საქმის ნომერი: 1/ბ-297-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2კ-95აპ.-18
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-297-17 (2017-12-11), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-297-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       11 დეკემბერი, 2017 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ვახტანგ ლობჟანიძე
სხდომის სახე - ღია

ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლუკა გამყრელიძე

დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - დ. თ.-ს ძე შ., დაბადებული 1980 წლის 03 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.რ., ფ.-ს ქუჩა №XX/XX.
მსჯავრდებული - ა. ი.-ს ძე კ., დაბადებული 1983 წლის 15 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი NXXXXXXXXXXX, რეგისტრირებული: ო.-ს რაიონი, სოფელი ა. კ.; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.რ., კ.-ს გამზირი NXX..
ადვოკატები - დ. ბ., რ. მ.;

კვალიფიკაცია:
დ. შ. - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით).

ა. კ. - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით).

სასჯელი:
დ. შ. - დანაშაულთა ერთობლიობით, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. კ. - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ბრალდების მხარეს გააჩნია ერთადერთი დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არანაირი სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული და შეუძლებელია მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

ბრალდების მხარის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, ეყრდნობა ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც შეფასებულია სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით, დ. შ. და ა. კ. ცნობილ იქნენ დამნაშავედ მასში, რომ მათ ჩაიდინეს:
 თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;
 ასევე, დ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სხვისი ნივთის განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2016 წლის 30 მაისს, დაახლოებით 00:00 საათიდან 01:10 საათამდე შუალედში, ქ.რ.-ი, ე.წ. ..... მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. შ.-მ და ა. კ.-მ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, აღუკვეთეს თავისუფლება დ. შო.-ს, რომელსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულეს გადაადგილებულიყო ძველი სასაფლაოს ტერიტორიიდან ახალი სასაფლაოს ტერიტორიამდე, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დანის გამოყენებით მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით.

2016 წლის 30 მაისს, დაახლოებით 00:00 საათიდან 01:10 საათამდე შუალედში, ქ.რ.-ში, ე.წ. ახალი სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. შ.-მ ცეცხლის წაკიდებით გაანადგურა „ოპელ ასტრას“ ფირმის ავტომანქანა, სახ. #XX-XXX-XX და მასში მოთავსებული ფულადი თანხა 105 ლარის ოდენობით, რითაც დ. შო.-ს მიაყენა 1855 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით, დ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დ. შ.-ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

დ. შ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 30 მაისიდან.

ა. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

ა. კ.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 30 მაისიდან.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ დ. შ.-მ და ა. კ.-მ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ასევე დ. შ.-მ ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.

<თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით

პალატა აღნიშნავს, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების ყველანაირი შესაძლებლობა. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია, რომ პირს არ ჰქონდეს გადაადგილების არანაირი ობიექტური შესაძლებლობა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანებს აქვთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება, თავისუფლება აღუკვეთოს ან სხვაგვარად შეუზღუდოს იგი პირს. დანაშაულის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება. ამასთან, თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიეკუთვნება ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას და იგი დამთავრებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

