საქმის ნომერი: 3ბ/1097-17
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი, სოციალური დაცვა,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: შოთა გეწაძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ბს-775-771(კ-17)
მითითებული გადაწყვეტილებები: ბს-1896-1849(კ-10),
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევა დარჩა ძალაში, რადგან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ სამაჩაბლოში იყო.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3ბ/1097-17 (2017-06-15), www.temida.ge
საქმის № 330310015751931
საქმის № 3ბ/1097-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       15 ივნისი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
შოთა გეწაძე

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - მ. დ. (პ/ნ XXXXXXXXXXX);

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

მესამე პირი (ასკ 16.1) - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
წარმომადგენელი - თ. მ.;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აპელანტის მოთხოვნა:


თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

მ. დ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2011 წლის 4 ივლისს მ. დ.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და როგორც ახალგორის რაიონის სოფელ იკოთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება.

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნით, 2011 წლის 18 ივლისს მ. დ.-ს მიენიჭა დევნილის სტატუსი. იმავე დღეს მ. დ.-ზე შეივსო დევნილის ანკეტა და გაიცა დევნილი მოწმობა. დევნილის ანკეტის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს მ. დ., მის სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებთან ერთად, მოსარჩელე მ. დ.-ს ოჯახურ მდგომარეობად მითითებულია - „დაოჯახებული“. დევნილთა მონაცემთა ბაზაში იძულებით გადაადგილებამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ახალგორი, სოფელი იკოთი.

დადგენილია, რომ 2013 წლის 11 ნოემბერს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს აცნობა, რომ მ. დ.-ს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე გააჩნდა სახლი ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში, სადაც მუდმივად არ ცხოვრობდა. მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ თვითონ მ. დ., რომელიც შეყვანილია ფულადი კომპენსაციის მიმღებთა სიაში, როგორც ახალგორის რაიონის სეზონური მაცხოვრებელი; მას კომპენსაცია არ მიუღია. დოკუმენტი მომზადდა ახალგორის მუნიციპალიტეტის ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 23 ოქტომბრის №98 წერილის საფუძველზე, რომლის თანახმად, მ. დ. არ ცხოვრობდა მუდმივად ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში. მისამართი ჰქონდა შემორჩენილი. აღნიშნულ მისამართზე აქვს საკუთარი სახლი. სხვა ოჯახის წევრი არ ჰყავს. იმყოფება მთავრობის მიერ დადგენილ ფულადი კომპენსაციის მიმღებთა სიაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წელს, დევნილთა სარეგისტრაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად იქნა რა მიჩნეული დევნილობამდე მ. დ.-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, შესაბამისი ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, მიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 15 ივლისს, მ. დ.-ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში ჩაუტარდა გასაუბრება, რაზედაც შედგა დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი. გასაუბრებისას მ. დ.-მ განმარტა, რომ დაიბადა 196X წელს ახალგორში, სწავლა დაამთავრა 1984 წელს სოფელ იკოთში, 1985-1990 წლებში მუშაობდა ახალგორის სამკერვალო ფაბრიკაში, მკერავად. 2008 წლის მაისში დაოჯახდა სიღნაღში და განქორწინდა 2008 წლის ნოემბერში სიღნაღში. დაოჯახების შემდეგ ეტაპობრივად (პერიოდულად) ჩადიოდა სოფელ იკოთში. დევნილობამდე ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში ცხოვრობდა მარტო. ომის დროს სოფელ იკოთში არ იმყოფებოდა, 2008 წლის ნოემბერში ჩასული იყო ხილის წამოსაღებად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვებიდან გასაუბრების დღემდე ცხოვრობს დასთან - ნ. ღ.-სთან (არადევნილი) ერთად, თბილისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ს., გ.-ს ქ. კორპ. X, ბინა XX.

