საქმის ნომერი: N2ბ/5465-18
საქმეთა კატეგორიები: საოჯახო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
ინსტანციური ისტორია: ას-829-2019, 2/8379-18
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ კანონიერ ქორწინებაში. ქორწინების და თანაცხოვრების დასრულების შემდგომ მათ დარჩათ არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც ცხოვრობენ დედასთან. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის აღარ არსებობს ქორწინების კავშირი მათ გააჩნიათ ვალდებულებები შვილების წინაშე, რომელიც გრძელდება ქორწინების დასრულების შემდგომაც. იმის გამო , რომ ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, მოსარჩელე (დედა) ითხოვდა მოპასუხისთვის კანონით გათვალისწინებული ალიმენტის დაკისრებას თითოეული ბავშვისთვის ცალ-ცალკე, რომელიც დაკმაყოფილდა და დაეკისრა მამას 500-500 ლარის სახით ალიმენტის გადახდა. მოპასუხემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით თანხების ნაწილში, ვინაიდან სასამართლო არასწორად დაეყრდნო შემოსავლებსი სამსახურის ცნობას. მისი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა თანხების ნაწილში და შემცირდა დაკისრებული ალიმენტის ოდენობა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №N2ბ/5465-18 (2016-04-16), www.temida.ge
საქმის № № 330210018002357911
საქმის № N2ბ/5465-18

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       16 აპრილი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

აპელანტი - ვ.ა.
წარმომადგენელი - გ.რ., რ.ა.

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ს.
წარმომადგენელი - მ.ბ.

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის ოდენობის შემცირება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ხ.ს.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ვ.ა.-ს
(პირადი №01011XXXXXX) არასრულწლოვანი შვილის ი.ა.-ს (დაბადებულები 2009 წლის 13 ივლისს) და ა.ა.-ს (დაბადებულები 2009 წლის 13 ივლისს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისრა ყოველთვიურად 500-500 (ხუთასი) ლარი, სარჩელის შემოტანის დღიდან - 2018 წლის 19 მარტიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ხ.ს.-ს (ა.-ს) და ვ.ა.-ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2009 წლის 13 ივლისს დაბადებული ა.ა. და 2009 წლის 13 ივლისს დაბადებული ი.ა..

2.2. ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ხ.ს. (ა.) არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე, მდებარე: ქ.თბილისი, გლდანი, მე-2 მ/რ, კორპუსი N32, ბინა N63.

2.3. ვ.ა.-ს გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, კმაყოფაზე სხვა პირი არ ჰყავს.

2.4. ვ.ა. წარმოადგენს შრომისუნარიან პირს.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.5. შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 05 აპრილს გაცემული ინფორმაციით, ვ.ა.-ს 2017 წელს წლიური დეკლარაციის მიხედვით, ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 318497 ლარს, ხოლო დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავალი ნულია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.6. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 2009 წლის 13 ივლისს დაბადებული ა.ა.. და 2009 წლის 13 ივლისს დაბადებული ი.ა..

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ა. და ი. ა.-ები ფაქტობრივად ცხოვრობენ დედასთან, ხ.ს.-თან (ა.) ერთად. შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 05 აპრილს გაცემული ინფორმაციით, ვ.ა.-ს 2017 წელს წლიური დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 318497 ლარს, ხოლო დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავალი ნულია.

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

სასამართლომ მიუთითა, რომ არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში N14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

სასამართლომ აგრეთვე მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

სასამართლოს განმარტებით, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ა. და ი. ა.-ების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებული რაიმე სხვა გარეფაქტორებზე. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
ამასთან, სასამართლო, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება და იგი შრომისუნარიანია.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიაიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკისა და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განსაზღვრულიყო ყოველთვიურად 500-500 (ხუთას-ხუთასი) ლარით.

ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2018 წლის 19 მარტიდან, ა. და ი. ა.-ების სრულწლოვანებამდე.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

აპელანტის განმარტებით, სასამართლო ალიმენტის ოდენობის დაკისრების დროს უსაფუძვლოდ დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის მიერ 5/04_2018 წ. გაცემულ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ვ.ა.-ს 2017 წელს წლიური დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 318.497 ლარს, ხოლო დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავალი ნულია~. აღნიშნული თანხა არის ვ.ა.-ს
მიერ გაყიდული თავისი უძრავი ქონების ღირებულება და არის ერთჯერადი შემოსავალი, რომლითაც დაფარული იქნა ვ.ა.-ს ოჯახის ვალები. ვ.ა.-ს ხელფასის გარდა არ გააჩნია სხვა სტაბილური შემოსავალი.

აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული შემოსავლების სამსახურის და შპს ცნობით დგინდება, რომ ვ.ა.-ს მხოლოდ გააჩნია ყოველთვიური ხელფასი 437.5 ლარი, საიდანაც უკავდება 87.50 საშემოსავლო და ხელზე ხელფასის სახით იღებს 350 ლარს.აღნიშნული თანხა წარმოადგენს მისი ერთადერთი შემოსავალი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეს ვ.ა.-ს დაეკისრა 500-500 ლარი, რაც გაუმართლებელი და აღუსრულებადია. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს მოდავე პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს. ამავდროულად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამომავლოდ არ უნდა ქმნიდეს გაურკვევლობისა დასაეჭვოობის, შესაბამისად, მისი აღუსრულებლობისა და კვლავ სადავოობის განცდას.(უზენაესი სასამართლოს 29/09.2009 წლის გადაწყვეტილება ას-412-728-09). საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი ფაქტიურად წარმოადგენს აღუსრულებად გადაწყვეტილებას, როგორ ნებელობით ასევე სააღსრულებლო მექანიზმებით, ვინაიდან ვ.ა.-ს შემოსავალი არის 350 ლარი ხელზე ასაღები და სხვა სახის შემოსავალი არ გააჩნია, შესაბამისად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისი შინაარსით შეუსაბამოა რეალობასთან. აპელანტი ,ზაობას აცხადებს გადაიხადოს ალიმენტი გონივრულ ფარგლებში, მატერიალური შესაძლებლობიდან გამომდინარე.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ვ.ა.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

· ხ.ს.-ს (ა.) და ვ.ა.-ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2009 წლის 13 ივლისს დაბადებული ა.ა. და 2009 წლის 13 ივლისს დაბადებული ი.ა..
· ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ხ.ს. (ა.) არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე, მდებარე: ქ.თბილისი, გლდანი, მე-2 მ/რ, კორპუსი N32, ბინა N63.
· ვ.ა.-ს გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, კმაყოფაზე სხვა პირი არ ჰყავს.
· ვ.ა. წარმოადგენს შრომისუნარიან პირს.

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისთვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამასთან, სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტი ვ.ა.-ს მტკიცებას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 02 აპრილის ცნობაში ვ.ა.-ს 2017 წლის დეკლარაციის ერთობლივი შემოსავლის ჯამურ თანხად მითითებული 318497 ლარი წარმოადგენს ერთჯერად შემოსავალს, რაც მის მიერ მიღებულ იქნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად. პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის წერილისა (ს.ფ. 21) და ხსენებული ცნობის (ს.ფ. 68) შინაარსის გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 13 ოქტომბრამდე ვ.ა.-ს ნამდვილად ეკუთვნოდა უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, მე-8 კმ., ს/კ: 01.19.21.002.014, რომლის გაყიდვის შედეგადაც მიიღო შემოსავლის სახით 318497 ლარი და სწორედ ამის გამო არის დაუბეგრავი ცნობაში მითითებული თანხა.

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ვ.ა.-ს წლიური შემოსავალი შეადგენს 318497 ლარს.