ჩვენების მიცემისას, დაზარალებულმა დ. შო.-მ განმარტა, რომ მუშაობდა ტაქსის მძღოლად და საკუთრებაში ჰყავდა ლურჯი ფერის ავტომანქანა ,,ოპელ ასტრა’’, სახელმწიფო ნომრით XXXXXXX. 2016 წლის 29 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე, რ.-ში, მ.-ს ქუჩაზე, ყოფილი ... ,,რ.-ს“ მიმდებარედ, ჩაუსხდნენ მგზავრები - ახალგაზრდა მამაკაცი (როგორც შემდეგ შეიტყო ა. კ.) და ქალბატონი, რომლებმაც სთხოვეს ქ.რ.-ში, მ.-ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,,უ.-ში“ წაყვანა. მითითებულ ადგილზე მისვლისას, ავტომანქანიდან გადავიდა მამაკაცი, უთხრა დალოდებოდა, ხოლო ქალბატონი დარჩა. ქალბატონი აღმოჩნდა თ. კ., რომელიც გამოელაპარაკა მას და აღმოჩნდა, რომ ორივე იყვნენ კახეთიდან. თ.კ.-მ სთხოვა დახმარება სამსახურის დაწყებაში, რა მიზნითაც დ.შ.-ს გამოართვა თავისი ტელეფონის ნომერი. მამაკაცის დაბრუნების შემდეგ ისინი მიიყვანა მისამართზე ქ.რ.-ში, ფ.-ს NXX-ში. დაახლოებით ერთ საათში დაურეკეს პირად ნომერზე და მამაკაცმა თავი შეახსენა მას. მიხვდა, რომ ურეკავდა სწორედ ის პირი, რომელიც ახლდა თ. კ.-ს. მამაკაცმა სთხოვა ფ.-ს ქ. NXX-ში მისვლა და თ.-ში, ს.-ზე წაყვანა. დ.შ.-მ განუმარტა მათ, რომ ერთი საათი არ ეცალა და თუ სურდათ მოგვიანებით მივიდოდა, რაზეც დათანხმდნენ. დაახლოებით ერთ საათში მივიდა მითითებულ მისამართზე და იმავე ნომერზე დარეკვით შეატყობინა მისვლის ფაქტი. ცოტა ხანში ეზოში ჩავიდა სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთი დარჩა ადგილზე, ხოლო ორი შეუთანხმდა თ.-ში, ს.-ზე წაყვანაზე. მგზავრებმა სთხოვეს სოფელ გ.-ს გზით, სასაფლაოების გავლით წასვლა. გზაზე მოძრაობისას, ხიდზე ასვლისას, მის გვერდით მჯდომმა მამაკაცმა ჰკითხა თუ რატომ მოსთხოვა ნომერი და შემდეგ რატომ მისცა თავისი ტელეფონის ნომერი თ.კ.-ს, ასევე, რატომ მიაყენა შეურაცხყოფა და რატომ შესთავაზა მასთან ინტიმური კავშირის დამყარება. დაზარალებულის განმარტებით, ეცადა აეხსნა მგზავრებისთვის, რომ მსგავს ფაქტს არ ჰქონია ადგილი, მაგრამ არ მოუსმინეს და გვერდით მჯდომმა დაუწყო ცემა, რაშიც ჩაერთო უკან მჯდომი ა. კ.-ც. ცემდნენ ხელების და ფეხების გამოყენებით, ორივე ბრალდებული ერთნაირად აქტიურობდა მის ცემაში. შ.-მ განუმარტა მათ, რომ მას არ უთხოვია ნომერი კ.-სთვის და თავად გამოართვა ამ უკანასკნელმა ნომერი მუშაობის დაწყებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით.

