საქმის ნომერი: №1/ბ-92-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ ძალაში დატოვა გამამართლებელი განაჩენი კანონიერ ქურდობის ბრალდებასთან მიმართებით
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №№1/ბ-92-17 (2017-05-22), www.temida.ge
საქმის № №1/ბ-92-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       22 მაისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვაჟა თოდუა;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - დ. ჩ., დაბადებული 19XX წლის XX ივნისს, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: სოხუმი, X-ის ქ. №X, ბინა №XX, ფაქტობრივად მცხოვრები: უკრაინა, ქ. X (მონაწილეობის გარეშე);

ადვოკატები - თ. ა., ზ. მ.;

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლის მეორე ნაწილი („კანონიერი ქურდობა“) და 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილი (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა).

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შემცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 6500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

დ. ჩ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1}მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.



მხარეთა პოზიციები:

საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ვაჟა თოდუას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ჩ.-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლის მეორე ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი აღნიშნული მუხლით გამართლების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებდნენ დ. ჩ.-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას. 2016 წლის 22 ივნისს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულმა დ. ჩ.-მ, პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ იყო „კანონიერი ქურდი“, იგი კანონიერ ქურდად აღიარებულ იქნა 2014 წელს, ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეო მასალით, დასტურდება, რომ დ.ჩ. „კანონიერი ქურდია“. სააპელაციო საჩივრის შესაგებლით, ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდების ნაწილში (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და დ. ჩ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც, ვინაიდან, განაჩენი აღნიშნულ ნაწილში არის დაუსაბუთებული. საქმეში არ არსებობდა შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 დეკემბრის განაჩენით, დ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 22 ივნისს, ღამის საათებში, დ. ჩ. იმყოფებოდა მ.-ს რაიონის სოფელ ა.-ს მიმდებარე ტერიტორიაზე და სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, ცდილობდა, უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რა დროსაც დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

ამავე განაჩენით, დ. ჩ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დ. ჩ.-ს ბრალეულობა. დადგენილებით, პირის ბრალდების შესახებ, დ. ჩ., თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ - 2014 წელს იგი აღიარებულ იქნა ე.წ. „კანონიერ ქურდად“. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან, იგი ასევე აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ე.წ. ქურდულ გარჩევებსა თუ სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით;

2016 წლის 22 ივნისს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა დ. ჩ., რომელმაც განმარტა, რომ არის „კანონიერი ქურდი“, აღიარებს ქურდულ სამყაროს, არის მისი მიმდევარი, აქტიური მხარდამჭერი და მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნებისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში მიიჩნევა გამოკვლეულად, ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილი იქნა მხარეთა მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს დ. ჩ.-ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლის მეორე ნაწილით და მის უდანაშაულობას 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს 2016 წლის 8 დეკემბრის განაჩენი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

კანონიერი ქურდობა

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

„კანონიერი ქურდობა“ კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლის მე-2 ნაწილით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლი ბლანკეტური ხასიათის ნორმაა და მისი შინაარსის სწორად დასადგენად საჭიროა ”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენციითა და ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება, რამდენადაც ე.წ. ,,ქურდული სამყარო’’ განიხილება, როგორც თანამედროვე ორგანიზებული დანაშაულის სტრუქტურის ხერხემალი. შესაბამისად, იმისათვის, რათა ე.წ. კანონიერმა ქურდობამ სისხლისსამართლებრივად რელევანტური ხასიათი შეიძინოს, საჭიროა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლის მე-2 ნაწილის შეფასება, არამედ კანონით და კონვენციით სადავო საკითხთან მიმართებით დადგენილი წესრიგის გაანალიზებაც.

,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის ცალკეული ელემენტები, კერძოდ, კანონმდებლის მიერ ტერმინი ,,ქურდული სამყარო” იმგვარი სოციალური ჯგუფის დასახასიათებლად არის გამოყენებული, რომელიც მოქმედებს მათ მიერვე დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომელთა მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ქურდული სამყაროს წევრია ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქურდული გარჩევა გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტას, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, კანონიერი ქურდი ქურდული სამყაროს წევრია, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.

კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონიერი ქურდობა, ერთის მხრივ, გულისხმობს ქურდული სამყაროსადმი, როგორც ორგანიზებული ჯგუფისადმი კუთვნილებას, ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფის მართვას და ორგანიზებას, ხოლო მეორე მხრივ, ქურდული სამყაროს მიზნების მისაღწევად გარკვეული უკანონო ქმედებების განხორციელებას. ამასთან, ქურდულ სამყაროს, როგორც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ ნაირსახეობას, აქვს კონკრეტულად განსაზღვრული მიზანი - სარგებლის მიღება, რომლის გარეშეც პირთა გაერთიანება ქურდულ სამყაროდ ვერ ჩაითვლება.

”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 7 ივნისის დადგენილებით, დეტალურად განსაზღვრავს ორგანიზებული ჯგუფის ცნებას, კერძოდ, კონვენციაში, ორგანიზებული ჯგუფისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სავალდებულო ნიშნად დასახელებულია პირდაპირ, ან არაპირდაპირ ფინანსური, ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზანი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ ასახავს კარგად ცნობილ ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის მიმართაც საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 20 დეკემბერს მიღებულ იქნა ფართო საკანონმდებლო პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო ბრძოლა ამგვარი დანაშაულებრივი სინდიკატების წინააღმდეგ... ეს დანაშაულებრივი ფენომენი იმდენად ღრმად იყო საზოგადოებაში გამჯდარი და „კანონიერი ქურდების“ სოციალური ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრებისთვის ცნებები - „ქურდული სამყარო“, „კანონიერი ქურდი“, „დავების გადაწყვეტა კანონიერი ქურდის ავტორიტეტის გამოყენებით“, „ობშიაკი“ და ა.შ. იყო საყოველთაოდ ცნობილი და გაგებული... შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 20 დეკემბერს ორი ახალი დანაშაულის წარდგინებით, კერძოდ, „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „კანონიერი ქურდობა“, საქართველოს კანონმდებლობამ მხოლოდ ამ ცნებების და დანაშაულებრივ („ქურდულ“) სუბკულტურასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაცია მოახდინა.(იხ. აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ (Ashlarba v. Georgia), განაცხადი №45554/08, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინება).

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.(იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49.)

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე თავის პოზიციას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე:

1. დ. ჩ.-ს განმარტებაზე, რომ არის „ქურდი“, რაც განუცხადებია დაკავებისას და რაც გადმოსცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

დადგენილია, რომ დ. ჩ. დააკავეს მ.-ის რაიონის სოფელ ა.-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე შ.-ს ნაპირას, სასაზღვრო ზოლში. მოწმეთა განმარტებით, დ. ჩ.-მ დაკავებისას განაცხადა, რომ იყო ქურდი.

პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩვენებები არ წარმოადგენს „კანონიერი ქურდობის“ დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებებს და არ არის საკმარისი დ. ჩ.-ს ქმედებაში კანონიერი ქურდობის შემადგენლობის ნიშნების დასადგენად.

თუნდაც, დ. ჩ.-ს მხრიდან იმის დადასტურება, რომ წარმოადგენდა ე.წ. „კანონიერ ქურდს“, ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მხოლოდ გარკვეული ქმედების აღიარება არ წარმოშობს პირის დამნაშავედ ცნობის წინაპირობას თუ არ იარსებებს იმ ნიშნების ერთობლიობა, რაც პალატამ მიუთითა კანონის განმარტებისას და რომლის დადასტურებაც წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ მომხდარა.

2. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისთვის ოპერატიული ინფორმაციით ცნობილია, რომ დ. ჩ. „კანონიერი ქურდია“.

პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების დაშვების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებასაც გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი […] მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს […] მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს იმას, რომ საეჭვო, მცდარი ან სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებები გამოირიცხოს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. გამორიცხული უნდა იყოს გონივრული ეჭვი წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით. სათანადო პროცესუალური სტანდარტების შემცველი, არაორაზროვანი ნორმების საფუძველზე, სასამართლოს, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა შეეძლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, მათი მნიშვნელობისა და უტყუარობის შეფასება. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, აღჭურვოს სასამართლო სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც მას ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხის ან, ასეთ ჩვენებაზე დაყრდნობით, განაჩენის მიღებაში დაეხმარება.(იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირდაპირი მტკიცებულება და ვერ დაასაბუთა თუ რატომ უნდა გაიზიაროს პალატამ იმ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი ჩვენება, რომლის გადამოწმების, შემოწმების და შეფასების საშუალება სასამართლოს არ ჰქონია . ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ 2014 წელს, თურქეთში, დ. ჩ. აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან, იგი აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებსა თუ სპეციალური წესების შემუშავებაში ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეს არ დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ეფუძნება არა უშუალოდ ნანახს, არამედ ოპერატიული თუ სხვა წყაროებიდან მოძიებულ და სასამართლოსთვის უცნობ ინფორმაციას, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

3. დ. ჩ.-ს წარსულ ცხოვრებაზე

პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ ნასამართლობა ქურდული სამყაროს წევრობისთვის და პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, თავისთავად არ არის კანონიერი ქურდობის დამადასტურებელი მტკიცებულება. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა არსებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა დ. ჩ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებისათვის.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა

დაცვის მხარის პოზიცია ძირითადად ემყარება შემდეგ არგუმენტებს:

1. დ. ჩ.-ს დაკავება არ მომხდარა ოქმში მითითებულ ადგილას, ის ტაქსით წავიდა თბილისიდან ა.-ს მონასტერში, რა დროსაც გზაში დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
2. დაკავების შემდეგ დ. ჩ. მიიყვანეს მინდორში, სადაც მოხდა მისი დაკავების ინსცენირება და კამერით დაფიქსირება.
3. განზრახვის არსებობის შემთხვევაში, დ. ჩ. თავისუფლად შეძლებდა საზღვრის გადაკვეთას და არ დაელოდებოდა სამართალდამცავი ორგანოების მიახლოებას.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, ვინაიდან არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით. მხოლოდ დ. ჩ.-ს ჩვენება, იმ პირობებში, როდესაც საქმეში დაკითხულმა არაერთმა მოწმემ სასამართლოს მიაწოდა სულ სხვა ფაქტობრივი გარემოებების ამსახველი ინფორმაცია, ვერ გახდება აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. რაც შეეხება მოწმეებს - დ. გ.-ს და მ. ს.-ს, ისინი არ წარმოადგენენ დაკავების ფაქტის შემსწრე პირებს და მათ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მხოლოდ დ. ჩ.-ს თბილისიდან გამგზავრების შესახებ.

დადგენილია, რომ დაკავების ოქმში ასახული ინფორმაციის მიხედვით, დაკავების ადგილი წარმოადგენს სასაზღვრო ზოლს.

2016 წლის 22 ივნისის დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე ნ. ზ.-ის მიერ წარმოდგენილი რუკის მეოთხე ფურცელზე არის გამოსახული პირობითად საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთი და აღნიშნული პირობითი ნიშნებით მდინარე შ., სასაზღვრო ზოლი, დასახლებული პუნქტები და სხვა ობიექტები. მოწმე ნ. ზ.-ის მიერ მიეთითა ის ადგილი, სადაც მოხდა დ. ჩ.-ს დაკავება.

მსჯავრდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დ. ჩ. დაკავებულ იქნა 2016 წლის 22 ივნისს, 02:00 საათზე, მ.-ს რაიონის სოფელ ა.-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე შ.-ს ნაპირას.

პირადი ჩხრეკის შედეგად, დ .ჩ.-სგან ამოღებული იქნა ორი ცალი უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი, საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით, უკრაინის რესპუბლიკის მართვის მოწმობით და პლასტიკური ბარათებით.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის სისწორე. მათი ჩვენებების მიხედვით, დ. ჩ.-ს დაკავება მოხდა არა გზაში, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას, არამედ ე.წ. სასაზღვრო ზოლში.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის, მოწმე, გ. გ.-ს ჩვენებით, 2016 წლის 21 ივნისს მიღებული ინფორმაციით, დ. ჩ. იმყოფებოდა მ.-ს ტერიტორიაზე, ცდილობდა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სომხეთის რესპუბლიკაში გადასვლას. თანამშრომლებთან - ლ. ჩ.-სთან და გ. ბ.-სთან ერთად, გაემგზავრა მ.-ს მიმართულებით, ხოლო შემდეგ მ.-ს პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გაემართნენ სოფელ ა.-ს მიმართულებით. დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, ე.წ. მწვანე ზოლთან, საზღვართან ახლოს, დაახლოებით 20-30 მეტრში, შენიშნეს მოქალაქე, რომელიც აღმოჩნდა დ. ჩ. და რომელმაც დაკავებისას მათ განუცხადა, რომ უკანონოდ აპირებდა სომხეთში გადასვლას.

ანალოგიური დასტურდება მოწმეების გ. ბ.-ს და ლ. ჩ.-ს ჩვენებებით.

სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, მოწმე ნ. ზ.-ს ჩვენების თანახმად, 2016 წლის 22 ივლისს, დაახლოებით ღამის 12 საათზე დაუკავშირდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომელთაც შეხვდა დაახლოებით 1 საათში და რომლებმაც განუმარტეს, რომ სოფელ ა.-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გეგმავდა ვინმე დ. ჩ.. დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ ე.წ. ელექტროგამანაწილებელ ქვესადგურთან, სადაც დაბარებული ჰყავდა თანამშრომელი გ. ფ. და დაიწყეს ძებნა. ნახევარი საათის ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს პიროვნება, რომელიც სწრაფი ნაბიჯით მოძრაობდა საზღვრის მიმართულებით და მოსთხოვეს შეჩერება. მოწმის განმარტებით, დ. ჩ.-ს დაკავების ადგილიდან საზღვრამდე არის დაახლოებით 20-30 მეტრი, აღნიშნული ადგილი არის 500 მეტრიან სასაზღვრო ზოლში, სადაც საშვის გარეშე მოქალაქეებს არ შეუძლიათ შესვლა. ამ ზოლში შესვლა კანონდარღვევაა და არის სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნები.

მოწმე გ. ფ.-მ დაადასტურა, რომ ნ. ზ.-ს და შსს-ს სხვადასხვა თანამშრომლებს შეხვდა სადენების ქვესადგურთან და აუხსნეს, რომ გაეწია მეგზურობა, რადგან ე.წ კანონიერი ქურდის მხრიდან იყო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობა. ნახევარი საათის ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს პიროვნება, რომელიც სწრაფი ნაბიჯით მოძრაობდა სომხეთის მიმართულებით. პოლიციელების მოთხოვნაზე იგი გაჩერდა და მან დაადასტურა, რომ იყო ქურდი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საშვის გარეშე შესვლა აკრძალულია.

ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმეებმა მ. ბ.-მ და ა. ჯ.-მ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დ. ჩ.-ს დაკავებაში და აღნიშნეს, რომ დ. ჩ. მოძრაობდა საზღვრისპირა ზოლის მიმართულებით, ხოლო დაკავება მოხდა სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 20-30 მეტრში.

მტკიცებულების სახით წარმოდგენილია დისკის დათვალიერების ოქმი, რომელზეც ასახულია 2016 წლის 22 ივნისს, დ.ჩ.-ს დაკავების ღონისძიება. ვიდეოჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ დ. ჩ.-ს დაკავება მოხდა ღამის საათებში, მინდორში.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, რომ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა დამთავრებული დანაშაულია საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან, ხოლო თუ საზღვრის გადაკვეთა ვერ მოხერხდა დამნაშავისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, რაც ასევე მოიცავს მის დაკავებას საკონტროლო ხაზზე, ქმედება დაკვალიფიცირდება მცდელობად. ამასთან, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უკანონოა, თუ იგი ჩადენილია კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით აკრძალული წესით.

დადგენილია, რომ დ. ჩ.-ს საზღვრის გადაკვეთის კანონიერი ნებართვა არ გააჩნდა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ დ. ჩ. იმყოფებოდა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლში, სადაც შესვლა აკრძალულია სპეციალური საშვის გარეშე, მდინარიდან რამდენიმე მეტრში და მიემართებოდა მდინარისკენ, რომელიც წარმოადგენს სასაზღვრო ზოლს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის.

დაცვის მხარის მოსაზრება, რომ განზრახვის შემთხვევაში დ. ჩ.-ს შეეძლო დანაშაულის ბოლომდე მიყვანა, უპირობოდ ვერ გახდება წარდგენილ ბრალდებაში გამართლების საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია ოპერატიული ინფორმაციის მიღების, მისი შინაარსის, ბრალდებულის ადგილსამყოფელის, ჩხრეკის მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით, რის გამოც სასამართლოს არ გააჩნია მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენებებში არსებითი სახის წინააღმდეგობები არ გამოკვეთილა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დ. ჩ.-ს დაკავება მოხდა 2016 წლის 22 ივნისს, 02:00 საათზე, მ.-ს რაიონის სოფელ ა.-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარიდან რამდენიმე მეტრში, სასაზღვრო ზოლში. ასევე დგინდება, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, საიდანაც შესაძლებელია ოფიციალურად საზღვრის გადაკვეთა, მდებარეობს დაკავების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. მოწმეთა ჩვენებებით, დ. ჩ. ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას, რადგან იმყოფებოდა სასაზღვრო ზოლში და ამასთან მიემართებოდა მდინარისკენ, რომელიც წარმოადგენს საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკებს შორის არსებულ გამყოფ ზოლს. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის ვერსია - დ. ჩ.-ს მონასტერში წასვლა, ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის ჩვენებით, დაკავების ადგილიან 500 მეტრის რადიუსში მონასტერი არ მდებარეობდა. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად სასამართლომ გამორიცხა დ. ჩ.-ს შემთხვევით მოხვედრა სასაზღვრო ზოლში, სადაც არც დასახლებული პუნქტია და არც სხვა რაიმე შენობა არ მდებარეობდა. ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და ასევე დადასტურებულად მიიჩნევს დ. ჩ.-ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას.

სამართლებრივი შეფასება

„ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ“.(ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან.)

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

„გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს“.(ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ. ჩ.-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რასაც სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.(საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 40.3). მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პალატის მოსაზრებით, მტკიცებულების უტყუარობის ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ სტანდარტს პასუხობენ მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილის ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები უსაფუძვლოა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია, სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი;

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ვაჟა თოდუას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

დ. ჩ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 08 დეკემბრის განაჩენი დ. ჩ.-ს მიმართ.

დ. ჩ. უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223{1} მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

დ. ჩ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დ. ჩ.-ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. ჩ.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია და გათავისუფლებულია სხდომის დარბაზიდან 2016 წლის 08 დეკემბერს.

ნივთიერი მტკიცებულებები:

პასპორტები და მართვის მოწმობა დაუბრუნდეს დ. ჩ.-ს, ორი ცალი CD და ერთი ცალი DVD დისკი, რაც დართულია საქმეზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.



მოსამართლე ნათია ბარბაქაძე