საქმის ნომერი: 3ბ/28-17
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: შოთა გეწაძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ბს-722-718(კ-17), 3ბ/28-17
მითითებული გადაწყვეტილებები: ბს-628-615(კ-14),
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი გაფრთხილების გამოცხადების შესახებ მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა იმ საფუძვლით,რომ ბრძანება არ შეიცავდა დასაბუთებას და ვერ დგინდებოდა აპელანტის ბრალი.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №3ბ/28-17 (2017-06-15), www.temida.ge
საქმის № 330310016001270073
საქმის № 3ბ/28-17

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       15 ივნისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
შოთა გეწაძე

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - ბ. ქ.
წარმომადგენელი - ნ. წ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ. კ.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.


2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბ. ქ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ბ. ქ.-ს დაუბრუნდა ს. ს.-ის მიერ 2016 წლის 04 მარტის #0 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ივლისის № MOD 3 1400001959 ბრძანებით, ბ. ქ. გამოსაცდელი ვადით, 6 თვით დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. გამოსაცდელი ვადა ბ. ქ.-მ გაიარა წარმატებით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, 2015 წლის 4 დეკემბერს მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოახსენა, რომ თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ. ქ. არაერთხელ იქნა შემჩნეული მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელში, დავალების არაჯეროვნად შესრულებასა და ზოგადზნეობრივი ნორმების დარღვევაში, რაც გამოიხატებოდა კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და ცრუ ბრალდებებში, სუბორდინაციის დარღვევასა და ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ სამსახურებრივ მითითებათა შეუსრულებლობაში. გამოირჩეოდა როგორც ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ ღირსების შემლახავი განცხადებებით, ასევე კოლეგების მიმართ მუქარის შემცველი გამონათქვამებით.

მითითებულ მოხსენებით ბარათში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ყველა შესაძლო გზას მიმართავდა ბ. ქ.-სთან კონსტრუქციული და კოლეგიური დამოკიდებულების დასამყარებლად. ერთი მხრივ, მას არაერთგზის მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო მეორე მხრივ წახალისდა დეპარტამენტის მენეჯმენტის მიერ (გაიგზავნა საზღვარგარეთ გამართულ სასწავლო კურსებზე, სემინარებზე და ა.შ). მიუხედავად მიღებული ზომებისა, ზემოხსენებულ ქმედებებს ბ. ქ.-ს მხრიდან ჰქონდა განგრძობადი ხასიათი, რაც ნეგატიურად აისახებოდა დეპარტამენტის პერსონალის მორალსა და დეპარტამენტის გამართულ საქმიანობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მიუთითა, რომ ბ. ქ. ვერ აკმაყოფილებდა საჯარო მოხელისათვის აუცილებელ პროფესიული ჩვევების მიღებულ სტანდარტებს და არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, რის გამოც დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს სთხოვა შესაბამისი სამსახურის მიერ აღნიშნული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, 2015 წლის 4 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავალებით სამსახურებრივი შემოწმება განახორციელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, აღნიშნული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში განმარტებები ჩამოართვა თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს უფროს სპეციალისტებს, რომლებმაც განმარტეს, რომ ისინი უშუალოდ შესწრებიან ბ. ქ.-ს მხრიდან მის უშუალო ხელმძღვანელებთან უთანხმოების ფაქტს, რაც სამუშაო ოთახში არაჯანსაღ გარემოს ქმნიდა. ბ. ქ. ეჭვის ქვეშ აყენებდა თანამშრომელთა კომპეტენტურობას, უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდებოდა მისი კურსებზე წარდგენა, მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ადრინდელ ხელმძღვანელობასთან, ხშირად პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდა თავის უშუალო უფროსს, რომელსაც მოიხსენიებდა, როგორც არაკომპეტენტურ თანამშრომელს. ბ. ქ. ხშირად არღვევდა სამსახურებრივ სუბორდინაციას, არ ასრულებდა უშუალო ხელმძღვანელის სამსახურებრივ დავალებებს და მითითებებს, აღნიშნავდა, რომ მისი წინა, უშუალო ხელმძღვანელები მისი დამსახურებით გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. საერთაშორისო სამხედრო მისიით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელად, კერძოდ ბ. ქ.-მ აღნიშნა, რომ მითითებული სამხედრო მოსამსახურეები დაკავებულნი არიან ქურდობით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, განმარტება ჩამოართვა ასევე თავდაცვის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს, იმავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებს, სამმართველოს უფროსის მოადგილეებს და მთავარ სპეციალისტებს.

თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებმა თავიანთ განმარტებებში აღნიშნეს, რომ ბ. ქ. ხასიათდებოდა უარყოფითად, მისი ქმედებები ხელს უწყობდა დეპარტამენტში არაჯანსაღი გარემოს შექმნას, კერძოდ იგი არღვევდა სამსახურებრივ სუბორდინაციას, მისი საუბარში და ქმედებებში იკვეთებოდა მუქარა, მას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა თავის უშუალო უფროსთან და სხვა თანამშრომლებთან, შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდა ავღანეთში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს, ხელმძღვანელების მიმართ უპატივცემულო ტონით მოითხოვდა სამსახურებრივ დაწინაურებას და სხვა. ზემოთ აღნიშნული გარემოებები, თავის განმარტებებში დაადასტურეს ასევე თავდაცვის დაგეგმვის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებმა, სამმართველოს უფროსის მოადგილეებმა და მთავარმა სპეციალისტებმა.


თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა თავის განმარტებაში აღნიშნა, რომ მას ბ. ქ.-სთან უშუალოდ პრეტენზია არ გააჩნდა, თუმცა ბექა ქირიასა და მის უშუალო უფროსს შორის კონფლიქტი და მათ შორის ხმამაღალი საუბარი დაადასტურა.

დეპარტამენტის თანამშრომლებთან ბ. ქ.-ს კონფლიქტური ურთიერთობა დაადასტურა ასევე პოლიტიკის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, თუმცა მან ეს ახსნა ბ. ქ.-ს მიმართ ხელმძღვანელების მხრიდან ზეწოლით. აღნიშნულმა მთავარმა სპეციალისტმა ბ. ქ. დაახასიათა დადებითად.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში ბ. ქ.-ს წერილობითი განმარტება არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ინსპექციის მიერ გამოძახებული იქნა. ბ. ქ.-მ 2015 წლის 22 დეკემბერს განცხადებით მიმართა გენერალური ინპექციის უფროსს და განმარტა, რომ მის მიერ სამსახურის დაწყებისთანავე, მისთვის შესამჩნევი გახდა მის მიმართ პიროვნული დისკრედიტაციის მცდელობა, დევნა, მასზე ცრუ ინფორმაციების გავრცელება, მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებები, რასაც იგი ხსნიდა თავისი პროფესიული მიზანსწრაფულობით, საქმის მაღალ დონეზე შესრულებით, განათლებით, პროფესიული უნარ-ჩვევებით, გამოცდილებით, საერთაშორისო მიღწევებით და სამსახურებრივი კონკურენციით. ბ. ქ. განმარტავდა, რომ იგი არ ღებულობდა დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილეებთან დაახლოებული წრის მავნე კულტურულ პრაქტიკას. ბ. ქ.-მ უარყო საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების შეურაცხყოფის ფაქტი.

დადგენილია, რომ ბ. ქ.-მ წერილობითი ახსნა - განმარტებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს და აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები საფუძველს იყო მოკლებული, თუმცა მან დაადასტურა კონფლიქტი უშუალო ხელმძღვანელებთან, ასევე დაადასტურა, რომ იგი ეჭვის ქვეშ აყენებდა მთელი რიგი, მათ შორის ხელმძღვანელი თანამშრომლების კვალიფიკაციას და მათი დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 27 იანვარს დამტკიცებულ დასკვნაში, სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე აღინიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი ბ. ქ. სამსახურში ქმნიდა არაჯანსაღ გარემოს, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ნორმების (მოსამსახურის ვალდებულებანი) დარღვევებს, რაც გამოიხატა ხელმძღვანელი პირების მიერ გაცემული დავალებების უგულებელყოფაში, სუბორდინაციის დარღვევაში, უშუალო ხელმძღვანელი პირის უპატივცემულობასა და შეურაცხყოფაში, კონფლიქტური სიტუაციების შექმნაში, კოლეგების მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებში, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ ღირსების შემლახავ განცხადებებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გენერალური ინსპექციის დასკვნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ბ. ქ.-ს მიმართ გამოყენებულიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს პოლიტიკის ანალიზის განყოფილების მთავარ სპეციალისტს ბ. ქ.-ს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება.


3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ ასევ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს სამინისტროში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად.


საქმის განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 4 დეკემბერის მოხსენებით ბარათზე, სადაც მითითებულია, რომ თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ. ქ. არაერთხელ იქნა შემჩნეული მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელში, დავალების არაჯეროვნად შესრულებასა და ზოგადზნეობრივი ნორმების დარღვევაში, რაც გამოიხატებოდა კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და ცრუ ბრალდებებში, სუბორდინაციის დარღვევასა და ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ სამსახურებრივ მითითებათა შეუსრულებლობაში. გამოირჩეოდა, როგორც ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ ღირსების შემლახავი განცხადებებით, ასევე კოლეგების მიმართ მუქარის შემცველი გამონათქვამებით. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ყველა შესაძლო გზას მიმართავდა ბ. ქ.-სთან კონსტრუქციული და კოლეგიური დამოკიდებულების დასამყარებლად. ერთი მხრივ, მას არაერთგზის მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო მეორე მხრივ წახალისდა დეპარტამენტის მენეჯმენტის მიერ. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ზემოხსენებულ ქმედებებს ბ. ქ.-ს მხრიდან ჰქონდა განგრძობადი ხასიათი, რაც ნეგატიურად აისახებოდა დეპარტამენტის პერსონალის მორალსა და დეპარტამენტის გამართულ საქმიანობაზე.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ზემოთ მოცემული გარემოებები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში ჩამორთმეულ განმარტებებში დაადასტურეს მითითებული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მათ შორის მოსარჩელე ბ. ქ.-ს უშუალო ხელმძღვანელმა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებმა.

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა, საქმის განხილვის დროს მოწმის სახით გამოძახებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გ. შ.-ის განმარტებაზე, რომელმაც დაადასტურა ზემოთ აღნიშნულ მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ მოსარჩელე ბ. ქ. სისტემატურად ავლენდა უპატივცემულო და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, როგორც მის მიმართ, ისე დეპარტამენტის სხვა, მთელი რიგი თანამშრომლების, მათ შორის ბ. ქ.-ს უშუალო ხელმძღვანელის მიმართ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მთელ რიგ თანამშრომლებთან, მათ შორის მის უშუალო ხელმძღვანელთან უკიდურესად დაძაბულ, კონფლიქტურ ურთიერთობას ადასტურებს თვითონ მოსარჩელე ბ. ქ., მეტიც, იგი არ უარყოფს, რომ ეჭვის ქვეშ აყენებდა თავისი კოლეგების, მათ შორის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და მისი უშუალო ხელმძღვანელის კვალიფიკაციას და განათლების მათ მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მთელი რიგი თანამშრომლების განმარტებებზე, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელე ბ. ქ.-ს მხრიდან ერთი მხრივ, თანამშრომლების მიმართ, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო მისიით მყოფი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, ასევე უშუალო ხელმძღვანელთან დაძაბული ურთიერთობის არსებობას, რაც მათ შორის სამსახურებრივ სუბორდინაციაზე და ურთიერთობაზე ნეგატიურად მოქმედებდა და რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების დროს გაითვალისწინა. აქვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც ზემოთ მიეთითა, თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება - კვალიფიკაციისა და განათლების შეუსაბამობასთან დაკავშირებით, თვითონ მოსარჩელე ბ. ქ.-მ დაადასტურა.

სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, არღვევს ერთი მხრივ, კოლეგიალობის პრინციპს, ხოლო მეორე მხრივ, ქცევის ზოგად წესებს, რაც "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, საჯარო მოსამსახურეზე დაკისრებული მოვალეობის დარღვევას წარმოადგენს.

საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელე ბ. ქ.-ს მიერ ქცევის ზოგადი წესების, ზოგადზნეობრივი ნორმების დარღვევა, ასევე განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მათ გათვალისწინებაზე უარის თქმის არცერთი პირობა დადასტურებული არ არის.

სასამართლოს მიერ შემოწმდა, თუ როგორ განახორციელა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, გამოიკვლია რა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას კანონით დადგენილი წესით გამოკვლეული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მის საფუძველზე გამოიცა იგი იმ მიზნით, რა მიზნითაც აქვს ხელმძღვანელ თანამდებობის პირს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების დისკრეციული უფლებამოსილება მინიჭებული. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ბ. ქ.-ს მიმართ გამოყენებული იქნა ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი დისციპლინური ზემოქმედების ზომა, რაც სასამართლოს განმარტებით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული იქნა ასეთ ზომათა გრადაცია და მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა დისციპლინური ზომისა და ჩადენილი დარღვევის სიმძიმის პროპორციულობის პრინციპი.


4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებას, მიაჩნია რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, იგი უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა.

სააპელაციო საჩივრის ავტორის ბ. ქ.-ს წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო თანმიმდევრულად უთითებს რა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, შეგნებულად გვერდს უვლის საქმის არსებით მასალებს. დაუდგენელად მიიჩნევს კონკრეტულად რა ქმედების შედეგად დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება. ყველა ის საკითხი, რაზეც ედავებიან, არის ზოგადი, აბსტრაქტული და მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით გამყარებული. საქმეში წარდგენილია 5 სამოტივაციო წერილი, რომლებშიც ბ. ქ. დახასიათებულია, როგორც პროფესიონალი, რომელიც გამოირჩევა ეთიკური სტანდარტების მაღალი დონითა და სანიმუშო ქცევით. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა, ანუ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. გაუგებარია, რა ნიშნით გამოარჩია სასამართლომ შესაფასებელი მასალები.

წარმომადგენლის განმარტებით, ბ. ქ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსისადმი გაგზავნილ 2015 წლის 22 დეკემბრის განცხადებაში მიუთითებდა მის მიმართ პიროვნული დისკრედიტაციის მცდელობასა და დევნაზე, რომ სამინისტროს შიდა სტრუქტურულ ერთეულებში, ფარულად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, მას აყენებდნენ პიროვნულ შეურაცხყოფას. ამგვარი არაკოლეგიალური ურთიერთობის და დამოკიდებულების მიზეზი კი იყო მისი პროფესიული მიზანსწრაფულობა, საქმის მაღალ დონეზე შესრულება, განათლება, პროფესიული უნარ - ჩვევები, გამოცდილება, საერთაშორისო მიღწევები და სამსახურეობრივი კონკურენცია. აღნიშნული გარემოებაც სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია, რათა დაედგინა თუ რითი იყო გამოწვეული საჯარო სამსახურში ამგვარი არაჯანსაღი შრომითი გარემო.

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა - გ. ფ.-მ, აღნიშნა, რომ პროფესიული თვალსაზრისით ბექა ქირიას მიერ შესრულებულ საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნდა. ამასთანავე, მან დაადასტურა სამინისტროს თანამშრომლებს შორის კონფლიქტის არსებობა, თუმცა დასძინა, რომ მხოლოდ ბ. ქ. არ იყო მასში მონაწილე მხარე. მისი დაკვირვებით, ბ. ქ.-ს და მ. ტ.-ის (გ. ფ.-ს თანაშემწე) მეგობრებს შორის ჯანსაღი დამოკიდებულება არ არსებობდა, რაც სავარაუდოდ, აიხსნებოდა იმით, რომ მათ ჰქონდათ დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა ერთმანეთთან, ხოლო ბ. ქ. იყო ახალბედა თანამშრომელი, რომელიც მათი აზრით, დამნაშავე გახლდათ ხსენებულ კონფლიქტში.

აპელანტისთვის გაუგებარია, რაში გამოიხატებოდა ბ. ქ.-ს მიერ დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება და სუბორდინაციის დარღვევა (რაზედაც გენერალური ინსპექციის დასკვნა მიუთითებს) და რატომ დადასტურდა ეს გარემოება სულ სხვა სამმართველოების, კერძოდ თავდაცვის დაგეგმვისა და თავდაცვის დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და პროგრამირების სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რომელთაც შემხებლობა არ ჰქონდათ ბ. ქ.-სთან. მაშინ, როდესაც, ბ. ქ.-ს უშუალო სამმართველოს უფროსი - გ. ფ., მსგავს ფაქტს უარყოფს. მიაჩნია, რომ მოკვლევის დროს პირთა გამოკითხვა მოხდა სუბიექტური პრინციპით - გამოიკითხა პირთა ნაწილი. დისციპლინური წარმოების პროცესში ახსნა-განმარტება არ ჩამოერთვა ბ. ქ.-ს მიერ დასახელებულ მოწმეებს - მ. მ.-სა (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი) და შ. ს.-ს (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაგეგმვის სამმართველოს უფროსი), რომელთაც ინფორმაცია გააჩნდათ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე. დასკვნაში ასახულია მხოლოდ დ. ს.-ს დადებითი მოსაზრება ბ. ქ.-ს მიმართ და ისიც შეფასებულია, როგორც მეგობრული დამოკიდებულებით გამოწვეული შეფასება.

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებებს, ბ. ქ.-ს მხრიდან ერთი მხრივ, თანამშრომლების მიმართ, ხოლო მეორ მხრივ, საერთაშორისო მისიით მყოფი საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების მიმართ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე, ასევე უშუალო ხელმძღვანელთან დაძაბული ურთიერთობის არსებობაზე, თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება - კვალიფიკაციისა და განათლების შეუსაბამობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოს ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს სულ სხვა სამმართველოების, კერძოდ, თავდაცვის დაგეგმვისა და თავდაცვის დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და პროგრამირების სამმართველოს თანამშრომლების მიერ მიცემული განმარტებებიდან, რომელთაც შემხებლობა არ ჰქონდათ ბ. ქ.-სთან. მიაჩნია, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ ინფორმირებულები მის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე.

