საქმის ნომერი: 2ბ/1078-19
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გოგიტა თოთოსაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/30588-17, ას-868-2019
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელემ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა ალიმენტის ოდენობის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ალიმენტის ოდენობაზე მსჯელობისას დაადგინა, რომ საალიმენტო თანხა, მიუხედავად მშობლის ფინანსური მდგომარეობისა, არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მშობელს საალიმენტო თანხა უნდა დაეკისროს, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, გონივრული ოდენობით.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/1078-19 (2019-04-05), www.temida.ge
საქმის № 330210117002161563
საქმის № 2ბ/1078-19

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       05 აპრილი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გოგიტა თოთოსაშვილი

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - ი. გ.
წარმომადგენელი - ი. ბ., მ. ს.

მოწინააღმდეგე მხარე - შ. გ.
წარმომადგენელი - ზ. მ.

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - მოსარჩელე ი. გ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ. გ.-ს მოსარჩელე ი. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, დ. გ.-ის (დაბადებული 2000 წლის X სექტემბერს, პირადი N0100108XXXXX) ალიმენტის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ევროს ეკვივალენტი ლარში გადახდა, სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 7 ნოემბრიდან ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე 2018 წლის X სექტემბრამდე. მოსარჩელე ი. გ.-ს უარი ეთქვა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. მოსარჩელე ი. გ.-მ (ქორწინებამდელი გვარი - „ბ.“) და მოპასუხე შ. გ.-მ იქორწინეს 1998 წლის X ოქტომბერს. მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა 2007 წლის X ნოემბერს.

2.2. ი. გ.-ესა და შ. გ.-ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი დ. გ. დაბადებული 2000 წლის X სექტემბერს. დ. გ. ცხოვრობს და იზრდება დედასთან.

2.3. მოსარჩელე ი. გ. შრომისუნარიანია. იგი დასაქმებული არ არის და არ აქვს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი.

2.4. საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 18 თებერვლისა და 2009 წლის 22 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მოსარჩელე ი. გ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება მიწის ნაკვეთი მდებარე მისამართზე კასპის რაიონი, სოფელი ხიდისყური, სარეგისტრაციო ზონა -კასპი, კოდი X, სექტორი აღაიანი, კოდი X, კვარტალი XX, ნაკვეთი XXX.

2.5. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 1 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შ. გ.-მ იყიდა ნ.ხ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე რაიონი კასპი, სოფელი ხიდისყური, საკადასტრო კოდი 67.07.3X.XXX. ნ. ხ.-მა, როგორც შ. გ.-ის წარმომადგენელმა უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე რაიონი კასპი, სოფელი ხიდისყური, საკადასტრო კოდი 67.07.3X.XXX მიჰყიდა შ. კ.-ს.

2.6. შ. გ.-ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, გამზირი ქ. წამებულის NXX, ბინა NXX, საკადასტრო კოდი 01.17.12.005.009.XX.XXX.

2.7. მოპასუხე შ. გ. 2011 წლის 20 მაისიდან ქორწინებაშია რ. ვ.-თან; მოპასუხე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს საფრანგეთში.

2.8. დ. გ. 2018 წლის X სექტემბერს გახდა სრულწლოვანი. დ. გ. ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში და ამჟამად არის სტუდენტი.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.9. მოსარჩელე ი. გ.-სა და მოპასუხე შ. გ.-ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის და ასევე განქორწინების შემდეგ, მოპასუხე არასრულწლოვანი შვილის, დ. გ.-ის მატერიალური უზრუნველყოფისათვის იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

2.10. სასამართლომ დადგენილად და სარწმუნოდ ვერ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ განქორწინების შემდეგ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის, დ. გ.-ის რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით 300 ევროს ოდენობით ყოველთვიურად გადახდის თაობაზე. მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.

აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტად სასამართლომ არ განიხილა სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ ი. გ.-ის სახელზე გაცემული ამონაწერი 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების შესახებ (ს.ფ. 20-21). მართალია აღნიშნულ ამონაწერში შ. გ.-ის მიერ ფიქსირდება სხვადასხვა ოდენობის თანხის ი. გ.-ის ანგარიშზე ჩარიცხვა (პირველი ჩარიცხვა განხორციელებულია 2014 წლის 11 ოქტომბერს 450 ევროს ოდენობით, ხოლო ბოლო ჩარიცხვა 2017 წლის 10 აპრილს 400 ევროს ოდენობით), თუმცა, თანხის მიზნობრიობის დადგენა და ის ფაქტი, რომ გადმორიცხული თანხები უშუალოდ არასრულწლოვანი დ. გ.-ის მატერიალური დახმარებისა და აღზრდის საჭიროებისათვის ირიცხებოდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საფუძველზე არ დასტურდება.

