საქმის ნომერი: 2ბ/4019-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე:
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: აპელანტმა მხარემ ვალდებულების გამომრიცხავ გარემოებად, მხოლოდ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე მიუთითა, რომ ავარიის დროს მისი თანამშრომელი, კერძოდ, მძღოლი სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ახორციელებდა, რაც კომპანიის მიმართ პასუხისმგებლობას გამორიცხავდა. თუმცა, მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს, მხოლოდ აპელანტი მხარის ზეპირსიტყვიერი განცხადება კი სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, , საქმე №2ბ/4019-18 (2018-11-07), www.temida.ge
საქმის № 2ბ/4019-18


საქართველოს სახელით
       07 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი

აპელანტი - სს „ს.-ს რ.“

წარმომადგენელი - ნ. წ.

მოწინააღმდეგე მხარე - გ. რ.

წარმომადგენელი - თ. ზ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი - ავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. რ.-მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს „ს.-ს რ.-ის“ მიმართ და 2016 წლის 6 ოქტომბერს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის 4500 ლარისა და ავტომანქანის ავტოსადგომზე გადაყვანისა და ავტოსადგომიდან გამოყვანისთვის გაღებული ხარჯის 159 ლარის ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს „ს.-ს რ.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 4500 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარისა და ავტომანქანის ავტოსადგომზე გადაყვანისა და ავტოსადგომიდან გამოყვანის - 159 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ს.-ს რ.-მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. თბილისში, ა.-ის ქუჩაზე, 2016 წლის 06 ოქტომბერს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს გ. რ.-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება „MERCEDES_BENZ E 200“, სახელმწიფო ნომრით XXX-XXX დაზიანდა (ს.ფ. 17, 21-23).

6. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამართალდამრღვევ პირად ნ. ო. იქნა მიჩნეული (ს.ფ. 21-23).

7. ავტოსატრანსპორტო საშუალება „KIA K 2700“, სახელმწიფო ნომრით XXX-XXX, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ნ. ო. მართავდა, საკუთრების უფლებით სს „ს.-ს რ.-ის“ სახელზეა რეგისტრირებული (ს.ფ. 24-26)

8. დაზიანებული ავტომობილის „MERCEDES_BENZ E 200“, სახელმწიფო ნომრით XXX-XXX, ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ოდენობა, საორიენტაციოდ, 4500 ლარს შეადგენს (ს.ფ. 18-20).

9. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტ მხარეს, გ. რ.-ს მიმართ, მიყენებული ზიანის 4500 ლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. [საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ას-664-635-2016].

ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენებისას სასამართლოს კვლევის საგანს ნორმის შემადგენელი თითოეული ელემენტის დადგენა წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2016 წლის 6 ოქტომბერს თბილისში ა.-ის ქუჩაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აპელანტთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი პირი მართავდა, მოსარჩელის მანქანას შეეჯახა, რამაც მისი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება გამოიწვია. ამავე დღეს, კანონით დადგენილი წესით, სამართალდარღვევის ოქმი შედგა, რომლითაც ნ. ო. სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი. საქმის მასალებით დგინდება, რომ არა ნ. ო.-ს გაუფრთხილებელი ქმედება, ავარია არ მოხდებოდა და, შესაბამისად, არც აპელანტის მანქანა დაზიანდებოდა, ამიტომ სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ზემოთჩამოთვლილი წინაპირობები (ბრალეულობის გარდა) განხორციელებულად უნდა იქნეს მიჩნეული, ამასთანავე, განსახილველი დავის კატეგორიის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს დამფუძნებელი ნორმის ერთ-ერთი ელემენტის - პირის ბრალეულობის დადგენას (იხ. განჩინების მე-10 პუნქტი).

10. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და, მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ან/და ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, ბრალის მიუხედავად, აგოს პასუხი.

უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია, შედეგად, ბრალის მიუხედავად, დგება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას. [საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-494-463-2010].

11. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ნ. ო. ავარიის დროს აპელანტთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, კერძოდ, იგი ორგანიზაციის მძღოლი იყო (ს.ფ. 30-40). მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ მას სატრანსპორტო საშუალება სს „ს.-ს რ.-ისგან“ სამართავად, ნამდვილი ნების საფუძველზე, ჰქონდა გადაცემული. სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, ნ. ო. ავტოავარიის დროს სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ახორციელებდა. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პოზიცია აპელანტს არც პირველ ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში და არც გამართულ სხდომაზე არ გაუჟღერებია, ასევე საქმეში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

12. სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სამართლიანი და ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით შეიძლება. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას ავტოავარიის შედეგად მიყენებულ ზიანსა და მოპასუხის პასუხისმგებლობას შრომის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამტკიცება წარმოადგენდა, რაც წარმატებით განახორციელა. სააპელაციო ინსტანციაში ზიანის დადგომისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა სადავო არაა, სადავოა მხოლოდ ვალდებულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ვინაობა, რაც არა ფაქტების, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითად ინსტრუმენტად კვალიფიციური შესაგებლის წარდგენაა განმტკიცებული. თუ მოპასუხე სარჩელში მოყვანილ რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას არ ეთანხმება, იგი ვალდებულია ამის მიზეზი მიუთითოს და შესაბამისი არგუმენტაციით დაასაბუთოს რადგან მტკიცებას ექვემდებარება, როგორც სარჩელის ასევე შესაგებლის საფუძვლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება დაურთოს. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები [საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება საქმეზე ას-1067-1026-2016].

აპელანტმა მხარემ საკუთარი პოზიციის დაცვის დროს, ვალდებულების გამომრიცხავ გარემოებად, მხოლოდ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე ის მიუთითა, რომ ავარიის დროს მძღოლი სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ახორციელებდა, რაც სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებს ქმნიდა და სს „ს.-ს რ.-ის“ პასუხისმგებლობას გამორიცხავდა. თუმცა, აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს, მხოლოდ აპელანტი მხარის ზეპირსიტყვიერი განცხადება კი სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება, რადგან იგი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არაა სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს. გარდა ამისა, განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის წინაპირობების გამორიცხვის შემთხვევაშიც, არსებობს ამავე კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძვლები.

13. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით მხარეთათვის უზრუნველყოფილი იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე (საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მესამე ნაწილი) დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რაც აპელანტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 180 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.-ს რ.-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი