საქმის ნომერი: 2ბ/3513-16
საქმეთა კატეგორიები: შრომის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, არსებითად იქნა განხილული, არ დაკმაყოფილდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება და ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% ანაზღაურება მოითხოვა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/3513-16 (2017-07-27), www.temida.ge
საქმის № ას-1206-1126-2017
საქმის № 2ბ/3513-16

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       27 ივლისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - სსიპ შ. ს.

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ც.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

1. ქ. ც.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შ. ს.-ის წინააღმდეგ და სსიპ შ. ს.-ის უფროსის 2015 წლის 10 სექტემბრის ბრძანების #პ-XXXX ბათილად ცნობა, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, სსიპ შ. ს.-სთვის ქ. ც.-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის, 2015 წლის ივნისიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, ანაზღაურების დაკისრება და სსიპ შ. ს.-სთვის ქ. ც.-ის სასარგებლოდ ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07% ანაზღაურება მოითხოვა.


2. მოპასუხე სსიპ შ. ს.-მ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, ქ. ც.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შ. ს.-ის 2015 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №პ-XXXX, ქ. ც.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ქ. ც. აღდგენილ იქნა შ. ს.-ში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მთავარ ოფიცრის თანამდებობაზე; მოპასუხე შ. ს.-ს მოსარჩელე ქ. ც.-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით; მოპასუხე შ. ს.-ს მოსარჩელე ქ. ც.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. მოპასუხე შ. ს.-ს, ასევე დაეკისრა მოსარჩელე ქ. ც.-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შ. ს.-მ.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5. მხარეთა მიერ წარმოდგენილი სარჩელისა და შესაგებლის მიხედვით, ქ. ც., სსიპ შ. ს.-ის საგადასახადო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მთავარ ოფიცრად 2010 წლიდან მუშაობდა.

6. სსიპ შ. ს.-ის 2015 წლის 6 აპრილის ბრძანების მიხედვით, ქ. ც. 2015 წლის 6 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში იმყოფებოდა (ტ.1. ს.ფ. 95).

7. 2015 წლის 20 ივლისს, ქ. ც.-მ განცხადებით მიმართა სსიპ შ. ს.-ს და 2015 წლის 17 ივლისიდან 17 დეკემბრის ჩათვლით კუთვნილი დეკრეტული შვებულების გაფორმება მოითხოვა (ტ.1. ს.ფ. 14-28).

8. სსიპ შ. ს.-მ 2015 წლის 22 ივლისს წერილი გაუგზავნა ქ. ც.-ს, საბუთები დაუბრუნა და განუმარტა, რომ დასაქმებული ვალდებული იყო დამსაქმებლისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის #281/ნ ბრძანების ’’დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ’’ შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი წარედგინა (ტ.1. ს.ფ 29).

9. გერმანიის ფედერაციის ქ. მოერსის ექიმ-გინეკოლოგის დოქტ. ს. ჰ.-ის მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ 2015 წლის 7 მაისის მდგომარეობით, ქ. ც. იმყოფებოდა გინეკოლოგიურ მკურნალობაზე. ამასთან, ამავე დასკვნით ირკვევა, რომ ორსულობისა და მასთან დაკავშირებული ჩივილების გამო, პაციენტს, სავარაუდოდ, 2015 წლის 10 დეკემბრამდე მგზავრობა არ შეეძლო (ტ.1. ს.ფ.16-27).

10. შ. ს.-ის 2015 წლის 10 სექტემბრის #პ-XXXX ბრძანების საფუძველზე, ქ. ც.-ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება (ს.ფ. 33).

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, ქ. ც.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შ. ს.-ის 2015 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №პ-XXXX, ქ. ც.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ქ. ც. აღდგენილ იქნა შ. ს.-ში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს მთავარ ოფიცრის თანამდებობაზე; მოპასუხე შ. ს.-ს მოსარჩელე ქ. ც.-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით; მოპასუხე შ. ს.-ს მოსარჩელე ქ. ც.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. მოპასუხე შ. ს.-ს, ასევე დაეკისრა მოსარჩელე ქ. ც.-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით.

12. სსიპ შ. ს.-მ, მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სრულად გაასაჩივრა, თუმცა, ამავდროულად, სსიპ შ. ს.-ის უფროსის 2016 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქ. ც. აღდგენილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის განყოფილების მთავარი ოფიცრის თანამდებობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება სარჩელის ცნობას არ ნიშნავს. მაგალითისათვის, დამსაქმებელმა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაქმებული შეიძლება სამსახურში აღადგინოს, რათა შეუსაბამოდ მაღალი განაცდურის დაკისრება თავიდან აირიდოს და დამსაქმებელს ისე მისცეს ხელფასი, რომ ამავდროულად მისი შრომის ნაყოფი მიიღოს. თუმცა, დასაქმებულის აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულება, შესაბამისი ნების გამოვლენის გარეშე, საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, სარჩელის ცნობას ვერ გაუთანაბრდება. სარჩელის ცნობას ესაჭიროება მხარის გაცნობიერებული ნება სარჩელის ცნობის არსსა და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით, ხოლო წარმომადგენლის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, წარმომადგენელი საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი სუბიექტი უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ შ. ს.-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე არ იქნა მხედველობაში მიღებული და შუამდგომლობა განუხილველად დარჩა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის კონტექსტში სარჩელის ცნობას უთანაბრდება, რაც სპეციალურ უფლებამოსილებას მოითხოვს. ამგვარი უფლებამოსილება კი სსიპ შ. ს.-ის წარმომადგენელს არ გააჩნდა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმა მხოლოდ ქ. ც.-ის სამსახურში აღდგენას ეხებოდა. აპელანტი მხარს უჭერდა მის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბრძანების ბათილად ცნობისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 ივნისის სხდომის ოქმი).

13. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ქ. ც. დაკავებული თანამდებობიდან არასწორად გათავისუფლდა. ამ მიმართებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ქ. ც.-ის სამსახურში გამოცხადების ობიექტურ შეუძლებლობაზე. აღნიშნულ გარემოებას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, კერძოდ, ექიმ ს. ჰ.-ის მიერ 2015 წლის 17 მაისს გაცემული სამედიცინო ცნობის თანახმად, ქ. ც.-ის ორსულობისა და მასთან დაკავშირებული ჩივილების გამო პაციენტს, სავარაუდოდ, 2015 წლის 10 დეკემბრამდე მგზავრობა არ შეეძლო (ტ.1, ს.ფ. 16-18). იგივე გარემოებას ადასტურებს 2015 წლის 22 ივნისს გაცემული ცნობაც (ტ.1, ს.ფ. 19-27). სასამართლო მხედველობაში იღებს რა ქ. ც.-ის გათავისუფლების საფუძველს, კერძოდ, შ. ს.-ის შინაგანაწესის დარღვევას, მიიჩნევს, რომ ქ. ც.-ის სამსახურში გამოუცხადებლობა საპატიო გარემოებით იყო გამოწვეული, რის თაობაზეც დამსაქმებელი ინფორმირებული იყო. შესაბამისად, არ არსებობდა ქ. ც.-ის მხრიდან შინაგანაწესის დარღვევის გამო მისი სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობები. სასამართლო, არსებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ქ. ც.-ის სხვა საფუძვლით გათავისუფლების მართლზომიერებაზე არ მსჯელობს და მხოლოდ იმ საფუძვლით შემოიფარგლება, რომელიც ქ. ც.-სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დაედო საფუძვლად.

14. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შ. ს.-ის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შ. ს.-ის უფროსის N34134 ბრძანების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურის შინაგანაწესის უხეში ან სისტემატური დარღვევა, ხოლო მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, პირდაპირ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. თუმცა, აღნიშნული ბრძანება ითვალისწინებს გამონაკლისებს, როდესაც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელია, კერძოდ, ამავე ბრძანების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა თანამშრომელი ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისათვის შეტყობინებიდან საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის (შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო) განმავლობაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა.

15. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მართალია, შრომის კოდექსი ორსული ქალის გათავისუფლების შესაძლებლობას შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევის საფუძვლით უშვებს, თუმცა, აღნიშნული გარემოება, განსახილველ შემთხვევაში, ქ. ც.-ის გათავისუფლების ბრძანების მართლზომიერად მიჩნევის საფუძვლად ვერ გამოდგება, ვინაიდან ქ. ც.-ის სამსახურში გამოუცხადებლობა დასაქმებულის ბრალის გარეშე დამდგარი ობიექტური საფუძვლით იყო განპირობებული, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ც. სამსახურში იმ საფუძვლით ვერ ცხადდებოდა, რომ მისთვის მგზავრობა გერმანიიდან საქართველოში ობიექტურად შეუძლებელი იყო, რის შესახებაც სსიპ შ. ს. ინფორმაციას ფლობდა (ტ.1, ს.ფ. 28). შესაბამისად, ქ. ც. სამსახურიდან არამართებულად გათავისუფლდა. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ორსულ ქალთა დაცვის ვალდებულება, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითაა განმტკიცებული, კერძოდ, დეკლარაციის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დედობა და ჩვილი ყრმის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევის „უხეშად“ კვალიფიკაციის მიზნებისათვის კი უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ბრალს. დარღვევის მაკვალიფიცირებელ გარემოებად „უხეში დარღვევის“ მითითება განპირობებულია იმით, რომ „უხეში“ დარღვევა მხოლოდ ბრალეული დარღვევის (განზრახვა/გაუფრთხილებლობა) შემთხვევაშია სახეზე. შესაბამისად, დარღვევის „უხეშ დარღვევად“ კვალიფიკაციის მიზნებისათვის, აუცილებელია, დამრღვევი დასაქმებულის ბრალეული ქმედება. ქმედება ბრალეულია, თუ იგი გაუფრთხილებლობით, მათ შორის, მარტივი ან უხეში გაუფრთხილებლობით არის ჩადენილი. განსახილველ შემთხვევაში კი ქ. ც., მისგან დამოუკიდებლად შექმნილი ვითარების გამო (გართულებული ორსულობა), სამსახურში გამოცხადების შესაძლებლობას მოკლებული იყო, რაც, ორსულობის თანმდევ რისკად უნდა იქნეს მიჩნეული და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, შინაგანაწესის დარღვევის საფუძვლით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობა არ უნდა გახდეს.

16. მხარეთა ახსნა-განმარტებითა და საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ც. 2015 წლის 16 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ანაზღაურებად შვებულებაში იმყოფებოდა. 2015 წლის 7 მაისიდან, ანუ შვებულების დასრულების შემდეგ ქ. ც. სამსახურში არ გამოცხადებულა და შესაბამისად, დამსაქმებლის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული ვალდებულება, რომლის სანაცვლოდაც მას შრომის ანაზღაურება უნდა მიეღო, არ შეუსრულებია. ამასთან, ქ. ც.-სთან არც შრომითი ხელშეკრულება შეჩერებულა, დასაქმებულის მხრიდან დამსაქმებლისათვის შეჩერების საფუძვლის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენლობის გამო.

17. შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით მიეცემა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.

18. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ც.-მ სსიპ შ. ს.-ს დეკრეტული შვებულების მოთხოვნით 2015 წლის 20 ივლისს მიმართა. ამავე განცხადებით ქ. ც.-მ განმარტა, რომ 2015 წლის 8 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, გერმანიაში, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიულეტინი გახსნა, ხოლო 2015 წლის 17 ივნისიდან 17 დეკემბრის ჩათვლით დეკრეტული შვებულების გახსნას ითხოვდა (ტ.1, ს.ფ. 28), რაზეც სსიპ შ. ს.-საგან უარი იმ დასაბუთებით მიიღო, რომ დეკრეტული შვებულებით სარგებლობისათვის დასაქმებული ვალდებული იყო შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის“ შესაბამისად წარმოედგინა (ტ.1, ს.ფ. 29).

19. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირებს, რომლებიც დროებით შრომისუუნარონი გახდნენ საზღვარგარეთ ყოფნისას, ან გაგზავნილი არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ, საკონსულტაციოდ, პროთეზირებისათვის, ადგილზე გაცემული შესაბამისი საბუთების საფუძველზე მიეცემათ საავადმყოფო ფურცელი საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ მკურნალობის, კონსულტაციის, პროთეზირებისათვის მთელ პერიოდზე. ამდენად, სასამართლო მითითებულ ნორმატიულ საფუძველზე დაყრდნობით განმარტავს, რომ იმ პირების სასარგებლოდ, რომლებიც დროებით შრომისუუნარონი საზღვარგარეთ გახდნენ, საავადმყოფო ფურცელს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებები გასცემენ. შესაბამისად, სწორედ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე იქნებოდა სსიპ შ. ს. დეკრეტული შვებულების მიცემისა და შესაბამისი ანაზღაურების გაცემაზე უფლებამოსილი სუბიექტი.

20. განსახილველ შემთხვევაში კი, ქ. ც.-მ, სსიპ შ. ს.-ს საქართველოში ნორმატიულად გაწერილი წესის მიხედვით, დეკრეტული შვებულების გაცემის დოკუმენტალურად დადასტურებული საფუძველი ვერ წარუდგინა. შესაბამისად, სსიპ შ. ს.-ის უარი დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე კანონშესაბამისია. აღნიშნულ დასკვნას ვერ გააქარწყლებს ფაქტი მასზედ, რომ შპს „ქ. ს. მ. ც.“-სა და შპს „ქ. N. პ. ჯ. ც.“-ის დირექტორებმა ამგვარი ცნობის (საავადმყოფო ფურცლის) გაცემაზე უარი თქვეს (ტ.1, ს.ფ. 63-64). ფაქტია, რომ სსიპ შ. ს.-ს კანონით დადგენილი წესით გახსნილი საავადმყოფო ფურცელი ვერ წარედგინა (ტ.1, ს.ფ. 105). შესაბამისად, სსიპ შ. ს.-ს შრომითი ხელშეკრულების შეჩერების კანონით დადგენილი წინაპირობები არ ჰქონდა.

21. საგულისხმოა, აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქ. ც. დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას კი არ ითხოვს, არამედ განაცდურს 2015 წლის ივნისიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე (ტ.1, ს.ფ. 117). საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ქ. ც.-ს, ორსულობის გამო, 2015 წლის დეკემბრამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაადგილების უნარი შეზღუდული ჰქონდა. შესაბამისად, მისი მოცდენა 2015 წლის მაისიდან გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე, კერძოდ, 2015 წლის 10 სექტემბრამდე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული არ იყო. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის კონტექსტში დამსაქმებლის ბრალეულობის გარეშე გამოწვეული მოცდენა ანაზღაურებას არ ექვემდებარება. უფრო მეტიც, საჯარო სამსახურში, მართალია, შრომისუუნარობის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეჩერების პირობებში მუშაკს შრომის ანაზღაურება უნარჩუნდება, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუშაკის შრომისუუნარობა კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საავადმყოფო ფურცლით დასტურდება, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული დასკვნის საფუძველია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მოხელის დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე დასტურდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს შრომითი გასამრჯელო უნარჩუნდება. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულმა (საჯარო სამსახურში), ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამსახურში გამოცხადების გარეშე შრომის ანაზღაურება მიიღოს, აუცილებელია სახეზე იყოს შრომის ხელშეკრულების შეჩერების იმგვარი წინაპირობები, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეჩერების შესაძლებლობას ადგენს. ამასთან, აღნიშნული საფუძველი დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით გაცემული საავადმყოფო ფურცლით. იგივე წესი ვრცელდება ორსულობისა და ბავშვის მოვლის გამო დეკრეტულ შვებულებაზე, რაც თავის მხრივ, ასევე შრომითი ხელშეკრულების შეჩერების საფუძველია.

22. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ც.-სთან 2015 წლის 16 ივნისიდან შრომითი ხელშეკრულება, კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, შეჩერებული არ იყო. შესაბამისად, ის სამსახურებრივ მოვალეობას შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ ახორციელებდა. ამიტომ, გათავისუფლებამდე მისთვის შრომის ანაზღაურების მიცემის სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

23. რაც შეეხება გათავისუფლების შემდგომ პერიოდს, ანუ 2015 წლის 10 სექტემბრიდან 2016 წლის 15 აპრილამდე არსებულ დროის მონაკვეთს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შრომითი ხელშეკრულება შრომითი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის (ობიექტური შეუძლებლობა) საფუძვლით შეწყდა, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში განაცდური ანაზღაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექვემდებარება, თუ მოსარჩელე განაცდურის მოთხოვნის მთელი პერიოდის განმავლობაში დაადასტურებს, რომ მას ვალდებულების შესრულების ობიექტური შეუძლებლობა აღმოფხვრილი ჰქონდა და მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობას მარტოოდენ დამსაქმებლის ბრალით ვერ ასრულებდა. ამ მიმართებით გასათვალისწინებელია გარემოება მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი ექიმ დოქტ. ს. ჰ.-ის დასკვნის მიხედვით, ქ. ც.-ს მგზავრობა 2015 წლის 10 დეკემბრამდე არ შეეძლო (ტ.1, ს.ფ. 16). სარჩელი კი სასამართლოში 2015 წლის 9 ოქტომბერს არის წარმოდგენილი (ტ.1, ს.ფ.1). საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ როდის ჩამოვიდა ქ. ც. გერმანიიდან. საგულისხმოა, რომ სარჩელი ქ. ც.-ის წარმომადგენლის მიერაა ხელმოწერილი, ხოლო უფლებამოსილება პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით არის მიღებული (ს.ფ. 13). ამდენად, სასამართლო ასკვნის, რომ ქ. ც.-ის გათავისუფლების თაობაზე 2015 წლის 10 სექტემბრის ბრძანების არარსებობის პირობებში (შეწყვეტის ბრძანების ბათილობა მის არარსებობას ნიშნავს), საქმის მასალებით არ დგინდება ქ. ც.-ის უნარი (ფიზიკური ჯანმრთელობა), ასევე შესაძლებლობა (საქართველოში ყოფნა), შეესრულებინა სამუშაო, რაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო. შესაბამისად, ეს ის შემთხვევაა, როცა მიუხედავად გათავისუფლების ბრძანების ბათილობისა, განაცდური ანაზღაურებას არ ექვემდებარება, ვინაიდან სახეზე არ არის დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენა, ანუ დასაქმებულის შესაძლებლობა და უნარი შეესრულებინა სამუშაო. ამ მიმართებით, საინტერესოა ასევე მხარეთა ახსნა-განმარტება მასზედ, რომ ქ. ც., სამსახურში აღდგენის მიუხედავად, სსიპ შ. ს.-ში საქმიანობას არ ახორციელებს აღდგენის შემდეგ შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით კვლავ შეწყვეტის გამო.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. ც.-ის სამსახურში გამოუცხადებლობა მისი ბრალით გამოწვეული არ იყო, შესაბამისად, იგი სამსახურიდან შინაგანაწესის უხეშად დარღვევის საფუძვლით არ უნდა გათავისუფლებულიყო, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ იგი ამ დროისათვის ორსული იყო და დამსაქმებელი აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდა. თავის მხრივ, მისი სამსახურიდან მოცდენა არც დამსაქმებლის ბრალით იყო განპირობებული (ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა, საქართველოში არყოფნა), შესაბამისად, მას იძულებითი მოცდენით გამოწვეული განაცდურის ანაზღაურებაზე უარი უნდა ეთქვას.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა



1. სსიპ შ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების 1.3 და 1.4 პუნქტები;

3. ქ. ც.-ს უარი ეთქვას 2015 წლის ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე განაცდურის სახით ყოველთვიურად 800 ლარის ანაზღაურებაზე;

4. ქ. ც.-ს უარი ეთქვას ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურებაზე;

5. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.