ნახვები: 104
საქმის ნომერი: 2ბ/1010-17
საქმეთა კატეგორიები:
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/1010-17 (2017-11-28), www.temida.ge
საქმის № 2ბ/1010-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       28 ნოემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - ს. ხ.

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. უ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

1. ზ. უ.-მ სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და მოპასუხე ს. ხ.-ს მის კუთვნილ ნივთებთან ერთად ქ. ნ-ში კ. მ. -ს ქუჩა #XX-ში მდებარე ზ. უ.-ს საკუთრებაში არსებული ბინიდან (საკადასტრო კოდით XX.XX.XX.XXX) გამოსახლება მოითხოვა.

2. მოპასუხე ს. ხ. -მ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. უ. -ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ს. ხ. მის კუთვნილ ნივთებთან ერთად ქ. ნ-ში, კ. მ. -ს ქუჩა #XXა-ში (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) მდებარე ზ. უ. -ს საკუთრებაში არსებული ბინიდან გამოსახლებულ იქნა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ს. ხ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ნ., კ. მ. -ს ქუჩა №XXა (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) ფლობს ს. ხ.

6. უძრავი ქონება, მდებარე ქ. ნ., კ. მ. -ს ქუჩა № XXა (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) საკუთრების უფლებით ირიცხება ზ. უ.-ს სახელზე (ტ.1. ს.ფ. 14).

7. უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ნ., კ. მ. ქუჩა №XXა (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) დღეის მდგომარეობით ს. ხ. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას, ბინიდან გამოსახლების თაობაზე, ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მას ქ.ნ-ში, კ. მ.-ს ქუჩა #XXა-ში საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი 1400 კვ.მ. და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, რომლის საკადასტრო კოდია: XX.XX.XX.XXX. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ზ. უ.-ს ნებართვის გარეშე მოპასუხე ს. ხ. უკანონოდ ცხოვრობს, რომელიც ზ. უ.-ს საკუთარი შეხედულებისამებრ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გამოყენებაში ხელს უშლის. ზ. უ.-მ ს. ხ. არაერთხელ გააფრთხილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ს. ხ. ბინას არ ათავისუფლებს და ამჟამადაც ცხოვრებას იქ განაგრძობს.

მოპასუხე მხარე უთითებს, რომ მან ათ წელზე მეტია, რაც მოლაპარაკებისამებრ ზ. უ.-ს დედას თანხა გადაუხადა, რომელმაც ნასყიდობის ხელშეკრულება გადასცა და მას შემდეგ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს. ხელშეკრულება დამოწმებული იყო ნოტარიულად და მოპასუხე ფიქრობდა, რომ მან ბინა და მიწის ნაკვეთი იმ პირისაგან შეიძინა, ვისაც ფული გადაუხადა, ხოლო ზ. უ.-ს მამა გარდაცვლილი იყო თუ არა იმ დროს, არ ახსოვს. ამასთან, უძრავი ქონების შეძენიდან გასულია 10 წელზე მეტი.

8. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 21 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ნ., კ. მ.-ის ქუჩა № XXა (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) საკუთრების უფლებით ს. ხ.-ის სახელზეა რეგისტრირებული. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება #X-XX, დამოწმების თარიღი 27.03.2003. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 11 იანვრის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ფ. ჩ.-სა და ს. ხ.-ს შორის ქ. ნ., კ. მ.-ის ქუჩა № XX-ში მდებარე უძრავი ნივთის ყიდვა-გაყიდვის შესახებ 2003 წლის 27 მარტს დადებული ხელშეკრულება.

საქმეში წარმოდგენილია ასევე 2016 წლის 25 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. ნ. კ. მ.-ის ქუჩა №XXა (საკადასტრო კოდი XX.XX.XX.XXX) საკუთრების უფლებით ზ. უ.-ს სახელზეა რეგისტრირებული სამკვიდრო მოწმობის #XXXXXXXXX საფუძველზე (ტ.1. 14).

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა, მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. ასეთ შემთხვევაში კი, პალატა დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტს.

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის მიერ მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ იგი სადავო ქონებას მართლზომიერად ფლობს, მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს, ვინაიდან, ს. ხ.-ს აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ამასთან, მოპასუხის მითითება მასზედ, რომ სადავო უძრავი ქონება შეიძინა ზ. უ.-ს დედისგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დადასტურებული უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლითაც ნათლად იქნება წარმოჩენილი გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 11 იანვრის ახალქალაქის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ფ. ჩ.-ს და ს. ხ.-ს შორის ქ. ნ., კ. მ.-ის ქუჩა № XX-ში მდებარე უძრავი ნივთის ყიდვა-გაყიდვის შესახებ 2003 წლის 27 მარტს დადებული ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

განსახილველ შემთხვევაში, ს. ხ. საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული აღარ არის.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ბინას კანონიერად ფლობს. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

10. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 160 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




I შეჯამება:
უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და მყიდველზე ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განმარტებული ნორმები:
სამოქალაქო კოდექსი, 183, 311, 312.1.
თეგები:
უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა, რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.
განმარტების სრული ტექსტი:
„უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან. რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.“
II შეჯამება:
თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
განმარტებული ნორმები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 102.1.
თეგები:
მტკიცების ტვირთი, მტკიცებულებათა დასაშვებობა.
განმარტების სრული ტექსტი:
„პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა, მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. ასეთ შემთხვევაში კი, პალატა დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტს.“
III შეჯამება:
მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა და სურვილისამებრ განკარგოს იგი. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
განმარტებული ნორმები:
სამოქალაქო კოდექსი, 170.1, 172.1.
თეგები:
საკუთრების უფლების შინაარსი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
განმარტების სრული ტექსტი:
„მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის მიერ მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ იგი სადავო ქონებას მართლზომიერად ფლობს, მესაკუთრის მხრიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის არამართლზომიერი მფლობელისაგან გამოთხოვის დამაბრკოლებელ წინაპირობას არ წარმოადგენს, ვინაიდან, ს. ხ.-ს აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.“
IV შეჯამება:
სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განმარტებული ნორმები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 55.1, 55.2.
თეგები:
სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
განმარტების სრული ტექსტი:
„სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 160 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.“