საქმის ნომერი: 2ბ/2666-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/30901-2017, ას-1773-2018
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელის მოთხოვნა თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მოპასუხეების მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით, წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სასამართლო ხარჯებისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების გონივრული ოდენობით დაკისრებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, აპელანტთა მიერ მოთხოვნილი თანხა გონივრული ოდენობის იყო. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/2666-18 (2018-09-24), www.temida.ge
საქმის № 330210017002164532
საქმის № 2ბ/2666-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       24 სექტემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტები - მ. ა. და შპს „ე.“
წარმომადგენელი - გ. ა., ა. ნ.

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. ჯ. პ.“
წარმომადგენელი - თ. ჯ.

დავის საგანი - წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ე.“-თვის შპს „ს. ჯ. პ.“-ის სასარგებლოდ 1560693 ლარის და 84 თეთრის გადახდის დაკისრება; დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად მ. ა.-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 01.14.11.058.030) სარეალიზაციოდ მიქცევა. შპს „ე.“-თვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 15606 ლარის გადახდის დაკისრება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2. შპს „ს. ჯ. პ.“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე მუხლების საფუძველზე;

4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა შპს „ე.-მ“ და მ. ა.-მ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოსარჩელე მხარეს თითოეული მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

5. აპელანტთა განმარტებით, ხელშეკრულების თანახმად, მათ წარმომადგენელთა მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვებოდათ იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო დავა დასრულდებოდა მათ სასარგებლოდ. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ მართალია, „კლიენტს“ საქმის განხილვის დროისათვის, ადვოკატის ხარჯის სახით, სასამართლოს გარეშე ხარჯი არ გაუწევია, თუმცა აღნიშნული ხარჯის გაწევა მას სასამართლო დავის მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში მოუწევს, ვინაიდან სახეზეა ვალდებულების წარმოშობის წინაპირობა - ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ფარგლებში კლიენტს შემსრულებისათვის მომსახურების საფასურის ანაზღაურების ვალდებულება აკისრია. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის სხვაგვარი შეფასება მიგვიყვანდა იმგვარ შედეგამდე, რომ თუ მხარემ ადვოკატისათვის ანაზღაურების გადახდა, ადვოკატთან შეთანხმებით, საქმის საბოლოო შედეგს დაუკავშირა, ასეთ შემთხვევაში, იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლითა და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შესაძლებლობას დაკარგავს, რაც საპროცესო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

8. სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ მოპასუხეთა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოსარჩელისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას აღნიშნულ ნაწილში შეამოწმებს.

9. მოპასუხე მ. ა. მოსარჩელისათვის იურიდიული დახმარებისთვის გასაწევი ხარჯის - 5000 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრებას ამყარებს საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 7 თებერვლის იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებას.

10. მოპასუხე შპს „ე.“ მოსარჩელისათვის 5000 ლარის ოდენობით თანხის დაკისრების მოთხოვნას ამყარებს 2018 წლის 6 თებერვლის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას.

11. პალატა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“).

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. ამდენად, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილი) გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს.

13. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 1560693.84 ლარს. თითოეული მოპასუხის მიმართ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების სახით მოთხოვნილია 5000 ლარი, რაც სააპელაციო პალატის შეფასებით გონივრულია - შეესაბამება, სასამართლო ხარჯების ანაზღაურების კონტექსტში, „მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების“ სტანდარტს და უნდა დაკმაყოფილდეს.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

14. სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპაუხეთა მოთხოვნა, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდება.


საპროცესო ხარჯები

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს მ. ა.-ისა და შპს „ე.“-ს სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 200 ლარის (თითოეულისათვის) ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა


1. მ. ა.-ის და შპს „ე.“-ს სააპელაციო საჩივარები დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება შეიცვალოს ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ს. ჯ. პ.“-ს, მ. ა.-ის სასარგებლოდ, დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით;

4. შპს „ს. ჯ. პ.“-ს, შპს „ე.“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით;

5. შპს „ს. ჯ. პ.“-ს, მ. ა.-ის სასარგებლოდ, დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით;

6. შპს „ს. ჯ. პ.“-ს, შპს „ე.-ს“ სასარგებლოდ, დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.