ნახვები: 168
საქმის ნომერი: 1/ბ-610-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ლევან თევზაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-610-18 (2018-07-10), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-610-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       10 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ლევან თევზაძე

მოსამართლე: ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: ვახტანგ ლობჟანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ოთარ სამუნაშვილი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ი. ჭ, დაბადებული XXXX წლის XX დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #XXXXXXXXXXX, ნასამართლევი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ. რაიონი სოფელი კ.
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სასჯელი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

ი. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ--ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და ი. ჭ.-ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

ი. ჭ.-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 9 იანვრის 15:40 საათიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული ჯარიმა შეუმცირდა 2200 (ორი ათას ორასი) ლარით და საბოლოოდ ი. ჭ. - ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 800 (რვაასი) ლარი.

მხარეთა პოზიცია:
სახელმწიფო ბრალდმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ჭ. - სთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით იმ საფუძვლით, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი. ი. ჭ. -მ ჩაიდინა განზრახი დანაშაულის ორი ეპიზოდი, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ წარსულში ნასამართლევია ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის და 2017 წლის 12 იანვრის განაჩენით სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათი. მის მიმართ შემაკავებელი ორდერიც იყო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, თუმცა კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობის ორი დანაშაული.
მსჯავრდებულმა ი. ჭ. - მ მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. დაზარალებულს შეურიგდა და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, ი. ჭ. მთვრალი მივიდა გ. რაიონის სოფელ კ. -ში მდებარე, ყოფილი მეუღლის-მ. კ. - ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაანადგურა და დააზიანა მ. კ. - ს კუთვნილი ტელევიზორი და ელექტრო მადუღარა, რითაც მ. კ. - ს მიაყენა 940 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 13 საათზე, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი ი. ჭ, მთვრალი მივიდა გ. რაიონის სოფელ კ. - ში მდებარე, ყოფილი მეუღლის - მ. კ. - ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი დაიმუქრა ყოფილი მეუღლის ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით, რაზედაც მ. კ. - ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი. ჭ.-ს დამნაშავეობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენის შეცვლის და სასჯელის დამძიმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სანდრო გიორგაშვილის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ ი. ჭ. - ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილება უნდა შევიდეს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
პალატა განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
სააპელაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ი. ჭ. -სთვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინინებული დანაშაულების ჩადენისათვის ჯარიმის შეფარდება არის ზედმეტად ლმობიერი სასჯელი, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ასევე ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ი. ჭ. - ს მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს სააპელაციო პალატა ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან (საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი) და მსჯავრდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ი. ჭ. - მ ჩაიდინა ორი სხვადასხვა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, წარსულში ნასამართლევია ოჯახური ძალადობისთვის და მისთვის შეფარდებული სასჯელი არ აღმოჩნდა საკმარისი სასჯელის მიზნების განსახორცილებელად, ი. ჭ. - ს სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, აგრეთვე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს ი. ჭ. - ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ აღიარებს და ინანიებს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენას, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც ი. ჭ. - ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, (წარმოდგენილია დაზარალებულ მ. კ. - ს განცხადება, რომლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი. ჭ. - ს მხრიდან რაიმე სამართალდარღვევას ადგილი აღარ ჰქონია და ითხოვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენით შეფარდებული სასჯელის უცვლელად დატოვებას) და მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძველი. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. ყოველივე სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. პირობითი მსჯავრის გამოყენებით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნას და მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სანდრო გიორგაშვილის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება შევიდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენში.



სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ სანდრო გიორგაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენში ი. ჭ. - ს მიმართ შევიდეს ცვლილება.
ი. ჭ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

ი. ჭ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ჭ. - ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

ი. ჭ. - ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 9 იანვრიდან 2018 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

ი. ჭ. - ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ. ჭ. - ს (პირადი #XXXXXXXXXX) სახელზე რიცხული უძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომელიც მდებარეობს გ. რაიონის სოფელ კ. - ში, საკადასტრო კოდი №XX.XX.XX.XXX ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 3105.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი:XX.XX.XX.XXX საბაზრო ღირებულება შეადგენს 6000 (ექვსი ათასი) ლარს გირაოს ფულადი თანხის - 3000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: „ელ-ჯის“ ფირმის ტელევიზორი და ელექტრო მადუღარა, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.