ნახვები: 149
საქმის ნომერი: N3ბ/1934-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: შოთა გეწაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №N3ბ/1934-15 (2016-01-26), www.temida.ge
საქმის № N3ბ/1934-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       26 იანვარი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
შოთა გეწაძე

აპელანტი - გ. ც.;
წარმომადგენელი - ქ. ბ., მ.გ.;

მოწინააღმდეგე მხარე – ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
წარმომადგენელი - ზ. გ.;

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

II
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ც. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

1.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება (გარდა ბაჟის ნაწილისა) და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

1.2. მოწინააღმდეგე მხარს პოზიცია:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გ. ც-ს დაუბრუნდა მის მიერ 2015 წლის 12 აგვისტოს სს „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარი, შეტანილი შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300463150;

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

გ. ც. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 დეკემბრის NXXX განკარგულებით არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ საკრებულოს უფლებამოსილების ვადით (ს.ფ. 16).

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად პროპორციული სისტემით არჩეულ იქნა 15 წევრი, მათ შორის გ. ც., ხოლო მაჟორიტარული სისტემით 13 წევრი, სულ - 28 წევრი (იხ. N35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის 2015 წლის 15 ივნისის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი).


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N95 განკარგულებით გ. ც. არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ (ს.ფ. 15).

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 13 ივლისს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და წარუდგინა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი პროექტები (იხ. 2015 წლის 13 ივლისის NXXXწერილი).


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იმავე დღეს - 2015 წლის 13 ივლისს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს 2015 წლის 20 ივლისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების შეტანის შესახებ (იხ. 2015 წლის 13 ივლისის NXX/XXXწერილი).

2015 წლის 15 ივლისს ჩატარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც დადგინდა 20 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხები (მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი). 20 ივლისს კვლავ ჩატარდა საკრებულოს ბიუროს სხდომა და დღის წესრიგიდან ამოღებულ იქნა სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების ნუსხის დამტკიცების და საკრებულოს მოსამსახურეთა პრემირების საკითხები, რომლებიც გადადებულ იქნა სხვა სხდომისათვის. დღის წესრიგით საბოლოოდ გათვალისწინებულ იქნა 6 საკითხი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი. (იხ. საკრებულოს ბიუროს 2015 წლის 15 ივლისის NXX და 20 ივლისის NXX ოქმები და დღის წესრიგი).

2015 წლის 20 ივლისს ჩატარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას ესწრებოდა საკრებულოს 27 წევრი. მე-6 საკითხად კენჭი ეყარა გ. ც-ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენებას, რომელსაც მხარი დაუჭირა 18 წევრმა, წინააღმდეგი იყო 9 წევრი (ს.ფ. 18-20, ასევე. იხ. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი).

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ივლისის NXX განკარგულებით გ. ც. გადაყენებულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან (ს.ფ. 17).

მოსარჩელე მხარეს კენჭისყრის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დარღვევის შესახებ არ მიუთითებია (იხ. სხდომის ოქმი).

3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და და მე-2 ნაწილების თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია საკრებულოს განკარგულება.

ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის წინაშე თანასწორობა, ერთის მხრივ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლება, ხოლო მეორეს მხრივ ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგად წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის (რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა) გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პრეამბულის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებს და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხდეველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.

ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო - მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

სასამართლოს მითითებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N22 დადგენილებით დამტკიცებული ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არჩეული პირი. ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავის მოვალეობის შესრულებისას იგი არ არის შეზღუდული ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების განაწესებით და დავალებებით.

