საქმის ნომერი: 2ბ/224-14
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: აპელანტმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძლით, რომ მისმა წარმომადგენელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო გამოცხადება, თუმცა აღნიშნულის დამატასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც თავად მისი გამოცხადების საპატიო მიზეზე მიუთითებია, შესაბამისად, პალატამ აპელანტის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/224-14 (2014-11-12), www.temida.ge
საქმის № 2ბ/224-14

განჩინება
საქართველოს სახელით
       12 ნოემბერი, 2014 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნატალია ნაზღაიძე

სხდომის მდივანი – დარეჯან ბიძინაშვილი

აპელანტი – ა. კ.
წარმომადგენელი – ნ.დ.

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.“
წარმომადგენელი - ზ. გ.

დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

1. აპელანტის მოთხოვნა _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინების გაუქმება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს. ბ.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ა. კ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 6469.05 ლარის, პროცენტის - 102.09 ლარისა და პირგასამტეხლოს - 414.02 ლარის გადახდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. 2013 წლის 15 მაისს, სს „ს. ბ.-მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ა. კ.-ს მიმართ, საკრედიტო დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 30 აგვისტოს სს „ს. ბ.-მ“ მოპასუხე ა. კ.-ზე გასცა საკრედიტო ბარათი 6469.05 ლარის ლიმიტით. ბარათის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 26 ივლისამდე. კრედიტზე წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით. 2013 წლის 22 აპრილის მდგომარეობით ა. კ.-ს დავალიანება შეადგენდა 6985.16 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6469.05 ლარი, პროცენტი - 102.09 ლარი და პირგასამტეხლო - 414.02 ლარი. მოპასუხეს არ შეუსრულებია ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, არ დაუფარავს კრედიტი. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 6985.16 ლარის დაკისრება.

2.2. საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2013 წლის 19 სექტემბერს 15:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოპასუხე ა. კ.-ს და მის წარმომადგენელს გ. ჯ.-ს მოსამზადებელი სხდომის შესახებ უწყება ჩაბარდათ 2013 წლის 13 სექტემბერს, რაც დასტურდება სასამართლოს სხდომაზე დაბარებისა და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ ხელწერილით (ს.ფ. 62). მოპასუხე და მისი წარმომადგენელი 2013 წლის 19 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის.

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ სამართლებრივ შეფასებებს:

2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა 2013 წლის 13 სექტემბერს და მას ჰქონდა საკმარისი დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.

2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

მოპასუხე მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა სასამართლომ მიიჩნია არასაპატიოდ და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია.

2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, მე-400, 402-ე, 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც სასამართლომ მიიღო დაუსწრებლი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა. კ.-მ საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება. საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

2.6. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო მისი წარმომადგენელი გ. ჯ., რომელმაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სხდომაზე მისვლა და ამის შესახებ სასამართლოს გაფრთხილება. მას ჰქონდა სტენოკარდიული შეტევა და ფიზიკურად არ შეეძლო სხდომაზე დასწრება. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ დოკუმენტს ავადმყოფობის შესახებ წარმოადგენდა სასამართლო სხდომაზე.

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

განჩინება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს:

2.7. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საჩივრის ავტორი სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე. საჩივრის ავტორს არ წარუდგენია მტკიცებულება, კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის წარმომადგენლის გ. ჯ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამაც განაპირობა 2013 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე გამოუცხადებლობა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს არც წერილობით და არც სატელეფონო შეტყობინებით არ უცნობებია სასამართლოსთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის თაობაზე. საჩივარში არ იყო მითითებული იმ გარემოებაზე, თავად მოპასუხეს რამ შეუშალა ხელი სხდომაზე გამოცხადებაში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.

ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული რომელიმე საფუძველი, რაც გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ა. კ.-მ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის მითითებით, მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამასთან, მისთვის არ იყო ცნობილი საჩივრის განხილვის ვადა, რის გამოც ვერ შეძლო პოზიციის დაფიქსირება და სათანადო მტკიცებულებების წარდგენა.

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 15 მაისს სარჩელით მიმართა სს „ს. ბ.-მ“ მოპასუხე ა. კ.-ს მიმართ, საკრედიტო დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.

4.2. სს „ს. ბ.-ს“ სარჩელის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 13 სექტემბერს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

2013 წლის 13 სექტემბრის სასამართლო სხდომა გადაიდო 2013 წლის 19 სექტემბერს მოპასუხე ა. კ.-ს წარმომადგენლს გ. ჯ.-ს შუამდგომლობის საფუძველზე. მოპასუხე ა. კ.-სა და მის წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლო სხდომის დღე (ტომი 1, ს.ფ. 62).

4.3. მოპასუხე და მისი წარმომადგენელი 2013 წლის 19 სექტემბერს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის.

სამართლებრივი დასაბუთება

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება საჩივრის ავტორს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სააპელაციო საჩივარი ემყარება იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სცვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

სააპელაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს ა. კ.-ს მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტით, რომელიც მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამგვარი მტკიცებულება აპელანტს არ წარმოუდგენია, რის გამოც სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოებები არ საჭიროებენ მტკიცებას, ისინი ითვლებიან დამტკიცებულად და ამდენად, სასამართლო არ იკვლევს, არ აფასებს მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება სარჩელში აღნიშნული გარემოებები და მიუთითებს ამ გარემოებების დამტკიცებულად ცნობის პრეზუმფციაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელში მითითებული გარემოებები მიიჩნია დამტკიცებულად, რაც მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს 230-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების მართებულობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ არ ყოფილა დადასტურებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძვლის არსებობა. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით მართლზომიერად იქნა დატოვებული ძალაში 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.2 მუხლის შესაბამისად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. ამავე კოდექსის 240.1 მუხლის შესაბამისად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ა. კ.-ს საჩივრის განილვა დაინიშნა 2013 წლის 4 ნოემბერს. აღნიშნულის შესახებ, ა. კ.-ს ეცნობა 2013 წლის 23 ოქტომბერს, შესაბამისად, აღნიშნული ვადა საკმარისია იმისათვის, რომ მხარეს მიეღო სათანადო ზომები სხდომაზე პირადად გამოცხადებისათვის ან უზრუნველეყო მისი ინტერესების დაცვა ადვოკატის დახმარებით. ამდენად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ ა. კ.-ს საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით სხდომის დღის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ტ.1. ს.ფ. 80); დადგენილია, რომ 2013 წლის 04 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ა. კ., რაც საქმის განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად არ განიხილება. შესაბამისად, სასამართლომ კანონიერად იმსჯელა საჩივრის ფარგლებში და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

6. საპროცესო ხარჯები

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია აპელანტის მიერ, რაც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. კ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.