საქმის ნომერი: 2ბ/3365-15
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ დაადგინა, რომ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნებისთვის აუცილებელია უსაფუძვლოდ გამდიდრების კრედიტორმა დაადასტუროს, რომ ხარჯი სწორედ მის მიერაა გაწეული. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ვერ დაუშვა პრეზუმფცია მფლობელის მიერ ხარჯის გაწევის თაობაზე, ვინაიდან, სადავო უძრავ ქონებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მფლობელი ჰყავდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მისი მფლობელობის ფარგლებში ხარჯის გაწევის ფაქტი სპეციალურ მტკიცებას მოითხოვს, რაც არ იყო წარმოდგენილი.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/3365-15 (2016-03-28), www.temida.ge
საქმის № 2ბ/3365-15

განჩინება
საქართველოს სახელით
       28 მარტი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გიორგი მარანელი

აპელანტი - ა. გ.

წარმომადგენელი - ი. რ.

მოწინააღმდეგე მხარეები - მა. თ., მი. თ., ო. თ., ე. თ
წარმომადგენელი - ს. ხ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

დავის საგანი - თანხის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხეებს - მა. თ.-ს, მი. თ.-ს, ო. თ.-სა და ე. თ.-ს მოსარჩელის ა. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 9957 ლარის გადახდა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

მოსარჩელე ა. გ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, 1997 წლიდან მოსარჩელე ა. გ.-ს მიერ უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, XX კორპ. X ბინა#XX, დაკავების და შემდგომ, 2000 წლიდან მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით მითითებული ფართში ოჯახის წევრთან (შვილი, რ. გ.) ყოფნის, ცხოვრების გარემოება. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება 2000 წლიდან 2010 წლამდე მოსარჩელის მიერ კონკრეტულ მისამართზე უწყვეტად ცხოვრების (ფართით სარგებლობის) სადავო ფაქტობრივი გარემოება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელე მხარის (მისი ოჯახის წევრის) კონკრეტულ მისამართზე მხოლოდ გარკვეული პერიოდულობით ყოფნის, ცხოვრების გარემოება, რაც საქმეზე მოწმეთა ჩვენებითა და 2008 წლის 26 სექტემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის წერილის თანახმად დგინდება. მითითებული წერილის შინაარსით დგინდება, რომ მესაკუთრის (აღნიშნულ საქმეზე მოპასუხე მხარის) მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ რ. გ.-ს ფართიდან გამოსახლება, რაზეც მიღებულ იქნა უარყოფითი პასუხი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსაგან. რაც შეეხება, თავად ფართში 10 წლის განმავლობაში მოსარჩელე მხარის მიერ უწყვეტად ფლობისა და ცხოვრების გარემოებას, აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხე მხარის მიერ გაქარწყლებული იქნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის 2006 წლის 11 ივნისის წერილის შესაბამისად, სადავო ფართში მცხოვრები პირი - თ. ა. გაფრთხილებული იქნა და მესაკუთრე მხარეს (მოპასუხეს) განემარტა მითითებული პირის გამოსახლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული პირის გამოსახლება სცილდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას. ასევე, საქმეში წარმოდგენილია არსებული სადავო ფართიდან სწორედ, გამოსახლების საქმესთან დაკავშირებით საქმეზე სარჩელი და შესაგებელი. მითითებული საქმის წარმოებისას ო. თ.-ს სასარჩელო განცხადება წარდგენილი იქნა კონკრეტული პირების - დ. ა.-ს, ნ. მ.-ს, მ. ა.-ს, ი. ა.-ს, თ. ხ.-სა და ნ. ა-ს გამოსახლების მოთხოვნით სადავო ფართიდან. ზემოაღნიშნული პირების მიერ წარდგენილი შესაგებლით ცალსახად იქნა დაფიქსირებული მათი მხრიდან მითითებული მოთხოვნის უსაფუძვლობა და განიმარტა, რომ ისინი 1998 წლიდან ფლობენ და ცხოვრობენ ფართში და განახორციელეს მთელი რიგი სარემონტო სამუშაოები (მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის და რკინის კარის ჩასმა). საქმეზე დ. ა.-ს და მისი ოჯახის წევრების მითითებულ ფართში დროებით (10-11 თვე, დაახლოებით 2007-2008 წლებში) ცხოვრების გარემოება დადასტურებული იქნა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერაც.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე ცალსახაა, რომ დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა და კონკრეტული სადავო NXX ბინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა პირების მიერ იქნა დაკავებული და თავად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ჩატარებული მოკვლევის შესაბამისად ცალსახად იქნა დადგენილი, რომ დევნილი - ა. გ. არ ცხოვრობს მითითებულ ფართში, რაც სადავო ფართის შესყიდვის და დევნილისათვის გადაცემის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა (ს.ფ.92, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 22.1.2 2014 წლის წერილი).

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;
- მოწმეთა ჩვენებები - იხ. სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის სასამართლოს სხდომის ოქმი;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის 26.09.2006 წლის და 11.06.2008 წლის წერილები - ს.ფ. 59, 93;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 27.08.2010 წლის წერილი მისამართზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების სია - ს.ფ.89-91;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 22.1.2 2014 წლის წერილი - ს.ფ.92;
- სარჩელის და შესაგებელი სადავო ფართიდან პირთა გამოსახლების თაობაზე, 25.06.2010 წლის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ - ს.ფ.111-113, 116-132, 133-142;

2.2. უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. XX კორპ. NXX, ბინა NXX, ფართი XX კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი XX 2007 წლის 17 სექტემბრიდან დღემდე წარმოადგენს მა. თ.-ს, ო. თ.-ს, ე. თ.-ს და მი. თ.-ს თანასაკუთრებას.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი - ს.ფ.20-21;

2.3. არსებული მდგომარეობით უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, XX კორპ. NXX, ბინა NXX, ფართი XX კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი XX აღჭურვილია რკინის კარით, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრით, მე-9 სართულამდე მიყვანილია კანალიზაციის მილი და ოთახებს შორის არის ბლოკის ტიხრები.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
- დასკვნა N08/04-14/2 უძრავი ქონების რემონტის შეფასების შესახებ - ს.ფ. 22-42;
- ფოტოსურათები - ს.ფ.94-102;

2.4. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტით დადგენილი სარემონტო სამუშაოები მოპასუხე მხარის მიერ შესრულებული არ არის.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;

2.5. სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა მოსარჩელე მხარის მითითება გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტით დადგენილი სარემონტო სამუშაოების მოსარჩელე ა. გ.-ს მიერ განხორციელების და შესაბამისად, ჯამში 9957 ლარის ხარჯის გაწევის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენა ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეჯერების და შეფასების შედეგად ვერ მოხდა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული არსებითი სადავო გარემოების დადასტურება. მხოლოდ ის გარემოება, რომ არსებული მდგომარეობით უძრავ ქონებაში ჩატარებულია გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები, არ ადასტურებს ცალსახად მისი მოსარჩელე მხარის მიერ განხორციელების ფაქტს. საქმეზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება აღნიშნულ ფართის სხვა პირთა მიერ დაკავების და მეტიც, აღნიშნული პირების მიერ გაცხადებული პრეტენზიები კონკრეტული სარემონტო სამუშაოების ჩატარების თაობაზე. კერძოდ, თ. ა.-ს მიერ ეთითება, რკინის კარის მის მიერ ჩასმის ფაქტობრივი გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებთან, ასევე, სხვა სამოქალაქო საქმეზე მითითებულ ფართთან დაკავშირებით პრეტენზია სარემონტო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით გააჩნიათ სხვა პირებს (მეტალო- პლასტმასის კარ-ფანჯრის, რკინის კარის დამონტაჯება). შესაბამისად, სხვადასხვა დროის მონაკვეთში ფართით სხვადასხვა პირების სარგებლობის გათვალისწინებით მოსარჩელის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული უშუალოდ მის მიერ კონკრეტული სარემონტო სამუშაოების განხორციელების გარემოება. აღნიშნულ სადავო გარემოებასთან მიმართებით კი საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები ბუნდოვანი და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია, შესაბამისად, აღნიშნულის სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურების უტყუარ და სარწმუნო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები;
- მოწმეთა ჩვენებები - იხ. სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის სასამართლოს სხდომის ოქმი;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის 11.06.2008 წლის წერილი - ს.ფ. 59;
- სარჩელის და შესაგებელი სადავო ფართიდან პირთა გამოსახლების თაობაზე, 25.06.2010 წლის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ - ს.ფ.111-113, 116-132, 133-142;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 27.08.2010 წლის წერილი მისამართზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების სია - ს.ფ.89-91;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 22.1.2 2014 წლის წერილი - ს.ფ.92;

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ხოლო ამავე კოდექსის 980-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნის აფუძნებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე გარემოებებს და მიუთითებს, რომ ის სარგებელი და სამართლებრივი სიკეთე, რაც მიიღეს მოპასუხეებმა მხარის მიერ უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შედეგად და რამაც უძრავი ქონების გაუმჯობესება გამოიწვია, უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობები არსებობს ქონებაზე გაწეული დანახარჯის სახით, რა დროსაც პირის მოქმედება ემყარებოდა იმ ვარაუდს რომ ქონება სამუდამოდ შეძენილად მიაჩნია. თუმცაღა, კანონის მითითებული დანაწესი სწორედ იმ დანახარჯების ანაზღაურების წინაპირობას ითვალისწინებს, რომელიც გაწეულ იქნა და რომლის დადასტურებაც აღნიშნული სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა მოეხდინა მოსარჩელე მხარეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე გადაწყვეტილების 3.1.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, ქონებაზე მისი გაუმჯობესებისათვის ხარჯის გაწევის და შესაბამისად, ქონებრივი დანაკლისის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება დადგენილი ვერ იქნა, რაც არსებით წინაპირობას წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. აქვე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნული ნორმის დათქმაზეც, რაც ქონებაზე ხარჯის გაწევის მიუხედავად აღნიშნული ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების წინაპირობებს გამორიცხავს. ნორმის დანაწესის მიხედვით, ხარჯების ანაზღაურების წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოა უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება. ასევე, თავად მოსარჩელე მხარის მიერ მიეთითა, რომ მისი მხრიდან 2010 წლიდან დაიწყო კაპიტალური სარემონტო სამუშაოების წარმოება (აშენდა ტიხრები, გამოიცვალა ხის ჯარ-ფანჯარა, იხ. 05.06.2015 წლის სხდომის ოქმი, დრო -16:36:34 სთ), ანუ იმ მოცემულობაში როდესაც უკვე 2007 წლიდან მითითებულ უძრავი ქონება სათანადო წესით აღრიცხული იქნა მოპასუხეთა თანასაკუთრებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით ვერ იარსებებს იმის ვარაუდის წინაპირობა, რომ უძრავი ქონება რომლის მიმართ საკუთრების უფლების რეგისტრაცია სათანადო ფორმით ხორციელდება, პირს მიაჩნდეს სამუდამოდ შეძენილად. შესაბამისად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საქმეზე დადგენილი ვერ იქნა კონკრეტული ოდენობის დანახარჯის გაწევის ფაქტობრივი გარემოება, უძრავი ნივთის ბუნებიდან გამომდინარე მის მიმართ უკვე კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული მესაკუთრის პირობებში გაწეული ხარჯის ანაზღაურება სწორედ იმ საგამონაკლისო წესით ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს, რასაც ზემოაღნიშნული ნორმა უსაფუძვლო გამდიდრების ზოგადი წესების საგამონაკლისოდ ადგენს.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მოსარჩელე მხარის (მისი ოჯახის წევრის) სადავო მისამართზე პერიოდულად ცხოვრების ფაქტი. ასევე, დადგენილად მიიჩნია უძრავი ქონების გაუმჯობესების ფაქტი (ბინის აღჭურვა რკინის კარით და მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯრებით, მე-9 სართულამდე კომუნიკაციების მიყვანა და ოთახებს შორის ბლოკის ტიხრების ამოშენება), თუმცა, ამავდროულად, მოსარჩელის მიერ ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებლად არ გაიზიარა.

3.2. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოსარჩელის ახსნა-განმარტებას დ. ა.-სა და მისი ოჯახის წევრების სადავო ფართში ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით და - დაქირავებული მუშის, თ. ა.-ს 2006 წლის გაფრთხილების წერილს. საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მცდარი სამართლებრივი შეფასების შედეგად საქმეზე მიღებულია უკანონო გადაწყვეტილება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. უძრავ ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, XX კორპ. NXX, ბინა NXX, ფართი XX კვ.მ, საკადასტრო კოდი XX, 2007 წლის 17 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხეების - მა. თ.-ს, ო. თ.-ს, ე. თ.-ს და მი. თ.-ს სახელზე (ტ.1, ს.ფ.20-21);

4.2. არსებული მდგომარეობით სადავო უძრავი ქონება აღჭურვილია რკინის კარით, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრით, მე-9 სართულამდე მიყვანილია კანალიზაციის მილი და ოთახებს შორის არის ბლოკის ტიხრები. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება, რომ აღნიშნული სამუშაოები არ არის შესრულებული მოპასუხე მხარის მიერ.

4.3. ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სარემონტო სამუშაოები და შესაბამისი ხარჯები უშუალოდ მოსარჩელე ა. გ.-ს მიერ არის გაწეული, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

პალატა აღნიშნავს, რომ პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სარემონტო სამუშაოებისა და შესაბამისი ხარჯების ა. გ.-ს მიერ გაწევის ფაქტი, საქმეში არ მოიპოვება. მოსარჩელე, სარჩელშიც და სააპელაციო საჩივარშიც, სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელ მტკიცებულებად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითებს. მოწმეთა ჩვენებების საპირისპიროდ კი, საქმეში წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები:

ვაკე-საბურთალოს რაიონის შს სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის 2006 წლის 11 ივნისის ო. თ.-სადმი გაგზავნილი წერილის საფუძველზე დგინდება, რომ აღნიშნული მომენტისათვის (2006 წელს) სადავო ბინა თ. ა.ს ეკავა და მანვე ჩასვა რკინის კარები (იხ.: ტ.1, ს.ფ.59). საგულისხმოა, რომ გარდა იმისა, რომ აღნიშნული წერილი სხვა პირის მიერ რკინის კარების ჩასმის ფაქტს ადასტურებს, ამავე მტკიცებულებით ის გარემოებაც დასტურდება, რომ მოპასუხე ო. თ. საკუთარი უფლების რეალიზებას, კერძოდ, ბინით სარგებლობას, მინიმუმ 2006 წლიდან ცდილობს - ო. თ.-მ სადავო ბინაში უკანონოდ მცხოვრები პირის გამოსახლების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს 2006 წლის 30 მაისს მიმართა.

საქმეში წარმოდგენილი ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის - „ნ. X-XX“ თავმჯდომარისადმი გაგზავნილი 27.08.2010 წლის წერილით დასტურდება, რომ მოსარჩელე ა. გ., საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ქ. თბილისში, XX მ/რ კორპ XX-ში რეგისტრირებულ დევნილს არ წარმოადგენს (ტ.1, ს.ფ. 89-91).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 22.12.2014 წლის წერილის თანახმად კი, სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ ა. გ. სადავო მისამართზე არ ცხოვრობს და მას უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე. (ტ.1, ს.ფ. 92).

საქმეში წარმოდგენილია ასევე, ო. თ.-ს, ვ. ჭ.-ს, მ. ჩ.-სა და სხვათა ერთობლივი სარჩელი პირების ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით, სადაც ო. თ.-ს მიერ მოპასუხეებად დასახელებულია დ. ა., ნ. მ., მ. ა., ი. ა., თ. ხ., და ნ. დ.. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ო. თ.-ს კუთვნილ ბინას არა ა. გ. და მისი ოჯახის წევრები, არამედ ზემოთ დასახელებული პირები ფლობდნენ (ტ.1, ს.ფ. 116-128). ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულმა პირებმა (ნ. მ., მ. ა., ი. ა., თ. ხ., და ნ. დ.) ო. თ.-ს სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით სადავოდ გახადეს ო. თ.-ს მიმართ 1999 წელს გაცემული ორდერი (ტ.1, ს.ფ. 116-128). მათივე განმარტებით, აღნიშნული ბინა დაიკავეს 1998 წლიდან და მეტალო-კარ-ფანჯრები, რკინის კარები და სხვა სარემონტო სამუშაოები (ღირებულებით 30 000 ლარი) მათ გასწიეს (ტ.1, ს.ფ.137).

პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესზე, რომლითაც კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტალური მტკიცებულებებით (ადმინისტრაციული ორგანოების წერილებით, ო. თ.-ს სარჩელით და მასზე წარდგენილი შესაგებლით) დგინდება, რომ სადავო ფართი სხვადასხვა დროს სხავადსხვა პირებს ეკავათ და ეს პირები, თავის მხრივ, მეტალო-კარ-ფანჯრების, რკინის კარების ჩასმასა და სხვა სარემონტო სამუშაოების მათ მიერ გაწევის ფაქტზე მიუთითებენ. ასეთ ვითარებაში პალატას მიაჩნია, რომ სარემონტო სამუშაოებისა და შესაბამისი ხარჯების უშუალოდ მოსარჩელე ა. გ.-ს მიერ განხორციელების ფაქტის უტყუარად დადასტურების თვალსაზრისით, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას. მოსარჩელე მხარემ მისი მტკიცების ფარგლებში ვერ შეძლო სასამართლოსათვის ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტალურ მტკიცებულებებს გააქარწყლებდა და სადავო ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ა. გ.-ს მიერ შესრულების ფაქტს უტყუარად დაადასტურებდა. აღნიშნული გარემოება კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობაა .

სამართლებრივი დასაბუთება

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნას უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე გარემოებებს აფუძნებს და მიუთითებს, რომ ის სარგებელი და სამართლებრივი სიკეთე, რაც მიიღეს მოპასუხეებმა მხარის მიერ უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია, მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა;

პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი წონასწორობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრებაა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის საფუძველზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნებისთვის აუცილებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების კრედიტორმა დაადასტუროს, რომ ხარჯი სწორედ მის მიერაა გაწეული. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ დაუშვებს პრეზუმფციას მფლობელის მიერ ხარჯის გაწევის თაობაზე, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე არაერთგზის აღინიშნა, სადავო უძრავ ქონებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მფლობელი ჰყავდა, შესაბამისად, ა. გ.-ს მიერ მისი მფლობელობის ფარგლებში ხარჯის გაწევის ფაქტი სპეციალურ მტკიცებას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ, მისი მტკიცების ფარგლებში, ვერ შეძლო სასამართლოსათვის ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც საქმეში არსებულ დოკუმენტალურ მტკიცებულებებს გააქარწყლებდა და სადავო ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ა. გ.-ს მიერ შესრულების ფაქტს უტყუარად დაადასტურებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.