საქმის ნომერი: 2ბ/1782-15
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოში სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა, თუმცა, კორესპონდენცია შეცდომით, სხვა სასამართლოში გააგზავნა, სადაც იმავე მხარეებს შორის, მაგრამ სხვა საფუძვლით, დავა მიმდინარეობდა. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა - სხვა მოვლენა, რამაც ხელი შეუშალა შესაგებლის შესაბამის სასამართლოში დროულად წარდგენას, ფორმალურ-პროცესუალურად, შესაგებლის წარუდგენლობის საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გამოირიცხება.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/1782-15 (2015-12-11), www.temida.ge
საქმის № 190210015705859
საქმის № 2ბ/1782-15

განჩინება
საქართველოს სახელით
       11 დეკემბერი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი - თინათინ კაპანაძე


აპელანტი – თ. კ.
წარმომადგენელი - ფ. კ.

მოწინააღმდეგე მხარე – თ. შ.

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად



2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. კ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა ქორწინება თ. კ.-სა (დაბადებული 1951 წლის 20 ოქტომბერს პ/ნ 35001008570) და თ. შ.-ს (დაბადებული 1951 წლის 26 თებერვალს პ/ნ 35001021926) შორის, რეგისტრირებული 1974 წლის 14 სექტემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, 2959 სააქტო ჩანაწერით;

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით თ. კ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. 2015 წლის 26 იანვარს თ. კ.-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხე თ. კ.-ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით.

2.2. სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე თ. კ., 1974 წლის 14 სექტემბრიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე, თ. კ.-სთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 1998 წლიდან მხარეთა ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია და მოსარჩელეს ჰყავს მეორე მეუღლე და შვილი, რაც თავისთავად გამორიცხავს ოჯახის აღდგენის პერსპექტივას. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე თ. კ. უარს აცხადებს სამოქალაქო რეესტრში ქორწინების გაუქმებაზე, რის გამოც მოსარჩელე მიმართავს სასამართლოს.

2.3. მოპასუხე თ. კ.-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნა სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები და განესაზღვრა 05 დღის ვადა შესაგებლის წარმოსადგენად.

2.4. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს, პირადად, 2015 წლის 03 თებერვალს ჩაბარდა.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

დასახელებული ნორმის თანახმად, შესაგებლის წარმოდგენისათვის დადგენილი 05 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 04 თებერვალს და ამოიწურა 2015 წლის 09 თებერვალს 24:00 საათზე.

მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე პრიმა მუხლის მოთხოვნებზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ გაუშვა წერილობითი შესაგებლის წარმოდგენის საპროცესო ვადა. მოპასუხეს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.

სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები : მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1974 წლის 14 სექტემბრიდან; მხარეები ერთად არ ცხოვრობენ 1998 წლიდან; მოპასუხეს ფაქტიურად შექმნილი აქვს სხვა ოჯახი, სადაც ჰყავს შვილი. ამასთან, მოპასუხე უარს აცხადებს სამოქალაქო რეესტრში ქორწინების შეწყვეტაზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის შესაბამისად.

2.6. 2015 წლის 20 თებერვალს გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო.

2.7. 2015 წლის 16 მარტს მოპასუხემ საჩივარი წარადგინა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისმა მარწმუნებელმა წერილობითი შესაგებელი 2015 წლის 06 თებერვალს, შეცდომით, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა. წერილობითი შესაგებლის შეცდომით წარდგენა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება თ. კ.-ის სარჩელი მოპასუხე თ. შ.-ს მიმართ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. საჩივრის ავტორის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსარჩელის სასარგებლოდ მხარეთა შორის არსებულ სხვა საქმესთან დაკავშირებით, ამიტომ მისი კანონიერი ინტერესია, რომ რეალური ფაქტობრივი გარემოებების დადგენა მოხდეს საქმის არსებითი განხილვის გზით.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, საჩივარს და მიიჩნია, რომ თ. კ.-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება სააპელაციო წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. მომჩივანს შეუძლია მიუთითოს სხვა ისეთ გარემოებებზე, რომელთა გამოც მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წერილობითი შესაგებლის წარდგენა არ შეეძლო. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს. ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სასამართლოს მოსაზრებით, საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა იმ საპატიო მიზეზის შესახებ, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის 2-82-15 დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. თავდაპირველად, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2015 წლის 16 თებერვალს წარდგენილი შესაგებელი, მაშინ როდესაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს გზავნილი მოპასუხეს ჩაბარდა 2015 წლის 03 თებერვალს და წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 05 (ხუთი) დღის ვადა. უფრო მეტიც საჩივრის ავტორის მიერ ასევე წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2015 წლის 09 მარტის მიმართვა, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ 2-19017-14 საქმეზე თავად თ. კ.-ა მოსარჩელე და ამ უკანასკნელს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ ექნებოდა წარსადგენი. რაც შეეხება, საჩივრის ავტორის 2015 წლის 16 მარტს წარმოდგენილ მიმართვას და თანდართულ წერილობით შესაგებელს სასამართლომ, არც აღნიშნული მიიჩნია რუსთავის საქალაქო სასამართლოში მხარეთა შორის განქორწინების საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილ წერილობით შესაგებლად, ვინაიდან, აღნიშნულ წერილობით შესაგებელში არაფერია მითითებულ მხარეთა შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით და იგი წარდგენილია 2/19017-14 საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძის სახელზე, ხოლო თ. კ.-ისათვის გადაცემული გზავნილის შინაარსით ცალსახაა, რომ საჩივრის ავტორს რუსთავის საქალაქო სასამართლოში უნდა წარმოედგინა წერილობითი შესაგებელი სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე მოსაზრებები სარჩელზე დართული საბუთების შესახებ. აღნიშნულ გზავნილზე ასევე მითითებულია სამოქალაქო საქმის 2-82-15, რომელიც არ ედრება თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველ საქმის ნომერს.

