საქმის ნომერი: 2ბ/3930-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სსკ 233-ე მუხლის შესაბამისად, ის საფუძველი, რაც გამოიწვევდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან უწყება ჩაბარდათ არა ორგანიზაციის წარმომადგენელბეს(ადვოკატებს) არამედ ორგანიზაციის თანამშრომელს, არ უნდა მიჩნეულიყო ჩაბარებულად. სასამართლომ აღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა და დაასკვნა, რომ ორგანიზაციის ნებისმიერი უფლემამოსილი პიეისათვის (მათ შორის თანამშრომელი) ჩაბარება, ჩაბარებად ითვლება.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/3930-18 (2017-07-25), www.temida.ge
საქმის № 330210016001636860
საქმის № 2ბ/3930-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       25 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი _ შპს „ ქ.მ“

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ო.

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ქ.მ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.



2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ქ.მ-ის“ წარმომადგენელმა და გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა მოითხოვა.

სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო მხარისათვის სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით შეუტყობინებლობით. სასამართლომ უწყების შპს „ქ.მ-ის“ მენეჯერისთვის ჩაბარება მიიჩნია უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარებად მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მინდობილობით დასტურდება, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნდათ მხარეთა ადვოკატებს და არა კომპანიის რიგით თანამშრომლებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უწყება არ ჩაბარებია, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობას.


დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

8. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

9. სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

10. ამდენად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

12. ზემოხსენებულ ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.

13. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მოსარჩელე საქმის განხილვაში კანონით დადგენილი წესით იყო მოწვეული.

14. პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73–ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მარტის სასამართლოს სხდომის შესახებ უწყება გაეგზავნა შპს „ქ.მ-ს“ და იგი 2018 წლის 15 იანვარს ჩაბარდა ორგანიზაციის უფლებამოსილ შესაბამის უფლებამოსილ პირს - მენეჯერს - ნ. ბ.-ს (ტ.1 ს.ფ. 150), რაც სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი.

16. პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73–ე მუხლის მე-8 ნაწილის იმ დანაწესზე, რომლის მიხედვით, უწყების ჩამბარებელი ვალდებულია, უწყება გადასცეს ადრესატს. საგულისხმოა გარემოება, რომ მოპასუხის შეგებებული სარჩელი, 2017 წლის 24 მარტს ჩაბარდა ასევე „ორგანიზაციის წარმომადგენელს“ - ოფის-მენეჯერს (ტ1. ს.ფ. 95), რაზეც 2017 წლის 28 მარტს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაგებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე შპს-ს ოფის-მენეჯერისათვის კორესპოდენციის ჩაბარების საფუძველზე ამ მხარემ განახორციელა საპროცესო მოქმედება.

პალატა მიუთითებს, რომ არაუფლებამოსილი პირი არ არის ვალდებული, ჩაიბაროს ორგანიზაციისთვის განკუთვნილი გზავნილები. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია შესაბამისი აღნიშვნის გაკეთებით (არაუფლებამოსილების მოტივით) უარი განაცხადოს უწყების ჩაბარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს პრეზუმფცია, რომ დაწესებულებისათვის გაგზავნილი უწყების მიმღები (ჩამბარებელი) თანამშრომელი, ყოველთვის წარმოადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირს.

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი არ წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებას, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

17. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

საპროცესო ხარჯები

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა


1. შპს „ქ.მ.-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მაისი განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.