აპელანტის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და ფაქტიურად, 2016 წლის 27 იანვრის დასკვნით, ნაცვლად, ობიექტური და მიუკერძოებელი სამსახურებრივი მოკვლევის ჩატარებისა, თავად გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, კერძოდ, თავდაცვის მინისტრს, დებულების თანახმად, კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინა არა ობიექტური მოკვლევის მასალების საფუძველზე შედგენილი რეკომენდაცია/წინადადება, სამსახურეობრივი შემოწმების შედეგებზე, არამედ თავად დააკვალიფიცირა საჯარო მოხელის ქმედება დისციპლინურ გადაცდომად.

მიაჩნია, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია გენერალური ინსპექციის დასკვნის ობიექტურობასთან მიმართებით, მისივე მოსაზრებით, დასკვნა არ ასახავს რეალურ ვითარებას, საქმის გარემოებები არ არის გამოკვლეული სრულყოფილად, მოპოვებული მასალები კი შეფასებულია ტენდენციურად, ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს და შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობებს, რაც ცხადყოფს, რომ რეალურად სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდა ფორმალურად, წინასწარგანზრახული სამართლებრივი შედეგით გამოსაცემი აქტის კანონიერების ალიბის შესაქმნელად.

აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება სამართლებრივი თვალსაზრისით არის სრულიად დაუსაბუთებელი, ვინაიდან, აქტში არ არის ის ფაქტობრივი გარემოებები არც მითითებული, არც გამოკვლეული და დადგენილი, რომელთა შეფასების შედეგად დისციპლინურ გადაცდომად დაკვალიფიცირდა საჯარო მოხელის ქმედება და რაც ყველაზე პარადოქსულია, საერთოდ არ არის შეფარდებული სამართლის ნორმები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება, როგორც ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს, რეკვიზიტებს, ასევე არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. აპელანტის მოსაზრებით, სადავო აქტით ასევე დარღვეულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებული საჯარო მოსამსახურის სამართლებრივი დაცვის სისტემა, რასაც სასამართლოს მიერ არ მიეცა სათანადო, კანონშესაბამისი და ობიექტური შეფასება.

აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, სადავო აქტი მიიჩნია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად, რეალურად, სადავო აქტის კანონიერება არცერთ ნორმატიულ აქტთან მიმართებით არ შემოწმებულა. საქმის განხილვისას სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია საქმის მასალები. დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, აპელანტს სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

აპელანტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია სადავო აქტის შესაბამისობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავის ნორმებთან მიმართებით, ასევე არ უმსჯელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტების გამოცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მასიურ დარღვევაზე, მაშინ, როცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის MOD 3 16 00000480 ბრძანება ეწინააღმდეგება ქვეყნის ადმინისტრაციულ - სამართლებრივ კანონმდებლობას. არსებითად არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების საპროცესო ნორმები, რომელთა არარსებობის პირობებში, საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული გაფრთხილების მიცემის კონკრეტული საფუძველი, გარემოებები, ფაქტები, რომელთა შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზეც მოხდა ბრძანების გამოცემა, რაც აპელანტის განმარტებით, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60[1] მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ არსებით დარღვევას და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. მიაჩნია, რომ აქტში არ არის ასახული საერთოდ ჩაიდინა თუ არა რაიმე გადაცდომა ბექა ქირიამ და თუ ჩაიდინა, რა სახის გადაცდომა; არ არის მოხდენილი კანონის საფუძველზე სამართლებრივი კვალიფიკაცია, დადგენილი ფაქტები, რის გამოც არსებითად არის დარღვეული ადმინისტრაციული აქტის მიღების, მომზადებისა და გამოცემის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი.

ამდენად, მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია სზაკ-ის მე-4, მე-5, მე-8, მე-9, მე-12 მუხლებით განმტკიცებული საჯარო მმართველობის ფუნდამენტური პრინციპები, კერძოდ, თანასწორობის, კანონიერების, მიუკერძოებლობის, დისკრეციულობისა და კანონიერი ნდობის, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის უფლების პრინციპები, რითაც უხეშად არის დარღვეული პირის კონსტიტუციური უფლება - ისარგებლოს სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი გარანტიებით.

აპელანტის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის ბრძანება ბ. ქ.-ს მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. კერძოდ, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით მიეცა გაფრთხილება - ე.ი. ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით, უშუალოდ, წარმოიშვა სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, მინისტრის ბრძანების მიმართ უნდა გავრცელდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც უნდა შემოწმდეს მისი კანონიერება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი აწესებს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთების სტანდარტს, რომელიც ერთიანია ყველა ადმინისტრაციული ორგანოსათვის. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ეს უკანასკნელი შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ზემოთ მითითებულ ვალდებულებათა შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება.

აპელანტს მიაჩნია, რომ აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის სრულებით არასაკმარისია მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მოხმობა, რადგან, დასაბუთება გულისხმობს როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც განაპირობებს მის კანონიერებას. აპელანტის განმარტებით, სადავო ბრძანება, საერთოდ არ შეიცავს არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ დასაბუთებას. შესაბამისად, გაუგებრად მიაჩნია, თუ რა მოსაზრებებით იხელმძღვანელა მოპასუხემ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას, ვინაიდან ბრძანება არ შეიცავს არანაირ მსჯელობასა და დასკვნას, რითაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის სზაკ-ის მე-4 თავით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან.

აპელანტის განმარტებით, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საჯარო მოხელის ქცევა ფორმალურად ისე დაკვალიფიცირდა დისციპლინურ გადაცდომად და შეეფარდა პასუხისმგებლობის ზომა, რომ გაურკვეველია, თუ რა ჩაიდინა საჯარო მოხელემ. აღნიშნულის სამტკიცებლად ვარგისი ვერ იქნება საქართველოს თავდაცვის გენერალური ინსპექციის დასკვნის მითითება, რამდენადაც აღნიშნული დასკვნა არ არის ადმინისტრაციული აქტი, მისი ფუნქცია სამსახურებრივი ურთიერთობების ფაქტების მოკვლევაში და ხელმძღვანელისთვის მიწოდებაში მდგომარეობს, რომლის ვალდებულებას წარმოადგენს მისი შესწავლა, ხოლო გაზიარების შემთხვევაში დასაბუთების ვალდებულება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს, რომ ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის დასაბუთება შესაძლებელია „ჩანაცვლდეს“ რომელიმე დოკუმენტით. შესაბამისად, სასამართლო მის კანონიერებაზე მსჯელობს თავად აქტში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასებებისა და დასკვნების მიხედვით. სადავო აქტს საერთოდ არ გააჩნია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის სტრუქტურა, ის შეიცავს მხოლოდ შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებს, რაც ნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ უმსჯელია საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე. გადაწყვეტილება არ შეიცავს არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, რაც მისი ბათილად ცნობის დამატებითი საფუძველია. გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას,
ის გარემოება, რომ სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი, გარემოებები, ფაქტები, რომელთა შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზეც მოხდა ბრძანების გამოცემა, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60[1] მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ არსებით დარღვევას, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს სასამართლო პრაქტიკაზე, მიუთითებს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ.

ასევე აღნიშნულია, რომ ბ. ქ.-ს მიმართ მითითებული ინსტიტუტი გამოყენებული იქნა ინსტრუმენტად, მისი საჯაროსამართლებრივი უფლებების დასათრგუნად, რაც ტენდენციის შემთხვევაში დიდი სამართლებრივი რისკის შემცველად მოგვევლინება საჯარო სამსახურის სისტემაში.

სააპელაციო საჩივარში მითითებულია შემდეგიც: საქალაქო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არსებობდა არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს შორის, კერძოდ: გენერალური ინსპექციის დასკვნაში მითითებულია, რომ ბ. ქ. უგულებელყოფდა ხელმძღვანელი პირების მიერ გაცემულ დავალებებს, არღვევდა სუბორდინაციას, გამოირჩეოდა უშუალო ხელმძღვანელი პირის უპატივცემულობითა და შეურაცხყოფით, კონფლიქტური სიტუაციების შექმნით, თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა - გ. ფ.-მ (ბ. ქ.-ს უშუალო უფროსი), აღნიშნა, რომ პროფესიული თვალსაზრისით ბ. ქ.-ს მიერ შესრულებულ საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნდა, ამასთანავე, დაადასტურა თანამშრომლებს შორის კონფლიქტის არსებობა, თუმცა დასძინა, რომ მხოლოდ ბ. ქ. არ იყო მასში მონაწილე მხარე. მისი დაკვირვებით, ბ. ქ.-ს და მ. ტ.-ს (გ. ფ.-ს მოადგილე) მეგობრებს შორის ჯანსაღი დამოკიდებულება არ არსებობდა, რაც სავარაუდოდ, აიხსნებოდა იმით, რომ მათ ჰქონდათ დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა ერთმანეთთან, ხოლო ბ. ქ. იყო ახალი თანამშრომელი, რომელიც მათი აზრით დამნაშავე გახლდათ ხსენებულ კონფლიქტში.

ასევე, აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სტანდარტზე, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებებზე და განმარტავს, რომ ინტერესთა დაპირისპირების დროს აზრის გამოხატვის თავისუფლების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს მისი ღირებულებითი მნიშვნელობა საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე, თავისუფალი საჯარო დებატების კონტექსტში. როდესაც აზრის გამოხატვის შესაბამისი შემთხვევა ეწინააღმდეგება აზრის გამოხატვის თავისუფლების ფუძემდებლურ გაგებას, კონვენციის ღირებულებებსა და პრინციპებს, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით ეს არის გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების ისეთი შემთხვევა, რომელიც კონვენციის მე-17 მუხლს გაჰყავს მე-10 მუხლით დაცული სფეროდან.

მისივე განმარტებით, მოცემულ სამართალურთიერთობაში, იმ პირობებში, როცა სასამართლოს მიერ სათანადო მტკიცებულებებით საერთოდ არ არის დადასტურებული ბ. ქ.-ს მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები, წარმოუდგენლად მიაჩნია, თუ რა გარემოებათა დადგენისა და შეფასების შედეგად მივიდა სასამართლო იმ უმკაცრეს და უმძიმეს შეფასებამდე, რომ ბ. ქ.-ს ქმედებები არის ზნეობის საწინააღმდეგო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტ ბ. ქ.-ს მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 21 ივლისის MOD 3 1400001959 ბრძანებით, ბ. ქ. გამოსაცდელი ვადით, 6 თვით დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. გამოსაცდელი ვადა ბ. ქ.-მ გაიარა წარმატებით (ტომი I, ს.ფ 113).

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, 2015 წლის 4 დეკემბერს მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, მიუთითა, რომ თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ. ქ. არაერთხელ იქნა შემჩნეული მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელში, დავალების არაჯეროვნად შესრულებასა და ზოგადზნეობრივი ნორმების დარღვევაში, რაც გამოიხატებოდა კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და ცრუ ბრალდებებში, სუბორდინაციის დარღვევასა და ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ სამსახურებრივ მითითებათა შეუსრულებლობაში. გამოირჩეოდა, როგორც ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ ღირსების შემლახავი განცხადებებით, ასევე კოლეგების მიმართ მუქარის შემცველი გამონათქვამებით.

მითითებულ მოხსენებით ბარათში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ყველა შესაძლო გზას მიმართავდა ბ. ქ.-სთან კონსტრუქციული და კოლეგიალური დამოკიდებულების დასამყარებლად. ერთი მხრივ, მას არაერთგზის მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო მეორე მხრივ წახალისდა დეპარტამენტის მენეჯმენტის მიერ (გაიგზავნა საზღვარგარეთ გამართულ სასწავლო კურსებზე, სემინარებზე და ა.შ). მიუხედავად მიღებული ზომებისა, ზემოხსენებულ ქმედებებს ბ. ქ.-ს მხრიდან ჰქონდა განგრძობადი ხასიათი, რაც ნეგატიურად აისახებოდა დეპარტამენტის პერსონალის მორალსა და დეპარტამენტის გამართულ საქმიანობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მიუთითა, რომ ბ. ქ. ვერ აკმაყოფილებდა საჯარო მოხელისათვის აუცილებელ პროფესიული ჩვევების მიღებულ სტანდარტებს და არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, რის გამოც დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს სთხოვა შესაბამისი სამსახურის მიერ აღნიშნული გარემოებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება (ტომი I, ს.ფ 24-25).

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 4 დეკემბრის N1021070 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავალებით სამსახურებრივი შემოწმება განახორციელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ (ტომი I, ს.ფ 29).

საქმეში წარმოდგენილია თავდაცვის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების, იმავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსების, სამმართველოს უფროსის მოადგილეების და მთავარი სპეციალისტების მიერ 2015 წლის 9, 10 და 11 დეკემბერს მიცემული ახსნა განმარტებები, სადაც აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ ისინი უშუალოდ შესწრებიან ბ. ქ.-ს მხრიდან უშუალო ხელმძღვანელებთან უთანხმოების ფაქტს, რაც სამუშაო ოთახში არაჯანსაღ გარემოს ქმნიდა. მიუთითებენ, რომ ბ. ქ. ეჭვის ქვეშ აყენებდა თანამშრომელთა კომპეტენტურობას, უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდებოდა მისი კურსებზე წარდგენა, მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ადრინდელ ხელმძღვანელობასთან, ხშირად პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდა თავის უშუალო უფროსს, რომელსაც მოიხსენიებდა, როგორც არაკომპეტენტურ თანამშრომელს. ბ. ქ. ხშირად არღვევდა სამსახურებრივ სუბორდინაციას, არ ასრულებდა უშუალო ხელმძღვანელის სამსახურებრივ დავალებებს და მითითებებს, აღნიშნავდა, რომ მისი წინა, უშუალო ხელმძღვანელები მისი დამსახურებით გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. საერთაშორისო სამხედრო მისიით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელად, კერძოდ ბ. ქ.-მ აღნიშნა, რომ მითითებული სამხედრო მოსამსახურეები დაკავებულნი არიან ქურდობით (ტომი I, ს.ფ 85-112).

დადგენილია, რომ ბ. ქ.-მ 2015 წლის 22 დეკემბერს განცხადებით მიმართა გენერალური ინპექციის უფროსს და განმარტა, რომ მის მიერ სამსახურის დაწყებისთანავე, მისთვის შესამჩნევი გახდა მის მიმართ პიროვნული დისკრედიტაციის მცდელობა, დევნა, მასზე ცრუ ინფორმაციების გავრცელება, მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებები, რასაც იგი ხსნიდა მისი პროფესიული მიზანსწრაფულობით, საქმის მაღალ დონეზე შესრულებით, განათლებით, პროფესიული უნარ-ჩვევებით, გამოცდილებით, საერთაშორისო მიღწევებით და სამსახურებრივი კონკურენციით.

ბ. ქ.-ს განმარტებით, დეპარტამენტის უფროსობასთან და მის მოადგილეებთან დაახლოებული წრის პირები, აქტიურად ცდილობდნენ სამსახურიდან მის ჩამოშორებას, რადგან მიიჩნევდნენ პროფესიულ მეტოქედ. ასევე, მისი პროფესიული მრწამსი და პიროვნული ღირებულებები მათ ღირებულებებს კატეგორიულად არ შეესაბამებოდა და ვერ იღებდა მათ მავნე კულტურულ პრაქტიკას.

ბ. ქ. წერილში ასევე მიუთითებდა, რომ გამოსაცდელი ვადის, ექვსი თვის თავზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ და მათთან დაახლოებულმა პირებმა წერილი შეიტანეს მისი განთავისუფლების მოთხოვნის შესახებ, სადაც ბრალს დებდნენ თანამშრომლების გადაბირებაში, საბოტაჟის მოწყობის მცდელობაში და ცრუ დაპირებების გაცემაში. აღნიშნული ბრალდებები საფუძველს მოკლებულად მიაჩნდა და მისივე განმარტებით, შეიცავდა სისხლის სამართლის ბრალდებებს, რაც არ დასტურდებოდა და ცრუ იყო.

განცხადებაში ბ. ქ. ასევე მიუთითებდა, რომ მის სახელზე შესულ საჩივრის წერილში, სადაც ნათქვამია მისი წახალისების მიზნით საზღვარგარეთ გამართულ სასწავლო კურსებზე, სემინარებზე და ა.შ მის გაგზავნასთან დაკავშირებით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან წელიწადნახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იყო ძველი დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წასვლის შემდგომ წარგზავნილი ქალაქ მოლდოვაში გამართულ კონფერენციაზე.

ასევე, წერილში გამოთქმულ სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით, როგორიც არის დავალებების არაჯეროვანად შესრულება, სუბორდინაციის დარღვევა, ხელმძღვანელების მიერ გაცემული სამსახურეობრივი მითითებათა შეუსრულებლობა, ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ ღირსების შემლახავი განცხადებები, განმარტა, რომ მოკლებულია სიმართლეს.

პატივისცემის მიუხედავად, მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ დასჭირდა საფუძვლებსა და სიმართლეს მოკლებული საჩივრის შედგენა დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს, ბატონ გ. შ.-ს. მისივე მოსაზრებით, ძველ ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა პირთა ჯგუფმა შეცდომაში შეიყვანეს იგი, რადგან ეს უკანასკნელი მისი მისვლის დღიდან პროფესიულ მეტოქეს ხედავდა მასში. წერილში ბ. ქ. განმარტავს, რომ მის მიმართ ურთიერთობების დაძაბვა განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან, როდესაც ოფიციალური მიწვევის წერილი მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმიდან და აგრეთვე კონფერენციიდან ჩამოსვლის შემდეგ, როდესაც ახალგაზრდა უსაფრთხოების ლიდერი გახდა.

საქმის მოცემულ ეტაპზე მიიჩნია, რომ სწორი იქნებოდა თავი შეეკავებინა სხვა, უფრო მეტი დეტალის გამოაშკარავებისაგან, ვინიდან კოლეგიალური ღირებულებებისა და პრინციპების დაცვა მისთვის უფრო მეტად აღმატებულია, ვიდრე ცრუ და საფუძველს მოკლებული ბრალდებები.

ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსს ბატონ ი. ი.-ს მიმართა წერილობითი თხოვნით, მოხდეს საფუძვლიანი გამოკვლევა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე და შენიშვნებზე, რათა დასრულდეს მისი სამსახურებრივი დისკრედიტაცია და მიეცეს შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს თავისი სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებას და ზოგადად, შეიარაღებული ძალების გაძლიერების ხელშეწყობას (ტომი I, ს.ფ 27-28).