მითითებული ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, საკრებულოს წევრი არის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში არჩეული პირი, რომელიც ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და რეგლამენტი, მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში და მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს იმ მიზნით, რომლის მისაღწევად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება. საქართველოს კანონმდებლობა ამ შემთხვევაში საკრებულოს წევრს ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს სხდომაზე დასმული საკითხის ადეკვატური, ობიეტქური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება, საკრებულოს წევრს აქვს სრული უფლებამოსილება დამოუკიდებლად განსაზღვროს და მიიღოს გადაწყვეტილება სხდომაზე დასმულ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკური დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას პოლიტიკური ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. მოცემულ შემთხვევაში, კი საკრებულოს წევრების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება, სხდომებში (მათ შორის რიგგარეშე) მონაწილეობის მიღება, კენჭისყრაში მონაწილეობა, დასმული საკითხისათვის ხმის მიცემა ან არ მიცემა, ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ დისკრიმინაციად. საკრებულოს წევრი ამ დროს სარგებლობს მისთვის მინიჭებული უფლებამოსლებით, რომლის განხორციელებითაც არ მომხდარა გ. ც-ის პოლიტიკური ნიშნით შევიწროვება და განსხვავებული მოპყრობა, აღნიშნულის, როგორც დისკრიმინაციული მოპყრობის განხილვა არასწორია, რადგან საკრებულოს მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისას ბუნებრივია, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება მისაღებია ერთი პოლიტიკური ჯგუფისათვის და მიუღებელია მეორე პოლიტიკური ჯგუფისათვის.

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერსების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემული იქნა ჩვენება, რომელთა მიხედვით, გ. ც-ის თანამდებობიდან გადაყენება მოხდა პოლიტიკური მოტივით პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგნლების მიერ, თუმცა მათ კონკრეტულად ვერ მიუთითეს და მხარეთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები იმისა, რომ საკრებულოს წევრების მიმართ ადგილი ჰქონდა იძულებას ან სხვა ამდაგვარ ქმედებას გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, რომ ოპოზიციაში გადასვლის გამო გ. ც. აღარ უნდა ყოფილიყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, არ იყო საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, კენჭისყრა ჩატარდა ფარულად. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა - საკრებულოს 28 წევრიდან არანაკლებ 15 ხმისა. გ. ც-ის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს 18 წევრმა, მაშინ, როდესაც არცერთი პოლიტიკური ჯგუფი საკრებულოში ცალკე აღებული გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის - არ გააჩნია გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმათა რაოდენობა. კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ საკრებულოს წევრების მიერ გამოვლენილ იქნა თავიანთი ნამდვილი ნება გ. ც-ის თანამდებობიდან გადაყენების საკითხში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებაში გამოცემული სადავო აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევას, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დისკრიმინაციულ მოპყრობას. მოცემულ კონკრეტულ შემთვევაში, სასამართლოს კონტროლი მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად კანონიერად იქნა მიღებული განკარგულება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე, ანუ მის კანონიერებაზე.


სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე უთითებს საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევაზე, კერძოდ, არ იყო დასაბუთებული რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება და ამ სხდომაზე გ. ც-ის გადაყენების საკითხის დასმის აუცილებლობა, ასევე, დარღვევით იქნა ჩატარებული ბიუროს სხდომები.


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ ორშაბათს. იმავე რეგლამენტის 50-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება კვარტლების მიხედვით. საკრებულოს ყოველი კვარტლის ბოლო მორიგ სხდომაზე შეიტანება საკითხი მომდევნო კვარტლის სამუშაო გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ. საკრებულოს საქმიანობის კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე. საკრებულოს კვარტალური გეგმიდან გამომდინარე საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა, აგრეთვე გამგებლის წინადადების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ყოველთვიური მორიგი სხდომის დღის წესრიგს.


რეგლამენტის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად. აქედან გამომდინარე, სასამართლო არ მიიჩნევს დასაბუთებულად მოსარჩელეთა პოზიციას, რომ გ. ც-ის გადაყენების საკითხის განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არ შეიძლებოდა, რადგან სწორედ კვარტალური გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხები იხილება ამგვარ სხდომაზე.