დაზარალებულის განმარტებით, სასაფლაოების გავლით გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე ე.წ. „ახალ ხიდზე“, რომ გადავიდნენ, ავტობუსის გაჩერებასთან გააჩერა მანქანა და კვლავ ცდილობდა მიზეზის ახსნას, რის საშუალებასაც არ აძლევდნენ და კვლავ ცემდნენ. მან ასევე განმარტა, რომ, როდესაც მისი მგზავრები ძალადობაზე გადავიდნენ, ხელით უმკლავდებოდა, რომ მისთვის დაზიანება არ მიეყენებინათ. მას მათთვის დაზიანება თავის მხრივ არ მიუყენებია. არ მისცეს შესაძლებლობა, რომ მანქანიდან გადასულიყო, ყველანაირად შეზღუდული იყო. შემდეგ გვერდით მჯდომმა დ. შ.-მ მიადო მას დანა ფერდში და უთხრა დაეძრა მანქანა. უკან მყოფმა ა. კ.-მ კი დაიჭირა, რომ არ გაქცეულიყო. როდესაც დ. შ.-მ დანა დაადო, იგრძნო დანის ჩარჭობა ფერდში, საიდანაც წამოუვიდა სისხლი. შემდეგ დ.შ.-მ დანა დაადო ყელზეც და მიაყენა დაზიანება, გაუჭრა კანი. მართალია, სიბნელეში დანა კარგად ვერ გაარჩია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საგანი, რომლითაც მას დ. შო.-მ ჭრილობები მიაყენა, იყო დანა. იყო უმწეო, აღარ შეეძლო მანქანიდან გადმოსულიყო და გაქცეულიყო. მანქანა დაძრა სასაფლაოების მიმართულებით, რასაც კარნახობდნენ ბრალდებულები და აიძულებდნენ წასვლას. ისეთ ადგილას ავიდნენ, საიდანაც გზა აღარ იყო, ვინმესთვის საშველად რომ მოეხმო ამის საშუალებაც არ არსებობდა, რადგან მხოლოდ სასაფლაოები იყო, რომელიც გზიდან, ასფალტიდან იქნებოდა დაახლოებით 150 მეტრი ან მეტი. სასაფლაოებზე მისვლის შემდეგ უკან მჯდომმა ა. კ.-მ მოუარა მანქანის კარებს მისი კარებისკენ, მანქანიდან გადავიდა შ.-ც. ამ პერიოდში ბრალდებულები შეკამათდნენ, მან კი დრო იხელთა და გამოიქცა, ვინაიდან მიხვდა, რომ ახსნას აზრი არ ჰქონდა და ერთი სული ჰქონდა თავი დაეღწია მათგან. დ.შო.-მ დაადასტურა, რომ კი არ გამოუშვეს, გამოიქცა. ცოტა მანძილზე გამოეკიდნენ და მერე გაჩერდნენ, მიაძახეს გაჩერდი, თორემ მანქანას დაგიწვავთო, თუმცა არ გაჩერებულა. სირბილით ჩავიდა გზამდე, დაურეკა თავის მეგობარს ე. ბ.-ს, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ მივიდა ტაქსით ადგილზე. მასთან ერთად ავიდა იმ ადგილას, სადაც დატოვა მანქანა და ბრალდებულები და ნახა, რომ მანქანა იწვოდა, თითქმის სრულად დამწვარი იყო, რის შემდეგაც დარეკა გადაუდებელი დახმარების ცენტრ „112“-ში დახმარების თხოვნით.

მოწმის ე. ბ.-მ დაადასტურა დაზარალებულ დ. შო.-ს ნაამბობი და განმარტა, რომ 30 მაისს, დაახლოებით 00:10 საათზე დაურეკა დ.შო.-მ, რომელიც იყო შეშინებული და ითხოვდა დახმარებას. ზარის განხორციელების ფაქტი, გარდა მოწმის ჩვენებისა, დასტურდება ასევე მისი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით. მოწმემ განმარტა, რომ დარეკვის შემდეგ ტაქსით გაემართა დ.შო.-თან და შეხვდა ძველ სასაფლაოსთან, სადაც დ.შო.-მ უამბო განვითარებული მოვლენების შესახებ. როდესაც ისინი სასაფლაოზე ავიდნენ, მანქანა უკვე იწვოდა და დარეკეს 112-ში, რის შემდეგაც ადგილზე მოვიდა სახანძრო, პატრული და სასწრაფო.

2016 წლის 30 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.რ.-ში, ე.წ. .... ტერიტორიაზე. შემთხვევის დათვალიერება დაიწყო 2016 წლის 30 მაისს 03:10 საათზე და გრძელდებოდა 2016 წლის 30 მაისის 04:30 საათამდე. შემთხვევის დათვალიერება მიმდინარეობდა ხელოვნური განათების პირობებში მშვიდ და წყნარ გარემოში. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა ექსპერტების მონაწილეობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ტაქსის ტრაფარეტი, ლურჯი ფერის ნაჭერი, ნამწვის სამი ნიმუში, რომლებიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ოქმს ხელს აწერს ნ. ჯ., ზ. ბ., ნ. ი. და ოქმის შემდგენი ს. ყ.. ოქმზე თანდართულ ფოტოებში ჩანს ავტომანქანა ,,ოპელ ასტრა’’, სახელმწიფო ნომრით XXXXXXX, დამწვარ მდგომარეობაში.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომელმა ს. ს.-მ განმარტა, რომ 2016 წლის 30 მაისს სამსახურში ყოფნისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დ. შო.-ს ჯანმრთელობისა და მისი კუთვნილი ავტომანქანის დაზიანება ჩადენილი ჰქონდათ ა. კ.-ს და დ. შ.-ს, რის თაობაზეც პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას შემდგომი რეაგირების მიზნით.

