ნახვები: 153
საქმის ნომერი: 3b/1908-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ბს-263-261(3კ-კს-16), 3/499614
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3b/1908-15 (2016-01-23), www.temida.ge
საქმის № 330310014682078
საქმის № 3b/1908-15

განჩინება
საქართველოს სახელით
       23 იანვარი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გიორგი ტყავაძე

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი :

აპელანტი - ზ. ს.
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო -საატესტაციო კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისია
მესამე პირი - ე. შ.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, გამოუყენებლი შვებულების ნატურით ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და საოქმო განჩინებები.

სააპელაციო სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დამატებითი განჩინების (გადაწყვეტილების) მიღების საკითხი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, ზ. ს.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ს.-მ, რომელმაც მოითხოვა შემდეგი: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის შემაჯამებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საქმეზე დართვის თაობაზე;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 02 მარტის საოქმო განჩინების (საოქმო ჩანაწერის) გაუქმება მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ამავე მერიის საკონკურსო საატესტაციო კომისიის და ამავე კომისიის საპრეტენზიო კომისიის მიერ წარმოდგენილი შესაგებლისა და მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 თებერვლის, 2015 წლის 02 მარტის, 2015 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებების (საოქმო ჩანაწერები) გაუქმება საქმის ზეპირი მოსმენით სხვა დროისათვის გადადების თაობაზე;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის და 2015 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინებების (საოქმო ჩანაწერების) გაუქმება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომის ორჯერ სხვა დროისათვის გადადების თაობაზე;

საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზრაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წელის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, ზ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ზ. ს.-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის XX ნოემბრის №X ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს.-ს საატესტაციო შედეგის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის ნაწილში;

ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის XX ნოემბრის №X სხდომის ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს.-ს საჩივრის უარყოფის ნაწილში;

ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის №X სხდომის ოქმით მიღებული შემაჯამებელი საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს.-ს თაობაზე საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილების ძალაში უცვლელად დატოვების შესახებ;

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №X/XX ბრძანება ზ. ს.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით;

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ სასამართლო გარეშე ხარჯის სახით, ადვოკატის დახმარებისთვის 600 ლარის ანაზღაურება და პროცესის სხვა ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება;

2016 წლის 20 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ზ. ს.-ს წარმომადგენელმა ადვოკატმა ი. პ.-მ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა შემდეგი საფუძვლით:

შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების მოთხოვნა მოსარჩელის მხრიდან წამოყენებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში (იხ. საბოლოოდ დაზუსტებული სარჩელის გვ. 15-23). ხსენებული მოთხოვნა იმთავითვე არ იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სრულად უარყოფის გამო, ვინაიდან შუამდგომლობა პროცესის ხარჯებიდან სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ე.წ მეორეული, მიბმული (საპროცესო, არამატერიალური) მოთხოვნაა და მისი საერთოდ განხილვა დამოკიდებულია სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივი ან სრული დაკმაყოფილების პირობებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის ახალი გადაწყვეტილებით, სააპელაციო პალატამ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების გარეშე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად საქმეზე თავად მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ასეთ პირობებში მან განახორციელა როგორც სააპელაციო საჩივრის, ასევე სარჩელის განხილვა და მათში არსებულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილების მიღება. სხვა სიტყვებით, მოსარჩელისათვის უფლებააღმჭურველი საპროცესო შედეგები დადგა მხოლოდ საქმის მეორე ინსტანციის სასამართლოში განხილვის შედეგად, რამაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად მიიჩნია.

უდავოა, რომ ხსენებულმა გაზარდა მოსარჩელისა და იმავდროულად აპელანტის სასამართლოსგარეშე ხარჯები. სწორედ ამიტომაც, ის დამოუკიდებლად იქნა მოთხოვნილი საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე (იხ. ზ. ს.-ს ადვოკატის სააპელაციო საჩივარი).

იმ პირობებში, როდესაც ზემდგომი სასამართლო სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის განხილვის გარდა, ანუ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების გარდა, მიიღებს გადაწყვეტილებას ასევე სარჩელის განხილვის თაობაზე და საქმეზე თვითონ დაადგენს ახალ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას (ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შედეგის მთლიანი ან ნაწილობრივი მოშლით) მან ერთმანეთზე დამატებით უნდა დააჯამოს ყველა ის ხარჯი, რომელიც გაწეული იქნა როგორც მასთან ზემდგომ ინსტანციაში, ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოში. ხსენებული დასკვნა მიიღება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი დანაწესის შედეგად, რომლის თანახმად, „თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც“. ხსენებული სწორედ მიემართება პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ეტაპისათვის პროცესის ხარჯების განაწილების საკითხს, ვინაიდან სააპელაციო ეტაპისათვის - ისედაც თავად მოაწესრიგებს მას სააპელაციო სასამართლო. ასეთ პირობებში მიკუთვნებული ხარჯის მოცულობა მატულობს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის ახალი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის შინაარსის ანალიზით დგინდება, რომ სააპელაციო პალატამ ასევე სარჩელის განხილვის შედეგად მიიღო რა ახალი გადაწყვეტილება თავად, საქართველოს სამოქალაო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ეტაპისთვის პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი. აღნიშნული დასკვნის გამოტანას აძლიერებს სარეზოლუციო ნაწილის დასახელებული პუნქტის ტექსტი და მასში გამოყენებული ტერმინები, რომელიც მიემართება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპს - „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრა სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებითვის 600 ლარის ანაზღაურება და პროცესის სხვა ხარჯის სახით 100 ლარის ანაზღაურება“.

