ნახვები: 311
საქმის ნომერი: ას-1417-2018
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვების სამართალი,
სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე: პაატა ქათამაძე(თავმჯდომარე), ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-848-814-2016, ას-816-767-2015, ას-953-918-2016, ას-1451-1371-2017,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: 2013 წლის 28 თებერვალს მოსარჩელესა (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის) და მოპასუხეს (შპს "გ-ი") შორის No1.1.1/30/91-1 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, მენარდეს ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვაკის ზონის გზებისა და ქუჩების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები უნდა შეესრულებინა. მოსარჩელის მოთხოვნაა გათვალისწინებული სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ციტირებისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №ას-1417-2018 (2020-11-16), www.temida.ge
საქმის № ას-1417-2018

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       16 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
პაატა ქათამაძე
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე,

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „გ–ი ....“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. 2013 წლის 28 თებერვალს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი,კრედიტორი) და შპს „გ–ი ....“-ს (შემდეგში - მოპასუხე, მენარდე, მოვალე) შორის No1.1.1/30/91-1 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, მენარდეს ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვაკის ზონის გზებისა და ქუჩების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები უნდა შეესრულებინა.

2. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო სამუშაოები ეტაპობრივად 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა შესრულებულიყო. ხელშეკრულების ღირებულებამ 660 402.93 ლარი შეადგინა (გადასახადის ჩათვლით).

3. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების გარდა, მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქციები. ხელშეკრულების 12.2. პუნქტის მიხედვით, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა-გრაფიკის 1-დან 10 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში, მენარდეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.25%-ის ოდენობით, გეგმა-გრაფიკის 10-დან 30 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში, მოვალეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, ხოლო გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღღვრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.7%-ის ოდენობით (ტ.1.ს.ფ. 16-22).

4. შემკვეთმა, სხვადასხვა დროს, რამდენჯერმე მიმართა მენარდეს და მოსთხოვა, დაესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეთანხმებული პირობების შესაბამისად. შემკვეთის მიერ დამატებით დაწესებული ვადების მიუხედავად, მენარდემ სამუშაოები დროულად არ შეასრულა. შემკვეთის 31.12.2014 წლის წერილით, მენარდეს კონკრეტულ მონაცემებზე მითითებით ეცნობა ვალდებულების დარღვევისა და აღიშნულის საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და ოდენობით 41 447.73 ლარის პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ. მენარდეს პირგასამტეხლო არ გადაუხდია.

5. 2016 წლის 27 აპრილს შემკვეთმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მენარდისათვის 41 477.73 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა. მოპასუხის მტკიცებით, მან ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა. მოპასუხის განმარტებით, მას სამუშაოების დორულად დასრულებაში ფორს-მაჟორულმა გარემოებამ - უამინდობამ შეუშალა ხელი. ამასთან, კრედიტორმა არაგონივრული (14 დღიანი) ვადა დაუთქვა საგზაო სამუშაოების შესასრულებლად.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 4147,71 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 629-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 115-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს პირგასამტეხლო არ უნდა შეემცირებინა, რადგან მოპასუხეს პირგასამტეხლოს შეუსაბამო ოდენობაზე არ მიუთითებია.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 8000 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

9.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების დისკრეცია სასამართლოს ჰქონდა მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და წარდგენილი მტკიცებულებების შესატყვისად. პალატის განმარტებით, ვალდებულების დამრღვევ მენარდეს არ მოუთხოვია პირგასამტეხლოს შემცირება, მას არც პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი წინაპირობები უმტკიცებია და არც განსაზღვრული ოდენობით პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეწონილობაზე წარუდგენია სასამართლოსთვის მოსაზრება, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო პალატამ პირგასამტეხლოს 4 147.71 ლარამდე შემცირება არამართებულად მიიჩნია და მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 8000 ლარით განსაზღვრა.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლომ, ერთი მხრივ, მიუთითა, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე შეცილება არ განუხორციელებია, რაც სასამართლოს უფლებას ართმევს თავისი ინიციატივით შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა, ამის მიუხედავად, პირგასამტეხლო 8000 ლარამდე ისე შეამცირა, რომ არ დაუსაბუთებია, თუ რასთან არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, მოვალის ქონებრივ მდგომარეობასთან, ზიანთან, თუ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობასთან.

