საქმის ნომერი: 2ბ/4112-15
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ას-535-501-2017, 2ბ/4112-15
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ იმსჯელა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის ექსპერტის დასკვნის შემთხვევაში მოსამართლის მიერ მათი შეფასების საკითხზე.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/4112-15 (2017-01-20), www.temida.ge
საქმის № 2ბ/4112-15

განჩინება
საქართველოს სახელით
       20 იანვარი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანიb - გვანცა კომბეგაშვილი


აპელანტი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ა. ჯ.

მოწინააღმდეგე მხარე - სს „მ.“

წარმომადგენელი - ნ. ს.

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სარჩელის მოთხოვნა:

სს „მ.-სათვის“, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის სახით 3000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები


2.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 16 დეკემბრის №00566XXXX დასკვნით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, დ.-ს №X-ში, სს „მ.-ს“ ტერიტორიაზე განთავსებული დიზელ-გენერატორის ექსპლუატაციით გამოწვეული ხმაურის დონეები, დ.-ს №X-ში განთავსებული მრავალსართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში და აღნიშნული კორპუსის ბინა №XXX-თან მიმართებაში, აღემატება (მეტია) დასაშვებ ნორმებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 16 დეკემბრის №00566XXXX დასკვნა (ს.ფ.26-27);

2.2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 2014 წლის 24 თებერვლის №003XXX ოქმით, სს „მ.-ს“ კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული დიზელ-გენერატორის ექსპლუატაციით გამოწვეული ხმაურის დონეები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 16 დეკემბრის №005662613 დასკვნის მიხედვით დასაშვებ ნორმებს აღემატება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 2014 წლის 24 თებერვლის №003XXX ოქმი (ს.ფ.16-17);

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 მარტის დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შესახებ, ირკვევა, სს „მ.“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 მარტის დადგენილება (ს.ფ.18-20);

2.4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების 2014 წლის 19 მაისის აქტით სს „მ.-ს“ კუთვნილი დიზელ-გენერატორის ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 3000 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების 2014 წლის 19 მაისის აქტი ( ს.ფ.28-29);

2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 აპრილის № 500175XXXX დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზის №00566XXXX დასკვნაში დაფიქსირებული 77,6 დეციბელი, წარმოადგენს მხოლოდ დიზელ-გენერატორის ფუნქციონირებით გამოწვეულ ხმაურის დონეს. ქ.თბილისში, დ-ს №X-ში, სს „მ.-ს“ ტერიტორიაზე განთავსებული დიზელ-გენერატორის ექსპლუატაციით გამოწვეული ხმაურის დონე, დ-ს №X-ში განთავსებული მრავალსართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში (კორპუსიდან დაშორება 2 მეტრი) არ აღემატება (ნაკლებია) დასაშვებ ნორმას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 აპრილის № 500175XXXX დასკვნა (ს.ფ.126-130);

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.6. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

იმისათვის, რომ პირს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისროს, სახეზე უნდა იყოს დასახელებული მუხლის გამოყენებისათვის სავალდებულო ოთხივე კომპონენტი (ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის), ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობას. ამასთან, მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ქმედების არსებობა უნდა დაადასტუროს მოსარჩელემ, ხოლო მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა მოპასუხემ.

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (ატმოსფერულ ჰაერში მავნე ზემოქმედების (ხმაურის) დადგენილი ნორმების გადამეტება) ადგილი, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლომ მიუთითა შემდეგი:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 19 მარტის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შესახებ, რომლის მიხედვითაც, სს ”მ.” ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით. დასახელებულ დადგენილებას, საფუძვლად დაედო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 16 დეკემბრის №00566XXXX დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, დ-ს №-X-ში, სს „მ.-ს“ ტერიტორიაზე განთავსებული დიზელ-გენერატორის ექსპლუატაციით გამოწვეული ხმაურის დონეები, დ-ს №X-ში განთავსებული მრავალსართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში და აღნიშნული კორპუსის ბინა №XXX-თან მიმართებაში, აღემატება (მეტია) დასაშვებ ნორმებს.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 აპრილის №500175XXXX დასკვნით, ირკვევა, რომ ექსპერტიზის №00566XXXX დასკვნაში დაფიქსირებული 77,6 დეციბელი, წარმოადგენს მხოლოდ დიზელ-გენერატორის ფუნქციონირებით გამოწვეულ ხმაურის დონეს. ქ.თბილისში, დ-ს №X-ში, სს „მ.-ს“ ტერიტორიაზე განთავსებული დიზელ-გენერატორის ექსპლუატაციით გამოწვეული ხმაურის დონე, დ-ს №X-ში განთავსებული მრავალსართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში (კორპუსიდან დაშორება 2 მეტრი) არ აღემატება (ნაკლებია) დასაშვებ ნორმას.