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2015 წლის 20 იანვრის №01-01/06-513 მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა - მ. დ.-სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული №77603/01 წერილის შინაარსისა და გასაუბრების მასალების გათვალისწინებით, დეპარტამენტმა დაადგინა, რომ მ. დ. არ იყო ახალგორში მუდმივად მცხოვრები პირი და მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №120 ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 20 იანვრის №01-01/06-513 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მ. დ.-ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 18 მარტის №01/64398 წერილით დადგენილია, რომ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მ. დ.-ს მიმართ რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერი არ ფიქსირდება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ თ. ნ. (დაბადების თარიღი - XX.09.197Xწ.; პ/ნ XXXXXXXXXXX; მისამართი - ახალგორი, სოფ. იკოთი), ს. დ. (დაბადების თარიღი - XX.08.196Xწ.; პ/ნ XXXXXXXXXXX; მისამართი - ახალგორი შ. და ე. ე.-ს ქ. №XX) და შ. მ. (დაბადების თარიღი - XX.03.197Xწ.; პ/ნ XXXXXXXXXXX; თბილისი, ჭ. ბ.-ს შეს. №XX) ადასტურებენ, რომ მ. დ. 2008 წლამდე, აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე, ნამდვილად ცხოვრობდა მუდმივად მისამართზე: ახალგორი, სოფ. იკოთი.

3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი სარჩელის დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №120 ბრძანების კანონიერების შემოწმება, მ. დ.-სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პერიოდში პირის რეგისტრაციის მისამართით მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ვერ მოხდება.

განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №120 ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 20 იანვრის №01-01/06-513 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მ. დ.-ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნა. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული №77603/01 წერილის შინაარსისა და გასაუბრების მასალების გათვალისწინებით, დეპარტამენტმა დაადგინა, რომ მ. დ. არ იყო ახალგორში მუდმივად მცხოვრები პირი და მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარით, დადგენილად მიიჩნია, რომ მ. დ. დაიბადა 196X წელს ახალგორში, სწავლა დაამთავრა 1984 წელს სოფელ იკოთში, 1985-1990 წლებში მუშაობდა ახალგორის სამკერვალო ფაბრიკაში, მკერავად. 2008 წლის მაისში დაოჯახდა სიღნაღში და განქორწინდა 2008 წლის ნოემბერში სიღნაღში. დაოჯახების შემდეგ ეტაპობრივად (პერიოდულად) ჩადიოდა სოფელ იკოთში. დევნილობამდე ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში ცხოვრობდა მარტო. ომის დროს სოფელ იკოთში არ იმყოფებოდა, 2008 წლის ნოემბერში ჩასული იყო ხილის წამოსაღებად.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მ. დ.-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გასაუბრების კითხვარში შეტანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მისი მხრიდან დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეში წარდგენილი სადავო მტკიცებულებიდან საქმის განმხილველმა სასამართლომ დაადგინა, რომ კითხვარის თითოეულ გვერდზე ხელმოწერით მ. დ.-ს მიერ დადასტურებული იყო ოქმში შეტანილი მონაცემების რეალობა, მათ შორის, ის ფაქტი, რომ ის 2008 წლის მაისში დაოჯახდა სიღნაღში და განქორწინდა 2008 წლის ნოემბერში სიღნაღში, რაც ერთმნიშვნელოვნად ადგენდა, რომ 2008 წლის აგვისტოს თვეში ის აღარ იყო ახალგორის რაიონის სოფ. იკოთში მუდმივად მცხოვრები პირი. საპირისპირო მტკიცებულებები მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, საქმეში წარდგენილია მ. დ.-ს მიერ ხელმოწერილი დევნილის ანკეტა, რომლითაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. დ. ქორწინებაში იყო არათუ 2008 წლის ნოემბრის თვემდე, არამედ - 2011 წელსაც (სხვა მეუღლესთან ქორწინებაზე მოსარჩელე არ მიუთითებს).

საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდება მ. დ.-ს მიმართ რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერი, აღნიშნულმა გავლენა ვერ იქონია განსახილველ საქმეზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქორწინების ფაქტი მხოლოდ ობიექტურად არსებული ვითარების შეფასებით უნდა ყოფილიყო დადგენილი.

