საქმის ნომერი: 1/ბ-85-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ლევან თევზაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ იმსჯელა თაღლითობის წინაპირობებზე
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-85-18 (2018-11-07), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-85-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       07 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: ვახტანგ ლობჟანიძე, გიორგი სვანიძე

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქეთევან გურაშვილი;

დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ. გ.;

მსჯავრდებული - მ. ა.-ს ძე გ., დაბადებული 19XX წლის X ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #XXXXXXXXXXX, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებული, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ.-ს ქუჩა NXX, ამჟამად პატიმარი.

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).


2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით).

სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:

მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

მ. გ.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ. გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

მ. გ.-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 თებერვლიდან.



მხარეთა პოზიციები:

მსჯავრდებულ მ. გ.-მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ.-მ (აპელანტი) მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური ანალიზიდან. განაჩენის გაუქმების საფუძველია წინასწარი გამოძიების და უკვე განაჩენის მიხედვით სასამართლოს ცალმხრივობა. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად ყველა ფაქტობრივი გარემოება და არ არსებობს, როგორც მინიმუმ, საკმარისობის თვალსაზრისით გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი მტკიცებულებები. სასამართლო განხილვისას არ გამოკვლეულა და არ ყოფილა მოპოვებული ისეთი მტკიცებულება, რომელიც ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. გ.-ს ბრალეულობას და რეალურად საქმე გვაქვს სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობასთან. დაზარალებული ნ. ს. ჩვეულებრივი ბიზნესსუბიექტი იყო ამ ურთიერთობის და წილსაც იღებდა. მ. გ.-ს შეექმნა გარკვეული ბიზნეს პრობლემები იმის გამო, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი მოხდა თურქეთში, კერძოდ, გადატრიალების პერიოდი. გარკვეული ჯგუფის დაპატიმრების გამო, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა მ. გ.-ს, ბიზნესურთიერთობების მენეჯმენტის პრობლემის და სხვებისგან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო ეს ყველაფერი შეუძლებელი გახდა. თურქ მოვალეებთან კონტაქტზე გასვლას შევძლებდით, თუმცა ის ვინც მთავარია დატოვეს საპატიმროში. სამწუხაროდ ეს ურთიერთობები მართლაც იყო დამყარებული ნდობაზე. ბიზნესურთიერთობებზე შეთანხმებულები იყვნენ და მოტყუების განზრახვა არ ქონია. გარკვეული ჩავარდნა უკავშირდებოდა მ. გ.-ს მამის მძიმე ავადმყოფობას და შემდეგ უკვე გარდაცვალებას. დაზარალებული ნ. ს. ა. ნ.-სთან და თ. გ.-სთან ურთიერთობაში არის შუამავალი. რეალურად ის აქტიურობს არა იმიტომ, რომ მ. გ.-ს ენდობა, არამედ ის პარტნიორია და მისი ინტერესი არის რომ ეს არაერთჯერადი საქმიანობა წაიყვანოს მომგებიანი გზით, მაგრამ რატომღაც ეს ფაქტი სასამართლომ მხოლოდ მ. გ.-ს დანაშაულებრივ ქმედებად შეაფასა. სასამართლომ დაუშვა და გამამტყუნებელი განაჩენს დაუდო საფუძვლად ფარული ჩანაწერი, რომელიც კანონდარღვევით და ძალადობით იქნა ჩაწერილი. ასევე ამ ჩანაწერების გარეშეც არ უარყოფდა მ. გ. ვალის არსებობას.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ. გ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენას. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის არგუმენტი, რომ დაზარალებულებსა და მსჯავრდებულს შორის იყო ბიზნესურთიერთობა. დაზარალებული ნ. ს. რომ იცნობდა მ. გ.-ს სწორედ ეს არის მთავარი არგუმენტი, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას. ნდობის, წარსული ურთიერთობის გამოყენებით გამოართვა მას ფულადი თანხა, ასევე მის ახლობლებს და ნაცნობებს გამოართვა დიდი ოდენობით ფულადი თანხები, რაც გამოიყენა პირადი მიზნებისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ატყუებდა კიდეც, რომ ტელეფონები უნდა ჩამოსულიყო და შეფერხებას ჰქონდა ადგილი, თუმცა საბოლოო ჯამში არც ტელეფონები არ ჩამოუტანა, როგორც ეს ევალებოდა შეთანხმების საფუძველზე და არც ფულადი თანხები არ იქნა დაბრუნებული. აქედან გამომდინარე, თაღლითობის მთავარი ელემენტი, რაც გულისხმობს მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებას, სახეზეა.

სასამართლომ დაადგინა:

2016 წლის ნოემბრის თვეში მ. გ.-მ ვითომდა ექვსი ცალი მობილური ტელეფონის შეღავათიან ფასებში შეძენის მიზნით ნ. ს.-სგან მოტყუებით აიღო ფულადი თანხა 7200 ლარი, საიდანაც 6500 ლარი ნ. ს.-მ ჩაურიცხა პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო 700 ლარი ქ.თბილისში, თ.-ს ქუჩაზე გადასცა ხელზე. აღნიშნულის შემდეგ მ. გ.-მ არ შეასრულა ვალდებულება და მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ფულადი თანხა, რითაც 7200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ნ. ს.-ს.