რეგლამენტის იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით. მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგსა და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს. საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ან მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს მოტივირებულ უარყოფით პასუხს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისადმი 2015 წლის 13 ივლისს გაგზავნილია წერილობითი მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ. მასში მითითებულია განსახილველი საკითხები. მოპასუხე მხარე უთითებს, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობა გამოწვეული იყო ხაშურის მუნიციპალიტეტში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვით, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელი იყო შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებში (გამგეობის და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებებში) ცვლილებების შეტანა. ამის თაობაზე მითითებულია ასევე, საკრებულოს ბიუროს 2015 წლის 15 და 20 ივლისის სხდომების ოქმებში. საკრებულოს თავმჯდომარემ რეგლამენტის შესაბამისად დააკმაყოფილა მოთხოვნა და მოიწვია რიგგარეშე სხდომა. ამავე დროს მის მიერ წერილობით ინიცირებულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, რომელიც ასევე შეტანილ იქნა დღის წესრიგში. საკრებულოს თავმჯდომარის საკრებულოს აპარატის უფროსისადმი გაგზავნილ წერილს სასამართლო მიიჩნევს საკითხის წერილობითი ფორმით ინიცირებად, რადგან რეგლამენტის 49-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას (მათ შორის სხდომის დღის წესრიგის და სხდომაზე განსახილველი საკითხების პროექტების და სხვა საჭირო ინფორმაციის მომზადებას, გამრავლებას, გამოქვეყნებას და საკრებულოს წევრებისათვის მათ მიწოდებას) ახორციელებს საკრებულოს აპარატი.


რაც შეეხება საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომებს, რეგლამენტის მე-19-20 მუხლებიდან გამომიდნარე, საკრებულოს თავმჯდომარე არამხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც იყო მოეწვია საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის პროექტის დასამტკიცებლად. ბიუროს სხდომა ჩატარდა 2015 წლის 15 ივლისს (ოქმი NXX). ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის სხდომასთან (ოქმი NXX) დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგლამენტის მიხედვით, არ არის აკრძალვა საკრებულოს სხდომამდე საკრებულოს ბიუროს ორი სხდომის ჩატარებისა. მოცემულ შემთხვევაში საკრებულოს ბიუროს მიერ 20 ივლისს დღის წესრიგიდან ამოღებულ (გადადებულ) იქნა რამდენიმე საკითხი. ამით ვისიმე უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. გ. ც-ის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში იყო საკრებულოს ბიუროს პირველივე რიგგარეშე სხდომიდან. რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს, რიგგარეშე სხდომის დროს, შეეძლო საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება და მისი განხილვის გადავადება, თუმცა ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე არავის (მათ შორის არც ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებს“) არ დაუყენებია (იხ. საკრებულოს სხდომის ოქმი).

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საკრებულოს მიერ NXX განკარგულების მიღებისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველია კანონის (აქტის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების) მხოლოდ ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ამ შემთხვევაში კიდეც რომ ჰქონოდა ადგილი პროცედურულ დარღვევას, არ შეიძლება ჩაითვალოს რომ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, რადგან საკრებულომ გ. ც. გადააყენა თანამდებობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ვინაიდან, არ დადგინდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონთან წინააღმდეგობა, ასევე, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ივლისის NXX განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვათ სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე.


გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ შუამდგომლობის თაობაზე სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამიტომ ამ შუამდგომლობის განხილვის საფუძველი არ არსებობს.

საპროცესო ხარჯებთან მიმართებაში სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

ვინაიდან, თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მიეკუთვნება სოციალური დაცვის საკითხებს, მოსაარჩელეს უნდა დაუბრუნდეს არასწორად შეტანილი სახელმწიფო ბაჟი.

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ გ. ც-ის მიმართ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული არც ერთი დისციპლინური ზომა, 2014-2015 წწ. საკრებულოს არც ერთ სახდომზე არ დამდგარა მისი სამსახურებრივი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაზე საკითხი. გ. ც-ის მიერ არ ჰქონია ადგილი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N22 დადგენილების მე-18 მუხლით დადგენილ ნორმების დარღვევას.