ამ ანალიზით, აპელანტის ადვოკატი მიდის დასკვნამდე, რომ სააპელაციო პალატას არ გადაუწყვეტია სააპელაციო ეტაპისთვის აპელანტის მიერ მოთხოვნილი პროცესის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხის გადაწყვეტა, რაც ასევე მოთხოვნილი იყო ზ. ს.-ს სააპელაციო საჩივრით. საკითხი ასევე გადასაწყვეტად მითითებულია სააპელაციო პალატის ახალი გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში.

სარეზოლუციო ნაწილის შინაარსით დგინდება, რომ ხსენებულ მოთხოვნებზე არც უარმყოფელი გადაწყვეტილების გამოტანის შინაარსს შიცავს ის. უდაოა, რომ ეს მოთხოვნები სასამართლოს შემაჯამებელი საპროცესო აქტით არ გადაწყვეტილა.

საზოგადოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის/საჩივრის დაკმაყოფილების ან სარჩელზე/საჩივარზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი).

ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს (სსკ-ის 249-ე მუხლები) და რომელიმე მათგანის სათანადოდ ან საერთოდ არარსებობა, ხშირ შემთხვევაში იწვევს მის გაუქმებას (სსკ-ის 393-ე, 394-ემუხლები). გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ამ ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი.

შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ ხსენებული საკითხის სარეზოლუციო ნაწილში გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია დასახელებული გადაწყვეტილების გასაჩივრება პროცესის სამოტივაციო ნაწილში მსჯელობის და უფრო მეტიც გადაწყვეტის ან მიკუთვნების შემთხვევაშიც კი, ვინაიდან მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციოი ნაწილში გამოხატული სასამართლოს უარყოფითი დასკვნა წარმოადგენს საკასაციო საჩივრის საფუძველს. ხსენებული დასკვნის მართებულობას ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამერწამეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ Nას-710-1011-09 საქმეზე 2007 წლის 7 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით არსებული განმარტება, რომლის მხედველობაში მიღებით (იხ. სუსგ 07.09.2007წ), „გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ საკასაციო წესით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას“.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის „გ“ ქვეპუქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი“. ხსენებული მუხლი სასამართლოსგარეშე ხარჯებთან მიმართებაში რეალიზებული უნდა იქნას ამავე კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის პრინციპით, რაც დასტურდება ხანგრძლივი დროის მანძილზე უკვე დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკითაც.

უდავოა, რომ აქ განხილული მოთხოვნები აპელაციის ეტაპზე პროცესის ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა სააპელაციო საჩივრით, თუმცა მასზე სასამართლო გადაწყვეტილება არ გამოტანილა სარეზოლუციო ნაწილში გადაწყვეტის შედეგით. მართლმსაჯულების განხორციელება კი გულისხმობს ყველა მოთხოვნების, პრეტენზიებისა და შუამდგომლობების გადაწყვეტას და სრულყოფილი სასამართლო აქტების მიღებას, სასამართლო აქტის აღსრულებითი ნაწილის ჩამოყალიბების საქართველოს სამოქალო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად, თუმცა შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას ასევე იგივე კანონი ითვალისწინებს ზედა აბზაცში დასახელებული ნორმის სახით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმის მასალებს მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლოს ხარჯების საკითხი; ამავე მუხლის მე-31 ნაწილით დადგენილია, რომ ,,ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

დადგენილია, რომ ზ. ს. სააპელაციო საჩივრით ითხოვდა საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზრაურების დაკისრებას.

ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ სასამართლო გარეშე ხარჯის სახით, ადვოკატის დახმარებისთვის 600 ლარის ანაზღაურება (თითოეულ ინსტანციაში 300-300 ლარი) და პროცესის სხვა ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება (თითოეულ ინსტანციაში 50-50 ლარი);

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 13 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით იმსჯელა ზ. ს.-ს მოთხოვნებზე სასამართლოს გარეშე ხარჯების და პროცესის სხვა ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხზე, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 284-ე მუხლებით

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ს.-ს წარმომადგენლის ი. პ.-ს შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინების შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №32) მხარეთათვის განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);