2016 წლის ნოემბრის თვეში, დიდ დიღომში, ა.-ს ხეივანზე მდებარე ჰიპერმარკეტ ,,გ.-ში“ მ. გ.-მ ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ვითომდა 23 ცალი მობილური ტელეფონის შეღავათიან ფასებში შეძენის მიზნით მოტყუებით ა. ნ.-სგან აიღო ფულადი თანხა 13000 ლარი, ხოლო თ. გ.-სგან 13100 ლარი. მ. გ.-მ არ შეასრულა ვალდებულება და ფულადი თანხა მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით ა. ნ.-ს მიადგა 13000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი, ხოლო თ. გ.-ს - 13100 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით:

დაზარალებულ ნ. ს.-ს ჩვენებით დადგინდა, რომ ახლობელმა გააცნო მ. გ., რომელსაც ჰქონდა საკუთარი ფირმა და ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონები საქართველოში შემოჰქონდა ღირებულების ნახევარ ფასად გასაყიდად. 2016 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში დაუკავშირდა მ. გ.-ს და შეთანხმდნენ, რომ ანგარიშის ნომერზე ჩაურიცხავდა თანხას და ჩამოუტანდა ,,აიფონ 5“-ს ფირმის მობილურ ტელეფონს. მ. გ.-ს მობილური ტელეფონის საფასური, 350 ლარი ჩაურიცხა პირად ანგარიშზე, რომელმაც თანხის ჩარიცხვიდან დაახლოებით ორ კვირაში მიუტანა მობილური ტელეფონი. მან იფიქრა, რომ მ. გ. იყო სერიოზული ადამიანი, შეუკვეთა სხვადასხვა მობილური ტელეფონი და ჩაურიცხა 7700 ლარი. მ. გ.-მ ამ შემთხვევაშიც ჩამოუტანა. აღნიშნულის შემდეგ უთხრა, რომ ტელეფონების ჩამოტანა აღარ უნდოდა, თუმცა მ. გ.-მ უთხრა, რომ მეტი მობილური ტელეფონის შეკვეთა სჭირდებოდა და თუ შეუკვეთავდა კიდევ ჩამოუტანდა. 2016 წლის ნოემბრის თვეში, კვლავ შეუკვეთა 4 ცალი ,,აიფონ 7“ და 2 ცალი ,,აიფონ 6“ ფირმის მობილური ტელეფონები, რისთვისაც ნოემბრის თვეში, ქ.თბილისში, თ.-ს ქუჩაზე ხელზე გადასცა 700 ლარი. ამავე თვეში 6500 ლარი გადაურიცხა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით ორჯერ, ასევე პირადი საბანკო ანგარიშიდან განახორციელა გადარიცხვა მ.- გ.-ს საბანკო ანგარიშზე. საბოლოო ჯამში მ. გ.-ს მობილური ტელეფონების ჩამოსატანად გადასცა 7200 ლარი. მობილური ტელეფონები მ. გ.-ს ორ კვირაში უნდა ჩამოეტანა, მაგრამ პირობა არ შეასრულა, მოატყუა და აღარ ჩამოუტანა, რის გამოც მიმართა პოლიციას.

დაზარალებულ თ. გ.-ს ჩვენებით გაირკვა, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში სიდედრის - ნ. ს.-სგან გაიგო, რომ მ. გ.-ს ფაქტიურად ნახევრად ფასად ჩამოჰქონდა ტექნიკა. თავდაპირველად უნდოდა ტექნიკა პირადი მოხმარებისთვის შეეძინა, შემდეგ გადაწყვიტა ბიზნესის სახე მიეცა. 2016 წლის ნოემბრის თვეში, ბიზნესპარტნიორ - ა. ნ.-სთან ერთად ,,გ.-ში“ არსებულ კაფეში შეხვდა მ. გ.-ს და შეთანხმდნენ, რომ 15 ცალ ,,აიფონ 7“-ს, თითოეულს 1100 ლარად ჩამოუტანდა ორი კვირის ვადაში. ა. ნ.-სთან ერთად, გ.-ს ტერიტორიაზე შეხვდა მ. გ.-ს და ხელზე გადასცა 16500 ლარი. მეორე დღეს დაუკავშირდა მ. გ. და უთხრა, რომ სხვა მობილური ტელეფონების ჩამოტანაც შეეძლო, რაზეც დათანხმდნენ და გუდვილის ტერიტორიაზე ა. ნ.-სთან ერთად, 8 ცალი ,,აიფონ 7 ჯექ-ბლექის“ ჩამოსატანად მ. გ.-ს ხელზე გადასცა 9600 ლარი. შემთხვევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, მ. გ. პერიოდულად უკავშირდებოდა და სხვადასხვა მიზეზით ცდილობდა მობილური ტელეფონების ჩამოსატანად დროის გაწელვას. შემდეგ დარწმუნდა, რომ მ. გ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ,,აფერისტობას“ და მიმართა პოლიციას. დაზარალებულის განმარტებით, მ. გ.-ს შეუკვეთეს 23 ცალი ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რისთვისაც გადუხადეს 26100 ლარი, საიდანაც 13100 ლარი იყო მისი, ხოლო 13000 ლარი ა. ნ.-სი. ამასთან, თანხის გადაცემის ყველა შემთხვევას მასთან ერთად ესწრებოდა ა. ნ.. მ. გ.-ს მობილური ტელეფონები არ ჩამოუტანია და არც ფულადი თანხა დაუბრუნებია მათთვის. შემთხვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიძაშვილთან და ა. ნ.-სთან ერთად ,,გ.-ში“ შეხვდა მ. გ.-ს, რომელმაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაწერა ხელწერილი, სადაც მიუთითა, რომ მათ თაღლითური გზით გამოსძალა 35000 ფულადი თანხა, რაშიც შედიოდა მისი სიდედრისათვის გადასაცემი თანხაც. ამასთან, იძულებისა და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მ. გ.-ს მონაწილეობით გაკეთდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც მიუტანა გამოძიებელს, მოხდა დათვალიერება და შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმები, რომელსაც ხელი მოაწერა, ხოლო წარდგენილი ვიდეომასალა და ხელწერილი დაიტოვა გამომძიებელმა.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა თავის ჩვენებაში დაზარალებულმა ა. ნ.-მ, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში, თ. გ.-სთან ერთად ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას. მ. გ.-მ თ. გ.-ს ნათესავს ნ. ს.-ს უთხრა, რომ დუბაიდან იწერდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ძალიან იაფ ფასებში შესთავაზა შეძენა. გ.-მ რამდენჯერმე ნ. ს.-ს შეღავათიან ფასებში მიაწოდა ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი, რითაც მისი ნდობა მოიპოვა. აღნიშნულის შემდეგ, ნ. ს.-ს დახმარებით დაუკავშირდნენ მ. გ.-ს, რომელიც 2016 წლის ოქტომბრის თვეში ქ.თბილისში, დიღომში მდებარე ,,გ.-ში“ არსებულ კაფეში თ. გ.-სთან ერთად შეხვდა. მ. გ.-მ მათ უთხრა, რომ ჰქონდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და ,,დღგს“ ჩათვლით შეეძლო მათთვის მიეყიდა ახალგამოსული აიფონის ტიპის მობილური ტელეფონები, რაც კიდევ ერთხელ გახდა მათი მხრიდან მ. გ.-ს ნდობის ფაქტორი. მოილაპარაკეს, რომ მ. გ.-ს გადასცემდნენ თანხას აიფონის ფირმის მობილური ტელეფონების შესაძენად და დაშორდნენ ერთმანეთს. შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბრის თვეში სუპერმარკეტ ,,გ.-ს“ ტერიტორიაზე შეხვდნენ მ. გ.-ს, სადაც მან და თ. გ.-მ 15 ცალი ,,აიფონ 7-ის“ შესაძენად გადასცეს 16500 ლარი, რადგან თითო აიფონი უნდა ჩამოეტანა 1100 ლარად მაქსიმუმ 20 დღეში. 2016 წლის ნოემბრის თვეში მ. გ. მათ დაუკავშირდა და უთხრა, რომ ხელზე ჰქონდა ძალიან მაგარი ახალი ,,აიფონ ჯექ-ბლექები“, რომლებიც თანხის გადახდის შემთხვევაში შეეძლო მიეწოდებინა, ხოლო თითო ,,აიფონ ჯექ-ბლექის“ ღირებულება შეადგენდა 1200 ლარს. თ. გ.-სთან ერთად ქ. თბილისში, დიდ დიღომში მდებარე გ.-ს ტერიტორიაზე კვლავ შეხვდა მ. გ.-ს, სადაც გადასცა 8 ცალი ,,აიფონ ჯექ -ბლექის“ შესაძენი თანხა, რა დროსაც მ. გ.-მ უთხრა, რომ მეორე დღეს მიუტანდა, რადგან მობილური ტელეფონები ჩამოტანილი ჰქონდა, თუმცა თანხის გადაცემის შემდეგ გათიშა მობილური ტელეფონი. აღნიშნული შემთხვევიდან რამდენიმე ხანში, თ. გ.-სთან ერთად შეხვდა მ. გ.-ს, რომელმაც უთხრა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, არ ეწეოდა არანაირ საქმიანობას და არსაიდან არ ჩამოჰქონდა მობილური ტელეფონები, აღნიშნულის მსგავსად ის სხვებსაც ატყუებდა, რის გამოც დააწერინეს ხელწერილი და თ. გ.-ს მობილური ტელეფონის საშუალებით გადაიღეს ვიდეო, სადაც მ. გ. ამბობდა, რომ არ ეწეოდა არანაირ საქმიანობას, ისინი მოატყუა და არანაირი ტელეფონები არ ჩამოჰქონდა. დაზარალებულის განმარტებით, საბოლოო ჯამში მ. გ.-ს გადასცეს 26100 ლარი, საიდანაც 13000 ლარი იყო უშუალოდ მისი, ხოლო 35000 ლარი, რაზეც ვიდეო ჩანაწერშია სუაბარი, მათგან წაღებული თანხის გარდა შეადგენდა, ასევე თ. გ.-ს ნათესავისგან - ნ. ს.-გან აღებულ თანხას. მ. გ.-ს მათთვის არც მობილური ტელეფონები ჩამოუტანია და არც ფულადი თანხა დაუბრუნებია, რის გამოც უშუალოდ მას მიადგა 13000 ლარის მატერიალური ზიანი.