გამოძიების პროცესში, დათვალიერებულია და ამოღებულია დ. შო.-ს ტანსაცმელი, რომელსაც აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, ასევე დათვალიერებულია მისი მობილური ტელეფონი და ოქმში მითითებულია შესაბამისი შემავალი და გამავალი ზარები. 2016 წლის 30 მაისს, დათვალიერდა და ამოღებული იქნა ასევე დ.შ.-ს ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი. ასევე დათვალიერებული და ამოღებულია ა. კ.-ს ტანსაცმელი. 2016 წლის 30 მაისს ჩატარდა ამოცნობები. წარდგენილი პირებიდან, დ. შო.-მ ამოიცნო როგორც დ. შ., ისე ა. კ. და განმარტა, რომ ამოცნობაში არ ცდება. 2016 წლის 31 მაისს, დ. შო.-თან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რის შესახებაც ასევე შედგა შესაბამისი ოქმი. საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს სხდომაზე დაკითხვისას გამომძიებლებმა: ს. ც.-მ, ნ. ღ.-მ, გ. გ.-მ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ს. ყ.-მ, ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტებმა დ. გ.-მ და მ. გ.-მ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტ ბ. მ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მოქალაქე დ. შო.-ს 30.05.2016 წელს ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახისა და წელის მიდამოებში, ნაჭდევი თავის მიდამოში, რაც მიყენებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხოლო ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით სტაციონარულად დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის წინა კედლის ორი ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიყენებული იყო რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ბ. მ.-მ დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 30 მაისს გაცემული N0030XXXXX ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

მსჯავრდებულმა ა. კ.-მ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2016 წლის 29 მაისს, ქეიფობდა დ. შ.-თან. ვინაიდან აღარ ჰქონდათ სასმელი, თავად და მისი მეგობარი თეონა, რომელიც ასევე იმყოფებოდა დ.-ს სახლში, ჩავიდნენ მაღაზიაში არყის საყიდლად და ვინაიდან ახლოს მდებარე მაღაზია იყო დაკეტილი, სხვა მაღაზიაში წასასვლელად ჩასხდნენ ტაქსში. სახლში დაბრუნებისას თეომ თქვა, რომ ტაქსის მძღოლმა დაუწყო შებმა, მაშინ, როდესაც ა.კ. მაღაზიაში გადავიდა. მძღოლმა სთხოვა ნომერი, ხოლო უარის მიღების შემდეგ, მისცა ფურცელზე დაწერილი თავისი ნომერი. ა.კ.-ს განმარტებით, ის და დ. შ. მაინც აპირებდნენ საღამოს თბილისში წასვლას ვალის დასაბრუნებლად, ამიტომ გამოიძახეს დ. შო.. მათ წინასწარ არაფერი ჰქონდათ დაგეგმილი და გზაშიც საუბრობდნენ პირად საკითხებზე. ვინაიდან მიდიოდნენ ა.-ს დასახლებაში, მძღოლს უთხრეს წასულიყო სასაფლაოს გზით, თან მამის საფლავზე გაივლიდა. როდესაც აუხვიეს ახალი სასაფლაოსკენ, მათ ჰკითხეს შო.-ს თუ რატომ მისცა ნომერი თ.-ს, რაც თავდაპირველად უარყო ტაქსის მძღოლმა, თუმცა ტელეფონის ნომრის ჩვენებაზე აღიარა, რომ იყო მისი დაწერილი. ესაუბრებოდა დ. შ. და არკვევდა რა მოხდა სინამდვილეში. დ.შო.-მ ცუდად დაიწყო საუბარი, აყვნენ კამათში, რის შემდეგაც მძღოლმა გააჩერა მანქანა, გადახტა და უთხრა თუ რატომ აფარებდნენ ხელს მეძავს. ამის გამო დ.შ.-მ ხელი დაარტყა დ.შო.-ს. დ. შ.-ს ხელი ჰქონდა გაჭრილი იმიტომ, რომ დ. შო.-მ დანა დაუსვა ხელზე. მან დაინახა, რომ დ.შო. იქნევდა ხელს, თუმცა დანა არ დაუნახავს. ამის შემდეგ დ.შო. გაიქცა და ილანძღებოდა, რაზეც დ.შ. გაბრაზდა, ერთჯერად ხელსახოცს მოუკიდა ცეცხლი, დააგდო მანქანის სავარძელზე და კარები დაკეტა, რის შემდეგაც დაბრუნდნენ დ.შ.-ს სახლში. დ.შ. იყო დაჭრილი მკლავის ადგილას, თუმცა, ეცვა მოკლესახელოებიანი მაისური, რის გამოც ტანსაცმელს ვერ ექნებოდა რაიმე კვალი, ხოლო, თავად სისხლი შარვალზე მოხვდა ფრჩხილების კვნეტის შედეგად.

