ნახვები: 225
საქმის ნომერი: 1/ბ-247-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2კ-389აპ.-16
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-247-16 (2016-05-11), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-247-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       11 მაისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ავთანდილ ნასყიდაშვილი

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ. ყ.;

დაცვის მხარე:

გამართლებული - გ. ბ., დაბადებული XXXX წლის X ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი NXXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე, დროებით მცხოვრები: ქ.თ., გ., პ.-ის ა.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დ.-თა დ..

ადვოკატი - კ. შ.;

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

სასჯელი:

გ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ. ყ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, გ. ბ.-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შემდეგ გარემოებათა გამო: გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ გ. ბ.-მა ნ. ს.-ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი. სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება, რომ სახეში ერთხელ გარტყმის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბრალდების მხარისთვის უცნობია რა დოკუმენტი ან სხვა რა სახის მტკიცებულება უნდა წარედგინა ბრალდებას სასამართლოსთვის, რომლითაც დადასტურდებოდა ფიზიკური ტკივილის განცდა. ტკივილი არის შეფასებითი, ამასთან არ შეიძლება მისი გაიგივება ძლიერ ფიზიკურ ტკივილთან და ფიზიკურ ტანჯვასთან (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო: გ. ბ.-ს ხელი არ დაურტყამს სახის არეში დაზარალებულისთვის, მისი გაღიზიანება და აღელვება გამოიწვია პატრიარქის შეურაცხყოფამ და უბრალოდ ხელი ჰკრა მას. დაცვის მხარე ეთანხმება განაჩენში მითითებულ მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებული არ განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ. ს.-ს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულება არ წარმოუდგენია ბრალდების მხარეს. დაზარალებულის ჩვენება ძლიერი ტკივილის განცდის შესახებ ვერ იქნება მიჩნეული ისეთ მტკიცებულებად, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ბ.-ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით, გ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2013 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ.თ.-ში, მ-ის დ., მე-X მ/რ-ნი, XX-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ბ.-მა, განსხვავებული რელიგიური შეხედულების გამო, ნ. ს.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, სახის არეში გაარტყა ხელი, რასაც არ გამოუწვევია ფიზიკური ტკივილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენში სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენელ ელემენტებს. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ გ. ბ.-მა მხოლოდ ერთხელ გაარტყა ხელი ნ. ს.-ს რაც მოწმობს, რომ გ. ბ.-ის მხრიდან ნ. ს.-ს ცემას ადგილი არ ჰქონია. ბრალდების დასადასტურებლად აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს წარმოედგინა და გამოეკვლია ჯანმრთელობის დაზიანების დამადასტურებელი შეთანხმებული მტკიცებულებები, რაც საქმეში არ მოიპოვება. ფიზიკური ტკივილის დასადგენად საკმარისი არ არის მხოლოდ დაზარალებულის განმარტება, რომ მან ფიზიკური ტკივილი შეიგრძნო. მართალია, დარტყმის ადგილს წარმოადგენდა სახის მარცხენა მხარე, რომელ მხარეზეც ნ. ს.-ს დაბადებიდან აქვს თვალის ფტოზი, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით ფტოზი არის ქუთუთოს დაწევა, არ არის მტკივნეული და ამ ადგილას დარტყმას ტანჯვის გამომწვევი ფიზიკური ტკივილი, სავარაუდოდ, არ მოჰყოლია.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს გამამართლებელი განაჩენი გ. ბ.-ის მიმართ.

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ.თ.-ში, მ-ის დ., მე-X მ/რ-ნი, XX-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ბ.-მ განსხვავებული რელიგიური შეხედულების გამო წარმოქმნილი კამათისას, ნ. ს.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის არეში გაარტყა ხელი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

გ. ბ.-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და უარყო დაზარალებულ ნ. ს-ზე სახის არეში ხელის დარტყმის ფაქტი. განმარტა, რომ რელიგიური შეხედულებების გამო, მას და იეჰოვას მოწმე ნ. ს.-ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ნ. ს.-მა საქართველოს პატრიარქი მოიხსენია უღირსად, რაზეც გაბრაზებულმა მოუქნია მას ხელი, თუმცა არ დაურტყამს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა გ. ბ.-ს ჩვენება და განაჩენში მიუთითა, რომ საქმეზე დართული და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის ვიდეოჩანაწერით, ასევე მოწმეების - ნ. ს.-ს და ლ. მ.-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2013 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ.თ.-ში, მ-ის დ., მე-X მ/რ-ნი, XX-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსხვავებული რელიგიური შეხედულების გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გ. ბ.-მა ნ. ს.-ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და დადგენილ გარემოებებს ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაც, ვინაიდან, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არ შეიძლება უარყოფილი იქნეს ნ. ს.-სთვის სახის არეში ხელის დარტყმის ფაქტის არსებობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, დაზარალებულმა ნ. ს.-მა განმარტა, რომ არის იეჰოვას მიმდევარი. 2013 წლის 13 აგვისტოს იმყოფებოდა მუხიანში, თავის საცხოვრებელ კორპუსთან და პარტნიორთან - ლ. მ.-სთან ერთად ეწეოდა რელიგიურ მსახურებას. განსხვავებული რელიგიური შეხედულების გამო კონფლიქტი მოუვიდა გ. ბ.-სთან, რომელმაც მას მარცხენა მხარეს, სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი.

ანალოგიური დაადასტურა სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ლ. მ.-მაც.

ნ. ს.-მ დაკითხვისას განმარტა, რომ გ. ბ-მ მას ხელი დაარტყა მარცხენა თვალში, რომელშიც ნერვი აქვს დაზიანებული, ამიტომ დარტყმის შედეგად იგრძნო ძლიერი ტკივილი და დარტყმული ადგილი ჰქონდა ჩალურჯებული. დარტყმის შედეგად მან ტკივილი იგრძნო არა მარტო თვალში, არამედ ატკივდა თავიც.

დაზარალებულის დედის, მოწმე ქ. თ.-ის ჩვენებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს.-ს აქვს მარცხენა თვალზე თვალის დაავადება ფტოზი, რომელიც არის თანდაყოლილი და არ არის ნერვის დაზიანების შედეგად შეძენილი.

პალატა როგორც ნ. ს.-ის ისე ლ. მ.-ს ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გ. ბ.-მა სახის არეში ხელი გაარტყა ნ. ს.-ს აღნიშნული ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომაც, თუმცა მიუთითა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ არსებობდა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტს.

მოწმე თ. ზ.-ს ჩვენებით, 2013 წლის მაისის თვეში, მამა თ. ბ.-თან - გ. ბ.- თან ერთად მიმავალს შეხვდნენ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მისთვის უცნობი ხნიერი ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დაახლოებით 2 ნაბიჯის გავლის შემდეგ ახსენა „სატანა“ თუ „შავი სატანა“, რაზეც გ. ბ. მიუბრუნდა და დაიწყეს საუბარი. ზუსტად არ ახსოვს, ქალმა თუ მამაკაცმა უღირსად მოიხსენიეს პატრიარქი. აღნიშნულის შემდეგ დაიძაბა სიტუაცია და ჩხუბის თავიდან არიდების მიზნით მოკიდა გ. ბ.-ს ხელი და გაეცალნენ შემთხვევის ადგილს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2013 წლის 13 აგვისტოს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თ.-ში, მ-ის მე-XX კორპუსის უკანა მხარეს მდებარე ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე. კორპუსის მარცხენა კუთხის პირველ სართულზე განთავსებულია „თ.-ს ა.“, რომლის ე.წ. აბრის ზემოთ ორივე მხარეს დამაგრებულია გარესათვალთვალო კამერები.

დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა მოწმე თ. ბ-ის (შპს „თ.-ს ა.-ის“ ქსელის მენეჯერი) მიერ წარმოდგენილი დისკი, რომელზეც მოწმის განმარტებით ჩაწერილი იყო აფთიაქის გარესათვალთვალო კამერის ჩანაწერი 2013 წლის 13 აგვისტოს 09:20-დან 09:30 საათამდე.

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი (15.08.2013) შესაბამისობაშია საქმეზე დართულ ჩანაწერთან.

საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს სხდომაზე დაკითხვისას გამომძიებლებმა.

საქმეზე მტკიცებულებად წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ წვერიანი მამაკაცი (გ. ბ.) და ახალგაზრდა მამაკაცი (ნ. ს.) ეკამათებიან ერთმანეთს. წვერიანი მამაკაცი ერთხელ არტყამს მარჯვენა ხელს ახალგაზრდა მამაკაცს სახის არეში. ახალგაზრდა იქვე მდგომ ქალს (ლ. მ.) გაჰყავს და არიდებს მითითებულ ადგილს.

ჩანაწერის მიხედვით, დარტყმის შემდეგ, როდესაც ნ. ს. და ლ. მ. მოდიან, გ. ბ. რამდენიმე ნაბიჯით მიჰყვება მათ, რის შემდეგაც იქ მყოფი პირი არიდებს და არ აძლევს მათთან მიახლოების საშუალებას. ჩანაწერის მიხედვით კი, კადრიდან ნ. ს.-სა და ლ. მ.-ს გასვლამდე, ნ. ს.-ს ლოყაზე მიდებული აქვს ხელი.

ამავე ჩანაწერით, მითითებულ ადგილს, დარტყმიდან რამდენიმე წამში ტოვებენ ნ. ს. და ლ. მ. ხოლო იქ მყოფი სხვა პირები, მათ შორის გ. ბ. კადრის დაფარვის არედან ქრებიან რამდენიმე წუთის შემდეგ.

„ყველას აქვს აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს [...] თავისუფლებას იმისა, რომ ცალკე ან სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით გაამჟღავნოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებით და რიტუალების აღსრულებით“ (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 9). წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნ. ს. და ლ. მ. არიან იეჰოვას მიმდევრები. კონფლიქტი კი ნ. ს.-სა და გ. ბ.-ს შორის წარმოიქმნა განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო.

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 14).

