საქმის ნომერი: 1ბ/562-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მზია ლომთათიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენით, დ. მ. სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, თ. მ.-ს მიმართ კი - სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა და მსჯავრდებულ თ. მ.-ს ადვოკატმა. პროკურორმა მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დ. მ.-ს და თ. მ.-ს დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მათთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. ადვოკატმა კი მოითხოვა თ. მ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/562-18 (2019-02-19), www.temida.ge
საქმის № 330100114688451
საქმის № 1ბ/562-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       19 თებერვალი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მზია ლომთათიძე

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

პროკურორ - გ. ბ.-ს
ადვოკატ - ზ. რ.-ს
მსჯავრდებულ - თ. მ.-ს
მონაწილეობით,

გამართლებულ - დ. მ.-ს
მონაწილეობის გარეშე

ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ. ბ.-ს და მსჯავრდებულ თ. მ.-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ.-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლი საქმე:

თ. მ.-ს მიმართ, დაბადებულის 1XXX წლის X სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №590XXXXXXXXX; ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, გლდანის მე-X მ/რაიონი, მე-X კორპ. ბინა №XX-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით;
დ. მ.-ს მიმართ, დაბადებულის 1XXX წლის X სექტემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №590XXXXXXXX; ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, გლდანის მე-X მ/რაიონი, მე-X კორპ. ბინა №XX-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილებებით თ. მ.-ს და დ. მ.-ს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ე. ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია მხედველობის ორგანოს დაკარგვა და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 23 დეკემბერს, ქ. თბილისში, გ.-ს ქუჩა №X-ში მდებარე სარეკლამო სააგენტოს ოფისში, იმის გამო, რომ ზ. ბ.-ს დათქმულ ვადაში არ დაუმზადეს შეკვეთილი სარეკლამო აბრა და ამ უკანასკნელმა აღნიშნულზე გამოთქვა სამართლიანი პრეტენზია, შეკვეთის მიმღებმა თ. მ.-მ და მისმა ძმამ დ. მ.-მ არ მისცეს ოფისიდან გასვლის საშუალება და გამეტებით ურტყეს მუშტები სახეში და თავში, რითაც ზ. ბ.-მ მიიღო თავის ტვინის შერყევა, ჭრილობები ყურის და წარბის არეში, მრავლობითი ესკორიაციები სახეზე, კანქვეშა ჰემატომებით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე, მიიღო დაზიანება მარცხენა თვალბუდის ქვედა კედლის ნაზი ხაზოვანი მოტეხილობის სახით, რაც ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, ხოლო, მიღებული დაზიანება - თვალის ნაფლეთი ჭრილობა, თვალშიდა ქსოვილის გამოვარდნით და დაკარგვით, OS ევისცერაციის შემდგომი მდგომარეობა - მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, შრომის უნარის მყარი დაკარგვით ერთ მესამედზე მეტი ნიშნით.
აღნიშნული ქმედებისათვის თ. მ.-ს და დ. მ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენით:
დ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

თ. მ.-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

განაჩენის მიხედვით თ. მ.-ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რომელმაც გამოიწვია მხედველობის ორგანოს დაკარგვა და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2013 წლის 23 დეკემბერს, ქ. თბილისში, გ.-ს ქუჩა №X-ში მდებარე სარეკლამო სააგენტოს ოფისში, ზ. ბ.-ს სარეკლამო აბრის დამზადებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდა დ. და თ. მ.-ებთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. თ. მ.-მ ზ. ბ.-ს გამეტებით ურტყა მუშტები სახეში და თავში, რითაც ზ. ბ.-მ მიიღო თავის ტვინის შერყევა, ჭრილობები ყურის და წარბის არეში, მრავლობითი ესკორიაციები სახეზე, კანქვეშა ჰემატომებით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე, მიიღო დაზიანება მარცხენა თვალბუდის ქვედა კედლის ნაზი ხაზოვანი მოტეხილობის სახით, რაც ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, ხოლო მიღებული დაზიანება - თვალის ნაფლეთი ჭრილობა, თვალშიდა ქსოვილის გამოვარდნით და დაკარგვით, OS ევისცერაციის შემდგომი მდგომარეობა - მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, შრომის უნარის მყარი დაკარგვით ერთ მესამედზე მეტი ნიშნით.

დ. მ.-ს ნაწილში კი სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი უნდა გამართლებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვებოდა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ დ. მ.-ს მხრიდან მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ. ბ.-მ და მსჯავრდებულ თ. მ.-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ.-მ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ. ბ.-მ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დ. მ.-ს და თ. მ.-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მათთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება და დაადგინა, რომ თ. მ. გამეტებით ურტყამდა ზ. ბ.-ს, თუმცა გამორიცხა ამავე ჩვენებით დადასტურებული დ. მ.-ს მიერ ზ. ბ.-სთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი. დ. მ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას სასამართლომ ასევე საფუძვლად დაუდო მოწმეების - ლ. მ.-ს და ს. ე.-ს ჩვენებები, რომელთაგან ლ. მ. ბრალდებულთა დედაა და დაინტერესებულ პირს წარმოადგენს, ხოლო შემთხვევის დროს ს. ე.-ს ოფისში ნამდვილად ყოფნის ფაქტი საეჭვოა. ამასთან, მოწმე ლ. მ.-ს ჩვენება ეწინააღმდეგება მის მიერ გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას და მოწმე ს. ე.-ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რისი მიზეზიც მან ვერ ახსნა. მოწმე ს. ე.-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება მისივე ახსნა-განმარტებას, მოწმე ლ. მ.-ს ჩვენებას და დ. და თ. მ.-ების მიმართ ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს.
აპელანტი ასევე გამოეხმაურა დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას თ. მ.-ს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პირიქით, ბრალდებულებმა უმოწყალოდ, მთელი ძალით, ხელებითა და ფეხებით მიაყენეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება - დააკარგვინეს მხედველობის ორგანო ზ. ბ.-ს, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელისგან არანაირი საფრთხე არ მომდინარეობდა. უფრო მეტიც, მომხდარის შემდეგ არ მოუკითხავთ დაზარალებული და არც მკურნალობის ხარჯები აუნაზღაურებიათ.

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებულ თ. მ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. რ.-მ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განაჩენის გაუქმება და თ. მ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმ საფუძვლით, რომ თ. მ. მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მას არ გადაუცილებია აღნიშნული ფარგლებისათვის. თავდაცვა შეესაბამებოდა მასზე თავდასხმის ხასიათს და საშიშროებას. თ. მ.-მ დაინახა, რომ მისი ძმა ერთი დარტყმით დააგდო ზ. ბ.-მ, სცადა გაშველება, მაგრამ ზ. ბ.-მ თავი მაინც არ დაანება და ორივეს მიაყენა დაზიანება. თ. მ.-მაც დაიცვა თავი ზ. ბ.-სგან, ამდენად, თავდაცვის აშკარა შეუსაბამობა არ ყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა მხარი დაუჭირეს თავის სააპელაციო საჩივრებს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს დ. მ.-ს უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ. მ.-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც მათი სანდოობისა და შესახებობის თვალსაზრისით, საკმარისი იქნებოდა დასკვნისათვის, რომ დ. მ.-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში.
დ. მ.-ს ბრალდების ნაწილში პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში გაკეთებულ აქცენტებს მოწმეების - ლ. მ.-სა და ს. ე.-ს ჩვენებების თაობაზე, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ. მ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1998 წლიდან ჰქონდათ საოჯახო ბიზნესი სარეკლამო სფეროში. 2013 წელს 18 დეკემბერს ოფისში მივიდა ზ. ბ., რომელსაც უნდოდა სარეკლამო ბანერის შეკვეთა, თუმცა რაღაც დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც, 19 დეკემბერს კვლავ მივიდა ოფისში და თ. მ.-ს შეაცვლევინა ბანერის დიზაინი. შეთანხმდნენ, რომ ბანერი მზად იქნებოდა 23 დეკემბერს. შემთხვევის დღეს სამსახურში მივიდა დაახლოებით 14:00 საათზე. თ. მ.-მ უთხრა, რომ სარეკლამო ბანერი უკვე მზად იყო, 17:00 საათზე უნდა გასულიყვნენ ბიჭები და დაემონტაჟებინათ, ხოლო, 15:00 საათზე მივიდოდნენ ირანელი კლიენტები, რომლებსაც უნდოდათ სასტუმროსთვის სარეკლამო ბანერის დამზადება. ამ დროისთვის ოფისში უკვე მისული იყო ორი ირანელი კლიენტი, რომლებიც ისხდნენ მაგიდასთან და მუშაობდნენ დიზაინზე თ. მ.-სთან ერთად. დ. მ.-ც თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა, რა დროსაც, ოფისში შევიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და ყვიროდა. მისმა მეუღლემ ჰკითხა, რა აყვირებდა და თან განუმარტა, რომ მისი სარეკლამო აბრა იყო მზად, 17:00 საათისთვის მიუტანდნენ და დაამონტაჟებდნენ, თუმცა ზ. ბ. ითხოვდა მაშინვე გაჰყოლოდნენ და დაემონტაჟებინათ. აღნიშნულზე მისმა მეუღლემ განუმარტა, რომ მათ არ შეეძლოთ ამის გაკეთება და როდესაც ბიჭები მივიდოდნენ, დაუმონტაჟებდნენ, თუმცა ზ. ბ. აგრძელებდა ყვირილს. ამ დროს დ. მ. წამოდგა, რომელიც ძალიან ახლოს არ მისულა ზ. ბ.-სთან და მიმართა, რომ ხმისთვის დაეწია და დამშვიდებულიყო, რაზეც ზ. ბ.-მ იკითხა „შენ ვინღა ხარო“. დ. მ.-მ განუმარტა, რომ თანამშრომელი იყო და მოუწოდა დამშვიდებულიყო, რადგან თ. მ. მუშაობდა და მუშაობაში ხელს უშლიდა. აღნიშნულის გაგონებაზე დაზარალებულმა შეაგინა თ. მ.-ს, რაზედაც თ. მ.-მ მიმართა შეეწყვიტა გინება, რადგან იქ მისი ოჯახის წევრები იყვნენ. აღნიშნულის გაგონებაზე დაზარალებულმა კვლავ შეაგინა და დ. მ.-ს გაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგად დ. მ. წაიქცა, რომელსაც დაზარალებული ზემოდან გადაემხო და დაუწყო ცემა. ვინაიდან დ. მ.-ს მყესები აქვს დაზიანებული, წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, რის გამოც, იგერიებდა შეძლებისდაგვარად და ცდილობდა თავის დაცვას. ამ დროს, ირანელი კლიენტები ოფისში იმყოფებოდნენ, ხოლო მერე დატოვეს ოფისის ტერიტორია. აღნიშნულის დანახვაზე თ. მ. წამოდგა, ზ. ბ.-ს წაავლო ხელი და მარჯვენა მუშტი გაარტყა, რაზეც ზ. ბ.-მაც დარტყმით უპასუხა. ამ დროს ზ. ბ. არ წაქცეულა. დ. მ. წამოაყენეს და გაიყვანეს გვერდით, რომელსაც დაზიანებები ჰქონდა და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. ზ. ბ. ურტყამდა თ. მ.-ს და დასარტყმელად იწევდა დ. მ.-სკენ. თ. მ.-მ დაამშვიდა ზ. ბ., დასვა სკამზე და განუმარტა, რომ წყნარად ყოფილიყო და დალოდებოდა 17:00 საათამდე. ზ. ბ.-მ დაავლო ავტომანქანის გასაღებს ხელი და განაცხადა, „რაღაცას მოვიტან და აგაფეთქებთ, ჰაერშიო უნდა აგწიოთო“. თ. მ.-მ გამოართვა ავტომანქანის გასაღები, დაუკავშირდა ბ. ჭ.-ს, სთხოვა მისულიყო და წაეყვანა ზ. ბ.. თან განუმარტა, რომ სწორედ მას გადასცემდა გასაღებს. მივიდა ბ. ჭ., რომელსაც თ. მ.-მ გადასცა ავტომანქანის გასაღები და სწორედ მან წაიყვანა ზ. ბ. ოფისიდან. მათი გასვლიდან მალევე მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და გადაიყვანეს საპატრულო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც დაიკითხნენ მოწმის სახით.

მოწმე ს. ე.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს დაახლოებით 16:00 საათზე მივიდა თ. და დ. მ.-ების სარეკლამო სააგენტოში სასტუმროსათვის სარეკლამო აბრის დამზადების მიზნით. თ. მ.-სთან ერთად მუშაობდა სარეკლამო ბანერის დიზაინზე, რა დროსაც, ოფისში შევიდა უკმაყოფილო კლიენტი, რომელიც აგრესიულად იყო განწყობილი, ყვიროდა და იგინებოდა უცენზურო სიტყვებით. დ. მ.-მ მოუწოდა, რომ დამშვიდებულიყო, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა აგრესიულ ქმედებას და დ. მ.-ს მარცხენა ხელით უბიძგა, ხოლო მარჯვენა მუშტი გაარტყა სახის არეში მარცხენა ლოყაზე, რის გამოც, იგი დაეცა იატაკზე, რომელსაც ზემოდან გადაემხო ზ. ბ. და დაუწყო ცემა. დ. მ.-ს ამ დროს სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და თავს იცავდა, ხოლო თ. მ. ცდილობდა გაშველებას. სწორედ ამ დროს დატოვა ოფისი. აღნიშნული ფაქტიდან 10 დღის შემდეგ მასთან სასტუმროში მივიდნენ დ. და თ. მ.-ები, რომლებსაც სახის არეში ჰქონდათ დაზიანებები, კერძოდ: თ. მ.-ს დაზიანება ჰქონდა მიყენებული ტუჩთან ახლოს, ხოლო დ. მ.-ს თვალთან ახლოს.

პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს შორის არ არსებობს არსებით სახის წინააღმდეგობა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მათი გაუზიარებლობის საფუძველი.
აპელანტის მითითება მოწმე ლ. მ.-ს მიკერძოვებულობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ის თ. და დ. მ.-ს დედაა, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან მოწმე სასამართლოში ჩვენების მიცემამდე გააფრთხილეს ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის შესახებ, ამასთან, მოწმეს განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მიუხედავად ამ უფლებისა, ლ. მ.-მ მისცა სასამართლოს ჩვენება, რომელში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ საეჭვოა შემთხვევის დროს ს. ე.-ს ოფისში ყოფნის ფაქტი. რასაც პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოწმის შემთხვევის ადგილზე არ ყოფნის ფაქტს დაადასტურებდა.

