საქმის ნომერი: 2ბ/270-17
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, შრომის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/338-16, ას-1150-1070-2017
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-588-556-2014, ას-588-556-2014, ას-302-287-2016, ას-1011-972-2014, ას-795-849-2011, ას-792-1114-07,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელის მოთხოვნა პირველი ინსტანციის მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და სასამსახურო ხელშეკრულება სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების ვადის ნაწილში, მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 2000 ლარის ოდენობით, სხვა მოთხოვნებს შორის არ დაკმაყოფილდა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის და განაცდურის შესახებ მოთხოვნა. მოსარჩელემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, მისი სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა, როგორც შრომის კოდექსით, ასევე დავალების შესახებ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით, მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება აღიარებულ იქნა განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებად, აღდგენის შესახებ მოთხოვნა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა განაცდურისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 15 000 ლარის ოდენობით.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/270-17 (2017-06-27), www.temida.ge
საქმის № 180310016001369353
საქმის № 2ბ/270-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       27 ივნისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - ი. წ.

წარმომადგენელი - ი. პ.

მოწინააღმდეგე მხარე - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის ალ. რ.-ის სახ.-ის ს. გ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის და 19 ოქტომბრის საოქმო განჩინებები

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ბათილად ცნობა და აღდგენა, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება, სასამსახურო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. წ.-ის წარმომადგენელმა, ი. პ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.-ის სახ.-ის ს. გ.-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.-ის სახ.-ის ს. გ.-ის“ დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის და ი. წ.-ის გათავისუფლების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 ივნისის #XXX ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი. წ.-ს შორის 2015 წლის 5 მარტს დადებული #6 სასამსახურო ხელშეკრულება 7.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების ვადის ნაწილში (განსაზღვრული ვადით დადების ნაწილში) მისი დადების დღიდან ბათილად ცნობა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი. წ.-ს შორის დადებული ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად (იხ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ მოსარჩელის წარმომადგენლის 2015 წლის 2 ოქტომბრის წერილობითი განცხადება) აღიარება და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი. წ.-ს შორის 2015 წლის 5 მარტს დადებული #6 სასამსახურო ხელშეკრულების 2015 წლის 31 მარტის #1 დანართის მისი გაფორმების დღიდან ბათილად ცნობა. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ.–ის ს. გ.–ის“ წესდებით ერთპიროვნულ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად ი. წ.–ის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დაუყოვნებლივ აღდგენა; აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ხოლო ამ უკანასკნელის შეუძლებლობის შემთხვევაში, ღირსეული კომპენსაციის მიცემა (იხ. სასარჩელო მოთხოვნის საბოლოო სახით დაზუსტების შესახებ მოსარჩელის წარმომადგენლის 2015 წლის 16 ოქტომბრის წერილობითი განცხადება); დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ."–თვის ი. წ.–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისათვის, ყოველი თვისთვის 550 ლარის ოდენობით, 2015 წლის 15 ივნისიდან საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მის აღსრულებამდე პერიოდის გათვალისწინებით (იხ. მოპასუხის დაზუსტება - 2015 წლის 2 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერი, 16:28:01-16:28:25 სთ); დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ".–სთვის ი. წ.–ის სასარგებლოდ 2015 წლის კუთვნილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება დაუბეგრავი 550 ლარის ოდენობით (იხ. მოპასუხის დაზუსტება - 2015 წლის 2 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერი, 16:28:01-16:28:25 სთ); დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ.–სთვის” ი. წ.–ის სასარგებლოდ კუთვნილი ხელფასის მიუღებლობით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიუღებელი შემოსავლისთვის 1500 ლარის ოდენობით დაკისრება (იხ. სასარჩელო მოთხოვნების გაზრდის შესახებ მოსარჩელის წარმომადგენლის 2015 წლის 2 ოქტომბრის წერილობითი განცხადება; მოპასუხის დაზუსტება - 2015 წლის 2 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერი, 16:28:01-16:28:25 სთ); დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ."–თვის მოსარჩელის სასარგებლოდ კუთვნილი ხელფასის, 2015 წლის 12 ივნისიდან საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველი თვისათვის 550 ლარის ოდენობით და ხელფასის დაყოვნებისთვის 0,07 პროცენტი დაყოვნებული თანხის ყოველი დღისთვის დაკისრება (იხ. სასარჩელო მოთხოვნების გაზრდის შესახებ მოსარჩელის წარმომადგენლის 2015 წლის 2 ოქტომბრის წერილობითი განცხადება; მოპასუხის დაზუსტება - 2015 წლის 2 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის ჩანაწერი, 16:28:01-16:28:25 სთ).

2. მოპასუხეების - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ.–ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ი. წ.–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ.–ის ს. გ."–ის დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის და ი. წ.–ის გათავისუფლების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 ივნისის #XXX ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი. წ.-ს შორის 2015 წლის 5 მარტს დადებული #6 სასამსახურო ხელშეკრულება 7.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების ვადის ნაწილში (განუსაზღვრელი ვადით დადების ნაწილში) მისი დადების დღიდან და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი. წ.-ს შორის დადებული ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად იქნა აღიარებული; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი. წ.-ს შორის 2015 წლის 5 მარტს დადებული #6 სასამსახურო ხელშეკრულების 2015 წლის 31 მარტის #1 დანართი, მისი გაფორმების დღიდან, ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2015 წლის 15 ივნისამდე განსაზღვრის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ი. წ.-ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დაეკისრა; ი. წ.-ის სასარჩელო მოთხოვნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.-ის სახ. ს. გ."-ის წესდებით ერთპიროვნულ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ი. წ.-ის სასარჩელო მოთხოვნა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ი. წ.-ის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისათვის ყოველი თვისთვის 550 ლარის ოდენობით 2015 წლის 15 ივნისიდან საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მის აღსრულებამდე პერიოდის გათვალისწინებით, განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ი. წ.-ის სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის კუთვნილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების 550 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ი. წ.-ის სასარჩელო მოთხოვნა კუთვნილი ხელფასის მიუღებლობით მიყენებული მატერიალური ზიანის - 1500 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ი. წ.-ის სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის 12 ივნისიდან საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველი თვისათვის 550 ლარის ოდენობით კუთვნილი ხელფასის და ხელფასის დაყოვნებისთვის ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ი. წ.-ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა დაეკისრა; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ი. წ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა: 800 ლარის გადახდა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად, 1 ლარის გადახდა საბანკო მომსახურების საკომისიოს სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად, 15 ლარის გადახდა სანოტარო აქტის შედგენაზე გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად, 19 ლარის გადახდა საფოსტო გზავნილებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად; სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ ი. წ.-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება ი. წ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც ი. წ.-მ, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით, ი. წ.-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო ამავე სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის განჩინებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჩივარი განუხილველად დარჩა. განჩინება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წლის 16 თებერვალს ჩაბარდა. აღნიშნული განჩინება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ არ გაასაჩივრა (იხ. ტ 5, ს.ფ. 3-4, 27-32) . შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ი. წ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებზე, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო უაპელაციოდ, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესულ ნაწილს, დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ა(ა)იპ ’დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ."–ის დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის და ი. წ.–ის გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 ივნისის №553 ბრძანება ბათილია. ბათილია ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი. წ.–ს შორის 2015 წლის 5 მარტს დადებული №6 სასამსახურო ხელშეკრულება 7.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების ვადის ნაწილში (განსაზღვრული ვადის ნაწილში) მისი დადების დღიდან და აღიარებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი. წ.–ს შორის დადებული ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად. ბათილია ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი. წ.–ს შორის 2015 წლის 5 მარტს დადებული №6 სასამსახურო ხელშეკრულების 2015 წლის 31 მარტის №1 დანართი, მისი გაფორმების დღიდან, ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2015 წლის 15 ივნისამდე განსაზღვრის ნაწილში;

ამდენად, სააპელაციო სასამართლო, უდავოდ დადგენილად მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ ი. წ., რომელიც უვადო სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა ა(ა)იპ ’დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ."–სთან, ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით, დაკავებული პოზიციიდან არასწორად გათავისუფლდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველია მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილი, რომლითაც ი. წ.–სთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებულად მიჩნევა და მისი სამსახურიდან ვადის ამოწურვის საფუძვლით გათავისუფლება ბათილად იქნა ცნობილი.

6. სასამართლო განმარტავს, რომ უვადო ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ხელშეკრულების გაგრძელებულად მიჩნევაა, თუმცა, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებულად მიჩნევას შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი გამორიცხავს და ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებასა, ან კომპენსაციას. აღნიშნული შესაძლებლობები, რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების ბათილობის პირობებში, რაღა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან შრომის კოდექსი დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, გამოკვლეულ უნდა იქნეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციის შესაძლებლობა. ამგვარი მსჯელობაა განვითარებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის N ას-588-556-2014 განჩინებაშიც, სადაც სასამართლო განმარტავს, რომ „სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია არსებობდა, თუ არა, ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული თანამდებობა გაუქმებულია და, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები“.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ი. წ.–ის უფლებრივ რესტიტუციაზე მსჯელობის მიზნით სასამართლოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლს ეყრდნობა, თუმცა, არა იმიტომ, რომ მასთან დადებული ხელშეკრულება შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად განიხილება, არამედ იმიტომ, რომ დავალების ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შედეგად რწმუნებულთან იძულებითი კონტრაგირების გაგრძელების ვალდებულების დაწესება დავალების ხელშეკრულების არსსა და მიზნებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, უფლებრივი რესტიტუციის ის წესი გამოიყენება, რომელიც არც კონტრაგირების იძულებას აწესებს და არც უკანონოდ ხელშეკრულებაშეწყვეტილი რწმუნებულის შრომით უფლებებს უგულვებელყოფს, მით უფრო, რომ დავალების ხელშეკრულება, როგორც მომსახურების ტიპის ხელშეკრულება, თავისი არსით, შრომით ურთიერთობის მსგავსია, ვინაიდან მომსახურების გაწევა ანაზღაურების სანაცვლოდ ხდება და რწმუნებული დავალებებს გარკვეული სუბორდინაციული დაქვემდებარების ფარგლებში ახორციელებს (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა განვითარებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებში).

7. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. წ.–ის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების შემდეგ, კერძოდ, 2015 წლის 14 ივლისს ა(ა)იპ ’დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ."–ის დირექტორად ნ. თ. დაინიშნა. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც შრომის კოდექსი დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის სამართლებრივ შედეგად პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის, ტოლფასი თანამდებობისა და კომპენსაციის შესაძლებლობას განიხილავს, განსხვავებით ’საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისაგან, რომელიც უკანონო გათავისუფლების უპირობო სამართლებრივ შედეგად პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენას მიიჩნევს [[1]იხ. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 118-ე მუხლი] გათავისუფლებული დასაქმებულის ადგილას სხვა პირის დასაქმება, სხვა გარემოებებთან ერთად, პირის სამსახურში აღდგენის დამაბრკოლებელ ერთ-ერთ გარემოებად განიხილება [[2]Kalb H.W., (Hrsg.), Arbeitsrecht, Kommentar,KSchg, & 1, Rn.83, 5. Auflage, Verlag Dr.Otto Schmidt, Köln, 2012]. თუ რა თქმა უნდა, თანამდებობის დაკავება ფორმალურ ხასიათს არ ატარებს და მიზნად უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის აღდგენის გამორიცხვას არ ემსახურება. დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებად ითვლება ასევე გათავისუფლებიდან აღდგენამდე დროის ხანგრძლივი შუალედი, რაც ასევე შრომით სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელების შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნევა [[3]BAG 27.12.1997 – 2 AZR 160/96, BAGE 85, 194; 28.6.2000 – 7 AZR 904/98, NZA 2000, 1097 nach Kalb H.W., (Hrsg.), Arbeitsrecht, Kommentar,KSchg, & 1, Rn.83, 5. Auflage, Verlag Dr.Otto Schmidt, Köln, 2012]

გარდა ზემოდასახელებული არგუმენტებისა ი. წ.-ის სამსახურში აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებად უნდა იქნეს განხილული იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის თავისებურება, რომლის ფარგლებშიც იგი ა(ა)იპ ’დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ."–ს ხელმძღვანელობდა. ა(ა)იპ-ის დირექტორი შრომითსამართლებრივ კონტექსტში მუშაკად არ გინიხილება. მასთან ურთიერთობა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე წესრიგდება. დავალება კი ხელშეკრულების ის სახეობაა, სადაც იძულებითი კონტრაგირება დაუშვებელია. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტა უკანონოდ შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობაა და არა ხელშეკრულების გაგრძელებულად მიჩნევის საფუძველი. შესაბამისად, ი. წ.–ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებად სწორედ იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკა განიხილება, რომლითაც იგი ა(ა)იპ ’დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ.–სთან” თანამშრომლობდა (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა განვითარებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტებში).

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს ი. წ.–ის სამსახურში აღდგენის ისეთი დამაბრკოლებელი გარემოებები, როგორიცაა, ა(ა)იპ ’დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ."–ის დირექტორად ნ. თ.–ის დანიშვნის ფაქტი, ი. წ.–ის გათავისუფლებიდან გასული დროის ხანგრძლივი პერიოდი და, რაც მთავარია, დავალების ხელშეკრულების ფარგლებში იძულებითი კონტრაგირების დაწესების აკრძალვის პრინციპი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის N ას-588-556-2014 განჩინებაში განვითარებული მსჯელობის მიხედვით, ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის საკითხი, შესაძლებელია, დადებითად გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საშტატო განრიგით ასეთი თანამდებობის არსებობის ფაქტი დადასტურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეუძლებელი იქნება” . განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ა(ა)იპ ’დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ."–ის დირექტორის თანამდებობას. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ საბიბლიოთეკო საქმიანობის რეგულირებას შეიცავს საქართველოს კანონი ’საბიბლიოთეკო საქმის შესახებ~. შესაბამისად, აღნიშნული სფეროს რეგულირება კანონის პირდაპირი მოქმედების ფარგლებში ექცევა. სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც საქმე ზედა რგოლის მენეჯერული საქმიანობის განმახორციელებელ პოზიციას ეხება, ტოლფასი თანამდებობის დადგენა, როგორც წესი, შეუძლებელია, ვინაიდან, მაგალითისათვის, დაწესებულება/ორგანიზაციას ორი დირექტორი ვერ ეყოლება. სხვა პოზიცია კი ხელმძღვანელობითი თანამდებობის ტოლფასად ვერ განიხილება. ამიტომ, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ა(ა)იპ ს. გ.–ის დირექტორის ტოლფასი თანამდებობის დადგენას, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც თვლის, რომ ი. წ. ა(ა)იპ ს. გ.–სთან დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყო.

9. ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-7 და მე-8 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის შედეგად, სასამართლო ი. წ.–ის ა(ა)იპ ს. გ.–ის დირექტორისა და ამავე პოზიციის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას შეუძლებლად მიიჩნევს, თუმცა, ადგენს, რომ ვინაიდან ი. წ. დაკავებული პოზიციიდან ვადის გასვლის საფუძვლით უკანონოდ გათავისუფლდა, მისი უფლებრივი რესტიტუცია კომპენსაციის მიცემის გზით უნდა მოხდეს.

კომპენსაციასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კოდექსი კომპენსაციის ოდენობის თაობაზე არაფერს ამბობს. კოდექსი არ აწესებს კომპენსაციის მინიმალურ, ან მაქსიმალურ ოდენობას. არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. შესაბამისად, სასამართლომ იმ შრომის სამართლებრივი „კარგი პრაქტიკით“ უნდა იხელმძვანელოს, რასაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს და რომელიც ამ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში ეფექტურად გამოიყენება. შრომით-სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერილურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ი. წ.–სთან ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, ის ანაზღაურება, რასაც ის ყოველთვიურად იღებდა (550 ლარი), ასევე ხელშეკრულების შეწყვეტიდან გასული დროის პერიოდი (2015 წლის 15 ივნისიდან 24 თვე) და აპელანტის პოზიციის მოსმენის შედეგად (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის სხდომის ოქმი) მივიდა დასკვნამდე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, 15 000 ლარი უკანონოდ დათხოვნილი თანამშრომლისათვის ჯეროვანი კომპენსაცია იქნებოდა.

10. კომპენსაციისაგან უნდა განვასხვავოთ განაცდური. განაცდურის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია ვალდებულების შესრულებაა. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს განაცდურის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლიდან, კერძოდ, განაცდური დამსაქმებელს იმ შემთხვევაში ეკისრება, თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი და უკანონოდ დათხოვნილი პირი იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგა. ასეთ შემთხვევაში, განაცდური ის შემოსავალია, რომელიც უკანონოდ დათხოვნილმა პირმა დათხოვნიდან აღდგენამდე პერიოდში ვერ მიიღო და უნდა მიიღოს, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება, შეწყვეტის მომენტიდან, გაგრძელებულად ითვლება. შესაბამისად, განაცდურის ანაზღაურება დამსაქმებლის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ი. წ.–ის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს, ამიტომ არ არსებობს მისთვის განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველიც. იგივე უნდა ითქვას სახელფასო ანაზღაურების დაყოვნების კანონისმიერ პირგასამტეხლოზე, ყოველდღიურად 0,07%-ის ოდენობით და შვებულების ფულად კომპენსაციაზე. რაც შეეხება კუთვნილი ხელფასის მიუღებლობით მიყენებული ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის კონტექსტში მტკიცებადი კატეგორიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა ამტკიცოს, რომ მოსარჩელემ ხელფასის მიუღებლობის გზით გარკვეული მოგება დაკარგა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელფასთან მიმართებით საანაბრე პროცენტის პრეზუმფცია არ მოქმედებს, ვინაიდან როგორც წესი, სახელფასო ანაზღაურება საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება და არა ანაბარზე განთავსებას, თუმცა, ამგვარი პრეზუმფცია გაქარწყლებადია, რომლის დასადასტურებლად მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელეს ეკისრება. ამასთან, მიუღებელი შემოსავალი ანაზღაურებას მხოლოდ მაშინ ექვემდებარება, როდესაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი სუბიექტისათვის, ობიექტურად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, წინასწარ სავარაუდოა.

11. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში მსჯელობის საგანს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შრომის კოდექსის ნორმების გამოყენება წარმოადგენს. ამ ნაწილში სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის №ას-1011-972-2014 განჩინებით, რომლის მიხედვითაც, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. იურიდიული პირის ზოგადი ცნების ქვეშ მოიაზრება როგორც სამეწარმეო, ისე არასამეწარმეო მიზნით შექმნილი კერძო სამართლის სფეროს დაქვემდებარებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუმცა, სხვაობა, გარდა კომერციული მიზნისა, სამართლებრივ საფუძვლებშიც იკვეთება, კერძოდ, არასამეწარმეო იურიდიული პირის მიმართ მოთხოვნებს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს. ამავე განჩინებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეფასებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუმცა, ამავდროულად დაადგინა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობაზე გამწესებისა და გამოწვევის, ასევე მასთან შრომითი ურთიერთობის რეგულირებისათვის სპეციალურ კანონს შრომის კოდექსი და არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს [ [4] იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის №ას-1011-972-2014 განჩინება].

.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის №ას-1011-972-2014 განჩინებაში განვითარებული მსჯელობა საკასაციო პალატამ 2016 წლის 15 ივლისის №ას-302-287-2016 გადაწყვეტილებაში გაიზიარა იმდენად, რამდენადაც ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის გათავისუფლება კანონიერ ძალაში იყო შესული და შესაბამისად, კასატორის საპროცესო სამართლებრივი მდგომარეობის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე აპელირება [[5]იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის №ას-302-287-2016 გადაწყვეტილება]. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ამგვარი ფაქტობრივი მდგომარეობა გვაქვს სახეზე. ი. წ.–თან ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად არის ცნობილი, რაც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად, სასამართლო ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში უკანონოდ შეწყვეტილი ხელშეკრულების მხარის უფლებრივ რესტიტუციაზე მსჯელობს.

12. სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, საკუთარი სამართლებრივი მოსაზრება დააფიქსიროს ა(ი)პის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სუბიექტის ხელშეკრულების ტიპისა და სამართლებრივი რეგულირების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7[1] პუნქტის მიხედვით, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ: ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე; ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7[2] პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 7(1) პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტყობინება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის გათავისუფლებისას შრომის კოდექსზე მხოლოდ გათავისუფლების შეტყობინების ვალდებულების კონტექსტში აპელირებს და მხოლოდ ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტას უკავშირებს ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა მეწარმე სუბიექტის, მოცემულ შემთხვევაში კი ა(ა)იპ-ის დისკრეციაა. უფლებამოსილების შეწყვეტა კი მართლსაწინააღმდეგოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ უფლებამოსილების შეწყვეტის წესია დარღვეული, თანახმად შრომის კოდექსის 38-ე მუხლისა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამგვარი მოწესრიგება, რაც სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, ა(ა)იპ-ის შემთხვევაში გამოიყენება, იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მეწარმე სუბიექტებისა და შესაბამისად, ა(ა)იპ-ის დირექტორთან არა შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულება იდება, ვინაიდან სწორედ დავალების ხელშეკრულებისთვისაა დამახასიათებელი მარწმუნებლის უპირატესი ნების პრიმატი, რწმუნებულთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შენარჩუნების თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დავალების ხელშეკრულება ის ერთ-ერთი გამონაკლისთაგანია, სადაც მარწმუნებელს რწმუნებულთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რწმუნებული მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებს, თუ არა და რა დროსაც ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერების სამოქალაქო კოდექსის 352-405-ე მუხლით გათვალისწინებული შემოწმების წესები არ გამოიყენება. აღნიშნული დასკვნის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კი, თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.

ამდენად, დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მარწმუნებელს შეუძლია რწმუნებულს ნებისმიერ დროს შეუწყვიტოს ხელშეკრულება, საამისო პატივსადები საფუძვლის არსებობის მიუხედავად. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული უფლება იმპერატიულია, ვინაიდან საწინააღმდეგო დათქმას კანონი ბათილად მიიჩნევს. დავალების ხელშეკრულების ამგვარი მოწესრიგება თვით დავალების ხელშეკრულების თავისებურებით არის განპირობებული, ვინაიდან დავალების ხელშეკრულება სწორედაც რომ განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობად განიხილება და შესაბამისად, ამ ურთიერთობის იძულებით შენარჩუნება დავალების ხელშეკრულების არსს ეწინააღმდეგება.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ირმა წამალაძესა და ა(ა)იპ ’დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ.–ს” შორის სამართალურთიერთობა არ ატარებს შრომითსამართლებრივ ხასიათს. აღნიშნული სამართალურთიერთობა სწორედაც, რომ დავალების ხელშეკრულების ჭრილში შესაფასებელი კატეგორიაა. მითითებულ დასკვნას ვერ აქარწყლებს ვერც საბიბლიოთეკო სფეროში მოქმედი სპეციალური დანაწესები, კერძოდ, საქართველოს კანონი ’საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“. აღნიშნული კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქის, რაიონის მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავენ (ათავისუფლებენ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კულტურის მინისტრთან შეთანხმებით. ადგილობრივი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავს (ათავისუფლებს) რაიონის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი (გამგე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით; უწყებათა და არასახელმწიფო ბიბლიოთეკათა ხელმძღვანელებს ნიშნავენ მათი დამფუძნებლები. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქალაქის, რაიონის მთავარი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ნიშნავენ (ათავისუფლებენ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კულტურის მინისტრთან შეთანხმებით ა(ა)იპ-ის დირექტორის სამართლებრივ მდგომარეობას არ ცვლის.

13. სასამართლო დავალების ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ, მართალია, დავალების ხელშეკრულების ფარგლებში ხელშეკრულების შეწყვეტაზე კონტრაგირების თავისუფლების წესები მოქმედებს, თუმცა, სასამართლო, საგამონაკლისო წესით, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის გამოყენებას არ გამორიცხავს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტა სასამართლო წესით კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული და გაბათილდა. ამგვარი კანონწინააღმდეგობა სახეზე შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც, ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად იმთავითვე კანონდარღვევა უდევს, მაგალითად, როგორიცაა დისკრიმინაცია, ხელშეკრულების შეწყვეტა ვადის გასვლის საფუძვლით, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება უვადო იყო და ა. შ. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა ყოველთვის კანონიერია, მაგალითისათვის, მიუხედავად მარწმუნებლის ნების თავისუფლებისა, რწმუნებულთან ხელშეკრულება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოდ იქნება მიჩნეული მაშინ, როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტა დისკრიმინაციული ნიშნით მოხდა, ან თუ ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად სინამდვილის შეუსაბამო გარემოებები დაედო და ა. შ. მოცემულ შემთხვევაში, ი. წ.-თან დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოდ იქნა ცნობილი იმის გამო, რომ უვადო სახელშეკრულებო ურთიერთობაში პირი მყოფი დაკავებული თანამდებობიდან ვადის გასვლის საფუძვლით იქნა გათავისუფლებული (აღნიშნულ ნაწილში მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული). ასეთ ვითარებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს დაცვის ის მინიმალური სტანდარტი, რასაც შრომის კოდექსის 38-ე მუხლი ითვალისწინებს. სამოქალაქო სამართლებრივად, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილია, ბათილობა ხელშეკრულების შეწყვეტიდან დგება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეწყვეტის ბათილობა ხელშეკრულების გაგრძელებულად მიჩნევის წინაპირობაა. თუმცა, დავალების ხელშეკრულების არსთან, რომელიც იძულებით კონტრაგირებას გამორიცხავს, უფრო ახლოს სწორედ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მოწესრიგებაა, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში უფლებრივი რესტიტუციის რამდენიმე შესაძლებლობას განიხილავს. შესაბამისად, სამართალურთიერთობის სპეციფიკისა და დავალების ხელშეკრულებაში იძულებითი კონტრაგირების აკრძალვის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გათავისუფლებულის ყველაზე მართებული უფლებრივი რესტიტუცია - კომპენსაციაა, რომელიც ჯეროვანი და შესაბამისი უნდა იყოს . (პირვანდელ სამუშაო ადგილსა და ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის სხვა საფუძვლებთან დაკავშირებით მსჯელობა განვითარებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-7 და მე-8 პუნქტებში, ხოლო კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით - მე-9 პუნქტში).