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მოჰყოლია კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
შესაბამისად, იმისათვის, რომ ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი. ამავე მუხლის დისპოზიციაში მითითებულია, რომ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, რაც მის ხანმოკლე მოშლას ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევს. ასეთი შედეგის არსებობის შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, არამედ 120-ე მუხლით.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ. ბ.-ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ცემა და არა სხვაგვარი ძალადობა. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ერთჯერადად განხორციელებული ძალადობის ფაქტი - ხელის დარტყმა სრულად მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს - სხვაგვარ ძალადობას. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ გ. ბ.-მა ერთხელ დაარტყა ხელი ნ. ს.-ს, შესაბამისად, ბრალდების მხარე დადგენილების გამოტანის მომენტიდანვე ედავებოდა გ. ბ.-ს სხვაგვარ ძალადობას - ხელის ერთი დარტყმის გამო. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციად ცემის მითითება არ გამორიცხავს ამავე მუხლის შემადგენლობაში მოცემული სხვაგვარი ძალადობით მსჯავრდების შესაძლებლობას, აღნიშნული არ აუარესებს პირის მდგომარეობას, არ გულისხმობს სხვა კვალიფიკაციით, სხვა დანაშაულის შემადგენლობით პირის მსჯავრდებას, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ერთჯერადად განხორციელებული ძალმომრეობითი ქმედებით განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობა - სხვაგვარი ძალადობა.
მოცემულ შემთხვევაში, საკმარისი მტკიცებულებებით დადასტურდა გ. ბ.-ის მიერ ნ. ს.-ზე ხელის დარტყმის ფაქტი, რის შემდეგაც, გადასაწყვეტია საკითხი განიცადა თუ არა პირმა ფიზიკური ტკივილი.
პალატა ვერ დაეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენს, სადაც სასამართლომ ბრალის დასადასტურებლად არასაკმარისად ჩათვალა დაზარალებულის ჩვენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არსებობს მაშინ, როდესაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებაც კი, ე.ი. ისეთი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
უდავოა, რომ ნ. ს.-ს მექანიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, თუმცა ხილული დაზიანების არარსებობა არ გამორიცხავს ფიზიკური ტკივილის არსებობას.
დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. პალატა კიდევ ერთხელ უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯად ქმედებად მიჩნევისათვის, აუცილებელია პირმა განიცადოს არა ძლიერი, არამედ ფიზიკური ტკივილი. კანონმდებელმა სწორედ ტკივილის ხარისხით, რომელიც არის შეფასებითი კატეგორია, განასხვავა ერთმანეთისგან სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებები. მაგალითისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1443 მუხლებით მსჯავრდებისთვის, სხვა აუცილებელ პირობებთან ერთად, სავალდებულოა პირმა განიცადოს ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ან ფსიქიკური, ან მორალური ტანჯვა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მსჯავრდებისთვის, აუცილებელია პირმა განიცადოს არა ფიზიკური ტკივილი, არამედ ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე, 121-ე, 122-ე, 123-ე, 124-ე მუხლებით მსჯავრდებისთვის აუცილებელია დადგინდეს დაზიანების ხარისხი, რაც დამოკიდებულია არა დაზარალებულის აღქმით ტკივილის ხარისხზე, არამედ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ დაზიანების ხარისხზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მსჯავრდებისთვის კი ფიზიკური ტკივილის შეგრძნება შეფასებითი ცნებაა და მთლიანად დამოკიდებულია დაზარალებულის მიერ ტკივილის აღქმაზე. მაშინ, როდესაც დადასტურებულია ძალადობის ფაქტი ნ. ს.-ს მიმართ, ქმედების დანაშაულად მიჩნევისათვის აუცილებელია თავად დაზარალებულმა მიუთითოს განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როდესაც სხვაგვარ ძალადობას არ გამოუწვევია ჯანმრთელობის დაზიანება. ჯანმრთელობის დაზიანების გამოწვევის შემთხვევაში, ქმედება დაკვალიფიცირდებოდა არა 125-ე მუხლით, არამედ შესაბამისი მუხლებით, რომლებიც ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელია ის, რომ ფიზიკური ტკივილი დაზარალებულისათვის არ იწვევს მისი ჯანმრთელობის ხელშესახებ დაზიანებას. ამიტომ მითითება იმაზე, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ არის საკმარისი ფიზიკური ტკივილის დასადასტურებლად, არ არის სწორი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში ჩანს თუ როგორ იდებს ხელს ნ. ს. სახეზე გ. ბ.-ის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ. მისი ეს მოქმედება განხორციელებულია მოქნეული ხელის დარტყმის შემდეგ, წამებში და კადრის დაფარვის არიდან გაქრობამდე ხელი აქვს მიდებული სახეზე.
ფიზიკური ტკივილი შეფასებითია და პალატის მოსაზრებით არ საჭიროებს დამატებით მტკიცებას. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ თუნდაც ხილული დაზიანების არსებობის შემთხვევაში, თუ დაზარალებული უარყოფს ფიზიკური ტკივილის განცდას, ქმედება არ დაკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით.
პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლოს არგუმენტს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში სასამართლოს შეექმნა რწმენა, რომ გ. ბ.-ს მიერ ნ. ს.-ზე ხელის დარტყმა არ მოიცავდა განზრახვას ნ. ს.-ს განეცადა ფიზიკური ტკივილი.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ კამათი ნ. ს-სა და გ. ბ.-ს შორის წარმოიშვა განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა გ. ბ.-ის მხრიდან ძლიერი სულიერი აღელვების არსებობა, ან ხელის დარტყმა გაუფრთხილებლობით. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ კამათის დროს გ. ბ.-მა სახის არეში დაარტყა ნ. ს.-ს. ამდენად, თუ რით არის გამოწვეული იმის რწმენა, რომ გ. ბ.-ს არ სურდა ნ. ს.-ს განეცადა ფიზიკური ტკივილი, არის დაუსაბუთებელი. ასევე დაუსაბუთებელია ის არგუმენტი, რომლის თანახმად არც დარტყმის ძალა იყო ისეთი, რომ ობიექტს შეიძლება განეცადა განსაკუთრებული ტკივილი. თუ რას გულისხმობს სასამართლო განსაკუთრებულ ტკივილში, ან როგორი დარტყმის ძალით შეიძლება ადამიანმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუსაბუთებია. ხოლო ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებენ გ. ბ.-ის განზრახვაზე, შეკამათების გამო ხელი დაერტყა ნ. ს.-სთვის. ხელის დარტყმამ კი გამოიწვია დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილი და ეს გარემოება, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება სადავო გახდეს განაჩენში მითითებული არგუმენტებით.
პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობაზე მსჯელობას, როდესაც დადასტურებულია ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, არასრულფასოვან შედეგამდე მივყავართ, რადგან ამ მოცემულობით უპირობოდ გამოირიცხებოდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად, ხილული დაზიანების არარსებობის შემთხვევაში ქმედების სსკ-ის 125-ე მუხლით დაკვალიფიცირება.

გ. ბ.-ის ქმედებით, რაც გამოიხატა დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათელია, რომ გ. ბ.-ს ქმედება, მოტივირებული რელიგიურ საკითხებზე წარმოქმნილი უთანხმოებით, მიზეზობრივად უკავშირდება შედეგს, როცა დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი გ. ბ.-ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.

სასჯელის დასაბუთება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით თხუთმეტ თვემდე.

პალატას მიაჩნია, რომ გ. ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა, ხოლო მის ოდენობად განისაზღვროს მისი მინიმალური ოდენობა 500 (ხუთასი) ლარი მსჯავრდებულის ასაკის, მისი ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. პალატის მოსაზრებით, დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ. ყ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი გ. ბ.-ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.

გ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქმეზე დართული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

გ. ბ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.