ნახვები: 85
საქმის ნომერი: 2ბ/445-15
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, შრომის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-946-896-2015
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/445-15 (2015-07-13), www.temida.ge
საქმის № 2ბ/445-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       13 ივლისი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – დარეჯან ბიძინაშვილი

აპელანტი – კ. კ.

წარმომადგენელი – ა. თ.

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ხ.“

წარმომადგენელი – გ. დ.

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უარის თქმის ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

კ. კ. სასარჩელო მოთხოვნა:


დაეკისროს სს „ხ“ კ. კ. სასარგებლოდ სახელფასო თანხის 8 670 ლარის ანაზღაურება. ასევე ხელფასის გაუცემლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შრომის კოდექსით გათვალისწინებული საურავი;

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე სს „ხ.“ კ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 461,47 ლარი, გადაუხდელი ხელფასის სახით;

1.2. მოპასუხე სს „ხ.-ს“ კ. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 01 იანვრიდან 234 ლარის 0,07 პროცენტის გადახდა, ასევე 2011 წლის 01 იანვრიდან 5 770 ლარის 0,07 პროცენტის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები


2.1. მოსარჩელე კ. კ. მოპასუხე საწარმოში 2007 წლიდან იყო დასაქმებული.
მტკიცებულება:
- ცნობა მუშაობის შესახებ (ს.ფ. 20);
- სს „ხიდმშენის’’ ცნობა (ს.ფ. 63)

2.2. მოსარჩელე კ. კ. ხელფასი 2012 წლის მარტიდან 150 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა.
მტკიცებულება:
- ხელფასის უწყისები

2.3. მოსარჩელე კ. კ.-ს მიღებული აქვს ხელფასი შემდეგი ოდენობით: 2008 წელს - 1 566 ლარი, 2009 წელს - 1 650 ლარი, 2010 წელს - 2 530 ლარი, 2011 წელს -11 000 ლარი.
მტკიცებულებას:
- ხელფასის უწყისები

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.4. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

საქმის მასალებში წარმოდგენილია ხელფასის უწყისები, საიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელეს ხელფასი სხვადასახვა წლებში ნაწილობრივ აქვს მიღებული, ხოლო ხელფასის ნაწილი მიუღებელი აქვს. საქმეში არსებული უწყისებით დადგენილია, რომ კ. კ.-მა 2008 წელს - 1566 ლარი, 2009 წელს - 1650 ლარი, 2010 წელს 2530 ლარი, 2011 წელს კი - 11000 ლარი მიიღო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სასამართლომ განმარტა, რომ მსჯელობა უნდა წარიმართოს მოთხოვნის ფარგლებში.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელფასის გარკვეული ოდენობა უკვე მიღებული აქვს მოსარჩელეს, უნდა მოხდეს მისი გამოქვითვა საერთოდ მისაღები ხელფასის ოდენობისგან. 2008 წლიდან 2010 წლის მარტამდე ხელფასის ოდენობა შეადგენდა 150 ლარს, ხოლო 2010 წლის მარტიდან - 800 ლარს, საბოლოოდ 2008-2011 წლებში გასაცემი ხელფასის ოდენობა 21 207, 47 ლარი იყო. მოსარჩელეს ხელზე მიღებული აქვს 16 764 ლარი, ხოლო მისაღები აქვს 4 461,47 ლარი.

2.5. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების, თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეს 2008 წლის ბოლოს 234 ლარი არ აუნაზღაურდა. 2009 წელს მან დამატებით 150 ლარი მიიღო, 2010 წელს 5770 ლარი დააკლდა, ხოლო 2011 წელს, დამატებით, 1400 ლარი მიიღო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2009 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 234 ლარის 0,07 პროცენტის გადახდა, ხოლო 2011 წლიდან - 5770 ლარის 0,07 პროცენტის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები


3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება 2011 წლის ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 2011 წელს აპელანტს, ხელფასის სახით, 9600 ლარი ეკუთვნოდა, აქედან 6 600 ლარი მიიღო, ხოლო 3 000 ლარი მისაღები დარჩა.

3.1. სასამართლომ ასევე, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება 2012 წლის ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 2012 წლის მისაღები ხელფასის ოდენობა შეადგენდა 9600 ლარს, აქედან აპელანტმა მიიღო 8081,63 ლარი, ხოლო მისაღები დარჩა 1518,37 ლარი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი უწყისების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ კ. კ. ხელფასს ყოველთვიურად იღებდა, თუმცა, რიგ შემთხვევებში ხელფასი ყოველთვიურ ოდენობას აღემატებოდა, ხოლო რიგ შემთხვევებში კი, კუთვნილ ოდენობაზე ნაკლები იყო. შესაბამისად, სასამართლომ დაიანგარიშა სადავო პერიოდისათვის მისაღები ხელფასის საერთო რაოდენობა. ამ მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 და 2009 წლების მდგომარეობით, კ. კ.-ის ყოველთვიური ხელფასი 150 ლარს შეადგენდა; 2009 წლის მდგომარეობით, კ. კ.-ს ხელფასი, 150 ლარი, მხოლოდ სამი თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ჰქონდა, ხოლო შემდეგ კი მისი ხელფასი 800 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, კ. კ.-ს სს „ხ.-ში“, ხელფასის სახით, 2008 წელს 1 800 ლარი უნდა მიეღო; 2009 წელს - 1800 ლარი; 2010 წელს - 7650 ლარი; 2011 წელს - 9 600 ლარი; 2012 წელს - 9 600 ლარი. პალატა ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებას მასზედ, რომ კ. კ.-ს 2010 წელს 150 ლარი ხელფასი ოქტომბრის ჩათვლით ჰქონდა. მითითებული მტკიცების საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია უწყისები, რომლითაც დასტურდება, რომ კ. კ. 2010 წლის აპრილიდან ყოველთვიურად 800 ლარს იღებდა. საქმეში წარმოდგენილი უწყისებით ასევე დასტურდება, რომ კ. კ.-მა 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საერთო ჯამში, ნაცვლად, 30 450 ლარისა, 24 170 ლარი მიიღო, უფრო ზუსტად კი, კ. კ.-მა 2008 წელს 1558,54 ლარი მიიღო, ნაცვლად 1800 - ლარისა, 2009 წელს - 1950 ლარი, ნაცვლად 1800 ლარისა, 2010 წელს - 5 980 ლარი, ნაცვლად, 7 650 ლარისა, 2011 წელს - 6 600 ლარი, ნაცვლად 9 600 ლარისა, 2012 წელს კი 8081,63 ლარი, ნაცვლად 9 600 ლარისა (ტ.1. ს.ფ. 88-99; 154-163; 164-174; 175-194).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ. კ.-ს სს „ხ.-ში“, ხელფასის სახით, 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით 30 450 ლარი უნდა მიეღო. მან, რეალურად, ხელფასის სახით 24 170,17 ლარი მიიღო. მისაღები დარჩა - 6 279,83 ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლომ კ. კ.-ის სარჩელი 4 461,47 ლარის ოდენობით დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი 1 818,36 ლარის ფარგლებშია საფუძვლიანი.

შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების, თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ კ. კ.-ის აპელაცია არ ითვალისწინებს მოთხოვნას დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

5. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ხ.“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 72,73 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა


1. კ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

3. სს „ხ.“, კ. კ.-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 1818,36 ლარის გადახდა;

4. სს „ხ.-ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს 72,73 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.