 200 ლარს იღებდა (ხელზე მისაღები ოდენობა). გ. ხ. სამსახურიდან 2013 წლის 20 მაისის NXX/XXX.XX ბრძანებით არასწორად გათავისუფლდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო აპელანტის სამართლებრივი პოზიციის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, მხოლოდ გ. ხ.-ის, როგორც უვადო შრომითი ხელშეკრულებიდან არასწორად გათავისუფლებული მუშაკის, უფლებრივი რესტიტუციის კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობებზე მსჯელობს, რაღა თქმა უნდა სააპელაციო საჩივარზე დაყრდნობით და მის ფარგლებში.

6. აპელანტი გ. ხ. სადავოდ ხდის მისი პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობას, ტოლფას თანამდებობაზე მსჯელობის არქონასა და კომპენსაციის შეუსაბამოდ მცირე ოდენობას. შესაბამისად ითხოვს მის პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, ან ადეკვატურ კომპენსაციას იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო მას პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან ტოლფას თანამდებობაზე ვერ აღადგენს (იხ. გ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი).

7. სასამართლო განმარტავს, რომ უვადო ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ხელშეკრულების გაგრძელებულად მიჩნევაა, თუმცა, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებულად მიჩნევას შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი გამორიცხავს და ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებასა, ან კომპენსაციას. აღნიშნული შესაძლებლობები, რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების ბათილობის პირობებში, რაღა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან შრომის კოდექსი დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, გამოკვლეულ უნდა იქნეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციის შესაძლებლობა. ამგვარი მსჯელობაა განვითარებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინებაშიც, სადაც სასამართლო განმარტავს, რომ „სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია არსებობდა, თუ არა, ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული თანამდებობა გაუქმებულია და, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები“. ამავე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის მიხედვით, ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის საკითხი, შესაძლებელია, დადებითად გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, ’თუ საშტატო განრიგით ასეთი თანამდებობის არსებობის ფაქტი დადასტურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეუძლებელი იქნება”. რაც შეეხება ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევას, ამ მიმართებითაც საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 30 აპრილის Nას-902-864-2014 განჩინების მიხედვით, უტყუარად უნდა დადგინდეს „ახალი საშტატო განრიგის პირობებში, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს მოსარჩელე, რადგან ამ გარემოების არასათანადო დადგენა, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული გარემოების დასადგენად კი სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე მუხლით და შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა“.

8. ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა რა უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის უფლებრივი რესტიტუციის თაობაზე სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით , ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის შესაბამისადაც, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით, მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. შესაბამისად, გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ასევე ამავე მუხლის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლება, რომელიც ადგენს, რომ მოსამართლეს შეუძლია დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე გამოიკვლია, თუ რა შესაძლებლობები არსებობს მუშაკის სამუშაოზე აღდგენისა ან მის ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ გ. ხ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ პირვანდელი დამსაქმებლის, სს „ბანკი ...-ის“, რეორგანიზაცია განხორციელდა, კერძოდ, 2017 წლის 8 მაისს იგი სს „... ბანკს“ შეერწყა (ტ.3, ს.ფ. 319-320). სს „... ბანკის“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, სს „... ბანკს“ თბილისის რეგიონში კორპორატიული ბანკირის თავისუფალი საშტატო ერთეული არ აქვს (ტ.1, ს.ფ. 323). შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გ. ხ.-ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები არსებობს.

9. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ვერ ხდება, კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტამდე, უნდა შემოწმდეს, ხომ არ არსებობს დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, თუ რაღა თქმა უნდა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, უკანონოდ გათავისუფლებული, თავის უფლებრივ რესტიტუციად განიხილავს. საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით, უკანონოდ გათავისუფლებული დაზუსტებით ვერ მიუთითებს და შესაბამისად, ვერ დაადასტურებს, თუ რა ტოლფასი და, ამავდროულად, ვაკანტური თანამდებობები აქვს დამსაქმებელს, რომლებიც დასაქმებულის ინტერესის სფეროში შეიძლება შედიოდეს. ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს დამსაქმებელმა უნდა წარუდგინოს. აღნიშნული გარემოება სასამართლოს კვლევის საგანია მაშინაც, როდესაც დასაქმებული თავიდანვე ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას არ ითხოვს, ვინაიდან კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ დასაქმებული შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში ვერც პირვანდელი სამუშაო ადგილის და ვერც ტოლფასი თანამდებობის დაკავების გზით ვერ აღდგება. აღნიშნული მსჯელობა ეყრდნობა შრომითსამართლებრივ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, კომპენსაციასთან შედარებით, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის აღდგენას უპირატესობა ენიჭება, ვინაიდან გასათვალისწინებელია, რომ შრომის უფლება მხოლოდ შრომის სანაცვლო ანაზღაურების მიღების უფლებას არ მოიცავს. იგი ფიზიკური, თუ ინტელექტუალური თვითრეალიზაციის შესაძლებლობაა, რომელიც, ამავდროულად, მომავლის დაგეგმვის, თვითგანვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის გარანტიაცაა. ყველა ამ შესაძლებლობას კომპენსაცია ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ როდესაც მუდმივი ხასიათის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობა ერთმნიშვნელოვნად დგინდება, შრომით ურთიერთობაში აღდგენას მის კომპენსაციასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. შესაბამისად, კომპენსაციის დადგენამდე სასამართლომ შრომითსამართლებრივ უფლებებში აღდგენა (პირვანდელი სამუშაო, ტოლფასი თანამდებობა) ცალსახად უნდა გამორიცხოს. მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლო შრომითსამართლებრივი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის გზას, ერთი სამართალწარმოების ფარგლებში წყვეტს, მაგალითისათვის, თუ დასაქმებულის აღდგენაზე უარს ეტყვის, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნასა ან კომპენსაციას ცალ-ცალკე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრა არ სჭირდება და უფლებრივი რესტიტუციის ბედი ერთი სამართალწარმოების ფარგლებში წყდება, ვინაიდან მხარის მოთხოვნაა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობა, რომლის დადგენის პირობებში, შედეგობრივი თვალსაზრისით, იგულისხმება, რომ შრომითი ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, თუმცა, კანონის დანაწესი შრომით უფლებებში რესტიტუციის სხვადასხვა გზების დადგენის თაობაზე განპირობებულია იმით, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში შრომით უფლებებში რესტიტუცია ეფექტურ ხასიათს ატარებდეს. შესაბამისად, შრომით უფლებებში რესტიტუციის გზები სასამართლოს მხრიდან კვლევის საგანია, რაც იმას ნიშნავს, რომ გ. ხ.-ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობის დადგენის პირობებში, სასამართლო პირდაპირ კომპენსაციის საკითხს არ იკვლევს, თუ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის ინტერესი არ გაარკვია, მაშინაც, როდესაც უკანონოდ გათავისუფლებული, ტოლფასი თანამდებობის თაობაზე, სარჩელში არაფერს უთითებდა.