დ. შ.-მ თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც თ. კ. და ა. კ. დაბრუნდნენ და მიიტანეს სასმელი, დაახლოებით 10 წუთში თ.-მ ჯიბიდან ამოიღო ნომერი და მოუყვა მათ, რომ ა.-ს ტაქსიდან გადასვლის შემდეგ, ტაქსის მძღოლმა თ.-ს სთხოვა მობილურის ნომერი და უთხრა, რომ უნდოდა მისი ახლოს გაცნობა, კერძოდ, სექსუალური აქტის დამყარება, უარის მიღების შემდეგ კი მისცა თავისი ნომერი. დ.შ.-მ განმარტა, რომ წასასვლელი იყო თბილისში მეგობართან ფულის სასესხებლად, ამიტომ იფიქრეს, რომ ეს ტაქსის მძღოლი წაიყვანდა და თან დაელაპარაკებოდნენ გზაში. დაურეკეს დ. შო.-ს, რომელმაც განუცხადა თანხმობა წაყვანაზე. თავად დაჯდა მძღოლის გვერდით, ხოლო ა.კ. დაჯდა უკან. ვინაიდან მისი მეგობარი ა.-ში ცხოვრობდა, დ.შო.-ს უთხრა, რომ წასულიყვნენ გაჩიანის მხრიდან, რაზეც ა. კ.-მ თქვა, რომ გაეარათ მამამისის საფლავზე და შემდეგ გაეგრძელებინათ გზა. ძველი და ახალი სასაფლაოების შუაში ტაქსის მძღოლმა შეანელა და იკითხა იმ ადგილზე ხომ არ უნდოდათ, რაზეც დ.-მ უპასუხა, რომ უნდოდათ „ახალში“. მაღლა ასვლის შემდეგ, მან უთხრა დ.შო.-ს, რომ დაახლოებით 2 საათის წინ გოგოსთვის მიცემული ჰქონდა ტელეფონის ნომერი და შეუთავაზებია სექსუალური კავშირი და თხოვა გარკვევა. ამის გაგონებაზე ტაქსის მძღოლი მანქანიდან გადავიდა და მათ უთხრა, „ახალგაზრდები არ ხართ, გოგო არ შეგიბიათო?!“, რაზეც მან უპასუხა, რომ გააჩნდა გოგოს, ვინ იყო. დ.შო.-მ დაიწყო უწმაწური სიტყვებით საუბარი, მეძავს უდგებით გვერდზეო. ვინაიდან თ. მისი ახლო მეგობრის ცოლია, მან ვერ მოითმინა ეს სიტყვები და 2-3 ჯერ დაარტყა დ.შო.-ს. ამ უკანასკნელმა ამოიღო ჯიბიდან რაღაც და დაიწყო ქნევა. ტაქსის მძღოლი თან უკან-უკან იწევდა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით აგინებდა და გაიქცა. შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა ძალიან გააბრაზა, გამოაღო მანქანის კარი, ქაღალდს ცეცხლი წაუკიდა და მანქანაში დააგდო, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდნენ, მეორე დღეს კი პოლიციამ დააკავა.