დადგენილია, რომ ბ. ქ.-მ ასევე წერილობითი ახსნა-განმარტებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს და აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები საფუძველს იყო მოკლებული, თუმცა მან დაადასტურა მისი კონფლიქტი უშუალო ხელმძღვანელებთან, ასევე დაადასტურა, რომ იგი ეჭვის ქვეშ აყენებდა მთელი რიგი, მათ შორის ხელმძღვანელი თანამშრომლების კვალიფიკაციას და მათი დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 27 იანვარს დამტკიცებულ დასკვნაში, სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი ბ. ქ. სამსახურში ქმნიდა არაჯანსაღ გარემოს, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ნორმების (მოსამსახურის ვალდებულებანი) დარღვევებს, რაც გამოიხატა ხელმძღვანელი პირების მიერ გაცემული დავალებების უგულებელყოფაში, სუბორდინაციის დარღვევაში, უშუალო ხელმძღვანელი პირის უპატივცემულობასა და შეურაცხყოფაში, კონფლიქტური სიტუაციების შექმნაში, კოლეგების მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებში, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ ღირსების შემლახავ განცხადებებში. მითითებული იქნა, რომ აღნიშნული ქმედებით ბ. ქ.-ს მიერ ჩადენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება; აღნიშნულიდან გამომდინარე, გენერალური ინსპექციის დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ბ. ქ.-ს მიმართ გამოყენებულიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება.

დასკვნაში მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის გ. .-ის მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელზე 2015 წლის 4 დეკემბერს შედგენილ მოხსენებით ბარათში მოყვანილ ფაქტებზე რეაგირების მიზნით, განმარტებები ჩამოერთვათ დეპარტამენტის თანამშრომლებს. დადგინდა, რომ ბ. ქ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დარღვევებს, კერძოდ: 1. უშუალო უფროსის, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილის მ. ტ.-ის მიერ გაცემულ სამსახურეობრივ მითითებათა შეუსრულებლობა (უარს აცხადებდა რიგი დავალებების შესრულებაზე, უკმაყოფილებას გამოთქვამდა მის მიერ შესრულებულ დავალებაზე სარეკომენდაციო შენიშვნის მიღებაზე), მის უპატივცემულობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას (თანამშრომლებთან საუბარში აცხადებდა, რომ იგი იყო არაკომპეტენტური, მიმართავდა ღირსების შემლახავი ტერმინებით); 2. დეპარტამენტის მოქმედ (ი. შ., ვ. ჯ.) და ყოფილ (ი. უ., ბ. ა.) ხელმძღვანელობასთან სუბორდინაციის (სამსახურებრივი დისციპლინის) დარღვევა და არაეთიკური ქცევა (უპატივცემულობის გამოხატვა პირადი შეხვედრებისას, კონფლიქტური სიტუაციების შექმნა); 3. დეპარტამენტის თანამშრომლებთან არაჯანსაღი დამოკიდებულება და მათ მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები (თანამშრომლების უმეტეს ნაწილთან არ გააჩნია კოლეგიალური ურთიერთობა, ეჭვქვეშ აყენებს მათ კვალიფიკაციას, ემუქრება მათ სამსახურიდან დათხოვნით); 4. სამხედრო მოსამსახურეთა ღირსების შემლახავი განცხადება, კერძოდ ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართული კონტიგენტის მისამართით საფუძველს მოკლებული ბრალდება, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მათი მხრიდან ქურდობის ფატებთან დაკავშირებით (მათ შორის ბრალდება შეეხებოდა მისიაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს).

დასკვნაში მითითებულია, რომ ბ. ქ.-ს მისამართით გამოთქმულ ზემოხსენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს სპეციალისტი დ. ს. (ბ. ქ.-ს ახლო მეგობარი), რომელიც მიუთითებს დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ბ. ქ.-ს მიმართ ზეწოლაზე.

დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სამსახურებრივი შემოწმების პერიოდში ბ. ქ. ზეპირად გამოკითხული იქნა გენერალურ ინსპექციაში, რა დროსაც მან გაუგებარი მიზეზებით უარი განაცხადა წერილობითი ახსნა განმარტების მიცემაზე (მისი განცხადებით, იგი შეხვდებოდა თავდაცვის მინისტრს და პირადად მას მოახსენებდა ყველაფერს), რის შემდგომაც, გენერალურ ინსპექციაში შეიტანა წერილი, რომელშიც მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უწოდა ცრუ და საფუძველს მოკლებული, მიუთითა, რომ სამსახურის დაწყების დღიდან დაიწყო მისი პიროვნული დისკრედიტაციის მცდელობა, მის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, პიროვნული შეურაცხყოფები და აღნიშნულის მიზეზად დაასახელა მისი „პროფესიული უნარ-ჩვევები, საქმის მაღალ დონეზე შესრულება, მიღებული განათლება, გამოცდილება, საერთაშორისო მიღწევები და სამსახურებრივი კონკურენცია“. მანვე წერილობით განაცხადა, რომ „დეპარტამენტის უფროსთან და მის მოადგილეებთან დაახლოებული პირები აქტიურად ცდილობდნენ სამსახურიდან მის ჩამოშორებას, რადგან მიიჩნევენ პროფესიულ მეტოქედ“, აგრეთვე მისი „პიროვნული მრწამსი და ღირებულებები არ შეესაბამება მათ ღირებულებებს“. დასკვნაში მითითებულია, რომ თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე, ბექა ქირიას არ ჰქონდა საჯარო უწყებაში ან სხვა დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ტომი I, ს.ფ 30-33).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, თავდაცვის ვიცე - პოლკოვნიკ ი. ი.-ის 2016 წლის 27 იანვრის N79647 დასკვნის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის MOD 3 16 00000480 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს პოლიტიკის ანალიზის განყოფილების მთავარ სპეციალისტს ბ. ქ.-ს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება (ტომი I, ს.ფ 34).

პალატის მიერ შეფასებული იქნა საქმეში წარმოდგენილი თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების დეპარტამენტის თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს უფროსის შ. ს.-ის მიერ შედგენილი 2015 წლის 9 ნოემბრის დახასიათება, სადაც მიუთითებს, რომ ბ. ქ.-ს იცნობს 2014 წლიდან, რაც დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. მისივე განმარტებით, ბ. ქ. ყოველთვის გამოირჩეოდა სანიმუშო ქცევითა და ეთიკური სტანდარტების მაღალი დონით. ბ. ქ. გამოხატულად იცავს სამსახურის შიგნით არსებულ სუბორდინაციას და ყოველთვის ავლენს პროფესიული იერარქიის პატივისცემას. მას გააჩნია საუკეთესო პროფესიული უნარ - ჩვევები, ექსპერტული ცოდნა უსაფრთხოების საკითხებში და გამოირჩევა დავალებების ჯეროვნად შესრულებით. ბ. ქ.-ს კარგი იურიდიული განათლება აქვს, რაც დამატებითი აქტივია უსაფრთხოების სექტორის სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზისათვის. მას აქვს კარგი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და კეთილგანწყობას ავლენს კოლეგების მიმართ. ძალიან უყვარს საკუთარი საქმე და აღსავსეა პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით. ის არის პროფესიულად მზარდი ახალგაზრდა საჯარო მოხელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (ტომი I ს.ფ 35).

პალატის მიერ ასევე შეფასდა საქმეში წარმოდგენილი დ. ს.-ს 2016 წლის 24 თებერვლის დახასიათება, სადაც მითითებულია, რომ ბ. ქ.-ს იცნობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟიორად მუშაობის პერიოდიდან - 2014 წლის ივლისის თვიდან. არის მისი კოლეგა და მუშაობენ ერთი და იმავე განყოფილებაში. ბ. ქ. სამსახურში გამორჩეულია პროფესიული ცოდნით და უნარ - ჩვევებით. ის დადებით დამოკიდებულებას ავლენს კოლეგებისა და ზოგადად სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. ის არის ძალიან ზრდილობიანი ადამიანი და დიდ პატივს სცემს საჯარო სამსახურის შინაგანაწესს, არის ძალიან თანმიმდევრული და ლოგიკური, მისი სახასიათო ნიშანია ყველას აზრის პატივისცემა და მოსმენა განურჩევლად მოსაზრების სისწორისა. ბ. ქ. მუდამ მზად იყო, კოლეგებისათვის გაეზიარებინა პროფესიული ცოდნა და გამოცდილება. ის გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებითა და სამართლიანობით ყველა ადამიანის მიმართ (ტომი I, ს.ფ 36).