მოწმე მ. გ.-ს ჩვენებით გაირკვა, რომ მ. გ. არის მისი მამიდაშვილი, რომელსაც პრობლემები ჰქონდა ვალებთან დაკავშირებით. 2017 წლის ივნისის თვეში, მ. გ.-მ სთხოვა თანხა, რომელიც სჭირდებოდა მობილური ტელეფონის და ტელევიზორის შესაძენად, რომლებიც სხვისთვის უნდა გადაეცა. მან უთხრა, რომ თანხა არ ჰქონდა, თუმცა გაყვებოდა მაღაზიაში და ნივთებს განვადებით გამოატანინებდა. მაღაზიაში მობილური ტელეფონის და ტელევიზორის შესაძენად დაუმტკიცდა 5000 ლარიანი სესხი. გაფორმდა 2 წლიანი განვადების ხელშეკრულება და გამოტანილი იქნა ზემოაღნიშნულ ნივთები, რომლებიც მ. გ.-მ წაიღო. ნივთების გამოტანის გამო ყოვეთვიურად იხდის 210 ლარს.

მოწმე ბ. ს.-ს ჩვენებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა ნ. ს.-ს მიერ წარდგენილი ქვითრები, სადაც ასახული იყო ნ. ს.-ს მიერ განოხრიციეილებული თანხის ჩარიცხვები მ. გ.-სთვის. ასევე დაათვალიერა თ. გ.-ს მიერ წარდგენილი მ. გ.-ს ხელწერილი და ვიდეოჩანაწერი, სადაც მ. გ. აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. მ. გ.-სგან აიღო ხელმოწერის ნიმუში, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა შემდგომში კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება და ნიმუშის შედარება მ. გ.-ს მიერ შედეგენილ ხელწერილთან. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2017 წლის 28 თებერვალს თანამშრომლებთან ერთად დააკავა მ. გ., რომლისგანაც მისივე თანხმობით და ექსპერტის მონაწილეობით განხორციელდა ჰაბიდოსკპიური ნიმუშის აღება მე-8 დაწესებულაბაში. თ. გ.-მ მას წარუდგინა მობილურ ტელეფონში ჩაწერილი ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც დათვალიერების შემდეგ გადატანილი იქნა კომპიუტერში, საიდანაც მონტაჟის გარეშე გადატანილ იქნა დისკზე და მოხდა მისი სათანადო წესით დალუქვა.

მოწმე ი. მ.-ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 21 მარტს მონაწილეობა მიიღო მ. გ.-სგან ჰაბიტოსკოპიური ნიმუშის აღებაში. აღებული ნიმუში სათანადო წესით დაილუქა გაკეთდა ხელმოწერები და შედგენილი იქნა შესაბმისი ოქმი, დაფიქსირდა საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა და შედეგები, რომლის სისწორეც დაადასტურა ხელმოწერით.

მოწმე ლ. ს.-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით გაირკვა, რომ წლის 5 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამომძიებელს პირადად გადასცა სს ,,საქართველოს ბანკში“ არსებული ინფორმაცია მ. გ.-ს საბანკო ანგარიშების შესახებ 17 ფურცლად, რის შემდეგაც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელშიც სრულად იქნა ასახული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და შედეგები.

მოწმე ნ. ჩ.-ს ჩვენებით დადგინდა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სს ,,საქართველოს ბანკიდან“ კანონით დადგენილი წესით გამოითხოვა ინფორმაცია, რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.
სასამართლოში საქმის განხილვისას, მ. გ.-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ დაზარალებულებთან აკავშირებდა მხოლოდ ბიზნესგარიგება, არანაირი თაღლითობა არ ჩაუდენია, გამოართმეული თანხების დაბრუნებას აპირებდა და არავინ არ მოუტყუებია.

2016 წლის 3 დეკემბრის ხელწერილის თანახმად, მ. ა.-ს ძე გ. დაბადებული 19XXწლის X ნოემბერს აღიარებს, რომ მოქალაქე თ. გ.-სგან და ა. ნ.-სგან მოტყუების გზით აიღო 35000 ლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 20 დღეში. ხელწერილი დაწერილია მ. გ.-ს ხელით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე და თანხას დააბრუნებს 2016 წლის 5 დეკემბერს, რასაც ადასტურებს ხელისმოწერით.