აღნიშნულის საპირისპიროდ, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დართულ სხვა მტკიცებულებებზე, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 02 აპრილის ცნობაზე, რომელსაც ერთვის ვ.ა.-ს მიერ ხელფასის სახით მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 69), საიდანაც დგინდება, რომ 2017 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის იანვრის ჩათვლით აპელანტს, როგორც შპს ,,T&G“-ში დასაქმებულ პირს, ხელფასის სახით მიღებული აქვს 437.5 ლარი, საიდანაც დაბეგვრას ექვემდებარებოდა 87.5 ლარი, ხოლო 2018 წლის თებერვალში მიღებული აქვს 875 ლარი, საიდანაც დაუკავდა 175 ლარი. გარდა ამისა, ყურადსაღებია საქმეში არსებული კიდევ ერთი ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, დათარიღებული 2018 წლის 06 ივლისით (ს.ფ. 188), რომლის შინაარსიდანაც დგინდება, რომ ი/მ ვ.ა.-ს მიერ 2018 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდზე მიღებული შემოსავალი შეადგენს 3500 ლარს, საიდანაც დაუკავდა 700 ლარი. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით კი, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ.ა. წარმოადგენს შრომისუნარიან პირს და გააჩნია ყოველთვიური შემოსავალი, როგორც ინდ. მეწარმის საქმიანობიდან, აგრეთვე - ხელფასის სახით.

4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

პალატა მიუთითებს, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის . მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. პალატის შეფასებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ მუშაობს და მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, პალატა ერთის მხრივ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობს დედასთან - ხ.ს.-თნ, რომელიც უმუშევარია, ამასთან, არასრულწლოვნები არიან სკოლის მოსწავლეები და დადიან ტანვარჯიშზე და ხ.ს.-ს შვილების გაზრდაში ეხმარებიან მშობლები, ხოლო, მეორე მხრივ, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ აპელანტი ვ.ა. არის დასაქმებული და გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, ასევე - მის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტი არ ითხოვს საალიმენტო ვალდებულებებისგან გათავისუფლებას და იგი მზადაა გადაუხადოს არასრულწლოვან შვილებს ყოველთვიურად ჯამში 500 ლარი (იხ. 2018 წლის 02 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:14:49 წთ.), შესაბამისად, პალატის შეფასებით, აპელანტი გადახდისუნარიანია.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების ასაკიდან გამომდინარე, მათი საჭიროებებისა და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციასა“ და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე უნდა განისაზღვროს 300 ლარით, სარჩელის აღძვრიდან, (2018 წლის 19 მარტიდან) - ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე.

4.3. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა ვ.ა.-მ დაუმტკიცა სასამართლოს საკუთარი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ მისი მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ვ.ა.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და წლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ.ა.-სთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა თითოეულ არასრულწ;ლოვან ბავშვზე განისაზღვროს 300 ლარით, სარჩელის აღძვრიდან, (2018 წლის 19 მარტიდან) - ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. 2. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. 3. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ.ა.-ს არასრულწლოვანი შვილების - ა. და ი. ა.-ების სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისრა ყოველთვიურად ჯამში 600 ლარი, სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 19 მარტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე. ამდენად, დავის საგნის ღირებულება მოცემულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს (600x12) 7200 ლარით, ხოლო, სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 7%-ით, რაც შეადგენს ჯამში 504 ლარს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს 39-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის (სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა) ნახევარს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსახილველ შემთხვევაში 252 ლარით უნდა განისაზღვროს და მისი ნაწილი - 204 ლარის ოდენობით ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ვ.ა.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 60%-ით, ხოლო მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 240 ლარის ოდენობით, ზედმეტად გადახდილი თანხა - 36 ლარი კი უნდა დაუბრუნდეს აპელანტს.


სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ვ.ა.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ,
მოპასუხე ვ.ა.-ს (პირადი №01011067792) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის ი.ა.-ს (დაბადებულები 2009 წლის 13 ივლისს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა სარჩელის შემოტანის დღიდან - 2018 წლის 19 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე.
3.დაეკისროს მოპასუხე ვ.ა.-ს (პირადი №0101XXXXXXX) არასრულწლოვანი შვილის ა.ა.-ს (დაბადებულები 20XX წლის 13 ივლისს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა სარჩელის შემოტანის დღიდან - 2018 წლის 19 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე.“

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

4. ვ.ა.-ს დაუბრუნდეს რუსტამ ატაშოვის მიერ 2018 წლის 08 ოქტომბერს N0 საგადასახადო დავალებით სს ,,თიბისი ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 240 ლარიდან - 36 ლარი;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.