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გარდა იმისა, რომ ტოლფასი თანამდებობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობის პირობებში კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტამდე საკვლევი გარემოებაა, ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ტოლფას თანამდებობაზე უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის აღდგენა თავად მის ინტერესებში უნდა შედიოდეს. იგი უნდა თვლიდეს, რომ ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებით მისი უფლებრივი რესტიტუცია ხდება. გარდა ამისა, ტოლფასი თანამდებობის ზუსტი დასახელება და ფუნქციური დანიშნულება გათავისუფლებული დასაქმებულისთვის ცნობილი და მისაღები უნდა იყოს. მან, მისი შრომითი უფლებების თაობაზე გამართული სამართალწარმოების შედეგად, მისთვის მიუღებელი სამუშაო ადგილი, ან ისეთი პოზიცია არ უნდა მიიღოს, რომლის დასაკავებლად მას სპეციალური ცოდნა და მომზადება არ გააჩნია. უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის ტოლფას, თუმცა, მისთვის შეუფერებელ თანამდებობაზე დასაქმებით ამავე თანამდებობიდან მისი კანონიერად გათავისუფლების ფაქტობრივი წინაპირობა შეიქმნება, რადგან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი დამსაქმებელს უფლებას ანიჭებს, შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება, დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის გამო. გარდა ამისა, ტოლფასი თანამდებობის დასახელება, მისი ფუნქციური დანიშნულებისა და უფლება - მოვალეობების აღწერა სამართალწარმოების ფარგლებში კვლევის საგანი უნდა იყოს.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ტოლფას თანამდებობასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და დასაქმებულის ინტერესის გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ვაკანტური პოზიციებიდან გამომდინარე, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რასაც დამსაქმებელი აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად სავალდებულოდ მიიჩნევს, საცალო დაკრედიტების ექსპერტის პოზიცია, გ. ხ.-სათვის შრომითსამართლებრივ უფლებებში აღდგენის თვალსაზრისით, ტოლფას პოზიციად უნდა იქნეს მიჩნეული. აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს გ. ხ.-ის გამოცდილებას, მისი საქმიანობის აღწერას, რასაც იგი სს „ბანკი ...-ში“ ვიპ ფილიალის საცალო მომსახურების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობას ახორციელებდა, ასევე სს „ბანკი ...-ს“ შერწყმის შედეგად იმ მოთხოვნებს, რასაც სს „... ბანკი“ ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად სამუშაო აღწერილობის მიხედვით ითხოვს. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნული მტკიცებულებების კვლევისა და გ. ხ.-ის პოზიციის მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კომპენსაციის ნაცვლად, გ. ხ. სს „... ბანკში“ საცალო დაკრედიტების ექსპერტის (სამომხმარებლო) პოზიციას ტოლფას თანამდებობად განიხილავდა, რაღა თქმა უნდა, აღნიშნული ტოლფასი თანამდებობისათვის განკუთვნილი უფრო მცირე სახელფასო განაკვეთის გათვალისწინებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გ. ხ.-ის პოზიცია ფორმულირებულ იქნა იმგვარად, რომ იგი განაცდურის სახით, ხელზე ასაღებ 2 200 ლარს მოითხოვს იქამდე, სანამ იგი ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, საცალო დაკრედიტების ექსპერტის (სამომხმარებლო) პოზიციაზე არ აღდგება, რომლის სახელფასო განაკვეთი 600 ლარს (დარიცხული) შეადგენს (იხ. ტ.3, ს.ფ. 358 – 374, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის სხდომის ოქმი).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. ხ. სს „ბანკი ...-ის“ ვიპ ფილიალის საცალო მომსახურების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლდა (იხ. გადაწყვეტილების მე -7 პუნქტი). გ. ხ.-ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე, კერძოდ, ვიპ ფილიალის საცალო მომსახურების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია (იხ. გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი). სს „... ბანკში“ არსებობს ვაკანტური სამუშაო თანამდებობები. აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიციებიდან, გ. ხ.-ის სამუშაო გამოცდილებისა და სს „... ბანკის“ მიერ შემუშავებული სამუშაო აღწერილობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა, რომ გ. ხ.-სთვის სს „... ბანკში“ საცალო დაკრედიტების ექსპერტის (სამომხმარებლო) პოზიცია ტოლფას თანამდებობას წარმოადგენს (სახელფასო განაკვეთი - 600 ლარი) (იხ. გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი). შესაბამისად, გ. ხ. აღდგენილ უნდა იქნას სს „... ბანკის“ საცალო დაკრედიტების ექსპერტის (სამომხმარებლო) პოზიციაზე თბილისის ნებისმიერ ფილიალში, ყოველთვიურად დარიცხული 600 ლარიანი ხელფასის ანაზღაურების პირობით, ხოლო 2013 წლის ივლისიდან ზემოაღნიშნულ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდზე უნდა აუნაზღაურდეს განაცდური, ყოველთვიურად, ხელზე ასაღები 2 200 ლარის ოდენობით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის კონტექსტში, სს „... ბანკს“ გ. ხ.-ის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 700 ლარის ოდენობით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი ანაზღაურება 4 100 ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირველი და სააპელაციო ინსტანციაში გადასახდელი ბაჟის ანგარიშში - 7 392 ლარი.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. გ.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

