საქმის ნომერი: №2ბ/1646-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრებულია
ინსტანციური ისტორია: ას-1110-20180
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ დაადგინა, რომ თუ შემკვეთმა მიიღო სამუშაო და მისი მტკიცების ფარგლებში არ წარმოადგინა ნაკლიან შესრულებასთან დაკავშირებული პრეტენზიის გაცხადების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ნაკლიანი შესრულების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №№2ბ/1646-18 (2018-05-28), www.temida.ge
საქმის № №2ბ/1646-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       28 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი – შპს „რ. ს.“
წარმომადგენელი – რ. ც.

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.“
წარმომადგენელი – თ. ჭ.

დავის საგანი– თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სარჩელის მოთხოვნა

1.1. მოპასუხე შპს „რ. ს.-სათვის“, მოსარჩელე შპს „მ.-ს“ სასარგებლოდ, 46 062.5 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდის დაკისრება.

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

1.2. მოპასუხე შპს „მ.-სათვის“, მოსარჩელე შპს „რ. ს.-ს“ სასარგებლოდ, 5 305 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდის დაკისრება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „მ.-ს“ სარჩელი შპს „რ. ს.-ს“ მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს „რ. ს.-ს“ მოსარჩელე შპს „მ.-ს“ სასარგებლოდ 46 062.5 ლარის გადახდა დაეკისრა;

2.2. შპს „რ. ს.-ს“ შეგებებული სარჩელი შპს „მ.-ს“ მიმართ დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის ცნობის გამო; შპს „მ.-ს“ შპს „რ. ს.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 5 305 ლარის გადახდა; განხორციელდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-6 პუნქტებში მითითებულ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვა და შპს „რ. ს.-ს“ მოსარჩელე შპს „მ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 40 757.5 ლარის გადახდა;

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 629-ე, 477-ე, 361-ე, მე-400-ე, 405-ე, 442-ე მუხლების საფუძველზე.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „რ. ს.-მ“ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

5. სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს; არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „მ.-მ“ შპს „რ. ს.-ს“ გაუწია უხარისხო მომსახურება, რაც დადასტურებულია წუნდებული აქტებით. აღნიშნული ნაკლიანი შესრულების შედეგად, შპს „რ. ს.-ს“ მატერიალური ზიანი მიადგა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი სწორი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

9. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც სააპელაციო სასამართლოც იზიარებს:

9.1. შპს „მ.-მ“ შპს „რ. ს.-ს“ გაუწია 56 062.5 ლარის ღირებულების მომსახურება.

9.2. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, კერძოდ:
- 2015 წლის 31 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შპს „მ.-მ“ ჩააბარა, ხოლო შპს „რ. ს.-მ“ ჩაიბარა 2015 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, ჯამში 3 470.00 ლარის ოდენობით;
- 2015 წლის 31 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შპს „მ.-მ“ ჩააბარა, ხოლო შპს „რ. ს.-მ“ ჩაიბარა 2015 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, ჯამში 12 567.5 ლარის ოდენობით;
- 2015 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შპს „მ.-მ“ ჩააბარა, ხოლო შპს „რ. ს.-მ“ ჩაიბარა 2015 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, ჯამში 16 118.75 ლარის ოდენობით;
- 2015 წლის 14 სექტემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 12 567.5 ლარს;
- 2015 წლის 15 სექტემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 3 470 ლარს;
- 2015 წლის 15 ოქტომბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 16 118.75 ლარს;
- 2015 წლის 16 ნოემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 18 038.75 ლარს;
- 2016 წლის 14 იანვრის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 5 867.5 ლარს.

9.3. შპს „რ. ს.-ს“ მიერ შპს „მ.-სათვის“ მიღებული მომსახურების ანგარიშში გადახდილია 10 000 ლარი, ხოლო 46 062.5 ლარი მის მიერ არ ანაზღაურებულა.

9.4. შპს „რ. ს.-მ“ მიაწოდა შპს „მ.-ს“ 5 305 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის ღირებულებაც ანაზღაურებული არ არის. (შეგებებულ სარჩელში მოპასუხემ ცნო სარჩელი).

9.5. მხარეებმა თანხმობა განაცხადეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაეკისრა შპს „მ.-ს“ მიმართ ასანაზღაურებელი თანხისა (46 062.5 ლარი) და შპს „რ. ს.-ს“ მიერ შპს „მ.-სათვის“ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების (5 305 ლარი) სხვაობა, რაც 40 747.5 ლარს შეადგენს.

10. სააპელაციო პალატა ვერ გაიზარებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ შპს „მ.-მ“ შპს „რ. ს.-ს“ უხარისხო მომსახურება გაუწია რითაც ამ უკანასკნელს ზიანი მიადგა. პალატა აღნიშნავს, რომ ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

10.1. აპელანტის განმარტებით, ნაკლიანი შესრულების ფაქტი დადასტურებულია წუნდებული აქტებით, თუმცა მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სახეზეა, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ნაკლინი შესრულების შესახებ, რასაც მეორე მხარე უარყოფს.

10.2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსგავს საქმეზე ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმე № ას-746-714-2016, 8მაისი, 2017 წელი) აღნიშნა შემდეგი: „სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. განსახილველ დავაში სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2012 წლის 31 მაისის ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელე ასრულებდა სამუშაოებს, რომელსაც ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი თვის განმავლობაში იღებდა დამკვეთი. დადგენილია ასევე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დამკვეთს (მოპასუხეს) მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტთან და შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი მოპასუხეს (შპს „ე…ს“) ეკისრება. სწორედ მისი მტკიცების ტვირთია ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება... იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებდა, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კასატორის ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ შემკვეთს არ გამოუყენებია ასეთ შემთხვევაში მისთვის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით მინიჭებული საშუალებები. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის შესაბამისად, არ მოუთხოვია დამატებითი შესრულება, შესაბამისად, არც იმ უფლებით უსარგებლია, რომ საზღაური შეემცირებინა ნაკეთობის ნაკლის, განსახილველ შემთხვევაში, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო.“

განსახილველ საქმეშიც ამგვარი ვითარებაა, შემკვეთმა მიიღო სამუშაო და არ არსებობს ნაკლიან შესრულებასთან დაკავშირებული მისი პრეტენზიის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

10.3. პალატა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

10.4. ამდენად, აპელანტმა მისი მტკიცების ფარგლებში, ვერ უზრუნველყო სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

საპროცესო ხარჯები

12. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „რ. ს.-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.