2.11. შ. გ. წარმოადგენს შრომისუნარიან პირს.

2.12. სასამართლომ დადგენილად და სარწმუნოდ არ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე შ. გ. სარჩელის წარმოდგენის დროისათვის იყო დასაქმებული და აქვს სტაბილური შემოსავალი, ვინაიდან მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.

მოსარჩელეს, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე შ. გ.-ს აქვს მუდმივი სამუშაო და მისი ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 1100 ევროს შეადგენს, არ წარმოუდგენია. მხარეებს ეკისრებათ, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მხოლოდ საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომელის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარეებს უნდა დაეკისროთ იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი (ვალდებულება), რაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

2.13. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შ. გ. რეგისტრირებულია სტრასბურგის დასაქმების ცენტრში 2018 წლის 29 იანვრიდან და მისთვის განსაზღვრული ყოველდღიური დახმარების თანხაა 29.57 ევრო. კომპენსაციის ვადის ხანგრძლივობა კი მოიცავს 531 კალენდარულ დღეს;

მოცემული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა დასაქმების ცენტრის მიერ 2018 წლის 2 თებერვალს გაცემული დოკუმენტი (ს.ფ. 160-163), აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა სადავოდაა გამხდარი მოპასუხის მიერ, მასზედ მითითებით, რომ იგი აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს არ წარმოადგენს. სასამართლოს მოცემული დოკუმენტის შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ შ. გ. წარმოადგენს 2018 წლის 29 იანვრიდან ყოველდღიური დახმარების თანხის 29.57 ევროს მიმღებ პირს, რომლის ხანგრძლივობა მოიცავს 531 კალენდარულ დღეს.

2.14. მოპასუხე შ. გ.-ის მეუღლეს, რ. ვ.-ს დასაქმების ცენტრის Grand Ese-ის 2018 წლის 21 მარტის შეტყობინებით უარი ეთქვა ყოველდღიური დახმარების თანხის გამოყოფაზე;

2.15. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე შ. გ.-ის კმაყოფაზე იმყოფება მეუღლე რ. ვ., ვინაიდან მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

2.16. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ვერ მოხდა სარჩოს მიღება მოპასუხისაგან, რადგან შ. გ. თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას. მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი არ ყოფილა. მოსარჩელე ი. გ.-ს არ მიუღია ყველა შესაძლო ღონისძიება მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ალიმენტის მისაღებად.

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მის მიერ ბავშვების სარჩოსათვის მიღებული ზომების შესახებ. მოსარჩელემ წარსული დროის ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე გასული 23 თვის ფარგლებში, თუმცა მოსარჩელეს არ მიუთითებია მითითებული პერიოდიდან მის მიერ რა ზომები იქნა მიღებული მოპასუხისაგან ალიმენტის მისაღებად. აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ იმ ფაქტით, რომ არასრულწლოვანი სკოლის დასრულების შემდეგ მამას სთხოვდა 100 ევროს გადმორიცხვას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დადასტურდა მოპასუხის მხრიდან სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელის ანგარიშზე თანხის რამდენიმეჯერ ჩარიცხვის ფაქტიც.

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.17. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი, 2000 წლის X სექტემბერს დაბადებული დ. გ.. მოსარჩელე ი. გ.-მ სასამართლოს ალიმენტის გადახდის დაკისრების მოთხოვნით მომართა 2017 წლის 7 ნოემბერს, დ. გ.-ის არასრულწლოვნების პერიოდში.

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. დ. გ. ცხოვრობს დედასთან. მოსარჩელე ი. გ. შრომისუნარიანია, თუმცა იგი დასაქმებული არ არის და არ აქვს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი. შ. გ.-ის დასაქმების ფაქტი კი სარჩელის განხილვის დროისათვის არ დგინდება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე ი. გ.-სა და მოპასუხე შ. გ.-ეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის და ასევე, განქორწინების შემდეგ მოპასუხე არასრულწლოვან შვილს დ. გ.-ის მატერიალური უზრუნველყოფისათვის იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

მოპასუხე წარმოადგენს შრომისუნარიან, შესაბამისი სამუშაო გამოცდილების მქონე პირს და სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხე შესაძლოა იყოს დასაქმებული. თავად მოპასუხის განმარტებითა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ შ. გ. რეგისტრირებულია სტრასბურგის დასაქმების ცენტრში 2018 წლის 29 იანვრიდან და მისთვის განსაზღვრული ყოველდღიური დახმარების თანხაა 29.57 ევრო. კომპენსაციის ვადის ხანგრძლივობა კი მოიცავს 531 კალენდარულ დღეს. შესაბამისად, მოპასუხე როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა - განვითარებაში.

დ. გ. 2018 წლის X სექტემბერს გახდა სრულწლოვანი. იგი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში და ამჟამად არის სტუდენტი. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. მართალია, დ. გ. უკვე სრულწლოვან პირს წარმოადგენს, თუმცა სარჩელის აღძვრიდან სრულწლოვანების მიღწევამდე მოპასუხე ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო არასრულწლოვანი შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში და მშობელთა თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის გათვალისწინებით შეექმნა შვილის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობები.

სასამართლომ მიუთითა, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სარჩელის განხილვის დროისათვის მოპასუხე შ. გ.-ის დასაქმებას და სტაბილურ შემოსავალს დაადასტურებდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, მისი თვითდასაქმების შესაძლებლობა და ა.შ. ამდენად, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

მოპასუხე შ. გ. თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ევრო. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე გარდა დ. გ.-ისა, სხვა პირი არ ჰყავდა, ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დ. გ.-მ უკვე მიაღწია სრულწლოვანების ასაკს. გასაზიარებელი არ არის მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია შ. გ.-ის კმაყოფაზე მეუღლის რ. ვ.-ის ყოფნის ფაქტი და ამის გამო ყოველთვიურად მეუღლის რჩენისათვის გაწეული დახმარება, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით)

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის დეკემბრის თვისათვის - 153.7 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, არასრულწლოვანის ასაკის გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი დ. გ.-ის რჩენა-აღზრდისთვის უნდა განისაზღვროს, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ევროს ეკვივალენტი ლარით.

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის გათვალისწინებით, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2017 წლის 07 ნოემბრიდან, დ. გ.-ის სრულწლოვანების მიღწევამდე, 2018 წლის X სექტემბრამდე.

2.18. მოსარჩელემ მოითხოვა შ. გ.-სათვის, დ. გ.-ის რჩენა-აღზრდისათვის სარჩელის აღძვრამდე წარსული ოცდასამი თვის გადაუხდელი ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 300 (სამასი) ევროს, სულ 6 900 (ექვსი ათას ცხრაასი) ევროს ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

დასახელებული ნორმა ადგენს ალიმენტის დაკისრების ზოგად წესს, რომელიც განისაზღვრება სარჩელის აღძვრის მომდევნო პერიოდით, თუმცა საგამონაკლისო შემთხვევაში, დასაშვებია, სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის ალიმენტის დაკისრება, თუ დადგინდება, რომ: ა) მოსარჩელე იღებდა ზომებს სარჩოს მისაღებად; ბ) სარჩოს მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ ალიმენტვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. აღნიშნული გარემოებების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ვერ იქნა მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ვერ მოხდა სარჩოს მიღება მოპასუხისაგან, რადგან შ. გ. თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას. მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი არ არის.

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მის მიერ ბავშვების სარჩოსათვის მიღებული ზომების შესახებ (3.2.8). აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ იმ ფაქტით, რომ არასრულწლოვანი სკოლის დასრულების შემდეგ მამას სთხოვდა 100 ევროს გადმორიცხვას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დადასტურდა მოპასუხის მხრიდან სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელის ანგარიშზე თანხის რამდენიმეჯერ ჩარიცხვის ფაქტიც.

ამდენად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილის აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას სარჩელის აღძვრამდე ბოლო ოცდასამი თვის მანძილზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს, მოპასუხე შ. გ.-სათვის დ. გ.-ის წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

3.1. სარჩელის აღძვრის პერიოდში შ. გ. იყო დასაქმებული და მისი ხელფასი აღემატებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ გაცემულ შემწეობას 900 ევროს. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით ირკვევა ალიმენტის გადახდისა და შეწყვეტის დრო.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ იგი უზრუნველყოფილ იქნეს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ალიმენტის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები წარმოადგენს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე გარდა დ. გ.-ისა, სხვა პირი არ ჰყავდა, ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დ. გ.-მ უკვე მიაღწია სრულწლოვანების ასაკს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, არასრულწლოვანის ასაკის გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი დ. გ.-ის რჩენა-აღზრდისათვის უნდა განისაზღვროს, ყოველთვიურად 150 ევროს ეკვივალენტი ლარით.

