საქმის ნომერი: 2ბ/1857-15
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ალიმენტის ოდენობა მეტად მცირე თანხით განსაზღვრა, რომელიც ბავშვის ელემენტარულ მოთხოვნილებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანს აღენიშნება განვითარების ზოგადი აშლილობა, რის გამოც, საჭიროებს შემდგომ კვლევებს და მკურნალობას; ბავშვს ესაჭიროება, აღმზრდელობითი და ზედამხედველობითი თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება. პალატამ მიიჩნია, რომ ალიმენტის ოდენობა - 500 ლარი, არის ის გონივრული ოდენობა, რაც აუცილებელია არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, და სოციალური განვითარებისათვის ადეკვატური ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ამ ნაწილში შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/1857-15 (2015-12-28), www.temida.ge
საქმის № 330210014620518
საქმის № 2ბ/1857-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       28 დეკემბერი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – თინათინ კაპანაძე

აპელანტი - დ. მ.

წარმომადგენელი - პ. კ.

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. გ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნა:

1.1. ნ. გ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX), არასრულწლოვანი 2011 წლის X აგვისტოს დაბადებული ნ. მ.-ს (პ/ნ YYYYYYYYYYY) მიმართ მამობის დადგენა. ცვლილების შეტანა 2011 წლის X აგვისტოს დაბადებული ნ. მ.-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში №44201111411.

1.2. არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის X აგვისტოს დაბადებული ნ. მ.-ს სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

დ. მ.-ს სარჩელი ნ. გ.-ს მიმართ მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

1.1. ნ. გ. (პ/ნ XXXXXXXXXXX), ცნობილ იქნა 2011 წლის X აგვისტოს დაბადებული ნ. მ.-ს (პ/ნYYYYYYYYYYY) მამად. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს დაევალა, აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიტანოს ცვლილება 2011 წლის X აგვისტოს დაბადებული ნ. მ.-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში №44201111411 და გასცეს დაბადების მოწმობა, სადაც მამის გრაფაში მითითებული იქნება მამა - ნ. გ..

1.2. ნ. გ.-ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის X აგვისტოს დაბადებული ნ. მ.-ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2014 წლის 16 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. მხარეები, დ. მ. და ნ. გ. ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

2.2. მოპასუხე ნ. გ. არის არასრულწლოვანი ნ. მ.-ს ბიოლოგიური მამა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

2.3. მოსარჩელე დ. მ. ცხოვრობს დედასთან ერთად და ზრდის არასრულწლოვან შვილს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).


დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.4. მხარეებს, დ. მ.-სა და ნ. გ.-ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2011 წლის X აგვისტოს დაბადებული ნ. მ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 14)

2.5. მოსარჩელე დ. მ. მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების დეპარტამენტის საიდუმლო წარმოების განყოფილების უფროსად და მისი ყოველთვიური, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1688,24 (ათას ექვსას ოთხმოცდარვა ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ. 107)

2.6. მოპასუხე ნ. გ. 2012 წლის 06 ივლისიდან 2014 წლის 21 ოქტომბრამდე მუშაობდა სს „R. C.“ -ში უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1125 (ათას ას ოცდახუთი) აშშ დოლარს. 2014 წლის 28 ოქტომბრის შეთანხმების საფუძველზე შეწყდა ნ. გ.-სა და სს „R. C.“ -ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობები (ს.ფ. 105, 138)
- შეთანხმება (ს.ფ. 106)
- შემოსავლების სამსახურის ცნობები (ს.ფ. 76-78, 131-135, 175-176)
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 177-183)
- მოწმის ჩვენება (ს.ფ. იხ. სხდომის ოქმი)

2.7. მოპასუხე ნ. გ.-ს აღებული აქვს კრედიტი სს „საქართველოს ბანკიდან“, რომლის საკრედიტო შენატანს ყოველთვიურად იხდის.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება და კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 50-52)