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და გამოყენებული კანონის არასწორი განმარტება გააკეთა.

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს გადაწყვეტილების 7.13 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მტკიცებულების სახით წარდგენილ არცერთ ვიდეოზე, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სახელით საუბრობს და აღნიშნავს, იმ ფაქტზე რომ თუ გ. ც-ს სურდა თანამდებობის შენარჩუნება, უნდა დაეტოვებინა პარტია ,,თავისუფლალი დემოკრატები“ და გადასულიყო ქართულ ოცნებაში, როგორც ეს ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ მოხდა. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, გ. ც-ის მიმართ ხორციელდებოდა როგორც პირდაპირი, ისე ირიბი დისკრიმინაცია, რითაც დაირღვა 2014 წლის 2 მაისს მიღებული საქართველოს კანონის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ პირველი და მე-2 მუხლები.

სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს გადაწყვეტილების 7.17 პუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მხარე უთითებს საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევაზე, კერძოდ არ იყო დასაბუთებული რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება და ამ სხდომაზე გ. ც-ის გადაყენების საკითხის დასმის აუცილებლობა, ასევე დარღვევით იქნა ჩატარებული ბიუროს სხდომები. ამის შემდეგ გადაწყვეტილების 7.19 ნაწილში სასამართლო აღნიშნავს: რეგლამენტის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად. აქედან გამომდინარე, სასამართლო არ მიიჩნევს დასაბუთებულად მოსარჩელეთა პოზიციას, რომ გ. ც-ის გადაყენების საკითხის განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე არ შეიძლებოდა, რადგან სწორედ კვარტალური გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხები იხილება ამგვარ სხდომაზე. აპელანტის მოსაზრებით, მიუხედავას იმისა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების 7.20 პუნქტში თვითონვე აღნიშნავს ,,ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად“ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს, მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგსა და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს. მაგრამ სასამართლო ყურადღებას აღარ ამახვილებს იმ დარღვევაზე, რომ აღნიშნულ შემთხვევაში არანაირი დასაბუთება გ. ც-ის გადაყენების საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. გადაწყვეტილების 7.21 პუნქტში სასამართლო აღნიშნავს: მოპასუხე მხარე უთითებს, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობა გამოწვეული იყო ხაშურის მუნიციპალიტეტში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვით, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელი იყო შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში შესაბამის ცვილებების შეტანა. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოპასუხე ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს თუ რა გადაუდებელმა აუცილებლობამ განაპირობა რიგგარეშე სხდომაზე გ. ც-ის გადაყენების საკითხს განხილვა.

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2015 წლის 20 ივლისს შედგენილი სხდომის ოქმით არ ირკვევა და არც საქმის განხილვით დადგენილა, რატომ მოხდა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გ. ც-ის გადაყენების საკითხის გამოტანა. სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხზე: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი არც ორგანიზაციულ და არც ტექნიკურ საკითხებში არ შედის. რეგლამენტის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. ხოლო, საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 13 ივლისის ,,წერილი“ აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე, არ პასუხობს არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს და არც დებულების 101-ე მუხლს, რადგან მისი შინაარსი არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და ისიც არაუფლებამოსილი პირის მიმართ.

სააპელაციო საჩვრის ავტორი მიუთითებს გადაწყვეტილების 7.22 პუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა დებულების მე-20 მუხლის პირველი ნაწილი და 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში აქვეყნებს მოტივირებულ უარყოფით პასუხს. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ივლისის ბიუროს სხდომა კანონდარღვევით იქნა ჩატარებული, რადგან 20 ივლისს ბიუროს სხდომის შემდეგ იმავე დღეს გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.

სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: გადაწყვეტილების 7.23 ნაწილში სასამართლო თვითონვე აღნიშნავს, რომ კიდეც რომ ჰქონოდა ადგილი პროცედურულ დარღვევას, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. სასამართლოს ეს მსჯელობა ეჭვქვეშ აყენებს თვით გადაწყვეტილებაში მოყვანილ მსჯელობას, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ უგულებელყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი და სწორი ჩატარება, ანუ მხოლოდ სათანადო პორცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩირვის ავტორი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე მითითებით, მოითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (გარდა ბაჟის ნაწილისა) და დაკმაყოფილდეს სარჩელი.

III
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 დეკემბრის NXXX განკარგულებით გ. ც. არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ საკრებულოს უფლებამოსილების ვადით (ტ.I; ს.ფ. 16).

N35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების შემაჯამაბელი ოქმის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად პროპორციული სისტემით არჩეულ იქნა 15 წევრი, მათ შორის გ. ც. , ხოლო მაჟორიტარული სისტემით 13 წევრი, სულ - 28 წევრი (იხ. N35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის 2015 წლის 15 ივნისის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი) (ტ.I; ს.ფ. 103-106).


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N95 განკარგულებით გ. ც. არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ (ს.ფ. 15).


ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 13 ივლისს N1069 წერილით მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და წარუდგინა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი პროექტები (ტ.I; ს.ფ. 110).


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იმავე დღეს - 2015 წლის 13 ივლისს N12/174 წერილით მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს 2015 წლის 20 ივლისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების შეტანის შესახებ (ტ.I; ს.ფ. 111).

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 13 ივლისის N60 ბრძანებით დაინიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, ასევე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება; საკრებულოს სხდომის თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 20 ივლისი 15 საათი; დღის წესრიგით განსახილველ საკითხებში შედიოდა საორგანიზაციო საკითხი - საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ (ტ.I; ს.ფ. 112-113).

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ივლისის N31 სხდომის დღის წესრიგით განისაზღვრა საორგანიზციო საკითხი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გ. ც-ის გადაყენების შესახებ (ტ.I; ს.ფ. 114).

2015 წლის 20 ივლისს ჩატარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას ესწრებოდა საკრებულოს 27 წევრი. მე-6 საკითხად კენჭი ეყარა გ. ც-ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენებას, რომელსაც მხარი დაუჭირა 18 წევრმა, წინააღმდეგი იყო 9 წევრი (ტ.I; ს.ფ. 18-20).

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ივლისის N82 განკარგულებით გ. ც. გადაყენებულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან (ტ.I; ს.ფ. 17).

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აფასებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ივლისის N82 განკარგულების ბათილად ცნობა, გ. ც-ის სამსახურში აღდგენა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გ. ც-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ივლისის N82 განკარგულება, გ. ც-ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, გამოცემულია საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

პალატა მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.

ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება;

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონით, მუნიციპალიტეტის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებით დამტკიცებული ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.

ამავე რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ადგენს ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განკუთვნებულ სფეროს: საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევას და თანამდებობიდან გადაყენებას.