საქმეში წარმოდგენილა გ. ფ.-ს (ბ. ქ.-ს უშუალო ხელმძღვანელი) 2016 წლის 25 თებერვლის დახასიათება, სადაც მითითებულია, რომ ბ. ქ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მისი, როგორც უშუალო უფროსის დაქვემდებარებაში, მუშაობს 2014 წლიდან. ბ. ქ. არის აქტიური, კომუნიკაბელური და მოტივირებული ახალგაზრდა. მან პრაქტიკულად მოსვლის დღიდანვე გამოავლინა საქმისადმი კარგი დამოკიდებულება და აქტიურად შეუდგა მასზე დაკისრებული დავალებების შესრულებას. მისი მოსვლის დღიდან დღემდე ის ჩართული იყო დეპარტამენტის სხვადასხვა საქმიანობასა და პროექტებში, რომელთა შესრულებას ჯეროვნად ართმევდა თავს. ამასთან, საჭიროებისამებრ ბ. ქ. არ თაკილობდა კითხვების დასმას და დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ამა თუ იმ საკითხზე. ბ. ქ.-ს ძლიერი მხარეებიდან მის მიერ გამორჩეული იქნა მისი განათლება, განსაკუთრებით იურიდიულ საკითხებში, ინგლისური ენის ცოდნა, რამაც ხელი შეუწყო მას დაკისრებული დავალებების წარმატებით შესრულებაში. აგრეთვე აღნიშნული იქნა მისი პუნქტუალურობა, სუბორდინაციის გრძნობა და სხვისადმი დახმარების გაწევის სურვილი (ტომი I, ს.ფ 37).

საქმეში წარმოდგენილ მ. მ.-ის 2016 წლის 25 თებერვლის დახასიათებაში მითითებულია, რომ ბ. ქ.-სთან ერთად იმუშავა ერთი წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებები ჰქონდათ ჩაბარებული, ხშირად უწევდათ ერთობლივად კონკრეტული დავალებების შესრულება. იგი აღნიშნავს, რომ ბ. ქ.-ს გვერდით მუშაობა მისთვის იყო სასიამოვნო და საინტერესო. მიუთითებს, რომ ბ. ქ.-ს აქვს განათლება და გამოცდილება, რომელიც ნამდვილად შეესაბამება თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების დეპარტამენტში დასაქმებულ კადრს. ახასიათებს როგორც მეგობრულ, ნიჭიერ და შრომისმოყვარე ადამიანს, რომელსაც შესწევს უნარი დამოუკიდებლად შეასრულოს ნებისმიერი სირთულის დავალება და წარმატებით გაართვას თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს (ტომი I, ს.ფ 38).

თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების დეპარტამენტის თავდაცვის დაგეგმარების სამმართველოს თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის გ. ლ.-ის მიერ 2016 წლის 25 თებერვალს შედგენილი დახასიათებით, ბ. ქ. არის აქტიური და ჭკვიანი ახალგაზრდა, კარგი ლიდერობის უნარ-ჩვევებით. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან მუშაობდა დეპარტამენტის სხვადასხვა პროექტებზე და კარგად ასრულებდა მისი უფროსების დავალებებს. იგი ავლენდა კოლეგიურ და მეგობრულ დამოკიდებულებას. ბ. ქ. ხშირად ეხმარებოდა დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათი თხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა დავალებების თუ მითითებების შესრულებაში. ბ. ქ. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას და კარგად ერკვევა იურიდიულ საკითხებში (ტომი I, ს.ფ 39).

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინებით, მოწმის სახით გამოძახებული და დაკითხულნი იქნენ ის პირები, რომლებიც ბ. ქ.-ს მოთხოვნის მიუხედავად, არ იქნენ გამოკითხული გენერალური ინსპექციის მიერ, ასევე ის პირებიც, რომლებიც მუშაობდნენ კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში და შეეძლოთ საქმის გარემოებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება სასამართლოსათვის.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების დეპარტამენტის პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი დ. ძ., რომელიც, ბ. ქ.-ს მტკიცებით, კონფლიქტში მონაწილე გ. შ.-ის ახლო მეგობარია. მისი განმარტებით, აღნიშნულ დეპარტამენტში გადმოსვლის დროს, კონფლიქტი ძირითადად უკვე დასრულებული იყო, თუმცა გაფრთხილების გამოცხადების შემდეგაც კვლავ გრძელდებოდა. მას, როგორც განყოფილების უფროსს, ყოველთვის ჰქონდა დილემა, რომ ბ. ქ.-სათვის არ მიეცა გარკვეული ტიპის დავალებები, რადგან მას უჭირდა მუშაობა სამმართველოს უფროსის მოადგილესთან - მ. ტ.-სთან. მოწმემ განმარტა, რომ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირს და როდესაც მომწიფდა კონფლიქტი, ის არ მუშაობდა აღნიშნულ პოზიციაზე. მისი აზრით, კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის გარემოება, რომ ბ. ქ.-ს არ მოსწონდა სამმართველოს უფროსის მოადგილის მ. ტ.-ის კვალიფიკაცია და უარი განაცხადა მის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე. ერთმანეთს შორის დაპირისპირებას იგი პირადად არ შესწრებია, მაგრამ ბ. ქ.-ს გამოუთქვამს პრეტენზია მასზე გაცემული დავალებების მიმართ, სადაც აფიქსირებდა, რომ დავალება იყო გაცემული არაკვალიფიციურად და გაცემული იყო არაკომპეტენტური პირის მიერ. ბ. ქ. უკმაყოფილებას გამოთქვამდა მისი უშუალო უფროსების რაოდენობასა და არაკომპეტენტურობაზე. იგი მიიჩნევდა, რომ არ უნდა ჰყავდეს ამდენი უფროსი.

მისივე განმარტებით, ბ. ქ.-სა და გ. შ.-ს შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. როგორც მისთვის ცნობილია, სამმართველოს უფროსის მოადგილის დავალებების შეუსრულებლობის გამო მოხდა მათ შორის ურთიერთობის გართულება და გამოყენებული იქნა დისციპლინური ღონისძიება - გაფრთხილება. მას შემდეგ, რაც დაიწყო კონფლიქტი გ. შ.-სა და ბ. ქ.-ს შორის, ბ.ქ-ს დაეხმარა გ. შ. წასულიყო ერთ - ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თავდაცვის სამინიტრომ დაუფინანსა, შესაბამისად, გ. შ.-ს არ ჰქონია იმის საფუძველი, რომ გამოეყენებინა ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხიოლება და დაესაჯა იგი, როგორც პიროვნება. აღნიშნული შედეგად მოჰყვა იმ გარემოებას, როცა ბ. ქ.-მ უარი განაცხადა სამმართველოს უფროსის მოადგილის დავალების შესრულებაზე.

მოწმის განმარტებით, ბ. ქ. ზოგადად იყო დისციპლინირებული და თავაზიანი, თუმცა არ იყო თავაზიანი გარკვეული თანამშრომლების მიმართ, მას ღიად შეეძლო დაეძახა, რომ ის არის დისპეტჩერი, ასევე ღიად შეეძლო ადამიანისათვის ეთქვა უცოდინარი, ხოლო რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების ხარისხს, ერთ შემთხვევაში ჰქონდათ დიდი კამათი, როცა საჭირო იყო კონკრეტულ საკითხზე ანალიზის დაწერა და მიიღო საგაზეთო სტატიების დაკოპირებული და თარგმნილი მასალები, კონკრეტულ საკითხზე მისი კვალიფიკაციის ხარისხი მისთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი, ისურვებდა უკეთესს. აღნიშნულზე საუბარი ჰქონდა თავად ბ. ქ.-სთან და არა ხელმძღვანელობასთან, რადგან არ მიიჩნევდა საჭიროდ (სხდომის ოქმი 15.06.2017; 13:38:37; ტომი II, ს.ფ 201-232).

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის თავადაცვის პოლიტიკის სამმართველოს განათლების პოლიტიკის შემუშავების განყოფილების უფროსის ბ. კ.-ის განმარტებით, იმ პერიოდში, როცა ბ. ქ.-ს გამოეცხადა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება, სამსახურეობრივი კვეთა არ ჰქონია ბ.-სთან, ბ.-ს იცნობს 2015 წლის სექტემბრის ბოლოდან. თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყებიდან, კონფლიქტი ბ. ქ.-სა და დეპარტამენტის რიგ სხვა თანამშრომლებს შორის უკვე გამწვავებულ და აქტიურ ფაზაში დახვდა, რაზედაც გარშემო ყველა საუბრობდა. მისი პიროვნული დახასიათება ნაკლებად შეუძლია, რადგან თავს არიდებდა კონტაქტში შესვლას და ურთიერთობას, როგორც ერთ, ისე მეორე მხარესთან. როდესაც ბ. ქ.-მ ჩაატარა პრესკონფერენცია, მან იქ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროში დანიშნულია არაკვალიფიციური თანამშრომლები, კერძოდ ისტორიკოსები და აშ. და ვინაიდან, თავად ერთადერთი ისტორიკოსია დეპარტამენტში, მიიღო საკუთარ თავზე და ეს ირიბი თავდასხმა მისთვის გაუგებარი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საქმეში არ იყო აქტიურად ჩართული. გადმოცემით იცის, რომ ბ. იყო დაუმორჩილებელი, კონფლიქტური, არ ემორჩილებოდა სუბორდინაციის წესებს. მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებით, არ ასრულებდა მისგან გაცემულ უშუალო დავალებებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ბ. ქ.-სათვის მის უშუალო ხელძღვანელს არ გაეცა მისთვის დავალებები, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობრივად მას ევალებოდა ასეთი დავალებების გაცემა.