2017 წლის 10 იანვრის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებული იქნა თ. გ.-ს მიერ წარდგენილი მ. გ.-ს მიერ 3.12.2016 წელს დადებული ხელწერილი და მობილური ტელეფონის მეშვეობით გადაღებული ვიდეოფაილი. მ. გ.-ს მიერ დადებული ხელწერილის დათვალიერების თანახმად, მ. გ. აღიარებს, რომ მას თ. გ.-სგან და ა. ნ.-სგან აღებული აქვს 35000 ლარი. აღნიშნული ხელწერილის ასლი დათვალიერების შემდეგ დაერთო ოქმს, ხოლო დედანი დოკუმენტი მოთავსდა კონვერტში და დაილუქა სათანადო წესით. თ. გ.-ს მიერ გადაღებული ვიდეოფაილში აღბეჭდილია მ. გ.-ს საუბარი, სადაც ის აღიარებს ფულადი თანხის მითვისების ფაქტს. ფაილი მოთავსებულია თ. გ.-ს მობილურ ტელეფონში, რის შემდეგ ფაილი გადატანილი იქნა სამსახურეობრივ პერსონალურ კომპიუტერში და ატვირთული საგამოძიებო პროგრამის გარე ფაილებში, რის შემდეგად მითითებული ვიდეოფაილი ჩაწერილი იქნა DVD-RW დისკზე, რომელიც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს NXX/12 ლუქით.

2017 წლის 10 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ნ. ს.-ს მიერ წარდგენილი 2 ცალი ქვითარი. ნ. ს.-ს მიერ წარდგენილი ქვითარები გაცემული არის ,,საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მიერ, რომელსაც უკანა მხარეს აქვს შემდეგ წარწერა - ,,EXPRESS BANK www.ebank.ge”. პირველი ქვითარი გაცემულია 10/11/2016 15:15 საათზე, ანგარიშის ნომერზე მითითებულია - GEXXBG0000000XXXXXXXXX, სადაც მომხმარებელში მითითებულია მ. გ., ხოლო შეტანილ თანხაში მითითებულია 1500 ლარი და ტერიმანლის ნომერი XXX. მეორე ქვითარი გაცემულია 10/11/2016 15:16 საათზე, ანგარიშის ნომერზე მითითებულია - GEXXBG0000000XXXXXXXXX, ხოლო მომხმარებელში მითითებულია მ. გ., სადაც შეტანილ თანხაში მითითებულია 300 ლარი და ტერიმანლის ნომერი XXX. აღნიშნული ქვითრები ამოღებული იქნა კანონით დადგენილი წესით და დაილუქა სათანადო წესით.

2017 წლის 10 იანვრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, გამომძიებლის მონაწილეობით მ. გ.-საგან აღებული იქნა ამ უკანასკნელის ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები ორ ფურცლად. მ. გ.-სგან აღებული ნიმუში მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ვაკე-საბურთალოს NXX/12 ლუქით.

2017 წლის 18 იანვრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გრაფიკული ექსპერტიზის NXX/გრ დასკვნის თანახმად, 2016 წლის 3 დეკემბრით დათარიღებული ხელწერილის ხელნაწერი ტექტსი და მასზე მ. გ.-ს სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია მ. გ.-ს მიერ.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. რ.-მ.
2017 წლის 24 იანვრის დათვალიერების ოქმის და სს ,,საქართველოს ბანკში“ გახსნილი ანგარიშის ამონაწერების თანახმად, დათვალიერებული იქნა ნ. ს.-ს მიერ წარდგენილი მისი სს ,,საქართველოს ბანკში“ გახსნილი ანგარიშის ამონაწერი, სადაც ანგარიშის მფლობელად მითითებულია ნ. ს. - GEBG0000000XXXXXXXXX. აღნიშნული ამონაწერით დგინდება: 1) 11.11.2016 წელს ნ. ს.-მ განახორციელა 2 გადარიცხვა და თანხის ორივე შემთხვევაში მიმღებად მითითებულია გ. მ. - ანგარიშის ნომერი GEXXNG0000000XXXXXXXXXGEL, ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“ BAXXGEXX, დანიშნულება - პირადი და თანხის გრაფაში მითითებული არის 1,150 და 550 ლარი, 2) 14.11.2016 წელს ნ. ს.-მ განახორციელა გადარიცხვა და თანხის მიმღებად მითითებულია გ. მ. - ანგარიშის ნომერი GEXXNG0000000XXXXXXXXXGEL, ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“ BAXXGEXX, დანიშნულება - პირადი და თანხის გრაფაში მითითებული არის 100 ლარი, 3) 16.11.2016 წელს ნ. ს.-მ განახორციელა გადარიცხვა და თანხის მიმღებად მითითებულია გ. მ. - ანგარიშის ნომერი GEXXNG0000000XXXXXXXXXGEL, ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“ BAXXGEXX, დანიშნულება - პირადი და თანხის გრაფაში მითითებული არის 150 ლარი, 4) 17.11.2016 წელს ნ. ს.-მ განახორციელა გადარიცხვა და თანხის მიმღებად მითითებულია გ. მ. - ანგარიშის ნომერი GEXXNG0000000XXXXXXXXXGEL, ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“ BAXXGEXX, დანიშნულება - პირადი და თანხის გრაფაში მითითებული არის 350 ლარი, 5) 18.11.2016 წელს ნ. ს.-მ განახორციელა გადარიცხვა და თანხის მიმღებად მითითებულია გ. მ. - ანგარიშის ნომერი GXXNG0000000XXXXXXXXXGEL, ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“ BAXXGEXX, დანიშნულება - პირადი და თანხის გრაფაში მითითებული არის 1,150 ლარი, 6) 21.11.2016 წელს ნ. ს.-მ განახორციელა გადარიცხვა და თანხის მიმღებად მითითებულია გ. მ. - ანგარიშის ნომერი GEXXNG0000000XXXXXXXXXGEL, ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“ BAXXGEXX, დანიშნულება - პირადი და თანხის გრაფაში მითითებული არის 1,150 ლარი, 7) 28.11.2016 წელს ნ. ს.-მ განახორციელა გადარიცხვა და თანხის მიმღებად მითითებულია გ. მ. -ანგარიშის ნომერი GEXXNG0000000XXXXXXXXXGEL, ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“ BAXXGEXX, დანიშნულება - პირადი და თანხის გრაფაში მითითებული არის 100 ლარი.

2017 წლის 28 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, მ. ა.-ს ძე გ. ქ. თბილისში, ვ.-ს ქუჩა NXX-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მშვიდ ვითრებაში დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რომელიც დაკავების შემდეგ მიყვანილი იქნა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში.
2017 წლის 21 მარტის მ. გ.-ს ჰაბიტოსკოპიური ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, გამომძიებლისა და ექსპერტების მონაწილეობით მ. გ.-საგან აღებული იქნა ჰაბიტოსკოპიური ნიმუში ,,ნოკიას“ ფირმის ფოტოაპარატის მეშვეობით, რომლითაც გადაღებული იქნა ფოტო კადრი, რომელიც კომპიუტერის მეშვეობით გადატანილი იქნა CD-R დისკზე და დაილუქა FCD67XXXX შტრიხკოდით.

2017 წლის 27 მარტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის NXXX/ჰ დასკვნის თანახმად, 1) სს N007100XXXXXX საქმესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე წარდგენილ N1 ლაზერულ დისკზე არსებულ ვიდეოგრამიდან, სახელწოდებით - ,,video-X-XX-XX- XXXXXX51c32c17d1144d41f95b98ec07cee31aa3ebe7cc9e9e0b10d54fec 9140-V. mp4” ამოღებული ფოტოსურათზე დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; 2) გამოკვლევაზე წარდგენილი N2 დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; 3) გამოკვლევაზე წარდგენილ N1 ლაზერულ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან, სახელწოდებით - ,,video-XXXXXXXXXXXXXX32c17d1144d41f95b98ec07cee31aa3ebe7cc9e9e0b10d54fec 9140-V. mp4” დაწყებიდან 00:00:10 საათზე (ფოტო N4) ამოღებულ ფოტოსურათზე და N2 ლაზერულ დისკზე არსებულ ფოტოსურათზე სახელწოდებით - ,,DSC_00XX.JPG” (ფოტო N7) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება და 4) ფოტოსურათები დამუშავდა გრაფიკულ რედაქტორ ,,Adobe Photoshop CS6”-ში, მათზე ასახული მოქმედებების, მათი თანმიმდევრობის და შინაარსობრივი ხასიათის სახეცვლილების გარეშე.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ. ხ.-მ.
2017 წლის 27 მარტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის NXX/ფ დასკვნით დადგენილია, რომ 1) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება და 2) ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოგრამა გაშიფრულია ტექსტობრივად და წარმოდგენილია ცალკე დანართის სახით.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე. კ.-მ, რომელმაც განმარტა, რომ მას მოცემული შეთხვევის დროს ლაზერული დისკი გამოსაკვლევად წარედგინა დალუქული სახით.

2017 წლის 5 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, სს ,,საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელ - ლ. ს.-სგან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა სს ,,საქართველოს ბანკში“ მ. გ.-ს სახელზე არსებული ანგარიშის ამონაწერები, საბანკო ოპერაციები და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია - 2016 წლის 30 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე დროის პერიოდში.

2017 წლის 10 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, თ. გ.-სგან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა 2016 წლის 3 დეკემბერით დათარიღებული მ. გ.-ს ვიდეოჩანაწერი. აღნიშნული ვიდეოჩანაწერში მ. გ. აღიარებს, რომ მან თ. გ.-ს მოტყუების გზით გამოართვა 35000 ლარი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების საფუძველზე პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულის გამართლების შესახებ, ვინაიდან აპელანტის პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. გ.-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება)

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რაც თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაში. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი - მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, რაც შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვით, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით, ხოლო მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით“.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად, სასამართლოს ყველა სახის საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი.