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ზემოაღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში იქნა მიღებული სადავო აქტი გ. ც-ის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხის (საკითხების) განსახილველად: ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნას და აუცილებელია მისი განხილვა საკრებულოს მიერ კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვის მინზით.; ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით; გ) საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით; დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით; ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ან მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს მოტივირებულ უარყოფით პასუხს. მე-5 პუნქტის თანახმად, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. რიგგარეშე სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებით დამტკიცებული ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2015 წლის 13 ივლისის NXX/XXX წერილით მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს და მოითხოვა 2015 წლის 20 ივლისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა და დღის წესრიგში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გ. ც-ის გადაყენების საკითხის შეტანა.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული რეგლამენტის შესაბამისად, მოთხოვნა შეიცავდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გ. ც-ის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე საკითხის განხილვას და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს - 2015 წლის 20 ივლისს, თუმცა, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვა არ შეიცავდა რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას გ. ც-ის საკითხთან მიმართებით, რაც წარმოადგენს რეგლამენტით იმპერატიულად დადგენილ მოთხოვნის უგულებელყოფას. მიუხედავად მითითებული დარღვევისა, 2015 წლის 20 ივლისს ჩატარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და შედეგად, 2015 წლის 20 ივლისის N82 განკარგულებით გ. ც. გადაყენებული იქნა ხაშურის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთება გ. ც-ის თანამდებობიდან გადაყენების საკითხთან მიმართებით, დიდწილად განაპირობებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განმარტა და არ დაასაბუთა, თუ რა გარემოებებით იყო გამოწვეული რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობა და რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენება, პალატას მიაჩნია, რომ დაირღვა გ. ც-ის შრომითი უფლებები, რადგან, დაუსაბუთებლად იქნა გადაყენებული თანამდებობიდან; რომ არა უკანონო და დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გ. ც. შეასრულებდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებას იმ ვადით, რა ვადითაც იყო არჩეული (საკრებულოს უფლებამოსილების ვადით), ან მისი უფლებამოსილება შეწყდებოდა სხვა კანონისმიერი საფუძვლით. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევის დასაბუთების შესახებ, გულისხმობს შეთავაზებული დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის რიგგარეშედ განხილვის აუცილებლობის დასაბუთების ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, დასაბუთებული იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული თითქმის ყველა საკითხის რიგგარეშედ განხილვის საჭიროება, გარდა გ. ც-ის თანამდებობიდან გადაყენების საკითხისა. ამდენად, ამ ნაწილში დარღვეულია საკანონმდებლო მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთების თაობაზე.

აქვე, აღსანიშნავია სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის განმარტება, რომლის თანახმადაც, გ. ც-ის თანამდებობიდან გადაყენება მოხდა იმის გამო, რომ ის პარტია (თავისუფალი დემოკრატები), რომელსაც იგი წარმოადგენდა, აღარ შედიოდა მმართველ კოალიციაში, რის გამოც, ცხადიაშვილმა დაკარგა კოლეგების ნდობა, რთულდებოდა მასთან სამსახურებრივი ურთიერთობა, რაც იწვევდა საკრებულოს წინაშე არსებული საკითხების გადაწყვეტის შეფერხებას; ყოველივე ეს გახდა მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი. წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საკრებულოს არ გააჩნდა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, უშუალოდ სადავო საკითხზე კონცენტრაციის მიზნითა და მის სამართლებრივად გადასაწყვეტად, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია კიდევ ერთხელ მიუთითოს რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე და სამართლებრივად შეაფასოს ისინი. კერძოდ:

1) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის NXX განკარგულებით გ. ც. არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.

2) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 13 ივლისს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და წარუდგინა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი პროექტები.

3) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იმავე დღეს - 2015 წლის 13 ივლისს მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს 2015 წლის 20 ივლისს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების შეტანის შესახებ.

4) 2015 წლის 15 ივლისს ჩატარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც დადგინდა 20 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხები (მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი).

5) 2015 წლის 20 ივლისს ჩატარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას ესწრებოდა საკრებულოს 27 წევრი. მე-6 საკითხად კენჭი ეყარა გ. ც-ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენებას, რომელსაც მხარი დაუჭირა 18 წევრმა, წინააღმდეგი იყო 9 წევრი (ს.ფ. 18-20, ასევე. იხ. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი).

6) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ივლისის N82 განკარგულებით გ. ც. გადაყენებულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან (ს.ფ. 17).

მოცემული დავის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია შეფასდეს, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში გ. ც-ის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, რატომ მიმართა ამის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს (აპარატის უფროსს), რატომ არ გამოარკვია საკრებულომ აღნიშნულის მიზეზი, რაც მის მიერ ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის უმთავრესი გარემოება უნდა ყოფილიყო.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის საფუძველზეც მან უნდა გადაწყვიტოს ცალკეული საკითხები, თუმცა ამ უფლებამოსილების გამოყენება დაუსაბუთებლად, დიდწილად განაპირობებს უკანონო მმართველობით საქმიანობას.

