ნახვები: 146
საქმის ნომერი: №2ბ/6291-18
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №№2ბ/6291-18 (2019-04-16), www.temida.ge
საქმის № № 210210017001857564
საქმის № №2ბ/6291-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       16 აპრილი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი

აპელანტი – უ. გ.
წარმომადგენელი - დ.მ.

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. მ.
წარმომადგენელი - შ. ხ.

გასაჩივრებული გადაწყევტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე უ. გ.-ს სარჩელი ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ჰ. მ.-ს, მისი მცირეწლოვანი შვილების - ს. მ.-ის (დაბადებული: XX.02.2012 წელს) და მ. მ.-ის (დაბადებული: XX.07.2010 წელს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე. ალიმენტის დარჩენილი თანხის დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. ამასთან, არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდევინება დადგინდა სარჩელის შეტანიდან (2017 წლის 24 მარტიდან) ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით, ჰ. მ.-ს შეგებებული სასარჩელის მოთხოვნა, რომ მცირეწლოვანი შვილების ს. მ.-ის და მ. მ.-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი (ჰ. მ.-ს) საცხოვრებელი ადგილი, არ დაკმაყოფილდა, ჰ. მ.-ს მიეცეს თავისი არასრულწლოვანი შვილების - ს. მ.-ის (დაბადებული: XX.02.2012 წელს) და მ. მ.-ის (დაბადებული: XX.07.2010 წელს) ნებისმიერ დღეს ნახვის უფლება და ბავშვების თანხმობის შემთხვევაში თავის საცხოვრებელ სახლში დროებითი წაყვანის უფლება შემდეგნაირად: ყოველი კვირის პარასკევს 16 (თექვსმეტი) საათიდან - კვირა დღის 16 (თექვსმეტ) საათამდე წაიყვანოს ბავშვები თავის (მამის) საცხოვრებელ სახლში ღამე დარჩენის უფლებით საგარეჯოს რაიონის სოფელი კ.-ში, დედის უ. გ.-ს საცხოვრებელ სახლში კვირა დღის 16 (თექვსმეტ) საათამდე დაბრუნების პირობით.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. უ. გ. და ჰ. მ. იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ს. მ.-ი (დაბადებული: XX.02.2012 წელს) და მ. მ.-ი (დაბადებული: XX.07.2010 წელს). ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს და ორივე მცირეწლოვანი დღეის მდგომარეობით დედასთან უ. გ.-სთან ერთად ცხოვრობს საგარეჯოს რაიონის სოფელ კ.-ში.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.2. დედას და შვილებს შორის არის კარგი ურთიერთობა. დედასთან ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, დედა მათზე კარგად ზრუნავს, ბავშვები ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში, მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის.

2.3. მოსარჩელე ჰ. მ. ეწევა მესაქონლეობას, ყავს 30 სული ძროხა და მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 300 (სამას) ლარს.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.5. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მცირეწლოვანების საცხოვრებელ ადგილად უნდა დარჩეს დედის უ. გ.-ს საცხოვრებელი ადგილი და ამ მოთხოვნაზე ჰ. მ.-ს უარი უნდა ეთქვას, შემდეგ გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. ბავშვის უფლებათა კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.

ზემოთაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას ბავშვების მცირე ასაკის გათვალისწინებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში პირველ რიგში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები. ამასთან ყველა ბავშვის უფლებაა, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, ეს წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას.

მხარეთა, მოწმეთა და არასრულწლოვანების წარმომადგენლის განმარტებიდან, საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დედის ოჯახის სანიტარულ - ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა, ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ აქვთ თბილი, მზრუნველი დამოკიდებულება, ოჯახში დამაკმაყოფილებელია ბავშვების ძირითადი მოთხოვნები, ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ადეკვატური საკვებით, აქვთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები, ოჯახის წევრებისგან გარემოცული არიან მზრუნველი გარემოთი. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გამო, რომ ს. მ. (დაბადებული: XX.02.2012 წელს) და მ. მ. (დაბადებული: XX.07.2010 წელს) მცირეწლოვნები არიან, მათი ასაკიდან და საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია და ბავშვების ინტერესია, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი დარჩეს დედის საცხოვრებელი ადგილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე დედის და ბავშვების პროცესუალური წარმომადგენლის ჩვენებიდან დადგენილი იქნა, რომ უფროსი ბავშვი დედის მიერ უკვე დარეგისტრირებულია და სექტემბრიდან შედის საშუალო სკოლის პირველ კლასში და ასევე დედამ უ. გ.-მ სხდომაზე განაცხადა, რომ ცხვარში მამამისს აღარ წაყვებოდა და ბავშებთან ერთად მუდმივად იქნებოდა სოფელში.