სააპელაციო პალატას სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული და საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია და სადავო არ არის, რომ მ. გ.-ს დაზარალებულების - ნ. ს.-ს, თ. გ.-ს და ა. ნ.-ს მიმართ გააჩნია ფინანსური ვალდებულებები, რასაც არც თავად მსჯავრდებული უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს პირის განზრახვა, რომ მას ამოძრავებდა სხვისი ნივთის (ქონების) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, მისი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო თუ არა მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღებისაკენ. კერძოდ, მათ შორის არსებული ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, შეგნებულად შეიყვანა თუ არა დაზარალებულები შეცდომაში.

პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიაჩნია, რომ მ. გ.-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები. კერძოდ: დაზარალებულ ნ. ს.-ს ჩვენებით დადასტურდა, რომ 2016 წლის ნოემბერში, მ. გ.-ს 4 ცალი ,,აიფონ 7“ და 2 ცალი ,,აიფონ 6“ ფირმის მობილური ტელეფონების შესაძენად, ქ. თბილისში, თ.-ს ქუჩაზე ხელზე გადასცა 700 ლარი, ხოლო 6500 ლარი ამავე თვეში ორჯერ გადაურიცხა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით, ასევე პირადი საბანკო ანგარიშიდან განახორციელა გადარიცხვა მ. გ.-ს საბანკო ანგარიშზე. საბოლოო ჯამში მ. გ.-ს მობილური ტელეფონების ჩამოსატანად გადასცა 7200 ლარი, რომელსაც ორი კვირის ვადაში უნდა ჩამოეტანა, მაგრამ მოატყუა, პირობა არ შეასრულა და აღარ ჩამოუტანა. დაზარალებულების ჩვენებას ადასტურებს ასევე 2017 წლის 24 იანვრის დათვალიერების ოქმი და ,,საქართველოს ბანკიში “ გახსნილი ანგარიშის ამონაწერები, რომლის თანახმადაც, 2016 წლის 11 ნოემბერს ნ. ს.-მ განახორციელა ორი გადარიცხვა და თანხის მიმღებად ორივე შემთხვევაში მითითებულია მ. გ.. დაზარალებულ თ. გ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში ა. ნ.-სთან ერთად ,,გ.-ში“ არსებულ კაფეში შეხვდა მ. გ.-ს და შეთანხმდნენ, რომ 15 ცალ ,,აიფონ 7“-ს, თითოეულს 1100 ლარად ჩამოუტანდა 2 კვირის ვადაში. გ.-ს ტერიტორიაზე ა. ნ.-სთან ერთად შეხვდა მ. გ.-ს და ხელზე გადასცა 16500 ლარი, 15 ცალი ,,აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონის ჩამოსატანად. მეორე დღეს კვლავ დაუკავშირდა მ. გ. და უთხრა, რომ სხვა მობილური ტელეფონების ჩამოტანაც შეეძლო, რაზეც დათანხმდნენ და გუდვილის ტერიტორიაზე ა. ნ.-სთან ერთად, 8 ცალი ,,აიფონ 7 ჯექ-ბლექის“ ჩამოსატანად მ. გ.-ს ხელზე გადასცა 9600 ლარი. შემთხვევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მ. გ. პერიოდულად უკავშირდებოდა და სხვადასხვა მიზეზებით ცდილობდა მათთვის ტელეფონების ჩამოსატანად დროის გაწელვას. მ. გ.-ს შეუკვეთეს 23 ცალი ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რისთვისაც გადუხადეს 26100 ლარი. აქედან 13100 ლარი იყო მისი, ხოლო 13000 ლარი ა. ნ.-სი, თუმცა მ. გ.-ს არც მობილური ტელეფონები მოუტანია და არც ფულადი თანხა დაუბრუნებია მათთვის. ანალოგიური გარემოება დასტურდება დაზარალებულ ა. ნ.-ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, რომელმაც უჩვენა, რომ მ. გ.-სათვის თანხის გადაცემის შემდეგ ამ უკანასკნელმა გათიშა მობილური ტელეფონი, ხოლო აღნიშნული შემთხვევიდან რამდენიმე ხანში თ. გ.-სთან ერთად შეხვდა მ. გ.-ს, რომელმაც უთხრა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, არ ეწეოდა არანაირ საქმიანობას, არსაიდან არ ჩამოჰქონდა მობილური ტელეფონები და ატყუებდა სხვა ადამიანებსაც, რის გამოც დააწერინეს ხელწერილი და თ. გ.-ს მობილური ტელეფონის საშუალებით გადაიღეს ვიდეო.