2.8. მოსარჩელე დ. მ.-ს აღებული აქვს კრედიტი სს „საქართველოს ბანკიდან“, რომლის საკრედიტო შენატანს ყოველთვიურად იხდის.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ”საქართველოს ბანკის” ცნობა და კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 156-158)

2.9. არასრულწლოვან - 2011 წლის X აგვისტოს დაბადებულ ნ. მ.-ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, 2014 წლის 24 დეკემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, აღენიშნება აუტისტური აშლილობა და საჭიროებს მკურნალობას.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 15)
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ინვოისი (ს.ფ. 16, 17-18)
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 23, 25- 26,)
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობს შესახებ (ს.ფ. 108)

2.10. სასამართლომ არ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის კმაყოფაზე იმყოფებიან პენსიონერი მშობლები, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, მესამე ნაწილის თანახმად, ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნ. გ.-მ სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე ცნო, რაც, ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ, მამობის დადგენის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად მიიჩნია.

2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.

ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ საკრედიტო ვალდებულების გამო ვერ შეძლებს ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით და ის გარემოება, რომ მოპასუხე ყოველთვიურად ფარავს კრედიტს და იხდის განვადების საფასურს, მეტყველებს მის ქონებრივ შესაძლებლობაზე და არა გადახდისუუნარობაზე, მით უფრო, რომ მას კრედიტი აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2014 წლის 16 ოქტომბრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე.

2.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ალიმენტის მიკუთვნების შესახებ;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ 2011 წლის X აგვისტოს დაბადებული ნ. მ. ცხოვრობს დედასთან, დ. მ.-სთან, ბავშვს გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები, ხოლო დედის - დ. მ.-ს შემოსავალი არ არის საკმარისი არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისა და მკურნალობისთვის, სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ინტერესებს, რის გამოც არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. სასამართლომ ალიმენტის ოდენობა მეტად მცირე თანხით განსაზღვრა, რომელიც ბავშვის ელემენტარულ მოთხოვნილებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბავშვს დადგენილი აქვს აუტისტური აშლილობა და საჭიროებს მკურნალობას.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

განსახილველ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. მოსარჩელე დ. მ. არის 2011 წლის X აგვისტოს დაბადებული ნ. მ.-ს (პ/ნ YYYYYYYYYYY) დედა, ხოლო მოპასუხე ნ. გ. - მამა.

4.2. მხარეები, დ. მ. და ნ. გ. ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან.

4.3. მოსარჩელე დ. მ. მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის საქმისწარმოების დეპარტამენტის საიდუმლო წარმოების განყოფილების უფროსად და მისი ყოველთვიური, ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1688,24 ლარს. (იხ.ცნობა ს.ფ. 107)

4.4. მოპასუხე ნ. გ. 2012 წლის 06 ივლისიდან 2014 წლის 21 ოქტომბრამდე მუშაობდა სს „R. C.“ - ში უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1125 (ათას ას ოცდახუთი) აშშ დოლარს (იხ. ცნობები ს.ფ. 105, 138).

2014 წლის 28 ოქტომბერს, ნ. გ.-სა და სს „R. C.“-ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მხარეთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

4.5. 2011 წლის X აგვისტოს დაბადებულ ნ. მ.-ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (განვითარების ზოგადი აშლილობა) და საჭიროებს გრძელვადიან მკურნალობას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობას.

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის 2014 წლის 8 აპრილის კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგების მიხედვით, 2011 წლის X აგვისტოს დაბადებულ ნ. მ.-ს დაუდგინდა დიაგნოზი: ფსიქიკური განვითარების შეფერხება; ექსპრესიული მეტყველების განვითარების დარღვევა; რეცეპტული მეტყველების განვითარების დარღვევა (ს.ფ. 25-26).

