საქმის ნომერი: 2ბ/2831-14
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები: ას-1560-1463-2012,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: დავის საგანს წარმოადგენდა პირგასამტეხლოს შემცირება, აპელანტი მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ 0.3% პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და მის 0.05% მდე შემცირებას ითხოვდა. საქალაქო სასამართლომ 0.3% პირგასამტეხლო შეამცირა და ახლა სააპელაციო საჩივრით ითხოვდა კიდევ უფრო შემცირებას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან უკვე შემცირებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არ იყო, და რომ უნდა შემცირდეს არა მაღალი პირგასამტეხლო, არამედ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ციტირებისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/2831-14 (2014-11-21), www.temida.ge
საქმის № ას-54-49-2015
საქმის № 2ბ/2831-14

განჩინება
საქართველოს სახელით
       21 ნოემბერი, 2014 წელი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

აპელანტი – კ.კ.

წარმომადგენელი – ა.მ.

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ფ.”

წარმომადგენელი – გ.მ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება


კ.კ.-ს სასარჩელო მოთხოვნა: ნოტარიუს დ.ჩ.-ს მიერ 09.10.2013წ. შპს „ჯ.ფ.-ს” სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლით (რეგ. 131067077) კ.კ.-ს მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს შემცირება 0,3%-დან - 0,05%-მდე (10000 აშშ დოლარიდან 1666 აშშ დოლარამდე).

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

კ.კ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ჯ.ფ.-ს” სასარგებლოდ კ.კ.-ს მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს თანხა ნოტარიუს დ.ჩ.-ს მიერ 2013 წლის 9 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (რეგ. N-----) მითითებული 10000 აშშ დოლარის ნაცვლად განისაზღვრა 2500 აშშ დოლარით.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები


2.1. შპს „ჯ.ფ.-ს” (გამსესხებელი-იპოთეკარი) კ.კ.-ს (მსესხებელი-მესაკუთრე) შორის 01.03.2013წ. სანოტარო წესით, წერილობით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ჯ.ფ.-მ” კ.კ.-ს სესხად გადასცა 50000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარი 10.09.2013წ-მდე ვადით, ყოველთვიური 3% სარგებლის გადახდით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ან სარგებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის - სესხის ძირითადი თანხის 0,3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, მაგრამ არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა კ.კ.-ს უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ, ტ. ქ. N X , სხვენი ბინა N X-ის თავზე, სადარბაზო X , ფართი 115 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 00.000.00000.00

2.2. კ.კ.-მ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და შპს „ჯ.ფ.-ს” მოთხოვნით ნოტარიუსმა დ.ჩ.-მ კ.კ.-ს წინააღმდეგ 09.10.2013წ. გასცა სააღსრულებო ფურცელი (რეგ. -----------), რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: ძირითადი თანხა - 50000 აშშ დოლარი, სარგებელი - 7300 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 10000 აშშ დოლარი, რომლის დაფარვის მიზნით უნდა განხორციელებულიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

2.3. შპს „ჯ.ფ.-მ” სააღსრულებო ფურცელი წარადგინა აღსასრულებლად.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამავე კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია 01.03.2013წ. სესხისა და იპოთეკის წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც, ასევე შეთანხმებულია პირგასამტეხლო ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობისათვის.

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, რომლის მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. ამიტომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ზემოთ მოხმობილი ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, თუ იგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანს და განსაზღვროს პირგასამტეხლოს მოცულობა ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერად, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც, თავის მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მხედველობაში იღებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობის თუ არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული შედეგი, კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 5.13 მუხლით მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა - სესხის ძირითადი თანხის 0,3% ყოველდღიურად (რაც შეადგენს 150 აშშ დოლარს), მაგრამ არაუმეტეს სესხის ძირითადი თანხის 20%-ისა (რაც შეადგენს 10000 აშშ დოლარს), წინააღმდეგობაში მოდიოდა სასესხო ურთიერთობებისათვის გათვალისწინებულ გონივრულ სტანდარტებთან.

მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს განაკვეთის 0,3%-დან შემცირება 0,05%-მდე, ანუ 6-ჯერ და შესაბამისად ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს - 10000 აშშ დოლარის 6-ჯერ შემცირება - 1666 აშშ დოლარამდე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ დასახელებული გარემოებების, პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების, ასევე, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო და 10 000 აშშ დოლარის ნაცვლად განსაზღვრულიყო 2500 აშშ დოლარით.

ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 5.14 პუნქტის დათქმა, რომლის მიხედვითაც - ,,ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს და ეთანხმება ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს არსებობას და მის ოდენობას და რომ ის არ არის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო” - არ ართმევს უფლებას კ.კ.-ს სადავო გახადოს პირგასამტეხლოს ოდენობა .