4.2. რაც შეეხება წარსული დროის ალიმენტს, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან (პირველი ნაწილი). ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას (მეორე ნაწილი).

აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ალიმენტის მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია წარსული დროისათვის მოითხოვოს ალიმენტი, თუმცა, უფლების სასამართლო წესით იძულებით დაცვამდე (სარჩელის წარდგენამდე) უფლებამოსილ პირს სარჩოს მისაღებად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ზომები მიღებული და აღნიშნულის ფონზე ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირი უნდა არიდებდეს თავს გადახდას . პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეები განქორწინებისას არ შეთანხმებულან მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო თანხის, რაც თავისი ბუნებით ალიმენტს წარმოადგენს, ოდენობასა და გადახდის წესზე. სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ ი.გ.-ს სახელზე გაცემული ამონაწერით, რომელიც ასახავს 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდს, ფიქსირდება სხვადასხვა ოდენობის თანხის ი.გ.-ს ანგარიშზე ჩარიცხვა (პირველი ჩარიცხვა განხორციელებულია 2014 წლის 11 ოქტომბერს 450 ევროს ოდენობით, ხოლო ბოლო ჩარიცხვა 2017 წლის 10 აპრილს 400 ევროს ოდენობით). პალატა იზიარებს, მოსარჩელის პოზიციას, რასაც დაეთანხმა კიდეც მოპასუხე, კერძოდ მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ განქორწინებისთანავე, დაახლოებით 2007 წლიდან მხარეები შეთანხმდნენ, რომ შ. გ.-ის შვილის - დ. გ.-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ყოფილ მეუღლეს გამოუგზავნიდა დახმარების თანხას 50 ევროს ოდენობით, რასაც ასრულებდა კიდეც და საქმეში წარმოდგენილი თანხის ჩარიცხვები სს „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით წარმოადგენს სწორედ შვილის დახმარების თანხებს, თუმცა მისივე განმარტებით ეს არ იყო ალიმენტი.
პალატა მოცემულ შემთხვევაში განმარტავს, რომ ალიმენტი თავისი შინაარსით წარმოადგენს სწორედ იმ თანხას, რაც თავის თავში მოიცავს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის გადახდილ თანხას, რომ მშობლებს შორის შეთანხმება ყოველთვიური თანხის გადახდაზე მათი საეთო არასრულწლოვანი შვილის დასახმარებლად რჩენა-აღზრდისათვის, სხვა არაფერია თუ არა ალიმენტი, რაზეც მოცემულ შემთხვევაში მხარეები ჯერ კიდევ დაახლოებით 2007 წლიდან შეთანხმდნენ და რასაც ასრულებდა კიდეც შ. გ., ხოლო ვინაიდან მან შეწყვიტა დახმარების გაწევა სარჩელის შემოტანამდე რამოდენიმე თვის ადრე, მოსარჩელემ სამართლებრივი დაცვის საშუალებად სასამართლოში სარჩელის წარდგენა გამოიყენა. ამდენად, სწორედ დასახელებული ვალდებულება იქნა დარღვეული ალიმენტვალდებული პირის მიერ სარჩელის წარდგენამდე რამოდენიმე თვით ადრე. შესაბამისად, სახეზეა მისთვის წარსული დროისათვის გადასახდელი ალიმენტის გადახდის დაკისრების საფუძველი. რაც შეეხება ალიმენტის ოდენობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი მართებულად იქნა განსაზღვრული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და სწორედ მითითებული ოდენობის გათვალისწინებით უნდა დაეკისროს შ. გ. წარსული 23 თვის ალიმენტის გადახდა.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. გ.-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.


6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს პირველი და სააპელაციო სასამართლოს ინსტანციებში გადასახდელი 126 ევროს ექვივალენტი 380.67 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ი. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების მესამე პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ი. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3.1. შ. გ.-ს ი. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, დ. გ.-ის (დაბადებული 2000 წლის 29 სექტემბერს, პირადი N01001080645) წარსული დროის (23 თვე) ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 150 ევროს - ჯამში 3450 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.
4. ი. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. შ. გ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირველ ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - ჯამში 380.67 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.