რაც შეეხება საქმეში წარდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ თ. ნ.-ს, ს. დ.-სა და შ. მ.-ს განცხადებას, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ მ. დ.-ს 2008 წლამდე, აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე, ნამდვილად ცხოვრობდა მუდმივად მისამართზე: ახალგორი, სოფ. იკოთი, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მიუთითა, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და ამ გზით უნდა დადგინდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ვერ მიიჩნია სარწმუნოდ დასახელებული განცხადება, რადგან საქმეში არსებულმა ყველა სხვა მტკიცებულებამ და გარემოებამ საწინააღმდეგო დაადასტურა, კერძოდ ის, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივად მაცხოვრებელ პირს.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. დ.-სთან მიმართებაში ვერ იქნა დადასტურებული ახალგორში, სოფელ იკოთში, მუდმივად ცხოვრების ფაქტი და იმ პერიოდში მისი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მისი ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდა მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, რაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გადამწყვეტი ფაქტორია მისი იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად მიჩნევისათვის.

ამდენად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №120 ბრძანებით მ. დ.-ს მართლზომიერად ჩამოერთვა დევნილის სტატუსი და ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას.

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელე მ. დ.-ს წარმომადგენლის მიერ.

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ მოქალაქე მ. დ. მუდმივად ცხოვრობდა (ომამდე და ომის შემდეგ) ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში. აღნიშნულს ასევე ადასტურებს სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეების დასტური მოქალაქე მ. დ.-ს მიმართ, რომ იგი ნამდვილად იყო მუდმივი მაცხოვრებელი. მიუთითებს, რომ წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, არ შეჯერდა სამართლებრივად და არ შეფასდა მოსამართლის მიერ.

სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მოქალაქე მ. დ. ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში. აგრეთვე წარმოდგენილი საბუთებით დგინდება, რომ მოქალაქე მ. დ. დაიბადა ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში, დაამთავრა საშუალო სკოლა და მუშაობდა სამკერვალოში. მას სამაჩაბლოს ტერიტორია არ დაუტოვებია და ითვლებოდა მუდმივ მაცხოვრებლად.

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელის განხილვის დროს არ შემოწმებულა სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლიანობა. არ გამოკვლეულა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და ასევე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევის, დადგენის ან დევნილთა რეგისტრაციის წესის შესახებ“. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა შემოწმებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, უნდა დადგინდეს დავის საგნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ - საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად -დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ანდა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო საფრთხე შეექნა მისი ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ანდა ზემოთ აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აპელანტი მიუთითებს, ამავე საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტი განსაზღვრავს დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ცნებას, რომლის თანახმად, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლების ან პირდაპირ აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი ან მისი ერთ-ერთი ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო.

აპელანტის განმარტებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში არსებული „მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განსაზღვრებიდან გამომდინარე „პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად.

სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარე, პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გაზიარება, არ იმსჯელა მასზე და გამოიტანა არაობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

5.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

დადგენილია, რომ 2011 წლის 4 ივლისს მ. დ.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და როგორც ახალგორის რაიონის სოფელ იკოთიდან იძულებით გადაადგილებულმს პირმა მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება. (ტომი I, ს.ფ. 82).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დასკვნით, 2011 წლის 18 ივლისს მ. დ.-ს მიენიჭა დევნილის სტატუსი. იმავე დღეს მ. დ.-ზე შეივსო დევნილის ანკეტა და გაიცა დევნილის მოწმობა. დევნილის ანკეტის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს მ. დ., მის სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებთან ერთად, მოსარჩელე მ. დ.-ს ოჯახურ მდგომარეობად მითითებულია - „დაოჯახებული“. დევნილთა მონაცემთა ბაზაში იძულებით გადაადგილებამდე ფაქტიურ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდება ახალგორი, სოფელი იკოთი (ტომი I, ს.ფ. 15; 65-66; 76; 81).

