ნახვები: 91
საქმის ნომერი: 2ბ/6413-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი განუხილველი დარჩა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-858-802-2017, 2/20212-16
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/6413-16 (2017-04-24), www.temida.ge
საქმის № 2ბ/6413-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       24 აპრილი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

აპელანტი - დ. ხ.
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ს.
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სარჩელის მოთხოვნა:

ი. ს.-სა (პ/ნ XXXXXXXXXXX, დაბადებული 12.12.1970 წ.) და დ. ხ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX, დაბადებული 15.01.1969 წ.) შორის 1993 წლის 10 სექტემბერს რეგისტრირებული (სააქტო ჩანაწერი № X) ქორწინების შეწყვეტა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ი. ს.-ს სარჩელი დ. ხ.-ს მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება ი. ს.-სა (პ/ნ XXXXXXXXXXX, დაბადებული 12.12.1970 წ.) და დ. ხ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX, დაბადებული 15.01.1969 წ.) შორის რეგისტრირებული 1993 წლის 10 სექტემბერს, სააქტო ჩანაწერი № X.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. ი. ს. და დ. ხ. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1993 წლის 10 სექტემბრიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 14).

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.2. მხარეთა შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია ოჯახური თანაცხოვრება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი დ. ხ.-ს მიმართ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-19).

2.4. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ ი. ს.-სა და დ. ხ.-ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს, მხარეთა შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს. მოსარჩელე წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის, ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს და მხარეთა შორის არ არსებობს ფაქტობრივი თანაცხოვრება, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა ოჯახის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ი. ს.-სა და დ. ხ.-ს შორის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ოჯახური თანაცხოვრება მხარეთა შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია.

3.2. სასამართლომ ისე გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, რომ მეუღლეთა შესარიგებლად ზომები არ მიუღია.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.



ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. ი. ს. და დ. ხ. 1993 წლის 10 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ხ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა.

4.3. სარჩელის თანახმად, მოპასუხე დ. ხ. მოსარჩელეზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს, რის გამოც მასთან თანაცხოვრება შეუძლებელია.

4.4. სააპელაციო საჩივარი არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება ისე გამოიტანა, რომ მეუღლეთა შესარიგებლად არანაირი ზომები არ მიიღო.

4.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მეუღლეთა შესარიგებლად ვადის დანიშვნის წინაპირობები არ არსებობს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის ფაქტი, საქმის განხილვისას აპელანტმა თავადვე დაადასტურა, რომ იგი დღეის მდგომარეობით სხვა მისამართზე ცხოვრობს და საკუთარ სახლში ვერ მიდის. მანვე დაადასტურა, რომ მხარეთა შორის ქონებრივი დავა მიმდინარეობს, კერძოდ, დ. ხ.-ს მიერ აღძრულია სარჩელი მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილის მიკუთვნების თაობაზე (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმი).

ქორწინების აღდგენის შესაძლებლობის არსებობის დადგენისა და შესარიგებელი ვადის მიცემის მიზანშეწონილობის გარკვევის მიზნით, პალატამ მოისმინა მოსარჩელე ი. ს.-ს პოზიცია და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ურთიერთობის აღდგენის ნება არ არსებობს, კერძოდ, ი. ს.-ს განმარტებით, მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე მრავალი წლის განმავლობაში განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა თანაცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას გამორიცხავს.

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ი. ს.-სა და დ. ხ.-ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ კატეგორიულია, რის გამოც, პალატის მოსაზრებით, მეუღლეებისათვის შესარიგებელი ვადის მიცემა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. ხ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.