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რეალურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე ისეთი რადიკალური ღონისძიების გატარება, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მათი იძულება დატოვონ დედის სახლი და საცხოვრებლად გადავიდნენ მამის სახლში, გაუმართლებელი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ბავშვებს ესაჭიროებოდათ სტაბილური და უსაფრთხო გარემო და ამ თვალსაზრისით ნებისმიერი ძალდატანებით ცვლილებას შესაძლოა გამოეწვია ბავშვების სტრესული მდგომარეობა. ამავე დროს მამას მიეცა უფლება ნებისმიერ დღეს მოინახულოს თავისი შვილები და დროებით წაიყვანოს თავის სახლში.

2.6. ძირითადი სარჩელით დაყენებული ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნიადა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის (800 ლარის) დაკისრება არ შეიძლება გონივრული იყოს. ალიმენტი არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომლის გადახდაც მხარეს რეალურად არ შეუძლია ან მას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიზანშეწონილად და გონივრულად მიიჩნია, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხე ჰ. მ.-სთვის არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის ალიმენტის სახით 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის დაკისრება თითოეულ ბავშვზე მათ სრულწლოვანებამდე.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მოპასუხითვის ალიმენტის სახით დაკისრებული თანხა არ არის საკმარისი არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, 75 ლარი თითოეულ მცირეწლოვანზე ვერ უზრუნველყოფს მათი კვების ხარჯების დაფარვას, არამცთუ ჩაცმის, საჭირო ნივთების ყიდვის, განათლებისა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯებს, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინების გარეშე კი შეუძლებელია ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ უ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

უ. გ. და ჰ. მ. იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - ს. მ. (დაბადებული: XX.02.2012 წელს) და მ. მ. (დაბადებული: XX.07.2010 წელს). ოჯახური უსიამოვნების გამო მეუღლეები გაცილდნენ ერთმანეთს და ორივე მცირეწლოვანი დღეის მდგომარეობით დედასთან უ. გ.-სთან ერთად ცხოვრობს საგარეჯოს რაიონის სოფელ კ.-ში.
დედას და შვილებს შორის არის კარგი ურთიერთობა. დედასთან ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, დედა მათზე კარგად ზრუნავს, ბავშვები ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში, მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის.
მოსარჩელე ჰ. მ. ეწევა მესაქონლეობას, ყავს 30 სული ძროხა და მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 300 (სამას) ლარს.

4.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ მოპასუხე ჰ. მ.-სთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახადი ოდენობა არასაკმარისია.

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს ბავშვის რჩენის ვალდებულება აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

პალატა შენიშნავს, რომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის უპირატესი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-58-49-2011).

პალატა შენიშნავს, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს, მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა. სახელმწიფო ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა.

როგორც აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე - ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის შეცვლა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს.

პალატა შენიშნავს, რომ მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1011-931-2017.). პალატა შეიშნავს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებას, უპირატესად, ბავშვის საჭიროებანი განაპირობებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი აპელანტზეა გადატანილი, მამა აქტიურად არ/ვერ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით, გარკვეულწილად იზღუდება, მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით უზრუნველყოს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედის - უ. გ.-ს საცხოვრებელი ადგილით, დადგენილია ისიც, რომ აპელანტი არ არის დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარეს კი აქვს ფერმა და ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი 300 ლარის ოდენობით. პალატა შენიშნავს, რომ არასრულწლოვნების ზრდასთან ერთად იზრდება იმ აუცილებელი მინიმუმის ოდენობა, რაც მათი ნორმალური აზღდა-განვითარებისთვის არის საჭირო, ასევე - ისინი საჭიროებენ განათლების მიღებას და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა თითოეული არასრულწოვანის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს 150-150 ლარით.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, ალიმენტის განსაზღვრა აღნიშნულ ოდენობამდე ადექვატურია და წარმოადგენს იმ გონივრულ ოდენობას, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვნების განათლებისთვის, მათი ჯანმრთელობისა და ნორმალურ პირობებში ცხოვრებისთვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ არის საჭირო. შესაბამისად, არასრულწლოვნების საჭიროებებისათვის დანახარჯების მშობლებს შორის პროპორციულად განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჰ. მ.-სთვის ალიმენტის სახით 150-150 ლარის დაკისრება გონივრული და მიზანშეწონილია.

4.3. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და ჰ. მ.-ს არასრულწლოვანი შვილების - ს. და მ. მ.-ების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით, მათ სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი;

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე ჰ. მ.-ს, მისი მცირეწლოვანი შვილების - ს. მ.-ის (დაბადებული: XX.02.2012 წელს) და მ. მ.-ის (დაბადებული: XX.07.2010 წელს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე.“

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.