მაშასადამე, სახეზეა, ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები, აქედან გამომდინარე, სადავოა, რომელ მტკიცებულებას უნდა დაეყრდნოს სასამართლო სადავო საკითხის გადაწყვეტისას და რის საუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული კანონით (სსკ 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი). არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

შესაბამისად, აღნიშნული დასაბუთება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლში მითითებული პრინციპით უნდა შეაფასოს, როგორც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №500175XXXX და №00566XXXX დასკვნები, რის საფუძველზეც, მიაჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 აპრილის №500175XXXX დასკვნა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო პროცესში ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს მცოდნე პირის (ექსპერტის) დასკვნას ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ ცოდნას. ექსპერტიზა არის სასამართლოს ან მხარეების მიერ ექსპერტისათვის წარდგენილი ობიექტების გამოკვლევა, რომელსაც ატარებს ექსპერტი სპეციალური ცოდნისა და მეცნიერული კვლევის საფუძველზე, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესახებ ცნობების მისაღებად. ამავე დროს, საქართველოს კანონმდებლობა განუსაზღვრავს მას უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობას აკისრებს ყალბი დასკვნისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 166-ე მუხლი). შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ორი ძირითადი კრიტერიუმი, კერძოდ, კვლევის ჩამტარებელი სუბიექტი (ობიექტურობის ხარისხის დასადგენად) და გამოსაკვლევი საკითხის მიმართ დასკვნის კატეგორიულობა.

„გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარი №54 დადგენილებიის მე-12 მუხლის თანახმად, ანთროპოგენური ხმაურისა და ვიბრაციის სტაციონარული წყაროების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმღების (საცხოვრებელი, საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების დაწესებულებები) საზღვარზე (შენობიდან 2 მეტრის მანძილზე) ხმაურისა და ვიბრაციის ნორმატიულ სიდიდეებზე გადაჭარბებისას გარემოსათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება (გამოიანგარიშება) დანართი 24-ის მიხედვით. ხმაურის ნორმატიული სიდიდეები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“. ხმაურისა და ვიბრაციის დონეების ფაქტობრივი სიდიდეები დგინდება ერთჯერადი ინსტრუმენტალური გაზომვებით ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შესაბამისად.

კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ექსპერტიზის დასკვნის მიუკერძოებელი ხასიათი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ვლინდება დასმული საკითხებისადმი, იმ პირთა ნეიტრალური დამოკიდებულებით, რომლებიც ატარებენ კვლევას. სხდომაზე დაკითხული იქნა ექსპერტი, რომელმაც შეადგინა ორივე დასკვნა. მისი განმარტებით ხმაურის დონე გაზომილი იქნა დამკვეთის მითითებით, პირველ შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიაზე შენობასთან მიმართებაში მანძილის განსაზღვრის გარეშე, მეორე შემთხვევაში ხმაურის დონე გაიზომა შენობიდან ორი მეტრის მანძილძე. ამ ფაქტობრივმა გარემოებამ გამოიწვია ექსპერტიზის ორი ურთიერთსაპირისპირო დასკვნების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას ეყრდნობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 აპრილის №500175XXXX დასკვნას, ვინაიდან კვლევა ჩატარებულია იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხმაურის დონის შენობიდან ორი მეტრის მანძილზე გაზომვით. დასკვნა კი ცხადყოფს, რომ მოპასუხის მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რაც გამორიცხავს, პირის პასუხისმგებლობას და მასზე ზიანის დაკისრებას.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო არასწორად დაეყრდნო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 აპრილის N500175XXXX დასკვნას და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა 2013 წლის 16 დეკემბრის N 00566XXXX დასკვნით დადგენილი გარემოება, რომ ქალაქ თბილისში, დ.-ს ქუჩა N-X-ში, სს „მ.-ს“ ტერიტორიაზე განთავსებული დიზელ-გენერატორის ექსპლუატაციით გამოწვეული ხმაურის დონე, დ.-ს ქუჩა N-X-ში განთავსებული მრავალსართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში, კერძოდ კი, დიზელ-გენერატორიდან 5 მეტრის დაცილებით, კორპუსიდან 5-7 მეტრის მანძლზე და დ.-ს ქუჩა N-X-ში მდებარე ბინა 103-ში, გენერატორის მხარეს, ღია ფანჯარაში დასაშვებ ნორმებს აღემატებოდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევას ადგილი ჰქონდა როგორც კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან, ასევე საცხოვრებელ შენობასთან მიმართებაში. ხმაურის დონემ საცხოვრებელ ბინასთან მიმართებაში შეადგინა 67.4 დეციბელი, რაც 17,4 დეციბელით აღემატებოდა დასაშვებ ნორმას და დაედო კიდეც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას საფუძვლად. შესაბამისად, ხმაურის მიმღების საზღვრიდან 2 მეტრი მანძილის დაცვის ვალდებულება დადგენილია „საცხოვრებელი, საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების დაწესებულებებთან“ (შენობებთან) მიმართებაში და არავითარ შემთხვევაში ამ შენობების მიმდებარე ტერიტორიების მიმართ. ამასთან, თუ საცხოვრებელი სახლის ღია ფანჯარაში ხმაურის დონემ 67.4 დეციბელი შეადგინა, მაშინ როგორ უნდა აიხსნას საცხოვრებელი კორპუსიდან 2 მეტრის დაშორებით, დიზელ-გენერატორიდან უფრო ახლო მანძლზე, 61.3 დეციბელის არსებობა? აღნიშნული გარემოება ბადებს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ხმაურის წყაროს ტექნიკური კონსტრუქცია, პირველი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ხმაურის შემცირების მიზნით შეცვალეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის N500175XXXX ექსპერტიზის დასკვნა არ უნდა გაეზიარა.

სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ დ.-ს N-X-ში განთავსებული მრავალსართულიანი კორპუსი 14 სადარბაზოიან, 7 სართულიან საცხოვრებელ შენობას წარმოადგენს, რომლის მიმდებარე ტერიტორიაც, კორპუსის ოთხივე მხრიდან საკმაოდ ვრცელ არეალს მოიცავს და გაურკვეველია „კორპუსიდან დაშორება ორი მეტრი“ შეადგენს, თუ არა, ხმაურის გავრცელების წყაროს (დიზელ-გენერატორის) განთავსების მიმდებარე ან მომიჯნავე ტერიტორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველსაა მოკლებული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 14 აპრილის N 500175XXXX დასკვნა უფრო მართებულია, ვიდრე იმავე ექსპერტის პირველი დასკვნა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 3.1.1.-3.1.5 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.-2.5 პუნქტები). შესაბამისად, მათ, როგორც უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოც იზიარებს.

4.2. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 16 დეკემბრის №00566XXXX დასკვნა, რომლის თანახმადაც, ქ.თბილისში, დ.-ს №X-ში, სს „მ.-ს“ ტერიტორიაზე განთავსებული დიზელ-გენერატორის ექსპლუატაციით გამოწვეული ხმაურის დონეები, დ.-ს №X-ში განთავსებული მრავალსართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში და აღნიშნული კორპუსის ბინა №XXX-თან მიმართებაში, დასაშვებ ნორმებს აღემატება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება 105-ე მუხლით დადგენილი წესით ხდება, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებული უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს.

პალატა მიუთითებს „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარი №54 დადგენილების მე-12 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, ანთროპოგენური ხმაურისა და ვიბრაციის სტაციონარული წყაროების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმღების (საცხოვრებელი, საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების დაწესებულებები) საზღვარზე (შენობიდან 2 მეტრის მანძილზე) ხმაურისა და ვიბრაციის ნორმატიულ სიდიდეებზე გადაჭარბებისას გარემოსათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება (გამოიანგარიშება დანართი 24-ის მიხედვით. ხმაურის ნორმატიული სიდიდეები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“. ხმაურისა და ვიბრაციის დონეების ფაქტობრივი სიდიდეები დგინდება ერთჯერადი ინსტრუმენტალური გაზომვებით ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შესაბამისად.

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 16 დეკემბრის №00566XXXX დასკვნის შესწავლის შედეგად პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, თუ რა მანძილზე მოხდა შენობიდან ხმაურის დონის გაზომვა, მაშინ როდესაც „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ მე-12 მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ გაზომვები წარმოებული უნდა იქნეს მიმღების (საცხოვრებელი, საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების დაწესებულებები) საზღვარზე, რაც შენობიდან 2 მეტრის მანძილს გულისხმობს. სადავო დასკვნის თანახმად კი, ხმაურის დონე გაზომილია კორპუსის „მიმდებარე ტერიტორიაზე“ და „ბინა #X-ში“, თუმცა, დასკვნაში არსად არ არის მითითება, შენობიდან რა მანძილს გულისხმობს „მიმდებარე ტერიტორია“ ან რა მანძილზე გაიზომა ხმაური „კორპუსის ბინა №XXX-თან მიმართებაში“.

პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია აპელანტის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2013 წლის 22 ნოემბრის აქტზე (ტ.1. ს.ფ.52) დაყრდნობით, მტკიცება იმისა, რომ ხმაურის დონე სადავო ბინა #X-ში, გენერატორის მხარეს ღია ფანჯარაში იქნა გაზომილი, რაც ნიშნავს, რომ გაზომვა შენობიდან 2 მეტრის მანძილზე ჩატარდა. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული აქტი უფრო ადრეა შედგენილი (22.11.2013წ.), ვიდრე თავად სადავო ექსპერტიზის დასკვნა (16.12.2013წ.), შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტი სადავო ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ბუნდოვანებების („კორპუსის ბინა №XXX-თან მიმართებაში“) გასაქარწყლებლად ვერ გამოდგება. მით უფრო, რომ მითითებული აქტის თანახმად, „გაზომვები ჩატარდა გენერატორიდან 5 მეტრის დაცილებით, კორპუსი #1-ის მიმდებარედ“, რაც ასევე, წინააღმდეგობაში მოდის „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ მოთხოვნებთან.

ამდენად, სადავო დასკვნის შეფასებისას წარმოიშობა საფუძვლინი ვარაუდი, რომ საექსპერტო კვლევა ჩატარებულია ნორმატიული აქტით („გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“) გათვალისწინებული წესების დარღვევით, რაც საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ 2013 წლის 16 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა არის არასარწმუნო. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მითითებული დასკვნა მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების დამადასტურებელ უტყარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ზემოქმედების (ხმაურის) დადგენილი ნორმების გადამეტება საქმეზე წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა


1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.