ამ მიმართებით, კერძოდ, დავალების ხელშეკრულების ფარგლებში შრომითსამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად სასამართლოების მხრიდან ხელშეკრულების ტიპის სახელდებისა, იქნება ეს მომსახურების, სასამსახურო, დავალების ხელშეკრულება, თუ შრომითი ხელშეკრულება, იქ სადაც არსებობს სუბორდინაციის ელემენტები და ვალდებულების შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ ხდება, დაცული უნდა იქნეს მინიმალური შრომით-სამართლებრივი სტანდარტები, როგორიცაა, ორსულობისა და დეკრეტული შვებულების დროს ხელშეკრულების შეწყვეტის აკრძალვა, შვებულების უფლება, უკანონო დათხოვნის შემთხვევაში ჯეროვანი უფლებრივი რესტიტუცია და ა. შ. [[6]იხ. Ms Danosa და LKB Līzings SIA (‘LKB’) - ვინაიდან აღნიშნული პრაქტიკა არ წარმოადგენს საქართველოს სასამართლოსათვის პირდაპირ გამოსაყენებელ წყაროს, ამიტომ სასამართლო აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების ძირითად ტექსტში არ მსჯელობს, თუმცა, ყურადღებას ამახვილებს იმ საერთაშორის სტანდარტზე, რომელიც „კარგი გამოსაყენებელი პრაქტიკის“ კონტექსტში შეიძლება საინტერესო იყოს ნორმის განმარტების მიზნებისათვის.]
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში ი. წ., როგორც ა(ა)იპ-ის დირექტორი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ სუბიექტად არ უნდა იქნეს მიჩნეული, მისი უფლებრივი რესტიტუციის მიზნებისათვის მაინც შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობები უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი და აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

14. სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს აპელანტის მითითებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ი. წ.–სთან ხელშეკრულება დისკრიმინაციის საფუძველზე შეწყდა. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო. მტკიცებით სამართალში არსებობს მტკიცების ე.წ. ’ნორმატიული~ და ’პრეზუმირებული~ წყაროები. დისკრიმინაციის დავებთან დაკავშირებით მოქმედებს მტკიცების ’ნორმატიული~ წყარო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს თავად ადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 363[3]-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა , რის შემდეგაც მოპასუხეს იმის მტკიცების ტვირთი ეკისრება, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. იგივე წესს ადგენს არასასამართლო წარმოების დროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პირმა საქართველოს სახალხო დამცველს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა . ამდენად, კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა prima facie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან ex officio, საკუთარი ინიციატივით საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. აღნიშნულ მსჯელობას იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც, უფრო მეტიც, მისი განმარტებით, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებად დაასახელა [[7]სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ].

განსახილველ შემთხვევაში, მხარეს სარჩელში და არც მოსამზადებელ სხდომაზე, ანუ იმ ეტაპამდე როდესაც ახალი ფაქტების მითითებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს, დისკრიმინაციის ამსახველი ფაქტები არ დაუსახელებია, ასევე არ მიუთითებია გარემოებები არათანაბარი მოპყრობის, დაცული ნიშნისა, თუ კომპარატორის თაობაზე. ასეთ პირობებში კი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იკვლიოს დისკრიმინაციის ფაქტი და ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობა დააფუძნოს ფაქტს, რომელიც საქმეში ასახული არ არის. უფრო მეტიც, აღნიშნული ფაქტების დასახელების გზით წარმოიშობა მტკიცების ტვირთის იმგვარად განაწილების ვალდებულება, რომ ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობის დასაბუთების მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის, თუმცა, მას შემდეგ, რაც მოსარჩელე სასამართლოს დისკრიმინაციის შემადგენლობის ამსახველ ფაქტებს მიაწვდის და აღნიშნული გარემოებების დადასტურებას მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებების წარდგენის გზით შეეცდება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნას მასზედ, რომ საქმეში არ არსებობდა დისკრიმინაციის ფაქტების ამსახველი გარემოებებზე მითითება, შესაბამისად, სასამართლო ხელშეკრულების შეწყვეტის დისკრიმინაციულ მოტივებზე მაპროვოცირებელი შეკითხვების დასმის გზით ვერ იმსჯელებდა. აღნიშნული სცილდება შეჯიბრებითობის პრინციპსა და საპროცესო-სამართლებრივად მხარეთა თანაბარი მოპყრობის მაღალ ღირებულებას.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ შეამოწმა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის შემაჯამებელი გადაწყვეტილებების წინმსწრები საოქმო განჩინებების, კერძოდ, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინების, 2016 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომის გადადების შესახებ მოპასუხეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილების, მოპასუხეთა წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და ამ მოტივით საქმის არსებითი განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე. ასევე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული განჩინებების გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებებით და კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამის საპროცესო-სამართლებრივ განჩინებებს იღებდა, რითაც, მხარეთა სამართლიანი სასამართლოს არცერთი უფლება არ დაურღვევია, შესაბამისად, სახეზე არ არის საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, მით უფრო, იმგვარი დარღვევა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში არსებითი გადაწყვეტილების შედეგზე ზეგავლენას მოახდენდა და ამ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური წინაპირობა გახდებოდა.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

19. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. წ.–ს უნდა აუნაზღაურდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 400 ლარი (100 ლარი პირველი ინსტანციის სასამართლოში, 150 ლარი ორგზის სააპელაციო სასამართლოში). მასვე, როგორც სასამართლოს გარეშე ხარჯი, უნდა აუნაზღაურდეს ადვოკატის მომსახურების საფასური - 2 400 ლარი; საბანკო მომსახურების საკომისიოს სახით გადახდილი თანხა - 3 ლარი; სანოტარო აქტის შედგენაზე გაწეული ხარჯი - 15 ლარი; საფოსტო გზავნილებისათვის გაწეული ხარჯი - 19 ლარი. ნიშანდობლივია, აღინიშნოს, რომ სანოტარო აქტის შედგენისა და საფოსტო გზავნილის საფასური, ასევე ბანკის საკომისიო, თუმცა, 1 ლარის ფარგლებში და ადვოკატის ხარჯები - 800 ლარის ფარგლებში პირველი, ინსტანციის სასამართლომ აანაზღაურა და აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

20. ანაზღაურებულ ხარჯთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სპეციალურ მსჯელობას საჭიროებს ადვოკატის ხარჯების სრულად ანაზღაურების საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ჯერ კიდევ გადაუხდელი საადვოკატო მომსახურების საფასური, ამგვარი მომსახურების ხელშეკრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდენის პირობებში, კანონით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას ექვემდებარება [[8]იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის ას-792-1114-07 განჩინება]
. მითითებული საპროცესო-სამართლებრივი შესაძლებლობის სხვაგვარი განმარტება მიგვიყვანს იმგვარ შედეგამდე, რომ თუ მხარეს ადვოკატისათვის ანაზღაურების წინასწარ გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და მან, ანაზღაურების გადახდა, ადვოკატთან შეთანხმებით საქმის საბოლოო შედეგს დაუკავშირა, ასეთ შემთხვევაში, იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლითა და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შესაძლებლობას დაკარგავს, რაც საპროცესოსამართლებრივ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ადვოკატისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაზე და განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. ნიშანდობლივია, რომ მითითებული გარემოებები გასათვალისწინებელია სასამართლოს მხრიდან საკუთარი დისკრეციის გამოყენების პირობებში, მოგებულ მხარეს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი 4%-მდე აუნაზღაუროს. 4 %-იანი ლიმიტი იმ ოდენობის მაქსიმუმია, რომელიც მეორე მხარეს შეიძლება დაეკისროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. პალატა მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს განაპირობებს [[9] იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის ას-795-849-2011 განჩინება].

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი საქმის სირთულე, სწორედაც, რომ არაქონებრივი ხასიათის მოთხოვნების დასაბუთებითა და დამტკიცებით იყო განპირობებული. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არაქონებრივი ხასიათის მოთხოვნებისა და მისგან გამომდინარე ქონებრივი მოთხოვნების, ასევე წარმოდგენილი საქმის სირთულისა და საქმეთა ინსტანციური ბრუნვის გათვალისწინებით, ადვოკატისათვის გაწეული (გასაწევი) ხარჯის ანაზღაურება - 2 400 ლარის ოდენობით გონივრული და სამართლიანი ანაზღაურებაა.

21. პალატა მიიჩნევს, რომ ი. წ.–ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს მტკიცებულებათა მოძიების ხარჯის, ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის, სხვა მტკიცებულების ასლების მომზადებისათვის, მათ აკინძვაზე დახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯის, საფოსტო კონვერტის საფასურის, ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯის, აუცილებელი კვებისათვის გაწეული გაზრდილი დანახარჯებისა და სააპელაციო სასამართლოში დამატებით მოთხოვნილი (იგივე კატეგორიის ხარჯების გაზრდილი ოდენობით) სასამართლოსგარეშე ხარჯების დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის დაკისრების ნაწილში. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით მხარემ უნდა უზრუნველყოს თითოეული სასამართლოსგარეშე ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ხარჯის გაწევის პრეზუმფციას ვერ დაუშვებს და აღნიშნულ პრეზუმფციაზე დაყრდნობით გაწეულ ხარჯს ვერ აანაზღაურებს, მით უფრო, მაშინ, როდესაც მხარე წარმომადგენლის მომსახურებით სარგებლობს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 717-ე მუხლის პირველ და მეორე დანაწესებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ ხარჯები გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს. პალატა განმარტავს, რომ იმ კატეგორიის ხარჯებს, რომელსაც წარმომადგენელი ითხოვს (ქაღალდის, ამკინძვის და ა. შ. საფასური), როგორც წესი, დავალების ანაზღაურებადი ხელშეკრულება ფარავს. სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებას აწესებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით. ამდენად, ერთი მხრივ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი ხარჯების გაწევის მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის და მეორე მხრივ, თვლის, რომ ხარჯი, რომელიც per se დავალების ხელშეკრულების ფარგლებში შედის, ცალკე ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. წ.–სათვის კომპენსაციის სახით 15 000 ლარის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში არ ექცევა, ვინაიდან ი. წ.–ს წინამდებარე გადაწყვეტილებით კომპენსაცია მიეცა, ხოლო განაცდურის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა. შესაბამისად, ი. წ.–სათვის კომპენსაციის ანაზღაურების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესაფასებელი კატეგორიაა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, განხილვის საგანი კომპენსაციაა, რისი ანაზღაურებაც კომპლექსური სამართლებრივი საკითხების შეფასების შედეგია. აღნიშნული შეფასება კი, სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ შორის, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის კონტექსტში, განსახილველი საკითხია. ამიტომ, ამგვარ დავაზე, სადაც არსებითად შესაფასებელი სამართლებრივი კატეგორიებია, მიზანშეწონილია, რომ გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიექცეს, მით უფრო, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით მხარის გადაუდებელი ინტერესის დასაბუთების თაობაზე .

23. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით, ყურადღება გაამახვილოს ფაქტზე იმასთან დაკავშირებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილება, ერთიანი აღსასრულებელი საპროცესო დოკუმენტის არსებობის უზრუნველყოფის მიზნით, სრულად გაუქმდა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში უცვლელად აისახა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილების ის პუნქტები, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული, მათ შორისაა, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4, მე-5, მე-6 და მე-15 პუნქტი ადვოკატის მომსახურების 800 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში, საბანკო მომსახურების საკომისიოს - 1 ლარის ანაზღაურების ნაწილში, სანოტარო აქტის შედგენაზე გაწეული ხარჯის - 15 ლარის ანაზღაურებისა და საფოსტო გზავნილებისათვის გაწეული ხარჯის - 19 ლარის ანაზღაურების ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. წ.–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ი. წ.–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ ’დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ."–ის დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის და ი. წ.–ის გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 12 ივნისის №553 ბრძანება;

5. ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი. წ.–ს შორის 2015 წლის 5 მარტს დადებული №6 სასამსახურო ხელშეკრულება 7.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის დასრულების ვადის ნაწილში (განსაზღვრული ვადით დადების ნაწილში) მისი დადების დღიდან და აღიარებულ იქნეს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი. წ.–ს შორის დადებული ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად;

6. ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი. წ.–ს შორის 2015 წლის 5 მარტს დადებული №6 სასამსახურო ხელშეკრულების 2015 წლის 31 მარტის №1 დანართი, მისი გაფორმების დღიდან, ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2015 წლის 15 ივნისამდე განსაზღვრის ნაწილში;

7. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ი. წ.–ის სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა 15 000 ლარის ოდენობით;

8. არ დაკმაყოფილდეს ი. წ.–ის სასარჩელო მოთხოვნა ა(ა)იპ ’დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ."–ის წესდებით ერთპიროვნულ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

9. არ დაკმაყოფილდეს ი. წ.–ის სასარჩელო მოთხოვნა ა(ა)იპ ’დუშეთის მუნიციპალიტეტის ა. რ.–ის სახ. ს. გ."–ის წესდებით ერთპიროვნულ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

10. არ დაკმაყოფილდეს ი. წ.–ის სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის 15 ივნისიდან ი. წ.–ის სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის განაცდური ხელფასის სახით ყოველთვიურად 550 ლარის ანაზღაურების თაობაზე;

11. არ დაკმაყოფილდეს ი. წ.–ის სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების საფასურის 550 ლარის ანაზღაურების შესახებ;

12. არ დაკმაყოფილდეს ი. წ.–ის სასარჩელო მოთხოვნა კუთვნილი ხელფასის მიუღებლობით მიყენებული ზიანის - 1 500 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ;

13. არ დაკმაყოფილდეს ი. წ.–ის სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის 12 ივნისიდან საქმეზე მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველი თვისათვის 550 ლარის ოდენობით კუთვნილი ხელფასის და ხელფასის დაყოვნებისათვის ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% დაკისრების თაობაზე;

14. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ი. წ.–ის სასარგებლოდ დაეკისროს 400 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

15. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ი. წ.–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 400 ლარის გადახდა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად, 3 ლარის გადახდა საბანკო მომსახურების საკომისიოს სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად, 15 ლარის გადახდა სანოტარო აქტის შედგენაზე გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად, 19 ლარის გადახდა საფოსტო გზავნილებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;

16. არ დაკმაყოფილდეს ი. წ.–ის სასარჩელო მოთხოვნა მტკიცებულებათა მოძიების ხარჯის, ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის, სხვა მტკიცებულების ასლების მომზადებისათვის, მათ აკინძვაზე დახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯის, საფოსტო კონვერტის საფასურის, ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯის, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის საფასურის, აუცილებელი კვებისათვის გაწეული გაზრდილი დანახარჯებისა და სააპელაციო სასამართლოში დამატებით მოთხოვნილი (იგივე კატეგორიის ხარჯები გაზრდილი ოდენობით) სასამართლოს გარეშე ხარჯების დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის დაკისრების ნაწილში;

17. არ დაკმაყოფილდეს ი. წ.–ის სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;

18. არ დაკმაყოფილდეს ი. წ.–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის შემაჯამებელი გადაწყვეტილებების წინმსწრები საოქმო განჩინებების, კერძოდ, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის საოქმო განჩინების, 2016 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომის გადადების შესახებ მოპასუხეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილების, მოპასუხეთა წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და ამ მოტივით საქმის არსებითი განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე. ასევე არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე;

19. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

20. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.