2013 წლის 11 ნოემბერს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტს აცნობა, რომ მ. დ.-ს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე გააჩნდა სახლი ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში, სადაც მუდმივად არ ცხოვრობდა. მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ თვითონ მ. დ., რომელიც შეყვანილია ფულადი კომპენსაციის მიმღებთა სიაში, როგორც ახალგორის რაიონის სეზონური მაცხოვრებელი; მას კომპენსაცია არ მიუღია. დოკუმენტი მომზადდა ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 23 ოქტომბრის №98 წერილის საფუძველზე, რომლის თანახმად, მ. დ. არ ცხოვრობდა მუდმივად ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში. მისამართი ჰქონდა შემორჩენილი. აღნიშნულ მისამართზე აქვს საკუთარი სახლი. სხვა ოჯახის წევრი არ ჰყავს. იმყოფება მთავრობის მიერ დადგენილ ფულადი კომპენსაციის მიმღებთა სიაში (ტომი I, ს.ფ 65-68).

2014 წელს, დევნილთა სარეგისტრაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად იქნა რა მიჩნეული დევნილობამდე მ. დ.-ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, შესაბამისი ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, მიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

დადგენილია, რომ 2014 წლის 15 ივლისს მ. დ.-ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში ჩაუტარდა გასაუბრება, რაზედაც შედგა დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი. გასაუბრებისას მ. დ.-მ განმარტა, რომ დაიბადა 196X წელს ახალგორში, სწავლა დაამთავრა 1984 წელს სოფელ იკოთში, 1985-1990 წლებში მუშაობდა ახალგორის სამკერვალო ფაბრიკაში - მკერავად. 2008 წლის მაისში დაოჯახდა სიღნაღში და განქორწინდა 2008 წლის ნოემბერში სიღნაღში. დაოჯახების შემდეგ ეტაპობრივად (პერიოდულად) ჩადიოდა სოფელ იკოთში. დევნილობამდე ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში ცხოვრობდა მარტო. ომის დროს სოფელ იკოთში არ იმყოფებოდა, 2008 წლის ნოემბერში ჩასული იყო ხილის წამოსაღებად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვებიდან გასაუბრების დღემდე ცხოვრობს დასთან - ნ. ღ.-სთან (არადევნილი) ერთად, თბილისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ს., გ.-ს ქ. კორპ. X, ბინა XX (ტომი I, ს.ფ 69-74).

დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2015 წლის 20 იანვრის №01-01/06-513 მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა - მ. დ.-სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული №77603/01 წერილის შინაარსისა და გასაუბრების მასალების გათვალისწინებით, დეპარტამენტმა დაადგინა, რომ მ. დ. არ იყო ახალგორში მუდმივად მცხოვრები პირი და მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა (ტომი I, ს.ფ 63-66).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №120 ბრძანებით ირკვევა, რომ ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 20 იანვრის №01-01/06-513 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მ. დ.-ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი (ტომი I, ს.ფ. 20).

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 18 მარტის №01/64398 წერილის თანახმად, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მ. დ.-ს მიმართ რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერი არ ფიქსირდება (ტომი I, ს.ფ. 200).

თ. ნ. (დაბადების თარიღი - XX.09.197Xწ.; პ/ნ XXXXXXXXXXX; მისამართი - ახალგორი, სოფ. იკოთი), ს. დ. (დაბადების თარიღი - 02.08.1962წ; პ/ნ XXXXXXXXXXX; მისამართი - ახალგორი შ. და ე. ე.-ს ქ. №XX) და შ. მ. (დაბადების თარიღი - XX.03.197Xწ.; პ/ნ XXXXXXXXXXX; თბილისი, ჭ. ბ.-ს შეს. №XX) ადასტურებენ, რომ მ. დ. 2008 წლამდე, აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე, ნამდვილად ცხოვრობდა მუდმივად მისამართზე: ახალგორი, სოფ. იკოთი (ტომი I, ს.ფ. 33).

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს, მესამე პირის ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 18 ივნისის N40 წერილი, რომლითაც ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ მ. დ.-ს ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში გააჩნია საცხოვრებელი ბინა. წერილის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მ. დ. მუდმივად არ ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე (ტომი II, ს.ფ 27).

წარმომადგენლის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 19 ივნისის N2-0587 წერილი, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველ მოდგილეს ეცნობა, რომ მ. დ. არ ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში. ასევე ეცნობა, რომ მ. დ.-ს წარმომადგენლის ადმინისტრაციულ საჩივარში მოყვანილი ზოგიერთი გარემოება არ შეიცავდა სიმართლეს (ტომი II, ს.ფ 26).

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვაზე, მიუხედავად სათანადო გაფრთხილებისა, არ გამოცხადდნენ აპელანტის - მ. დ.-სა და მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებსაც სასამართლოს სხდომის თარიღისა და დროს შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. წარმომადგენელთა მიერ საქმის განხილვის დღეს (15.06.2017) სასამართლოს კანცელარიის საშუალებით წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობები საქმის განხილვის გადადების თაობაზე, თუმცა არ შეიცავდა სათანადო მითითებას და არ ერთვოდა მტკიცებულებები საპატიო გარემოებების თაობაზე, რაც საფუძველი გახდებოდა საქმის განხილვის გადადებისა. შესაბამისად, პალატამ ადმინისტრაციული საპროცესო კოედქსის 261 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, მათ დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით (ტომი II, ს.ფ 15-18).

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №120 ბრძანების (მ. დ.-სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ) ბათილად ცნობა და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მ. დ.-სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის შესახებ.

დევნილის სამართლებრივი სტატუსი, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები და წესი, დევნილის სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიები, მისი უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს კანონით „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“.

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პალატა განმარტავს, რომ დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

დასახელებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

პალატა მიუთითებს შემდეგს: საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება - მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ, უფლებათა რიგს განეკუთვნება.

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველასთვის, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებულია საკუთარი ნებით მიიჩნიოს ესა თუ ის ადგილი მის საცხოვრებლად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

პალატა ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებას არ საჭიროებს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

მოცემული ნორმის განმარტების თანახმად, პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების ერთ-ერთ უმთავრეს დოკუმენტს წარმოადგენს პირადობის მოწმობა, რადგან რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის დადგენა. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართი.

აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებაში (საქმე №ბს-1896-1849(კ-10)) მითითებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად: „საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი“. ამდენად, პალატა მიჩნევს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს. მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პერიოდში პირის რეგისტრაციის მისამართით მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ვერ მოხდება.

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №120 ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 20 იანვრის №01-01/06-513 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მ. დ.-ს ჩამოერთვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, რომელსაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე დასკვნა. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული №77603/01 წერილის შინაარსისა და გასაუბრების მასალების გათვალისწინებით, დეპარტამენტმა დაადგინა, რომ მ. დ. არ იყო ახალგორში მუდმივად მცხოვრები პირი და მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.

პალატა განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები რეგლამენტირებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით, რომლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-3 მუხლში მოცემულია დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას შესაბამისად დევნილისათვის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის და აღდგენის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა ან აღდგენის შესახებ მინისტრის ინდივიდუალრ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის დასკვნა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე, ემყარება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ №77603/01 წერილსა და გასაუბრების მასალებს. როგორც ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 8 ნოემბრის №2-1014 წერილით (რეგისტრაციის ნომერი №77603/01, თარიღი 11.11.2013წ.) ირკვევა, მ. დ.-ს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე გააჩნდა სახლი ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში, სადაც მუდმივად არ ცხოვრობდა. მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ თვითონ მ. დ., რომელიც შეყვანილია ფულადი კომპენსაციის მიმღებთა სიაში, როგორც ახალგორის რაიონის სეზონური მაცხოვრებელი; მას კომპენსაცია არ მიუღია. დოკუმენტი მომზადდა ახალგორის მუნიციპალიტეტის ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 23 ოქტომბრის №98 წერილის საფუძველზე, რომლის თანახმად, მ. დ. არ ცხოვრობდა მუდმივად ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში. მისამართი ჰქონდა შემორჩენილი. აღნიშნულ მისამართზე აქვს საკუთარი სახლი. სხვა ოჯახის წევრი არ ჰყავს. იმყოფება მთავრობის მიერ დადგენილ ფულად კომპენსაციის მიმღებთა სიაში. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ წერილების შინაარსი სულ შესაბამისობაშია თავად მ. დ.-ს მიერ 2014 წლის 15 ივლისს დევნილთა საკითხების დეპარამენტში მიცემულ განმარტებებთან. დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის თანახმად, მ. დ. დაიბადა 196X წელს ახალგორში, სწავლა დაამთავრა 1984 წელს სოფელ იკოთში, 1985-1990 წლებში მუშაობდა ახალგორის სამკერვალო ფაბრიკაში - მკერავად. 2008 წლის მაისში დაოჯახდა სიღნაღში და განქორწინდა 2008 წლის ნოემბერში სიღნაღში. დაოჯახების შემდეგ ეტაპობრივად (პერიოდულად) ჩადიოდა სოფელ იკოთში. დევნილობამდე ახალგორის რაიონის სოფელ იკოთში ცხოვრობდა მარტო. ომის დროს სოფელ იკოთში არ იმყოფებოდა, 2008 წლის ნოემბერში ჩასული იყო ხილის წამოსაღებად.

პირველი ისნტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელე მ. დ.-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გასაუბრების კითხვარში შეტანილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მისი მხრიდან დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეში წარდგენილი სადავო მტკიცებულებიდან დადგინდა, რომ კითხვარის თითოეულ გვერდზე ხელმოწერით მ. დ.-ს მიერ დადასტურებულია ოქმში შეტანილი მონაცემების რეალობა, მათ შორის, ის ფაქტი, რომ ის 2008 წლის მაისში დაოჯახდა სიღნაღში და განქორწინდა 2008 წლის ნოემბერში სიღნაღში, რაც ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ 2008 წლის აგვისტოს თვეში ის აღარ იყო ახალგორის რაიონის სოფ. იკოთში მუდმივად მცხოვრები პირი. საპირისპირო მტკიცებულებები მოსარჩელეს არც საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის და არც სააპელაციო წესით საქმის განხილვის დროს არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია მ. დ.-ს მიერ ხელმოწერილი დევნილის ანკეტა, რომლითაც დგინდება, რომ მ. დ. ქორწინებაში იყო არათუ 2008 წლის ნოემბრის თვემდე, არამედ - 2011 წელსაც.

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ თ. ნ.-ს, ს. დ.-სა და შ. მ.-ს განცხადებას, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ მ. დ. 2008 წლამდე, აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე, ნამდვილად ცხოვრობდა მუდმივად მისამართზე: ახალგორი, სოფ. იკოთი, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა აღნიშნულ დოკუმენტს და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და ამ გზით უნდა დადგინდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომლითაც დასახელებული განცხადება ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ, რადგან საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება და გარემოება საწინააღმდეგოს ადასტურებდა, კერძოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიის მუდმივად მაცხოვრებელ პირს.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მ. დ.-სთან მიმართებაში ვერ იქნა დადასტურებული ახალგორში, სოფელ იკოთში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და იმ პერიოდში მისი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდა მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება, რაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გადამწყვეტი ფაქტორია მისი იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად მიჩნევისათვის.

ამდენად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მართლზომიერად მიიჩნია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №120 ბრძანება, მ. დ.-სათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე მ. დ. ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო აქტის კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

7. საპროცესო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ და „უ“ ქვეპუნქტების თანახმად, როგორც მოსარჩელე მხარე, ასევე მოპასუხე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. დ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).