რაც შეეხება, საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ კი, მხარეთა შორის 1998 წლიდან ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი არ წარმოადგენს სინამდვილეს, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ შეიძლება აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს, ვინაიდან, წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის გამო გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მას გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის გამო და არა საქმის მასალების მიხედვით. სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია, ის გარემოება, რომ 2015 წლის 06 თებერვლის წერილობითი შესაგებლით, რომელზეც მოპასუხე მოცემული დავის ფარგლებში წარდგენილ წერილობით შესაგებლად მიიჩნევს მოპასუხე სარჩელს ცნობს. შესაბამისად სასამართლოსთვის გაურკვეველია საჩივრის ავტორის მოსაზრება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია მხარეთა შორის 1998 წლიდან ერთად არ ცხოვრების ფაქტი.

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძვლები. საჩივრის ავტორის მითითებით, მოპასუხის მიერ წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მხარეთა შორის სამოქალაქო საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოპასუხის მიერ წერილობითი შესაგებელი წარდგენილი იქნა შეცდომით თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ არის წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის ავტორის სარჩელს ცნობს, საჩივრის განხილვის ფარგლებში იგი სადავოდ მიიჩნევს იმ საკითხს, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის 1998 წლიდან ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტი, თუმცა, 2015 წლის 06 თებერვლის წერილობით შესაგებელში აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერს მიუთითებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე კი, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს სასამართლოს წარუდგინოს პასუხი სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრულად უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით.

მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2015 წლის 06 თებერვალს წარდგენილი წერილობითი შესაგებელი დასახელებულ ნორმათა საწინააღმდეგოდ არის შედგენილი, რის გამოც სასამართლომ აღნიშნული არ მიიჩნია მოცემული დავის ფარგლებში წარმოსადგენ წერილობით შესაგებლად.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის ქორწინება 1998 წლიდან არის შეწყვეტილი. აღნიშნულ გარემოებას თ. კ. არ დაეთანხმა შესაგებლით, რომელიც შეცდომით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იქნა წარდგენილი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად არ ყოფილა შეწყვეტილი.

3.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მოთხოვნა და არ მიიჩნია დადგენილად, რომ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში შესაგებელი წარდგენილად უნდა ჩათვლილიყო.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. მოპასუხე თ. კ.-ს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა და შესაგებლის წარმოსადგენად 5 - დღიანი ვადა განესაზღვრა;

4.2. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს, პირადად, 2015 წლის 03 თებერვალს ჩაბარდა (იხ. ტომი 1 ს.ფ. 16).

4.3. თ. კ.-ის წარმომადგენლის განმარტებით, მისმა მარწმუნებელმა წერილობითი შესაგებელი, შეცდომით, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა. შეცდომა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება თ. კ.-ის სარჩელი მოპასუხე თ. შ.-ს მიმართ, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

4.4. შესაგებელი, რომელზედაც აპელანტი მიუთითებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2015 წლის 06 თებერვალსაა წარდგენილი (ტ.1, ს.ფ.36-43).

4.5. თ. კ.-ის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოში შესაგებლის დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

საქმეში წარმოდგენილი შესაგებლის ასლის საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თ. კ.-ს თ. შ.-ს სარჩელთან დაკავშირებული შესაგებელი თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს მიერ დადგენილ 5 დღიან ვადაში აქვს წარდგენილი.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა: 1) მოპასუხის მიერ შესაგებელი წარდგენილია თ. შ. -ს სარჩელთან დაკავშირებით; 2) შესაგებელი წარდგენილია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და 3) შესაგებელი წარდგენილია, მართალია, ტერიტორიულად სხვა, მაგრამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოში - სასამართლოში. ანუ, დგინდება, რომ მოპასუხის მიერ, ფორმალური თვალსაზრისით, კანონით გათვალისწინებული ყველა ის საპროცესო მოქმედება შესრულებულია, რაც შესაგებლის წარუდგენლობის საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავს. რაც შეეხება, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, შესაგებლის იდენტიფიცირების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი შესაგებლის იდენტიფიცირება სასამართლოს პრეროგატივაა და იგი არ შეიძლება გახდეს შესაგებლის ვადის დარღვევით წარმოდგენილად მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ საქმეზე, თ. კ.-ს, როგორც მოსარჩელეს, შესაგებლის წარდგენის პროცესუალურ-სამართლებრივი ვალდებულება არ გააჩნდა, სააპელაციო პალატა იზიარებს მოპასუხე მხარის (აპელანტის) განმარტებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში 2015 წლის 6 თებერვალს შეცდომით შეტანილი შესაგებელი, რეალურად, რუსთავის სასამართლოს წარმოებაში არსებულ თ. შ. -ს სარჩელზეა წარდგენილი.

სამართლებრივი დასაბუთება

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვითარება - სხვა მოვლენა, რამაც ხელი შეუშალა შესაგებლის შესაბამის სასამართლოში დროულად წარდგენას, კერძოდ, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თ. კ.-მ შესაგებელი სასამართლოში სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა, თუმცა, მოპასუხემ წერილობითი კორესპონდენცია შეცდომით, ნაცვლად რუსთავის საქალაქო სასამართლოსი, თბილისის საქალაქო სასამართლოში გააგზავნა, სადაც იმავე მხარეებს შორის, მაგრამ სხვა საფუძვლით, დავა მიმდინარეობდა. ფაქტების მითითებული კონსტალაცია კი, ფორმალურ-პროცესუალურად, შესაგებლის წარუდგენლობის საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის სასამართლოში წარდგენის ფაქტი.




6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითად განხილვის შედეგად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;


3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღების შედეგად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.