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ მ. გ.-ს უდანაშაულობის შესახებ და მის შეფასებებს მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლითაც ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობის ტვირთი, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. მსჯავრდებულის პოზიციები ეწინააღმდეგება რეალურად განვითარებულ მოვლენებს და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ. გ. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულ ნ. ს.-ს კუთვნილ 7200 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ვითომდა 23 ცალი მობილური ტელეფონის შეღავათიან ფასებში შეძენის მიზნით მოტყუებით ა. ნ.-სგან აიღო ფულადი თანხა 13000 ლარი, ხოლო თ. გ.-სგან 13100 ლარი. მ. გ.-მ არ შეასრულა ვალდებულება და ფულადი თანხა მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედებით ა. ნ.-ს მიადგა 13000 ლარის დიდი ოდენობით ზიანი, ხოლო თ. გ.-ს - 13100 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის არგუმენტებს, რომ მ. გ.-ს ქმედება წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი დავის საგანს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. იმისთვის, რომ პირის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედება მიჩნეულ იქნეს სამოქალაქო-სამართლებრივ დავად, ერთ-ერთი მხარის ქმედებაში არ უნდა ვლინდებოდეს ისეთი სუბიექტური ნიშანი, როგორიცაა მოტყუება, რაც მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ. გ.-ს ქმედებაში სახეზეა. პალატა აღნიშნავს, რომ თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო-სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობა დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს . წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით კი დასტურდება, რომ დაზარალებულები ენდობოდნენ მ. გ.-ს, რადგან ამ უკანასკნელმა ქმედების ჩადენამდე დაზარალებულ - ნ. ს.-ს რამდენჯერმე შეუძინა ნივთები შეღავათიან ფასებში. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო ა. ნ.-სთვის და თ. გ.-სთვის, რის გამოც ისინიც ენდობოდნენ მ. გ.-ს, რომელმაც ბოროტად ისარგებლა ამ ნდობით და დაზარალებულებს მოტყუებით გამოართვა ფულადი თანხმები. ამასთან, დაზარალებულებს - ა. ნ.-ს და თ. გ.-ს ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, ჰქონდათ ზეპირი თუ წერილობითი ხელშეკრულებების გაფორმების გამოცდილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, გადასცეს ფულადი თანხები მობილური ტელეფონების შესაძენად.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“ - სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

აპელანტის მოსაზრებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, დაზარალებულ თ. გ.-ს მიერ იძულების და ზეწოლის შედეგად განხორციელებულ ვიდეო-ჩანაწერს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. გ.-ს ბრალეულობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერი არც გამხდარა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ძირითადი საფუძველი, საქმეში წარმოდგენილია არაერთი პირდაპირი მტკიცებულება და განაჩენი ემყარება სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებს, 2016 წლის 3 დეკემბერს მ. გ.-ს მიერ შედგენილი ხელწერილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის გრაფიკული ექსპერტიზის NXX/გრ და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის NXXX/ჰ დასკვნებს, სს ,,საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი ნ. ს.-ს და მ. გ.-ს საბანკო ანგარიშების ამონაწერებს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით ნ. ს.-ს მიერ მ. გ.-ს აგნარიშზე განხორციელებული ჩარიცხვების ამსახველ ქვითრებს და სხვა წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც, პალატის აზრით, საკმარისია მ. გ.-ს მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პოზიციაზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ბრალდების მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებული 2016 წლის 3 დეკემბრით დათარიღებული ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაციის შინარსობრივი მხარე სრულ თანხვედრაშია დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა გაანალიზება ცხადყოფს, რომ მ. გ.-მ აღიარა ის გარემოება, რომ მან დაზარალებულისგან მოტყუების გზით მართლსაწინაარმდეგოდ მიისაკუთრა სხვისი ფულადი თანხები, პირველ შემთხვევაში 7200 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 26100 ლარი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დისკი, რომელზეც ასახულია მ. გ.-ს და დაზარალებულებს - ა. ნ.-ს და თ. გ.-ს შეხვედრა, რა დროსაც მ. გ. აღნიშნავს, რომ მან თ. გ.-ს მოტყუების გზით გამოსძალა 35000 ლარი, რასაც ადასტურებს ყოველგვარი ზეწოლისა და ძალდატანების გარეშე. ნივთმტკიცებები დემონსტრირებისა და დათვალიერების შემდეგ დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია და სამართალწარმოების განხორციელებისას შემოწმებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა, მის მიერ განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი, ზეპირსიტყვიერი ვარაუდები, ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს მ. გ.-ს მიმართ შერაცხულ ბრალდებებს.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც არათუ უარყოფდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას, არამედ ეჭვს მაინც შექმნიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასა და უტყუარობაზე, რაც საბოლოოდ მსჯავრდებულის სასარგებლოდ იქნებოდა გადაწყვეტილი.

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნაჩადენილი ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას მ. გ.-ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცის პრინციპს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და ისე განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და ამავე მუხლის მე-3 ნაწილებით სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებებს, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ. გ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი მ. გ.-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. გ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი მ. გ.-ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

მ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

მ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ. გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

მ. გ.-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 28 თებერვლიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები: ორი ცალი ქვითარი, თ. გ.-ს მიერ წარდგენილი ვიდეოფაილი გადატანილი 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, მ. გ.-ს ხელმოწერის ნიმუში, ხელწერილი და ჰაბიდოსკოპიური ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.


მოსამართლე: ლევან თევზაძე