პალატა ვერ გაიზიარებს ა. კ.-ს და დ. შ.-ს განმარტებებს, თითქოსდა ისინი მიდიოდნენ თ.-ში და ა.კ.-ს მამის საფლავზე მისვლის მოტივით წაიყვანეს დ. შო. სასაფლაოების მიმართულებით. ასევე დაუსაბუთებელია მსჯავრდებულების აპელირება იმ გარემოებაზე, თითქოსდა მათ წინასწარი განზრახვა არ გააჩნდათ და მხოლოდ დ.შო.-ს მიერ გამოხატული შეურაცხყოფის ფონზე მიაყენა მას დაზიანება (2-3-ჯერ დაარტყა) დ.შ.-მ. თავად მსჯავრდებულთა განმარტებებიდან ჩანს, რომ მათ თ. კ.-ს გადმოცემით იცოდნენ, რომ ტაქსის მძღოლმა მისცა მას მობილური ტელეფონის ნომერი და სწორედ აღნიშნულ მძღოლს დაურეკეს თბილისში წაყვანის მოტივით, რაც, ასევე დასტურდება სატელეფონო ზარებით. ამასთან, მსჯავრდებულები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ გზაში უნდა დალაპარაკებოდნენ მძღოლს, რომელსაც უნდა აეხსნა მათთვის თ.კ.-სთვის ტელეფონის ნომრის მიცემის მიზეზი. თუმცა უსაფუძვლოა და არ დასტურდება ის გარემოება, რომ დ. შ. და ა. კ. ნამდვილად მიდიოდნენ თბილისში.

მოწმე ო. მ.-ს ჩვენებით, 2016 წლის 29 მაისს, საღამოს საათებში, ქ.რ.-ში, ფ.-ს ქუჩა NXX-ში, იმყოფებოდა მეგობართან დ. შ.-თან, სადაც ასევე იმყოფებოდნენ დ. შ.-ს მეგობარი ა. კ., მ. მ., ე. გ. და მისი მეგობარი თ. კ.. სასმელის მოსატანად წავიდა ა. კ. თ. კ.-თან ერთად. დაბრუნებისას, თ. კ.-მ იქ მყოფ პირებს უთხრა, რომ ა.-ს ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ, მისთვის უცნობმა ტაქსის მძღოლმა მას შესთავაზა სექსუალური კავშირი და სთხოვა ტელეფონის ნომერი, რაზეც თ.-ს უთქვამს, რომ არ ჰქონდა ტელეფონი, ტაქსის მძღოლმა კი თავისი ხელით დაუწერა მისი კუთვნილი ტელეფონის ნომერი ფურცელზე და მიაწოდა მას, რომელიც თ.-მ გამოართვა. აღნიშნული ფაქტით გაბრაზებულმა დ. შ.-მ დარეკა ხსენებულ ნომერზე და მძღოლს უთხრა, რომ სურდა ტაქსის გამოძახება თ.-ში წასასვლელად. ტაქსი მივიდა მისამართზე, რის შემდეგაც ო. მ., ა. კ. და დ. შ. ჩავიდნენ ტაქსთან. ო.მ. დარჩა ადგილზე, ხოლო დ.შ. და ა.კ. ჩასხდნენ ტაქსში. უკან დაბრუნებულებმა იქ მყოფებს უთხრეს, რომ წასულები იყვნენ სიტუაციის გასარკვევად ტაქსის მძღოლთან, საუბრის დროს მათ მოუვიდათ შელაპარაკება, რის შემდეგაც დ.-მ და ა.-მ ტაქსის მძღოლი ცემეს, ხოლო მის მანქანას წაუკიდეს ცეცხლი და დაწვეს.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მ. მ.-ს გამოკითხვის ოქმით და მოწმის სახით დაკითხული ე. გ.-ს ჩვენებით დადასტურებულია ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები. ე. გ.-მ სასამართლოს ასევე მოახსენა, რომ როდესაც დ. შ. დაბრუნდა, იგი მარჯვენა ხელში ორ ადგილას იყო დაჭრილი. კითხვაზე თუ რა მოხდა, დ.-მ უპასუხა, რომ ის და ა. კ. ტაქსის მძღოლთან წავიდნენ უბრალოდ სალაპარაკოდ და ამბის გასარკვევად, ამის სანაცვლოდ კი ტაქსისტმა დაჭრა დ. შ., შემდეგ მათაც ცემეს ტაქსისტი და მანქანა დაუწვეს.

