ნახვები: 199
საქმის ნომერი: 2ბ/2955-16
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/2955-16 (2017-01-20), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2955-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       20 იანვარი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

აპელანტი - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.“

წარმომადგენელი - მ. ჭ.

მოწინააღმდეგე მხარეები - ა. ს., ნ. მ.

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სარჩელის მოთხოვნა:

ა. ს.-სა და ნ. მ.-სათვის სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.“ სასარგებლოდ 1 967,22 ლარის გადახდის დაკისრება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი


სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

ა. ს.-ს დაეკისრა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ს“ სასარგებლოდ 1 967,22 ლარის გადახდა, საიდანაც 1 571,56 ლარი წარმოადგენს ძირითად დავალიანებას; 326,75 - სესხის სარგებელს, ხოლო 68,91 ლარი - დარიცხულ პირგასამტეხლოს;

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ს“ სარჩელი ნ. მ.-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. 2014 წლის 6 აგვისტოს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ს“ და ა. ს.-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 1 700 ლარი, წლიური 39%, ხელშეკრულების ვადა - 12 თვე.

2.2. ა. ს.-მ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ვალდებულება გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით.

2.3. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 6 აგვისტოს ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ს“ და ნ. მ.-ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.5. განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - სესხის გამცემსა და მიმღებს გააჩნიათ.

როგორც საქმის მასალებით იქნა დადგენილი, 2014 წლის 6 აგვისტოს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ს“ და ა. ს.-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით 1 700 ლარი მიიღო, წლიური 39%, ხელშეკრულების ვადა - 12 თვე, რომელიც მოპასუხის მიერ არ შესრულდა.

პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2014 წლის 6 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ს“ შესაძლებლობას ანიჭებს, მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები გამოიყენოს.

2.6. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა ნ. მ.-ს მიმართ და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობის ხელშეკრულება თავისი შინაარსით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს. თუმცა, თავდებობის ინსტიტუტი შედარებით განსხვავებულად არეგულირებს პასუხისმგებლობის პირობებს, კერძოდ, თუ სხვა შემთხვევაში უზრუნველყოფის საგანს მოპასუხის ქონება წარმოადგენს, ამ შემთხვევაში ვალდებულება მესამე პირის პერსონალური პასუხისმგებლობით არის უზრუნველყოფილი, ანუ, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, წარმოიშობა თავდების ვალდებულება, საკუთარი თავდების ფარგლებში შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი მოვალეობები. შესაბამისად, კრედიტორის წინაშე ძირითად მოვალესთან ერთად პასუხისმგებელი პირი თავდებიც ხდება.

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დასტურდება, რომ 2014 წლის 6 აგვისტოს თავდებობის ხელშეკრულება არ შეიცავს პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობაზე მითითებას. შესაბამისად, არ არსებობს ნ. მ.-ს მიმართ მოთხოვნის ნამდვილი საფუძვლები.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

2017 წლის 05 იანვარს აპელანტმა დაზუსტებული მოთხოვნით მომართა სააპელაციო სასამართლოს და ნ. მ.-სათვის, როგორც თავდები პირისათვის ნაცვლად, 1967,22 ლარისა, 1700 ლარის დაკისრება მოითხოვა. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

3.1. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით არც ერთი ფაქტობრივი გარემოება არ გახადეს სადავოდ, ა. ს.-მ სასესხო ვალდებულება სრულად აღიარა, ხოლო ნ. მ.-მ- 1700 ლარის ფარგლებში. ნ. მ. პროცესზე არ გამოცხადებულა და დამატებით, იმის გარდა, რაც შესაგებელში დააფიქსირა, მისი მხრიდან არაფერი გაცხადებულა. შესაბამისად, არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობის საკითხი არ გამხდარა სადავოდ. სასამართლომ კი, სოლიდარულად პასუხისმგებელი თავდები ნ. მ., მიუხედავად შესაგებელში მისი აღიარებისა, პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა, სააპლიკაციო საფასურის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა მხოლოდ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მოპასუხეებმა შესაგებელში უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს. თვითონ გარემოება, რომ 2014 წლის 9 დეკემბერს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-მ.“ ნამდვილად წარადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურში აპლიკაცია და გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარის ოდენობით, ასევე გამარტივებული წარმოება თითქმის 4 თვის განმავლობაში (2015 წლის 19 მარტამდე) უშედეგოდ მიმდინარეობდა, მხარეთა შორის სადაო არ გამხდარა. სასამართლოს კი აღნიშნულ გარემოებებზე არ უმსჯელია.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 3.1.1.-3.1.3 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.-2.3 პუნქტები). შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

4.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 6 აგვისტოს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-სა“ და ნ. მ.-ს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის შესახებ მითითებას არ შეიცავს.

4.3. სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა (შეამცირა სარჩელი) და ნ. მ.-სათვის 1700 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ამ უკანასკნელის მიერ 1700 ლარის ოდენობით ვალდებულების არსებობა აღიარებულია, რაც აპელანტის მოსაზრებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი წინაპირობაა.

4.3. სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ აპელანტის მითითება საქმეში წარმოდგენილ შესაგებელზე დაუსაბუთებელი შედავებაა, რადგანაც მხარის ამგვარი განმარტება საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით განსაზღვრულ აღიარებას არ წარმოადგენს . 1
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელისა და შესაგებლის შინაარსის განმსაზღვრელი საპროცესო ნორმები ითვალისწინებს მხარეთა მიერ ფაქტობრივი გარემოებების მითითებას, ასევე, მათ მოსაზრებას მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე, თუმცა, ეს უკანასკნელი სასამართლოსათვის შემზღუდავი არ არის და დავის შედეგზეც არ ახდენს გავლენას. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა (მოცემულ შემთხვევაში - მოსარჩელის) მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი ნორმა უნდა იქნას გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა არის შესაძლებელი. სწორედ, აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას უზრუნველყოფს. 2

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის დანაწესი ხელშეკრულების ნამდვილობას კანონით ან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფორმის დაცვას უკავშირებს, ხოლო ამ ფორმის დაუცველობა გარიგების ბათილად ცნობას იწვევს.
თავდებობის ხელშეკრულება (თავდებობის ხელწერილი) წერილობით ფორმას მოითხოვს. თავდებობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმა ისეთ არსებით პირობებს უნდა ასახავდეს, როგორიცაა, მაგალითად, კრედიტორის დასახელება, რომლის მიმართაც თავდები მოვალის ვალდებულების შესრულების მოვალეობას კისრულობს და მოვალის დასახელება, რომლის ვალდებულებაც თავდებობითაა უზრუნველყოფილი. თავდებობის არსებით პირობას წარმოადგენს ასევე თავდებობის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც თავდები კრედიტორის წინაშე ვალდებულებას კისრულობს. თავდებობის აღნიშნული პირობები თავდებისათვის დაცვითი ფუნქციის მატარებელია . 3 თავდებობის ფორმის ნაკლს შესრულება ასწორებს. თავდებობის ზღვრული თანხა თავდებობის ხელშეკრულების ფორმის ნაკლად განიხილება. თავდებობის ფორმის ნაკლი არ აღმოიფხვრება მხარის მითითებით მასზედ, რომ იგი თავდებია და მისი პასუხისმგებლობა ზეპირი ურთიერთშეთანხმებით სესხის ზღვრული თანხით არის შემოფარგლული. ფორმის დაცვა აუცილებელი არ არის, თუ ვინმე თავდებობის შესახებ თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში განაცხადებს. ფორმის დაცვის აუცილებლობა მდგომარეობს ასევე იმაში, რომ თავდებობა გაიმიჯნოს ვალის თავის თავზე აღების ინსტიტუტისაგან, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 6 აგვისტოს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ს“ და ნ. მ.-ს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის (თავდებობის ფორმა) პირველი ნაწილის მოთხოვნათა საპირისპიროდ, თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის შესახებ მითითებას არ შეიცავს, რაც სამოქალაქო კოდექსის 328-ე და 59.1 მუხლების თანახმად, სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია. შესაბამისად, 2014 წლის 6 აგვისტოს თავდებობის ხელშეკრულება, როგორც ბათილი გარიგება, ნ. მ.-ს მიმართ ვალდებულებას ვერ წარმოშობს.

4.5. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ს“ სააპელაციო საჩივარი ა. ს.-სა და ნ. მ.-სათვის სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა, არ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებს (არ აღემატება 1000 ლარს), რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე და 187-ე მუხლების თანახმად, დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.



6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციაში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ (1700 ლარის დაკისრება) განსახილველი დავა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეთა კატეგორიას განეკუთვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 75 ლარს შეადგენდა. ვინაიდან, აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 150 ლარი, ამასთან, მოთხოვნის დაზუსტება მოხდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 37,5 (75:2) ლარის ოდენობით.


სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „კ.-ს“ სააპელაციო საჩივარი ა. ს.-სა და ნ. მ.-სათვის 100 ლარის დაკისრების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. შპს „კ.-ს“ სააპელაციო საჩივარი ნ. მ.-სათვის 1700 ლარის (დაზუსტებული მოთხოვნა) დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 37,5 ლარის ოდენობით;

5. განჩინება შპს „კ.-ს“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. განჩინება შპს „კ.-ს“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

___________________
1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1081-1031-2014
2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1081-1031-2014
3 D.Medicus, Schuldrecht II, Besonderer Teil, 13. Auflage, Verlag: C.H.Beck, München, 2006, S.191