2.6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობასთან მიმართებაში სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების 16.1 პუნქტით გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, რომელიც მიღებულია გამსესხებლის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში კი სასამართლომ განიხილა მსესხებლის - კ.კ.-ს და არა გამსესხებლის - შპს „ჯ.ფ.-ს” სარჩელი. შესაბამისად, მოპასუხის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები


3.1. სასამართლომ, მართალია, სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, თუმცა, დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა სრულად და მხოლოდ ნაწილობრივ შეამცირა დაკისრებული პირგასამტეხლო. საქმის განხილვის დროს დადასტურდა, რომ მოპასუხეს აპელანტისათვის არ მიუწოდებია ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებას.

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე არასწორად მოხდა უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება და შეცვლა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის ფაქტობრივი თვალსაზრისით, ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივი დასაბუთება

4.2. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა გადაწყვეტილებას გადასინჯავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების ნაწილში.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებობს 2013 წლის 1 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა (იხ. ფაქტობრივი გარემოება 2.1).

სააპელაციო საჩივრის მიხედვით კი, სადავოა სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 420-ე მუხლების გამოყენების მართებულობა.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 1 მარტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0.3%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 გადაწყვეტილება) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 გადაწყვეტილება )

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მართებულად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.3%, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა მისი ოდენობა 2500 აშშ დოლარამდე.

აპელანტი ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას, კერძოდ, დაკისრებული პირგასამტეხლოს დაყვანას 1666 აშშ დოლარამადე (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. 1, ს.ფ. 109-118, დაზუსტებული განცხადება, ტ.2, ს.ფ. 9-10). აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ მიიჩნევს პირველი ინსტანციის მიერ შემცირებულ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის - 50 000 აშშ დოლარის და სარგებლის - 7300 აშშ დოლარის აღსრულების შეჩერების ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა დ.ჩ.-ს მიერ 2013 წლის 9 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა დ.ჩ.-ს მიერ 2013 წლის 9 ოქტომბერს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება, რომლის საფუძველზეც ხორციელდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თ, ტ. ქ. N X , სხვენი ბინა N X-ის თავზე, სადარბაზო X , ფართი 115 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 00.000.00000.00 რეალიზაცია.

ასევე დგინდება, რომ კ.კ.-მ მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გააუქმა ნაწილობრივ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს არ წარმოადგენდა რა სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი, ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიება გააუქმა თავისივე გადაწყვეტილებით, რაც ამავე გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით საჩივრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს „ჯ.ფ.-ს” უფლება ჰქონდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინება 5 დღიან ვადაში გაესაჩივრებინა და ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეჩერების გაუქმება მოეთხოვა. საჩივრის დაკმაყოფილების პირობებში სადავო ნაწილში აღსრულების შეჩერების გაუქმება ძირითადი გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად შევიდოდა კანონიერ ძალაში. ნიშანდობლივია, რომ მოპასუხემ მითითებული უფლებით არ ისარგებლა. ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერ ძალაში შესვლა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ხდება. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მითითებულ ნაწილში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პრინციპს დაუქვემდებარა და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაც ნაწილობრივ გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებული პუნქტის კანონიერი ძალა დაკავშირებულია სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით აპელანტის იურიდიული ინტერესი უსაფუძვლოა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების არსი და მისი გაუქმების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მთელი სააღსრულებო ფურცლის მოქმედება მხოლოდ პირგასამტეხლოს გასაჩივრების პირობებში იქნა შეჩერებული, ამიტომ სააღსრულებო ფურცლის შეჩერების გაუქმება დაკავშირებულია მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან. სხვაგვარი საპროცესო - სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელი იყო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინების საჩივრის წესით გასაჩივრება და უდავო ნაწილში (ძირითადი თანხა, სარგებელი) ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეჩერების გაუქმების მოთხოვნა. ამგვარი საჩივრის არარსებობის პირობებში კი, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერ ძალაში შესვლა დამოკიდებულია პირგასამტეხლოს თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნას, იმთავითვე, პირგასამტეხლოს შემცირება წარმოადგენდა, შესაბამისად, ვინაიდან ამ მოთხოვნის ფარგლებში მოხდა მთელი სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება, ამიტომ აღნიშნული შეჩერების გაუქმება დაკავშირებულია პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ძირითად თანხასა და სარგებელს არ ეხება. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ აღნიშნულ გარემოებას საჩივრის წარდგენის გზით მოპასუხე უნდა შეცილებოდა. შეცილების არარსებობის პირობებში კი, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერ ძალაში შესვლა დამოკიდებული ხდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში აპელანტის იურიდიული ინტერესის დაუსაბუთებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანი არ არის.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა


1. კ.კ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია აპელანტის მიერ;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.



მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი