საქმის ნომერი: 1ბ/446-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2კ-380აპ.-18
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: პირველი ინსტანციის განაჩეენი საპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტზე, ირიბ ჩვენებასა და პირდაპირ მტკიცებულებაზე და სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/446-18 (2018-05-21), www.temida.ge
საქმის № 1ბ/446-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       21 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მანუჩარ კაპანაძე

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,

პროკურორ - კ. ლ.-ს,
ადვოკატ - ტ. ბ.-ს მონაწილეობით,

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ. ლ.-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

დ. ე.-ს ძე თ.-ს მიმართ - დაბადებული XXXX წლის XX ოქტომბერს, პირადი #XXXXXXXXXXX, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები: ა.-ს რაიონი, სოფელი უ. (მონაწილეობის გარეშე); დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2017 წლის 19 აპრილის მდგომარეობით);

აღწერილობითი ნაწილი:

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

1. 2017 წლის 19 აპრილს ა.-ს რაიონის სოფელ უ.-ში მცხოვრებმა შ.ბ.-მ, სოფელ უ.-ს კულტურის სახლის ჩაბნელებულ ცენტრალურ დარბაზში გაუკუღმართებული გზით დაამყარა სქესობრივი კავშირი ამავე სოფელში მცხოვრებ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ ს.ბ.-სთან
2. შ.ბ.-ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2017 წლის 19 აპრილის მდგომარეობით).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენით:

3. შ.ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშვედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ შ.ბ.-ს მიერ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

სამოტივაციო ნაწილი:

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ. ლ.-მ. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და შ.ბ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

6. აპელანტი მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლოს წინაშე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ბრალდებულის მიერ 2017 წლის 29 აპრილით შედგენილ ხელწერილი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ.ბ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

7. ბრალდების მხარე უთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეების გ. მ.-ს და ა. ბ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგინდა, თუ როგორ შეხვდნენ ისინი 2017 წლის 19 აპრილს სოფელ უ.-ს კულტურის სახლის ჩაბნელებული დარბაზიდან გამოსულ ჯერ შ.ბ.-ს, რომელსაც ანერვიულებული და აწითლებული სახე ჰქონდა, ხოლო შემდეგ იმავე დარბაზიდან გამოსულ ს. მ.-ს. აღნიშნული მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ს. მ. თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით შშმ პირია, მაგრამ ორივეს აუხსნა, თუ სად და რა ფორმით დაამყარა მასთან შ.ბ.-მ სექსუალური კონტაქტი, რის შემდეგაც ორივენი, თვალსაჩინოების მიზნით, მიიყვანა იმ ოთახში და უჩვენა ადგილი. ასევე მოწმეებმა განმარტეს, რომ ს. მ., მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, არასოდეს ამბობს ტყუილს და არცერთ მათგანს არც წარსულში და არც აღნიშნულ დღეს, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობაში ეჭვი არ შეპარვიათ. სწორედ ამის გამო ჩათვალეს საჭიროდ გ. მ.-მ და ა. ბ.-მ შეხვედროდნენ შ.ბ.-ს და მისგან მოესმინათ, თუ რა ფაქტს ჰქონდა ადგილი ან საერთოდ, მოხდა თუ არა შ.ბ.-ს მხრიდან ს. მ.-ს მიმართ გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური კონტაქტის დამყარება. აღნიშნული მოწმეებს დაუდასტურა თავად შ.ბ.-მაც და მათივე თხოვნით დაწერა ხელწერილი, რომ მსგავს ფაქტს აღარასოდეს ჩაიდენდა. ამასთან, 2017 წლის 29 აპრილით შედგენილ ბრალდებულის ხელწერილზე ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა და დადგენილია, რომ ხელწერილი შედგენილია ბრალდებულის მიერ ყოველგვარი ძალდატანებისა და იძულების გარეშე. შესაბამისად, ბრალდების მხარის განმარტებით, შ.ბ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არ წარმოადგენს საეჭვო გარემოებას და სახეზეა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა კ. ლ.-მ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

9. გამართლებულის ადვოკატმა ტ. ბ.-მ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

10. სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად;

12. პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ შ.ბ.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2017 წლის 19 აპრილის მდგომარეობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ.ბ.-მ განმარტა, რომ განსახილველ პერიოდში იყო ა.-ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელის თანაშემწე სოფელ უ.-ში. 2017 წლის 19 აპრილს, დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდა სოფელ უ.-ს ცენტრში, კლუბის მიმდებარედ, სადაც ასევე იმყოფებოდნენ შ.ბ. და ს.ბ. ცოტა ხნით საქმეზე გავიდა და დაახლოებით 10-15 წუთში დაბრუნდა კულტურის სახლში. ადიოდა მეორე სართულზე, რა დროსაც დაინახა, რომ კლუბის ე.წ. ,,ზალიდან“ გამოვიდა შ.ბ.. მან (გ. მ.-მ) შენიშვნა მისცა თ.-ს იქ ყოფნის გამო, შ.ბ. ანერვიულებული და სახეზე გაწითლებული იყო. იგივე კარებიდან გამოვიდა ს.ბ.-ც. მან (გ. მ.-მ) ორივეს ერთად ჰკითხა, თუ რას აკეთებდნენ იქ, რაზეც ს. მ.-მ უპასუხა არაფერიო და წავიდა, შ.ბ.-მ კი უთხრა, რომ ს. შესაშინებლად შეიყვანა ოთახში. შემდეგ მოწმე ავიდა თავის სამუშაო ოთახში, მასთან მივიდა ა. ბ.-ც, რომლსაც მოუყვა რა ფაქტსაც შეეწრო. ამ საუბრის დროს მასთან ოთახში შევიდა ს. მ., რომელსაც კვლავ ჰკითხა, თუ რას აკეთებდნენ ერთად ის და შ.ბ. დარბაზში, რაზეც დაზარალებულმა პირდაპირ უპასუხა - ,,პირში მომცაო’’. ს. მ.-მ ხელის მოძრაობითაც აჩვენა, თუ რა განახორციელა შ.ბ.-მ მის მიმართ. შემდეგ შეხვდა შ.ბ.-ს და უსაყვედურა ჩადენილი ქმედების გამო, უთხრა რომ პასუხს აგებდა მისი საქციელისათვის, რის შემდეგაც შ.ბ.-მ დაუდასტურა, რომ ეს ნამდვილად ჩაიდინა. გ.ბ.-მ ბრალდებულის მამასაც შეატყობინა მომხდარის შესახებ, ხოლო შემდეგ სოფლის გამგებელთან ერთად ავიდა შ.ბ.-სთან და დააწერინეს ხელწერილი, რომ ასეთ რამეს აღარასოდეს ჩაიდენდა.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა.ბ.-მ განმარტა, რომ 2017 წლის აპრილის თვეში იმყოფებოდა კლუბში, გ.ბ.-ს სამუშაო ოთახში და საუბრობდნენ, რა დროსაც მათთან შევიდა ს.ბ. ამ უკანასკნელმა საჩვენებელი თითით მიანიშნა მათ, რომ შ.ბ.-მ ,,პირში მომცაო“. შ.ბ.-ს შეუყვანია კლუბის ე.წ. ,,ზალაში’’ და ჩაუდენია ეს საქციელი, რომელიც ს. მ.-მ დეტალურად აღწერა მათთან საუბრის დროს. შემდეგ შ.ბ. აიყვანეს გ.ბ.-ს კაბინეტში და უსაყვედურეს ჩადენილი ქმედების გამო. უთხრეს, რომ ასეთი საქციელისათვის დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა, რის შედეგადაც შ.ბ.-მ აღიარა რაც ჩაიდინა. ის (ა. ბ.) და გ.ბ. ესაუბრნენ ბრალდებულის მამასაც და ხელწერილი დააწერინეს, რომ მისი შვილი ასეთ რამეს აღარ გააკეთებდა. ხელწერილი ასევე დაწერა შ.ბ.-მაც.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამომძიებელმა გ. კ.-მ განმარტა, რომ არის ა.-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. მას განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობა აქვს მიღებული შ.ბ.-სათვის ხელნაწერის ნიმუშის აღებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები შ.ბ.-ს მონაწილეობით განხორციელდა ნებაყოფლობით. მოწმე ადასტურებს მათ სისწორესა და შესაბამის ოქმებზე თავის ხელმოწერას.

16. 2017 წლის 16 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, შ.ბ.-მ აჩვენა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, სადაც 2017 წლის 19 აპრილს შეხვდა ს. მ.-ს. შემდეგ მიუთითა, თუ რა გზით გადაადგილდა ს. მ.-სთან ერთად კლუბის მიმართულებით. აჩვენა კლუბის წინა მხარეს არსებულ კიბეებსა და ცენტრალურ კარებზე, რა დროსაც განმარტა, რომ ამ მხრიდან შეიყვანა კლუბის შენობაში ს.ბ.კ ლუბის პირველ სართულზე ფოიეში შესვლისას შ.ბ.-მ მიუთითა ცენტრალური დარბაზის იმ კარზე, რომელიც განთავსებულია შენობის მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებთან ახლოს და განმარტა, რომ ამ კარით შეიყვანა ს. დარბაზში, გამოსვლის დროსაც ამავე კარებთან მას და სტეფანეს შეხვდა გ.ბ.. როგორც განმარტა, კარში შესვლის შემდეგ, კარიდან სამ-ოთხ მეტრში დაამყარა ს. მ.-სთან სქესობრივი კავშირი, მის პირში სასქესო ორგანოს ჩადების გზით. ასევე მიუთითა, რომ ამ ადგილზე დარეკა ს. მ.-ს ტელეფონმა, რის გამოც შეწყვიტა განზრახული ქმედება, მოშორდა ს. მ.-ს და გამოვიდა კლუბის დარბაზის კარიდან გარეთ.

