საქმის ნომერი: 2ბ/7265-14
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: გასაჩივრებულია
ინსტანციური ისტორია: ას-984-2018
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სასამართლომ სესხად აღებული თანხის დაბრუნების ფაქტის მტკიცების ტვირთი დააკისრა მოვალეს, ამასთან, ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობა განსაზღვრა მოვალის მითითების საფუძველზე.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/7265-14 (2018-05-21), www.temida.ge
საქმის № 2ბ/7265-14

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       21 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

აპელანტი - გ. დ.
წარმომადგენლები - გ. რ.

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ. ჯ., ე. ზ., ვ. ს.
წარმომადგენელი - ნ. ც.

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით და საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება


გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნოტარიუს ე. შ.-ს მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება; ვ. ს.-სა და ნ. ჯ.-ს შორის 2015 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2. გ. დ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუს ე. შ.-ს მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული № XXXXXXXXX სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ პირგასამტეხლოს მოცულობის ნაწილში და აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა - სესხის ძირითადი თანხა 2000,00 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 500,00 აშშ დოლარი. დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩა უცვლელი; სარჩელი 2015 წლის 17 ოქტომბრის მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ გარიგების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლების საფუძველზე;

4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება;

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

5. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ არ დასტურდება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტი.

6. სასამართლომ განჩინებით დაუსაბუთებლად თქვა უარი ლ. ჭ.-ს მოწმედ დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

7. სადავო არ არის გარემოება, რომ გ. დ.-ს ე. ზ.-ს სასარგებლოდ 4600 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ასევე, 500 აშშ დოლარის დამატებით მიღების ფაქტი. ლ. ჭ. თავის ხელწერილში ადასტურებს ე. ზ.-ს წარმომადგენლის მიერ 1500 აშშ დოლარის მიღებას, რასაც ასევე დაადასტურებდა იგი, მოწმედ დაკითხვის შემთხვევაშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარტივი არითმეტიკული გათვლით, შეუძლებელია ე. ზ.-ს ძირითადი ვალდებულებიდან - 6000 აშშ დოლარიდან 2000 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნის უფლება დაეთმო, ვინაიდან ვალდებულება სრულად იყო შესრულებული და მოთხოვნის უფლება ობიექტურად აღარ არსებობდა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:


9. სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც სააპელაციო სასამართლოც იზიარებს:

9.1. 2013 წლის 20 მარტს გ. დ.-ს (მესაკუთრე) და იპოთეკარებს - ლ. ს.-ს, ლ. ჭ.-სა და ე. ზ.-ს (ვ. ს.-ს წარმომადგენლობით) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუსის ე. შ.-ს მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: XXXXXXXXX), რომლის მიხედვით, გ. დ.-ს ლ. ს.-მ ასესხა 1000,00 აშშ დოლარი, ლ. ჭ.-მ - 1000,00 აშშ დოლარი, ხოლო ე. ზ.-მ (ვ. ს.-ს წარმომადგენლობით) - 6000,00 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 6%-ის დარიცხვითა და გადახდით. სესხის ვადა განისაზღვრა 3 თვით და უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 20 ივნისს; მსესხებლის მიერ წინასწარ გადახდილია 2 თვის სარგებელი.

9.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-10 პუნქტის მიხედვით, სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულების დამრღვევი მხარე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს - საერთო თანხის 0,3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე.

9.3. 2013 წლის 20 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა გ. დ.-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ს.-ს რაიონის სოფელი ა., ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო - სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი - 335,00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - XX.XX.XX.XXX, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი - №X-334,8 კვ.მ (განაშ. ფართი) შენობა-ნაგებობების საერთო ფართი - 143,70.

9.4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკარი უფლებამოსილი იყო, ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ერთად გადაეცა მესამე პირისათვის, მესაკუთრის დამატებითი თანხმობის გარეშე.

9.5. 2015 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, ე. ზ.-მ, წარმოდგენილმა ვ. ს.-ს მიერ, ნ. ჯ.-ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაუთმო კუთვნილი 6000,00 აშშ დოლარიდან 2000,00 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული სარგებლის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

9.6. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

9.7. 2013 წლის 20 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 29 ოქტომბერს ნოტარიუსის ე. შ.-ს მიერ გაცემული № XXXXXXXXX სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 2000,00 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოთი - 0,3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე, (შემცირებული 0,12%-მდე) – 1512,00 აშშ დოლარი, ჯამში 3512,00 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126,72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.

10. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ სადავოდ გახადა 2015 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულების და სააღსრულებო ფურცელის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ვალდებულება სრულადაა შესრულებული, შესაბამისად, მოპასუხე ე. ზ.-მ ნ. ჯ.-ს დაუთმო ობიექტურად არარსებული მოთხოვნა, რის გამოც აღნიშნული გარიგება ბათილად უნდა ცნობილიყო.

11. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის მოთხოვნა დათმობის შესახებ ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში, თუმცაღა პირსამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ მაღლად და გონივრულ ოდენობამდე შეამცირა.

12. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს დასკვნა ვალდებულების სრულად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის შესახებ დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების სათანადო სამართლებრივ შეფასებას.

4.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მოვალის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, კერძოდ:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს ე. ზ.-სათვის უნდა დაებრუნებინა 6000,00 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, დარჩენილი ერთი თვის სარგებელი 360,00 აშშ დოლარი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო საერთო თანხის 0,3 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სადავო არ არის გარემოება, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს 4600,00 აშშ დოლარი, საიდანაც დაფარულად ჩაითვალა 4000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა, 360 აშშ დოლარი სესხის პროცენტი და 240 აშშ დოლარი პირგასამტეხლო.

პალატა განმარტავს, რომ გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მსესხებელს ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი) კი მსესხებელს (მოცემულ შემთხვევაში - მოსარჩელეს, როგორც იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირად მოვალეს) აკისრია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-965-926-2014).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სადავო 1500 აშშ დოლარის გადახდის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად ლ. ჭ.-ს ხელწერილზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ხელწერილის შინაარსს ლ. ჭ. დაადასტურებდა მოწმედ დაკითხვის შემთხვევაშიც, სასამართლოს რომ მისი დაკითხვის შუამდგომლობაზე უარი არ ეთქვა. აპელანტის აღნიშნული პრეტენზიის საპირისპიროდ პალატა მიუთითებს შემდეგს:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი ნორმის მიზანია სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. დათქმა, რომლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ვრცელდება, ასევე სასესხო ვალდებულების შესრულების ინსტიტუტზეც. ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების საგნის (მოცემულ შემთხვევაში - თანხის) მსესხებელზე გადაცემის და შემდეგ მისი მიღების ფაქტის დადგენა ერთსა და იმავე წესს ემორჩილება.

ამდენად, სასესხო ურთიერთობების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ზეპირი ფორმით სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი. სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებს სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები, რაც ვალდებულების შესრულების თაობაზე მოსარჩელის მტკიცების საფუძვლიანობას გამორიცხავს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-965-926-2014 )

ამასთან, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას შესრულებული ვალდებულებიდან - 4600 აშშ დოლარიდან, 360 აშშ დოლარის სესხის პროცენტის ანგარიშში, ხოლო 240 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვლის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით განსაზღვრულია ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.

მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობის შესახებ, შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი რიგითობა.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 4600 აშშ დოლარიდან 4000 აშშ დოლარი მართებულად მიმართა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის ანგარიშში, თუმცა ვერ დაეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც დარჩენილი თანხიდან - 600 აშშ დოლარიდან 360 აშშ დოლარი სესხის პროცენტის ანგარიშში, ხოლო 240 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვალა, ვინაიდან საკითხის ასეთი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით დადგენილ ფულადი ვალდებულების დაფარვის პრინციპს, რომლის თანახმადაც, კანონმდებელი ვალდებულების დაფარვის რიგითობის არჩევანის უფლებას მოვალეს ანდობს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის (მოვალის) განმარტებით, მან სადავო თანხა ძირითადი თანხის ანგარიშში გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ 600 აშშ დოლარი არა სესხის პროცენტის და პირგასამტეხლოს, არამედ, ძირითადი ვალდებულების შესრულების ანგარიშში უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად, 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული № XXXXXXXXX სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხა 1400 აშშ დოლარით (2000 აშშ დოლარს - 600 აშშ დოლარი) უნდა განისაზღვროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს ასევე, ე. ზ.-სა და ნ. ჯ.-ს შორის 2015 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ ხელშეკრულების ნაწილობრივ, კერძოდ, 600 აშშ დოლარის ნაწილში გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი, თანახმად სკ 198.1. მუხლის მეორე წინადადებისა, იმდენად რამდენადაც ე. ზ.-ს ნ. ჯ.-სათვის მოთხოვნის დათმობის მომენტში გააჩნდა მხოლოდ 1400 ლარის კრედიტორული უფლება გ. დ.-ს მიმართ.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.


6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, გ. დ.-ს სააპელაციო მოთხოვნა კმაყოფილდება ამ ინსტანციაში დავის საგნის ღირებულების 30%-ის ნაწილში, ამ პროპორციით მოწინააღმდეგე მხარეს - ნ. ჯ.-ს, როგორც მოთხოვნის კრედიტორს, ვის წინააღმდეგაც უშუალოდ არის ქონებრივი მოთხოვნა მიმართული, - უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (196 ლარის) ნაწილის - 58,80 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა


1. გ. დ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. დ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ე. შ.-ს მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გაცემული №XXXXXXXXX სააღსრულებო ფურცელი, აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვროს - სესხის ძირითადი თანხა 1400,00 აშშ დოლარით და პირგასამტეხლო 500,00 აშშ დოლარით. დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი;

5. 2015 წლის 17 ოქტომბრის მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ გარიგება გაუქმდეს ნაწილობრივ, კერძოდ, 600 აშშ დოლარის დათმობის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში გარიგება დარჩეს უცვლელად;

6. ნ. ჯ.-ს გ. დ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის ანაზღაურება 58,80 ლარის ოდენობით;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.