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ გაიზიარა დაზარალებულ ზ. ბ.-ს ჩვენება თ. მ.-ს მსჯავრდების ნაწილში და არ გაიზიარა დ. მ.-ს ნაწილში.
პალატა აპელანტის მოსაზრებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენებას პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასება მისცა სასამართლოში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და გაიზიარა ჩვენების ის ნაწილი, რაც დასტურდებოდა სხვა მტკიცებულებებით. გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარის მიერაც არ იქნა გაზიარებული დაზარალებულის განმარტება, რომ იგი გაკავებული ჰყავდა დ. და თ. მ.-ების მამას, როცა ეს უკანასკნელები გამეტებით ურტყამდნენ მუშტებს სახისა და თავის არეში, კერძოდ:
სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა ზ. ბ.-მ განმარტა, რომ მას დაზიანებები ორივე ძმამ სახისა და თავის არეში მუშტებით მიაყენა იმ დროს, როდესაც მას მათი მამა იჭერდა. ხოლო, როდესაც ძირს დაეცა, ორივემ გააგრძელა მისი ცემა წიხლებით, შემდეგ კი კარები დაუკეტეს, მანქანის გასაღები წაართვეს და აღარ უშვებდნენ. ამ დროს თავად მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა, ხელების გათავისუფლება უნდოდა, სახეზე ხელს იფარებდა, მაგრამ ვერ შეძლო.
დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას, პალატა ასევე მხედველობაში იღებს, რომ იგი გამორიცხავს მისი მხრიდან მ.-ებისთვის დაზიანების მიყენების ფაქტს, თუმცა, როგორც სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, დაზიანებები მიყენებული ჰქონდათ ასევე დ. და თ. მ.-ებს, კერძოდ: თ. მ.-ს აღენიშნებოდა ესკორაციები მარჯვნივ თვალბუდის არეში, ცხვირის ნესტოზე, მარჯვენა მტევანზე, ხოლო, დ. მ.-ს აღენიშნებოდა ესკორაციები მარცხნივ წარბის არეში.
დ. და თ. მ.-ების სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, პროკურორმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ექსპერტის განმარტებით, ხელის არეში დაზიანებების მიღება შესაძლებელი იყო იმ დროსაც, როცა თ. მ. მუშტებით ცემდა დაზარალებულს. მაგრამ, პალატა ითვალისწინებს, რომ თ. მ.-ს დაზიანებები ასევე ჰქონდა თვალბუდის არეში და ცხვირის ნესტოზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდება დ. მ.-ს მიერ ზ. ბ.-სთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მიყენების ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ დ. მ.-მ ნამდვილად ჩაიდინა აღნიშნული ქმედება.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ ”ინ დუბიო პრო რეო”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია მითითებული კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. მ.-ს ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გამამართლებელი განაჩენი დ. მ.-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას თ. მ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობა არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ზ. ბ.-მ დ. მ.-ს დაარტყა, რომელიც დაეცა, ზ. ბ. კი აგრძელებდა მის ცემას. აღნიშნულის დანახვაზე გაბრაზებული თ. მ. მივარდა დაზარალებულს და დაუწყო ცემა, რის შედეგად მიაყენა სხეულის დაზიანებები. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება - დაკარგა თვალი.
ზ. ბ.-სა და ძმებ მ.-ებს შორის მომხდარი ჩხუბის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ზ. ბ.-ს ჩვენებით, მოწმეების - ბ. ჭ.-ს, მ. ხ.-ს, ა. გ.-ს, ი. რ.-ს, ზ. ჯ.-ს, გ. ჯ.-ს, ა. გ.-ს, დ. მ.-ს, ა. უ.-ს, ი. შ.-ს ჩვენებებით; ზ. ბ.-სთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების მიყენების ფაქტი დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა შესაბამისი დასკვნის გამცემმა ექსპერტებმა.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი, ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. აღნიშნული სტრუქტურულად გამოიხატება უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებასა და თავდაცვის სურვილში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელყოფა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, ამავე დროს უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. ასევე გადაცილებული არ უნდა იქნეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. პალატას მიაჩნია, თ. მ. არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მას ამოძრავებდა არა თავდაცვის, არამედ შურისძიების სურვილი, რაც გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობას.

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ. მ.-სთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ. მ.-ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, სწორად არის შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები დ. მ.-ს ნაწილშიც, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი და ის უნდა დარჩეს უცვლელად.



სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ. ბ.-ს და მსჯავრდებულ თ. მ.-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ.-ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

დ. მ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დ. მ.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
დ. მ.-ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

თ. მ.-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ. მ.ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
თ. მ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2014 წლის 18 ნოემბრიდან 2015 წლის 08 იანვრის ჩათვლით.
თ. მ.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.