შპს „მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ 2014 წლის 24 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, არასრულწლოვან ნ. მ.-ს აღენიშნება ექსპრესიული მეტყველების დარღვევები. საჭიროებს მეტყველების შეფასებას და შემდგომ კვლევის დაგეგმვას. დადგინდა მეტყველების განვითარების შეფერხება და დაენიშნა მეტყველებითი თერაპია (ს.ფ. 23).

შპს „მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ 2015 წლის 2 სექტემბრის ნ. მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შესაბამისად, პაციენტს აღენიშნება განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი; საჭიროებს ქცევითი თერაპევტის ინტენსიურ მუშაობას, ფსიქოლოგის შეფასებას, ლოგოპეტის ინდივიდუალურ მუშაობას.

საქმეში წარმოდგენილი ნეიროგანვითარების ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის შესაბამისად, არასრულწლოვანი ნ. მ.-სათვის მკურნალობის ორი კურსის (ორი თვე) ღირებულება, რომელიც მხოლოდ გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიას მოიცავს, 1450 ლარს შეადგენს.

2015 წლის 5 სექტემბრის ცნობის საფუძველზე დგინდება, რომ 2011 წლის X აგვისტოს დაბადებულმა ნ. მ.-მ გაიარა ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა, სადაც ყოველთვიური გაკვეთილების საფასური შეადგენს 200 ლარს

მოსარჩელის განმარტებით, ბავშვი ქცევით თერაპევტთან და ლოგოპეტთან ინდივიდუალურ მუშაობას კვირაში მინიმუმ ოთხჯერ მაინც საჭიროებს. მკურნალობის ხანგრძლივობა გაურკვეველია, ვინაიდან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მასზე, თუ როგორ დაექვემდებარება და რამდენად დადებითად აისახება თერაპიის შედეგები არასრულწლოვანზე.

საქმეში წარმოდგენილია შპს ’გრანდმედის” მიერ გაცემული ანგარიშფაქტურა, რომლის მიხედვითაც, ლოგოპედის ინდივიდუალური მუშაობა 25 ლარი ღირს, ფსიქოლოგის კონსულტაცია 50 ლარი, ხოლო ქცევითი თერაპევტის ინდივიდუალური მუშაობა 23 ლარი. შესაბამისად, ბავშვს, ყოველთვიურად, მინიმუმ 626 ლარის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება. ამას გარდა, მხედველობაშია მისაღები ყველა ის საჭიროება, რომელიც, ჩვეულებისამებრ ბავშვის რჩენისა და ნორმალური განვითარებისათვის არის საჭირო. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია და არც აღნიშნულ მტკიცებულებებს შეცილებია კანონით დადგენილი წესით.

პალატა აქვე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ ზემოაღწერილი მტკიცებულებებით დადასტურებულ იქნა ბავშვის მდგომარეობა და საჭიროება სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, რათა ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაანგარიშება არ მომხდარიყო იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ბავშვის მიმდინარე მდგომარეობას არ ასახავდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით, საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.

4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულის მიხედვით, ყველა შემთხვევაში, არსებობს ბავშვის უფლებების განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა.[იგივე ვალდებულებას აწესებს ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაცია; 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაცია; გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით); ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი (კერძოდ, მე-10 მუხლით)]

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ... ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ნ. გ. 2012 წლის 06 ივლისიდან 2014 წლის 21 ოქტომბრამდე მუშაობდა სს „R. C.“-ში, უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1125 (ათას ას ოცდახუთი) აშშ დოლარს.

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხე ნ. გ.-სა და სს „R. C.“ -ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია 2014 წლის 28 ოქტომბერს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო მომსახურების (TNT) ქვითრის საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხემ სასარჩელო განცხადება ჩაიბარა 2014 წლის 28 ოქტომბერს (ტ.1 ს.ფ. 37).

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის შრომითი საქმიანობის შეწყვეტას საფუძვლად უდევს დამსაქმებლისა და დასაქმებულის ორმხრივი შეთანხმება და ამასთან, შეთანხმება შემდგარია, სწორედ იმ დღეს, როდესაც მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელი, 1000 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული გარემოება კითხვებს ბადებს შრომითი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სარწმუნოობასთან დაკავშირებით.

მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობა, გულისხმობს არა იმას, მოცემული მომენტისათვის მშობელი არის, თუ არა, დასაქმებული. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის დასაქმებულობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ს.ლ. და ჯ.ლ. ხორვატიის წინააღმდეგ [Case of S.L. and J.L. vs. Croatia, 07.05.2015 Judgment] განმარტა, რომ იმ დავებში, რომლებშიც ბავშვები არიან ჩართულნი, მათი საუკეთესო ინტერესები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ამ მხრივ, სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი. გარემოებათა სადავოობის შემთხვევაში, სწორედ ბავშვის ინტერესებს ენიჭება უდავო მტკიცებულებითი ძალა.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. მით უფრო, როდესაც განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვან ნ. მ.-ს ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნია, საჭიროებს შემდგომ კვლევებს და მკურნალობას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობას. ასეთ ვითარებაში კი სასამართლო, პირველ რიგში, ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების რეალური საჭიროებებიდან ამოდის, რა დროსაც, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს, შესაბამისად, მითითებული ინტერესის უგულვებელყოფა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მშობელს სტაბილური ფინანსური შემოსავალი არ აქვს, გაუმართლებელია. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ალიმენტის ოდენობის დადგენა რაიმე სტანდარტული ფორმულით არ ხდება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ბავშვის საჭიროებებს ენიჭება, მით უფრო, მაშინ, როდესაც ალიმენტის ოდენობის დადგენა იმ არასრულწლოვანის სასარგებლოდ ხდება, რომელსაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მეტი ფინანსური საჭიროება აქვს. ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ მშობლებმა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ფინანსურად უნდა უზრუნველყონ, მიუხედავად იმისა, საქმის განხილვის ეტაპზე, მშობლის შემოსავალი იძლევა, თუ არა, ამის შესაძლებლობას.

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო არ ახდენს მკურნალობის ხარჯებისა და ალიმენტის ერთმანეთში აღრევას. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობა სარჩელით იმთავითვე იმ რეალობის გათვალისწინებით არის მოთხოვნილი, რაც ბავშვის ყოფა-ცხოვრებისა და აღზრდა-განვითრებისათვის არის საჭირო. ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებისას კი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება ბავშვის მიმდინარე საჭიროებანი, განპირობებული, ბავშვის განვითარებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით და ა. შ. მოცემულ შემთხვევაში კი, ნ. მ.-ს ნორმალური განვითარებისათვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმაზე მეტი ოდენობით ხარჯის გაღებაა საჭირო, რაც ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველმყოფ ალიმენტის ოდენობას აღემატება. ასეთ შემთხვევაში კი, მშობლის ფინანსური მდგომარეობა მხედველობაში მიიღება, თუმცა, საბოლოოდ, ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებას ბავშვის საჭიროებანი განაპირობებს.

ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი ნ. მ. ცხოვრობს დედასთან, დ. მ.-სთან ერთად; ბავშვი იმყოფება მთლიანად დედის რჩენა-კმაყოფაზე, არასრულწლოვანს აღენიშნება განვითარების ზოგადი აშლილობა, რის გამოც, საჭიროებს შემდგომ კვლევებს და მკურნალობას; ბავშვს ესაჭიროება, აღმზრდელობითი და ზედამხედველობითი თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება (ბაღი, მომვლელი და ა. შ.) პალატა მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა - 500 ლარი, არის ის გონივრული ოდენობა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ნ. მ.-ს ფიზიკური, გონებრივი, და სოციალური განვითარებისათვის ადეკვატური ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების ამ ნაწილში შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა


1. დ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი და ამ ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. გ.-ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის X აგვისტოს დაბადებული ნ. მ.-ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად, 500 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2014 წლის 16 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე;

4. ნ. გ.-ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 168 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.