10.2. კასატორის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმ სუსტი მხარის დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას პირგასამტეხლოს შინაარსს და მის სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს ვერ აცნობიერებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალე სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი იურიდიული პირია, რომელსაც კარგად უნდა ჰქონოდა გაცნობიერებული ვალდებულების დარღვევის მოსალოდნელი სამართლებრივი თუ ეკონომიკური შედეგები. ამასთან, კასატორი იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიის შექმნას ემსახურება, მოვალის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მიმართ მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესიც და გზის საფარის შეკეთების ვადის დაუცველობა საზოგადოებისათვის ზიანის საფრთხის შემცველ ქმედებას წარმოადგენდა, რისი გათვალისწინებითაც, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

13. მოცემულ შემთხვევაში, დასაბუთებულია კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი დასკვნები სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.

14. მოსარჩელის მოთხოვნაა, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება სსკ-ის 629.1-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლისა და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში. კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

15. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნარდობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით დაიდო და მხარეები პირგასამტეხლოზეც შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დროულად არ შეასრულა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი და მას შემცირებული პირგასამტეხლო დაეკისრა, მენარდეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობას მენარდე ვეღარ შეედავება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე პრეტენზია არ წარუდგენია. მან თავისი შეცილება მხოლოდ იმ გარემოებას დააფუძნა, რომ ვალდებულება არ დაურღვევია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გარემოების გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ გამოვლენილა. ანალოგიურ საკითხზე საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ დავაზე განმარტა: პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, – კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას შეუძლია გამოიყენოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას (შდრ. სუსგ. საქმე N ას-819-771-2012, 12 სექტემბერი, 2012 წელი) .

16. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს: მხარეები მოქმედებენ რა დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი - მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი - სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) პრინციპის ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სახის სარჩელი აღძრან სასამართლოში, რომელ ფაქტებს დაამყარონ თავიანთი მოთხოვნა, რა ტიპის შესაგებელი დაუპირისპირონ სასარჩელო მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირებით დაინტერესებულმა პირმა შესაგებლით უნდა მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება ან აღნიშნულის თაობაზე საქმის მომზადების დასრულებამდე განაცხადოს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირება არ მოუთხოვია, შესაბამისად, მას არც იმ ფაქტებზე არ მიუთითებია, რომლებიც პირგასამტეხლოს შემცირებას დაასაბუთებდა (დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016) . სააპელაციო შესაგებელში მოპასუხე აღნიშნავდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა პირგასამტეხლო, თუმცა მისი შემცირების დამასაბუთებელ გარემოებებზე მოპასუხეს არ მიუთითებია. ამასთან, მას ასეთ გარემოებებზე რომც მიეთითებინა, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოში მათი მიუთითებლობის საპატიო მიზეზს არ დაასაბუთებდა, სააპელაციო სასამართლო მთზე ვერ იმსჯელებდა, რადგან ასეთ აკრძალვას შეიცავს სსსკ-ის 380.2 მუხლი (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, შეემცირებინა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რადგან მოპასუხეს არ წარუდგენია კვალიფიციური შედავება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

17. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობაში გამოცდილი იურიდიული პირია. პალატის მოსაზრებით, მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ, საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი) . სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში.

18. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, სწორად გაამახვილა ყურადღება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობასა და მის სამართლებრივ შედეგებზე, თუმცა საკუთარი მსჯელობისა და სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლის ნორმატიული მიზნისა და შინაარსის საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეამცირა პირგასამტეხლო.

19. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, რადგან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის 41 447.73 ლარის დაკისრების თაობაზე.

20. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 4411 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 257.1, 264.3-ე, 55.1-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს „გ–ი ....-ს“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს 41 477,73 ლარის გადახდა;

5. შპს „გ–ი ....-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 4411 ლარის გადახდა;

6. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.