მისივე განმარტებით, ბ. ქ. სამსახურიდან გათავისუფლების დღეს ავიდა გენერალური ინსპექციის სართულზე, სადაც ასევე არის მისი სამუშაო ოთახი, მისი მხრიდან იყო გარკვეული ბრალდებები, ყვირილი და უტაქტო სიტყვებით მიმართვა გენერალური ინსპექციის თანამშრომლის მისამართით, მანამდე უშულოდ ასეთ სიტუაციას არ შესწრებია (სხდომის ოქმი 15.06.2017; 14:05:06; ტომი II, ს.ფ 201-232).

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის, თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს სტრატეგიული დაგეგმვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის გ. ლ.-ის განმარტებით, ბ. ქ. არის ჭკვიანი ადამიანი, მაგრამ არის ძალიან თავდაჯერებული. სხვისი პოზიციის მიღება უჭირს. მისთვის როგორც არის ცნობილი, ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. სამმართველოს უფროსის მოადგილეს არ მოსწონდა ბ. ქ.-ს მიერ გაკეთებული გარკვეული დავალებები, ბ.-ს კი მიაჩნდა, რომ ასრულებდა სრულყოფილად. იყო ხმამაღალი კამათი და ემოციურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას. მიაჩნია, რომ ორივე მხარე იყო დამნაშავე. განმარტავს, რომ ბ. ქ.-ს მხრიდან დათმობის შემთხვევაში ის შეინარჩუნებდა სამსახურს და მისივე განმარტებით, დათმობა არ ნიშნავს პრინციპებზე უარის თქმას და პრინციპების დაცვასაც აქვს თავისი დრო (სხდომის ოქმი 15.06.2017; 13:27:47; ტომი II, ს.ფ 201-232).

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ქ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე აღიარებს მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, თუმცა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ემყარება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასრულყოფილ შეფასებას, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამორიცხავს ამ შეფასებების საფუძველზე წარმოდგენილი დასკვნების გაზიარების შესაძლებლობას.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის N297 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნისა და შვებულებაში გასვლის საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური ზომა გამოიყენოს მის მიმართ. შესაბამისად, პალატამ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე ბ. ქ.-ს მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით; უპირველესად კი, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი დისციპლინურ გადაცდომას და რაში გამოიხატა იგი, ეს კი თავის მხრივ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით.

პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს სამინისტროში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად. პალატა სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს სამინისტროს მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, მოსარჩელე ბექა ქირია სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს ითვლებოდა საჯარო მოსამსახურედ, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ იგი კანონით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

საჯარო მოსამსახურე წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.

პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ზემოაღნიშნული საფუძვლების არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა; მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს; დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, დისციპლინური ზემოქმედების კანონით გათვალისწინებული ღონისძიება უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული. ასევე, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. ყოველივე აღნიშნულის გადაწყვეტამდე კი უნდა გაირკვეს დისციპლინური გადაცდომის არსებობა.

5.2.1. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. ამდენად, ის გარემოება, რომ სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი, გარემოებები, ფაქტები, რომელთა შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზეც მოხდა ბრძანების გამოცემა, წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60[1] მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ არსებით დარღვევას, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის განჩინებაზე (საქმე Nბს-628-615 (კ-14)) სადაც განმარტებულია, რომ „53.2 მუხლის თანახმად, წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უნდა უძღოდეს აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან, ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისობაში უნდა იყოს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან. სადავო აქტი უთითებს მხოლოდ კანონმდებლობის ნორმებს, რომელიც საფუძვლად დაედო აქტის გამოცემას, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არ შეიცავს რაიმე არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აქვთ ამ ნორმებს კავშირი კონკრეტულ შემთხვევასთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის გენერალური, საკანონმდებლო რეგულაციის ინდივიდუალურ რეგულაციაში გადაყვანის საშუალება, შესაბამისად მასში უნდა დასაბუთდეს გენერალური რეგულაციის (საკანონმდებლო ნორმების) ინდივიდუალურ შემთხვევასთან კავშირი.“

პალატა ეთანხმება და იზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის სრულებით არასაკმარისია მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მოხმობა, რადგან, დასაბუთება გულისხმობს როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც განაპირობებს მის კანონიერებას. ასევე, ეთანხმება იმ განმარტებას, რომ სადავო ბრძანება, საერთოდ არ შეიცავს არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ დასაბუთებას. შესაბამისად, პალატისათვის გაუგებარია, თუ რა მოსაზრებებით იხელმძღვანელა მოპასუხემ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას, ვინაიდან ბრძანება არ შეიცავს არანაირ მსჯელობასა და დასკვნას, რითაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის სზაკ-ის მე-4 თავით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან.

აქვე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ: ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს; ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი ისე გამოიცა სათანადო დასაბუთების გარეშე, რომ ადგილი არ ჰქონია არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევას; მისი გამოცემა არ მოუთხოვია დაინტერესებულ მხარეს (ბ. ქ.-ს) და არცერთი კანონი არ ითვალისწინებდა მისი დასაბუთების გარეშე გამოცემას. ერთადერთი, რაზეც შესაძლოა მსჯელობა წარიმართოს, არის ზემოაღნიშნული „ბ“ ქვეპუნქტი, თუმცა, განსახილველ ვითარებაში, არც ეს შემთხვევაა სახეზე, რადგან ბ. ქ.-სათვის არ იყო ცნობილი სათანადო წესით ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა გასაჩივრებული აქტი; მისთვის უცნობი იყო გენერალური ინსპექციის მიერ მოპოვებულ ახსნა-განმარტებათა შინაარსი; სამსახურში არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, მას შეეძლო მხოლოდ ევარაუდა ამგვარი აქტის გამოცემის ალბათობაზე, რაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, ზემოაღნიშნული „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ვერ ჩაითვლება აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული გარემოებების ცოდნად.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი თითქმის სრულიად დაუსაბუთებელია, რაც, მოცემული ურთიერთობისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ნიშნავს, რომ იგი უკანონოა.

პალატა ეთანხმება და იზიარებს აპელანტის იმ პოზიციას, რომ სადავო აქტს არ გააჩნია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის სტრუქტურა, ის შეიცავს მხოლოდ შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებს, რაც ნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე. გადაწყვეტილება არ შეიცავს არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, რაც მისი ბათილად ცნობის დამატებითი საფუძველია.

5.2.2. ასევე, სადავო აქტში კონკრეტულად არ არის აღნიშნული, თუ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რა კონკრეტული გადაცდომა ჩაიდინა ბ. ქ.-მ. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს მითითებას, თუ კონკრეტულად 78-ე მუხლის რომელი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა ბ. ქ.-მ. მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომ ბ. ქ.-ს ქმედება კვალიფიცირდებოდა „გ“ ქვეპუნქტით, რომ მან ჩაიდინა ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება).

აღნიშნულის დასტურია თუნდაც ის, რომ გასაჩივრებული აქტის ერთადერთ სამართლებრივ საფუძვლად მოყვანილია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ითვალისწინებს გაფრთხილებას; აქტი სხვა სამართლებრივ ნორმას არ შეიცავს, ისევე როგორც არ შეიცავს დისციპლინური გადაცდომის დახასიათებას, აღწერას, შესაბამისი სამართლებრივი ნორმის მითითებას, რაც ბ. ქ.-ს, როგორც აქტის ადრესატს, შეუქმნიდა აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრების შესახებ უფრო ნათელ წარმოდგენას, რაც მას დაეხმარებოდა დარღვეულად ნაგულვები უფლების დაცვისათვის ადეკვატური სამართლებრივი ღონისძიებების დაგეგმვაში. აქტის ადრესატის მიერ მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იმის შეტყობა, რომ მისი ქმედებები აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი პირის - მინისტრის (და არა გენერალური ინსპექციის) მიერ მიჩნეული იქნა ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართულ უღირს საქციელად (ბრალეულ ქმედებად), სცდება სამართლიანი და ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული მმართველობითი საქმიანობის პრინციპს და ადასტურებს ამ საქმიანობის კონკრეტული შედეგის (გასაჩივრებული აქტის) დაუსაბუთებლობას/უკანონობას. გენერალური ინსპექციის დასკვნაში ბ. ქ.-ს ქმედების დაკვალიფიცირება ზემოაღნიშნული 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბ. ქ.-ს ქმედება მინისტრმაც ამავე ქვეპუნქტით დააკვალიფიცირა; ამგვარი დასკვნა მინისტრისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, რომელსაც იგი შესაძლოა არ დაეთანხმოს, ან დაეთანხმოს ნაწილობრივ, ან შეცვალოს ქმედების კვალიფიკაცია და სხვ. მთავარია, რომ აქტის გამოცემაზე უფლებამოსილმა პირმა აქტში კონკრეტულად აღნიშნოს, თუ კანონის რომელი პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა ჩაიდინა მოხელემ, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.

5.2.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების დროს, არ დაიკითხნენ ის პირები, რომლებზეც ბ. ქ. მიუთითებდა, ასევე, გამოიკითხნენ ის პირები, რომლებიც არ მსახურობდნენ უშუალოდ იმ სამმართველოში, მაგალითად, ქ. გ., თ. ჭ., გ. ფ., ნ. ა., ლ. ჩ., ტ. კ. და სხვები, რომლებიც არათუ პოლიტიკის ანალიზის განყოფილებაში (სადაც ბ. ქ. მსახურობდა), არამედ სრულიად სხვა განყოფილებებში/სამმართველოებში მსახურობდნენ (იხ. განმარტებები ს.ფ. 85-112, ტ. 1).

ამასთან, ბ. ქ.-ს უშუალო უფროსი, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი გ. ფ., რომელთანაც ბ. ქ.-ს ყველაზე უფრო მეტად ინტენსიური სამსახურებრივი და აქედან გამომდინარე პიროვნული ურთიერთობა ჰქონდა, მას დადებითად ახასიათებს, განმარტავს, რა, რომ მის საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნია, რომ იგი არის პუნქტუალური, რომ ადასტურებს მ. ტ.-სთან არსებულ კონფლიქტს, თუმცა მიაჩნია, რომ ბ. ქ. არ არის მასში ერთადერთი მონაწილე მხარე (ს.ფ. 103-105, ტ. 1.).

ასევე, ბ. ქ.-ს კოლეგა, პოლიტიკის ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი დ. ს.-ს განმარტებით (ს.ფ. 106, ტ. 1) დგინდება, რომ ბ. ქ.-ზე დანიშვნის დღიდან ხორციელდება უამრავი სახის ზეწოლა (დაცინვა, მუქარა, დამცირება თანამშრომლების წინაშე და სხვა უამრავი რამ).

აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების დეპარტამენტის თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს უფროსის შ. ს.-ის მიერ შედგენილ 2015 წლის 9 ნოემბრის დახასიათებაზე, სადაც იგი მიუთითებს, რომ ბ. ქ.-ს იცნობს 2014 წლიდან, რაც დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. მისივე განმარტებით, ბ. ყოველთვის გამოირჩეოდა სანიმუშო ქცევითა და ეთიკური სტანდარტების მაღალი დონით. ბ. გამოხატულად იცავს სამსახურის შიგნით არსებულ სუბორდინაციას და ყოველთვის ავლენს პროფესიული იერარქიის პატივისცემას. მას გააჩნია საუკეთესო პროფესიული უნარ - ჩვევები, ექსპერტული ცოდნა უსაფრთხოების საკითხებში და გამოირჩევა დავალებების ჯეროვნად შესრულებით. ბ.-ს კარგი იურიდიული განათლება აქვს, რაც დამატებითი აქტივია უსაფრთხოების სექტორის სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზისათვის. მას აქვს კარგი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და კეთილგანწყობას ავლენს კოლეგების მიმართ. ძალიან უყვარს საკუთარი საქმე და აღსავსეა პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით. ის არის პროფესიულად მზარდი ახალგაზრდა საჯარო მოხელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (ტომი I, ს.ფ 35).

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ. კ.-ის განმარტებით, მან მხოლოდ გადმოცემით იცის, რომ ბ. ქ. არის დაუმორჩილებელი და კონფლიქტური პიროვნება; სამმართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ აქვს ინფორმაცია. ასევე, მოწმე გ. ლ.-ის ჩვენებით დგინდება, რომ კონფლიქტში ორივე მხარე იყო დამნაშავე. განმარტავს, რომ ბ. ქ.-ს მხრიდან დათმობის შემთხვევაში ის შეინარჩუნებდა სამსახურს და მისივე განმარტებით, დათმობა არ ნიშნავს პრინციპებზე უარის თქმას და პრინციპების დაცვასაც აქვს თავისი დრო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლოა შემდეგი დასკვნის გაკეთება: კონფლიქტის არსებობა კონკრეტულ სამსახურში ბ. ქ.-სა და ძირითადად მ. ტ.-ს შორის, უდავოა; ადმინისტრაციული ორგანო ბ. ქ.-ს მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას ამყარებს რამდენიმე პირის წერილობით განმარტებაზე, რომელთა უმეტესობაც არ იყო ბ. ქ.-სთან უშუალო სამსახურებრივ ურთიერთობაში; რამდენიმე პირი, მათ შორის ბ. ქ.-ს უშუალო ხელმძღვანელი, მას დადებითად ახასიათებს. ასევე, გარდა წერილობითი განმარტებებისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ. ქ.-ს მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას. ამგვარ ვითარებაში, ანუ მხოლოდ წერილობითი და სიტყვიერი (რაც, მოცემულ შემთხვევაში, ერთი და იგივეა) განმარტებების არსებობის პირობებში, რომელთა ნაწილიც შინაარსობრივად ერთმანეთის საწინააღმდეგოა და სხვა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, სააპელაციო პალატას შეუძლებლად მიაჩნია იმის მტკიცება, რომ ბ. ქ.-მ ნამდვილად ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა - 78-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი. აქვე, აღსანიშნავია, რომ ამგვარი ქმედება უნდა იყოს ბრალეული. ანუ, ჯერ უნდა დადგინდეს ქმედების არსებობა და შემდგომ კი დამრღვევის ბრალი მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებათა არარსებობის/ არასაკმარისობის/ურთიერთწინააღმდეგობის პირობებში, არ დგინდება თავად ქმედების (დისციპლინური გადაცდომის) არსებობა და თუკი მივიჩნევთ რომ იგი მაინც არსებობს, ძალზედ საეჭვო იქნებოდა ბ. ქ.-ს ბრალი მის ჩადენაში, რადგან საქმეში არსებული განმარტებები ცალსახად მეტყველებს თანამშრომელთა შორის კონფლიქტზე და აღნიშნულისათვის დამახასიათებელი სპეციფიკისა და უარყოფითი ემოციების გათვალისწინებით, რომელიც საკმაო ხანს გრძელდებოდა, პალატას შეუძლებლად მიაჩნია ბ. ქ.-ს ბრალის გამოკვეთა/დადგენა.

აქვე, ბ. ქ.-ს მიერ ავღანეთში მომსახურე ქართველი ჯარისკაცებისათვის ქურდობის დაბრალებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბ. ქ.-მ კატეგორიულად უარყო ამგვარი ფაქტი და განაცხადა, რომ ეს წარმოუდგენელია, რადგან მას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, საქმე, სამხედროები, რომ ბავშვობიდანვე თავისი ოთახის კედელზე ეკიდა ქართველი გენერლების - გიორგი კვინიტაძისა და გიორგი მაზნიაშვილის სურათები და იგი არასოდეს დააბრალებდა ქართველ სამხედროებს ამგვარ რამეს; გარდა ამისა, ასეთი ფაქტის არსებობდა არც საქმის სხვა მტკიცებულებებით დასტურდება.

5.2.4. დაბოლოს, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს შემდეგ საკითხზეც: გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის პროცესში მოპოვებულ განმარტებათა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობაში მითითებულია, რომ ბ. ქ. არ ემორჩილებოდა სუბორდინაციის წესებს. სავარაუდოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ესეც დაუდო საფუძვლად ბ. ქ.-ს დისციპლინური წესით დასჯას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ თავდაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების თანახმად, ბ. ქ. წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომელს და არა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს. ზემოაღნიშნულ განმარტებებში ნახსენები „სუბორდინაცია“ სააპელაციო პალატის აზრით, აღიქმება სწორედ სამხედრო სამსახურში, შეიარაღებულ ძალებში არსებულ სუბორდინაციად (რაც უდავოდ აუცილებელია ამ შეიარაღებული ძალების სპეციფიკისათვის), თუმცა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისათვის მსგავსი სახის/დონის სუბორდინაციაზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი, რადგან სამოქალაქო ოფისის მოსამსახურე არის საჯარო მოხელე, თუმცა სპეციფიური ფუნქციებით აღჭურვილი და იგი სუბორდინაციის თვალსაზრისით დიდად არ განსხვავდება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებული მოხელეებისაგან. თუმცა, პალატა ზოგადად არ უარყოფს სამოქალაქო ოფისის სპეციფიკას და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან შედარებით გონივრულად და არა რადიკალურად განსხვავებული სუბორდინაციის საჭიროებას (აქ გასათვალისწინებელია სუბორდინაციული ურთიერთობის მონაწილეთა ვინაობა, დაკავებული თანამდებობები და სხვა ფაქტორები). ამდენად, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომელი სუბორდინაციულ ურთიერთობაშია ხელმძღვანელ პირებთან ფუნქციურად, უფლება-მოვალეობების თვალსაზრისით, საკანონმდებლო გაგებით, რომელიც თავისთავად ურთიერთპატივისცემასა და კოლეგიალობაზეცაა დამყარებული და ამგვარი სუბორდინაცია არ უნდა გადაიქცეს მოხელის პრინციპების, მიზანსწრაფვის, მიზნებისა და აზრების დათრგუნვის იარაღად.

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60[1] მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „ბ. ქ.-ს მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის №MOD 3 16 00000480 ბრძანება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII[3] თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტის მიერ, სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, რის გამოც მას უნდა დაუბრუნდეს მოცემული ბაჟი, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილი.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბ. ქ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ბ. ქ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

4. გამოცემის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 8 თებერვლის №MOD 3 16 00000480 ბრძანება ბ. ქ.-ს მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ.

5. ბ. ქ.-ს (პ/ნ XXXXXX) უკან დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სს ,,საქართველოს ბანკში’’ 2016 წლის 21 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).



მოსამართლე შოთა გეწაძე