17. 2017 წლის 16 მაისის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, დღის საათებში ბუნებრივი განათების პირობებში ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე შ.ბ.-საგან აღებული იქნა ხელწერილის ნიმუშები ოთხ ეგზემპლარად კერძოდ: მარჯვენა ხელით მჯდომარე პოზიციაში, მარცხენა ხელით მჯდომარე პოზიციაში, მარჯვენა ხელით მდგომარე პოზიციაში და მარცხენა ხელით მდგომარე პოზიციაში. ხელწერის ნიმუშები შესრულებული იქნა ცალცალკე თაბახის სტანდარტის ფურცელზე, თითო ნიმუში თითო ფურცელზე.

18. 2017 წლის 18 მაისის გრაფიკული ექსპერტიზის N622/გრ დასკვნის თანახმად, შ.ბ.-ს 2017 წლის 29 აპრილით დათარიღებული ხელწერილის ხელნაწერი ტექსტი და შ.ბ.-ს ხელწერის ნიმუშები შესრულებულია ერთი და იმავე პირის - შ.ბ.-ს მიერ.

19. 2017 წლის 18 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N002773717 დასკვნის თანახმად, ს. მ.-ს აღენიშნება მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა. დადგენილებაში მოყვანილი ფაქტის დროს (2017 წლის აპრილის თვე) ს.ბ.-ს აღენიშნებოდა მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა შ.ბ.-ს ქმედების ფაქტობრივი ხასიათი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს. მ.-ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს. მ.-ს არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.

20. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული პროკურორის არგუმენტაცია შ.ბ.-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

22. პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

23. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

24. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საქმეზე გამოკვლეული და გამოკველვის გარეშე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი შ.ბ.-ს მიერ ს. მ.-ს მიმართ გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტი. საქმის არსებითი განხილვისას შ.ბ.-მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე. ასევე, მოწმე ე. თ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, რომელიც შესაძლო დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს - შვილს. პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტზეც და აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

25. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე უდავო გარმეოებას წარმოადგენს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ს. მ.-ს აღენიშნება და 2017 წლის აპრილის თვეშიც აღენიშნებოდა მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, რის გამოც არ შეეძლო გაეცნობიერებინა შ.ბ.-ს ქმედების ფაქტობრივი ხასიათი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს. მ.-ს არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.

26. რაც შეეხება სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეებს - გ.ბ.-ს და ა. ბ.-ს, ისინი ზემოაღნიშნულ ფაქტს პირადად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულის გადმოცემით, ანუ იძლევიან ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ძირითად საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

27. პალატა ყურადღებას გაამახვილებს საგამოძებო ექსპერიმენტის ოქმზეც და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პირი არ აძლევს ჩვენებას, არამედ იგი აღადგინეს ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩადენის ვითარებას. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზე ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში (იხ.2016 წლის 28 აპრილის განაჩენი, საქმე N561აპ-15.). მოცემულ შემთხვევაში ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც მხოლოდ ვითარების აღდეგნის ნაწილში მიიჩნევა პირდაპირ მტკიცებულებად, საქმში არასებულ შ.ბ.-ს ხელწერილთან ერთობლიობაში, ვერ ქმნის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ მაღალ სტანდარტს და ვერ სცემს პასუხს კითხვაზე - განახორციელა თუ არა შ.ბ.-მ სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით უმწეო მდგომარეობაში მყოფ ს. მ.-სთან.
28. შესაბამისად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არცერთი მათგანი არ წარმოადგენს პირდაპირი სახის მტკიცებულებას იმისა, რომ შ.ბ.-მ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ფაქტი.
29. ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ არცერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა შ.ბ.-ს მიერ ს. მ.-ს მიმართ სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტს. მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და შ.ბ. უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 19 აპრილის მდგომარეობით).

30. შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

31. პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

32. პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

33. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

34. შ.ბ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

35. შ.ბ.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

36. განემარტოს შ.ბ.-ს რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

37. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

38. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.