3. გ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სს „ბანკი ...-ს“ 2013 წლის 20 მაისის ბრძანება გ. ხ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

5. აღდგენილ იქნეს გ. ხ. სს „... ბანკის“ საცალო დაკრედიტების ექსპერტის (სამომხმარებლო) პოზიციაზე თბილისის ნებისმიერ ფილიალში, ყოველთვიურად დარიცხული 600 ლარიანი ხელფასის ანაზღაურების პირობით;

6. აუნაზღაურდეს გ. ხ.-ს განაცდური 2013 წლის ივლისიდან ზემოაღნიშნულ ტოლფას თანამდებობაზე (გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პოზიციაზე) აღდგენამდე პერიოდზე განაცდური, ყოველთვიურად, ხელზე ასაღები, 2 200 ლარის ოდენობით;

7. სს „... ბანკს“ გ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 700 ლარის ოდენობით და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება 4 100 ლარის ოდენობით;

8. სს „... ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის (პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟის ანგარიშში) გადახდა 7 392 ლარის ოდენობით;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.


მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი




შეჯამება 1:
უვადო ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლება მისი შეწყვეტის მომენტიდან, თუმცა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი აღნიშნულ ზოგად წესს გამორიცხავს და გაბათილების დროს უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებასა, ან კომპენსაციას, რომლებიც რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული.
განმარტებული ნორმა:
შრომის კოდექსი 38.8
საკვანძო სიტყვა:
უფლებრივი რესტიტუცია შრომის სამართალში; შრომითი ხელშეკრულების ბათილობის შედეგი.
განმარტების ტექსტი:
სასამართლო განმარტავს, რომ უვადო ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ხელშეკრულების გაგრძელებულად მიჩნევაა, თუმცა, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებულად მიჩნევას შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი გამორიცხავს და ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებასა, ან კომპენსაციას. აღნიშნული შესაძლებლობები, რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების ბათილობის პირობებში, რაღა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან შრომის კოდექსი დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, გამოკვლეულ უნდა იქნეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციის შესაძლებლობა.

შეჯამება 2:
სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ტოლფასი თანამდებობის არსებობა, თუკი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია და ასევე ეს მის ინტერესებში შედის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დასაქმებული უნდა შეესაბამებოდეს პროფესიულად ტოლფას თანამდებობას და ეს მისთვის მისაღები უნდა იყოს.
განმარტებული ნორმა:
შრომის კოდექსი 38.8
საკვანძო სიტყვა:
ტოლფას სამუშაოზე აღდგენა
განმარტების ტექსტი:
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გარდა იმისა, რომ ტოლფასი თანამდებობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობის პირობებში კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტამდე საკვლევი გარემოებაა, ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ტოლფას თანამდებობაზე უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის აღდგენა თავად მის ინტერესებში უნდა შედიოდეს. იგი უნდა თვლიდეს, რომ ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებით მისი უფლებრივი რესტიტუცია ხდება. გარდა ამისა, ტოლფასი თანამდებობის ზუსტი დასახელება და ფუნქციური დანიშნულება გათავისუფლებული დასაქმებულისთვის ცნობილი და მისაღები უნდა იყოს. მან, მისი შრომითი უფლებების თაობაზე გამართული სამართალწარმოების შედეგად, მისთვის მიუღებელი სამუშაო ადგილი, ან ისეთი პოზიცია არ უნდა მიიღოს, რომლის დასაკავებლად მას სპეციალური ცოდნა და მომზადება არ გააჩნია.