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილებაა – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად კი, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას, რომ კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაიცვას კანონის სხვა მოთხოვნებიც. ანუ, დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილ ფარგლებში მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილებისას გამოცემული სამართლებრივი აქტით პირის კანონით დაცული უფლებების და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. გარდა ამისა, დისკრეციული უფლებამოსილებისას გამოცემული აქტი უნდა იყოს დასაბუთებული, ანუ აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული არ არის არჩევანში, მთავარია, რომ ის კანონის ფარგლებში განხორციელდეს.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის მასალებისა და მხარეთა პოზიციების თანახმად, დასაბუთებული არ არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გ. ც-ის გადაყენების საკითხის ინიცირება, დასაბუთებული არ არის, თუ რატომ მოითხოვა აღნიშნული საკრებულოს თავმჯდომარემ, მით უფრო, როდესაც დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ გ. ც-ის მიერ ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი და თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუსრულებლობას ან არასათანადოდ შესრულებას, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ისეთი სახის გარემოების არსებობას, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დასდებოდა დაკავებული თანამდებობიდან მის გათავისუფლებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრებულოს მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული გ. ც-ის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი; კენჭისყრა და თანამდებობიდან გადაყენება მოხდა ზედაპირულად, კონკრეტულ გარემოებათა შეუსწავლელად, მხოლოდ ინიცირების და არა დასაბუთების საფუძველზე, რაც არ შეესაბამება კანონიერი მმარველობითი საქმიანობის პრინციპებს, არღვევს ადმინისტრაციული ორგანოს სზაკ-ით განსაზღვრულ ვალდებულებებს. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

პალატა მიუთითებს: როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში, ისე სასაპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლმა განმარტა, რომ გ. ც-ის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი აისახა ფარული კენჭისყრის შედეგებში, სადაც დაფიქსირდა ხმათა გარკვეული რაოდენობა, რომელიც მიუთითებდა იმას, რომ გ. ც-მა დაკარგა საკრებულოს წევრი კოლეგების მხარდაჭერა. პალატა აღნიშნავს, რომ ეს განმარტება ვერ იქნება მიჩნეული იმგვარ გარემოებად, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ სადავო განკარგულებას კანონიერად აქცევს, რადგან გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების უმთავრესი ინსტრუმენტი მისი დასაბუთებულობაა, რასაც სადავო აქტთან მიმართებით, ადგილი არ აქვს, აქტი დაუსაბუთებელია.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში დეკლარირებულია შრომის თავისუფლება, რაც გულისხმობს თითოეული ადამიანის უფლებას - აირჩიოს შრომითი საქმიანობის სფერო და პროფესია და თავისი არჩევანის შესაბამისად, თავისუფლად განახორციელოს შრომითი საქმიანობა. შრომის თავისუფლებაში ასევე იგულისხმება არა მხოლოდ თავისუფლება პერსონალურ არჩევანში და თავისუფლება იძულებითი შრომისაგან, არამედ უფლებაც, პირი დაცული იყოს უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას. აქედან გამომდინარე, შრომის უფლების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სამსახურიდან თვითნებური გათავისუფლებისაგან პირის დაცვის უზრუნველყოფა.
ადმინისტრაციული ორგანოს (დამსაქმებლის) მხრიდან ყოველგვარი მიზეზისა და ადმინისტრაციული აქტის დასაბუთების გარეშე დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობის დაშვება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ყველა მუშაკის უფლებაა უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან.
ამდენად, საქმის გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა არასრულყოფილად, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაასაბუთა რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზეზი და საფუძვლები გ. ც-თან მიმართებით, არ დაასაბუთა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რამაც განაპირობა დაუსაბუთებელი და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ივლისის N82 განკარგულება გ. ც-ის ხაშურის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე და ადმინისტრაციული წარმოების ხელახლა ჩატარებისას, ხაშურის მუნიცპალიტეტის საკრებულომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უნდა დაადგინოს, სახეზე იყო თუ არა გ. ც-ის მიერ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძვლები.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თუკი საკრებულო კვლავ იმოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ ამ უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება; დაუშვებელია დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება დაუსაბუთებლად.

პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ - ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გ. ც-ის საკითხის განხილვისას ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ მხოლოდ კოლეგების მხარდაჭერის არარსებობა, რაც აისახა ფარული კენჭისყრის შედეგებში, არ წარმოადგენს გ. ც-ის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს; საკრებულომ უნდა შეისწავლოს და გამოიკვლიოს ამის რეალური მიზეზები და ეს ასახული და დამაჯერებლად დასაბუთებული უნდა იყოს მიღებულ გადაწყვეტილებაში. ბუნებრივია, სასამართლო არ ზღუდავს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაში და არ გამორიცხავს კვლავ იგივე შინაარსის (შედეგობრივად) აქტის გამოცემის შესაძლებლობას, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს საკითხის სიღრმისეული შესწავლისა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების გზით.

რაც შეეხება გ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნებს სამსახურში აღდგენისა და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის სამართლებრივი ბედი პირდაპირ კავშირშია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ივლისის N82 განკარგულების კანონიერებასთან და მასზეა დამოკიდებული. ვინაიდან, სადავო აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა იქნეს ცნობილი ბათილად და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა, აღნიშნულის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამრიგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ (გარდა ბაჟის ნაწილისა). სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ივლისის N82 განკარგულება, რომლითაც გ. ც. გადაყენებული იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6. საპროცესო ხარჯები:

აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

IV
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32.4-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება (გარდა ბაჟის ნაწილისა - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ივლისის N82 განკარგულება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გ. ც-ის გადაყენების შესახებ და დაევალოს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან მიმართებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

5. დანარჩენ ნაწილში გ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);




შეჯამება:
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია იმოქმედოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

განმარტებული ნორმები:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი.

თეგები:
ადმინისტრაციული ორგანო, დისკრეციული უფლებამოსილება.

განმარტების სრული ტექსტი:
დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას, რომ კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დაიცვას კანონის სხვა მოთხოვნებიც. ანუ, დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილ ფარგლებში მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილებისას გამოცემული სამართლებრივი აქტით პირის კანონით დაცული უფლებების და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. გარდა ამისა, დისკრეციული უფლებამოსილებისას გამოცემული აქტი უნდა იყოს დასაბუთებული, ანუ აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული არ არის არჩევანში, მთავარია, რომ ის კანონის ფარგლებში განხორციელდეს.

შეჯამება:
დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული აქტი, საჭიროებს წერილობით დასაბუთებას არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებით.

განმარტებული ნორმები:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-53 მუხლის მე-4 ნაწილი.

თეგები:
ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დასაბუთება.

განმარტების სრული ტექსტი:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თუკი ადმინისტრაციული იმოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ ამ უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება; დაუშვებელია დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება დაუსაბუთებლად.

შეჯამება:
ყველა ადამიანის უფლებაა-აირჩიოს შრომითი საქმიანობის სფერო დაპროფესია, თავისი არჩევნისშესაბამისად, თავისუფლად განახორციელოს შრომითი საქმიანობა. ამათან, შრომის უფლების შემადგენელ ნაწილს წარმოედგენს სამსახურიდან თვითნებური გათავისუფლებისგან პირის დაცვის უზრუნველყოფ

განმარტებული ნორმები:
საქართველოს კონსტიტუციის 30-ემუხლი.

თეგები:
საქართველოსკონსტირუცია, შრომის თავისუფლება.

განმარტების სრული ტექსტი:
შრომის თავისუფლებაში იგულისხმება არა მხოლოდ თავისუფლება პერსონალურ არჩევანში და თავისუფლება იძულებითი შრომისგან, არამედ უფლებაც, პირი დაცული იყოს უმუშევრობისგან და ისეთი რეგულირებისგან,რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას. ა.