ნახვები: 257
საქმის ნომერი: 1/ბ-125-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-125-16 (2016-03-07), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-125-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       07 მარტი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ავთანდილ ნასყიდაშვილი
სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ. მ.;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - მ. ჯ.-ს ძე ო., დაბადებული 1982 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ.თბილისი, ლ.-ს №XX;

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

სასჯელი:

5 (ხუთი) წლით პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ს. გ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და დანიშნული სასჯელის დამძიმება, კერძოდ, რეალური სასჯელით შეცვლა შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, ის, რომ წარსულში ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. იგი იმყოფება ,,დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრის“ აღრიცხვაზე და ღებულობს პრეპარატს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ასევე, ბრალდებულს ზარალი ნაწილობრივ აქვს ანაზღაურებული (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

დაცვის მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის განაჩენით, მ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:

- ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

2014 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 10:20 საათზე, ქ.თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ზესტაფონის ქუჩის მხრიდან მანჯგალაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი „ჰონდა ფიტი“ სახელმწიფო ნომრით XXX-XXX, რომელსაც მართავდა მძღოლი მ. ო., დაეჯახა ქვეითად მოსიარულე გ. დ.-ს, რომელიც მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის განაჩენით, მ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ. ო.-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ. ო.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით (შეტყობინებით, ცნობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სქემით, ამოღების ოქმით, ვიდეო-ფირით და მისი დათვალიერების ოქმით, მოწმეების ჩვენებებით, სამედიცინო, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, ალკოჰოლური თრობისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ მ. ო.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ს. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-2-3 ნაწილების თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია, ხოლო თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ მ. ო. დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე (ნასამართლობა ჰქონდა მოხსნილი პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე), აღიარებდა დანაშაულს, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი მიეკუთვნება გაუფრთხილებელ დანაშაულთა კატეგორიას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დანიშნული სასჯელის - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლის შესახებ, არის კანონიერი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი (მ. ო.-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან), დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, მისი ოჯახური მდგომარეობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ მ. ო.-ს ზიანი ანაზღაურებული აქვს ნაწილობრივ, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნეს მოაზრებული როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, ანაზღაურებული ზიანის ნაწილი მიიჩნევა შემამსუბუქებელ გარემოებად.

გარდა აღნიშნულისა, პალატა მიუთითებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

პირველი ინსტანციის სასამართლოში, ბრალდების მხარეს არ ეჭირა პოზიცია მ. ო.-სთვის სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის თაობაზე.

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი მ. ო.-ს მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ს. გ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

მ. ო. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, მ. ო.-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 (ხუთი) წელი.

მ. ო.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. მ. ო.-ს სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ. ო.-ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულება:
ავტომანქანა „ჰონდა ფიტი“ სახელმწიფო ნომრით XXX-XXX, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

ამოღებული ვიდეო ჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.


მოსამართლე ნათია ბარბაქაძე