თ. კ.-ს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მეუღლესთან ა. ა.-თან ერთად 2016 წლის 30 აპრილიდან დროებით ცხოვრობდა დ. შ.-თან და მის მეუღლესთან ე. გ.-თან ერთად, ქ.რ.-ში, ფ.-ს ქ. №XX-ში. 2016 წლის 29 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, მათთან სტუმრად მივიდა დ. შ.-ს მეგობარი ა. კ., ასევე მათთან ერთად იყო ო. მ. და მ., რომლის გვარიც არ ახსოვს. ისინი სვამდნენ არაყს. სუფრაზე გაუთავდათ სასმელი, რის გამოც ის და ა. კ. გავიდნენ მაღაზიაში მოსატანად. ჩასხდნენ ლურჯი ფერის ,,ოპელ ასტრას” მარკის ავტომანქანაში და მივიდნენ მ.-ს ქუჩაზე არსებულ მაღაზია ,,უნივერმაღის“ ტერიტორიაზე, სადაც ა. გადავიდა ავტომანქანიდან არყის საყიდლად, ხოლო ის დარჩა მანქანაში. ა.-ს ტაქსიდან გადასვლის შემდეგ მძღოლმა ჰკითხა თუ რა ერქვა, სადაური იყო წარმოშობით, რაზეც მან უპასუხა, რომ ერქვა თ. და წარმოშობით იყო კ.-დან, რაზეც ტაქსის მძღოლმა გააკეთა კომენტარი, რომ ისიც იყო წარმოშობით კახელი. ტაქსის მძღოლმა პირდაპირ უთხრა, რომ უნდოდა მისი ტელეფონის ნომერი, რადგან სამომავლოდ შეხვედრილიყვნენ ერთმანეთს სექსუალური აქტის დამყარების მიზნით, რაზეც ძლიერ აღელდა და უპასუხა, რომ არ ჰქონდა ტელეფონი და არც მასთან სამომავლოდ შეხვედრის სურვილი. მიუხედავად ამისა, ტაქსის მძღოლმა მას დაუწერა ქაღალდზე თავისი ტელეფონის ორი ნომერი და მიაწოდა. ვინაიდან, აღნიშნულის გამო იყო აღელვებული, მან დაუფიქრებლად აღნიშნული ქაღალდი ჩაიდო ჯიბეში. ამასობაში ა. კ.-ც მოვიდა და დაბრუნდნენ სახლში. ტაქსის მძღოლის საქციელის გამო იყო აღელვებული, რაც შენიშნეს მეგობრებმა და ჰკითხეს თუ რატომ იყო ასე. თავიდან არაფერს ამბობდა, მაგრამ ცოტახანში ა. კ.-ს და დ. შ.-ს მოუყვა აღნიშნულის შესახებ, რაზეც ისინი გაბრაზდნენ და გამოართვეს ტაქსის მძღოლის ნომერი. დ. შ.-მ თავისი ტელეფონით დაურეკა მას და უთხრა, რომ სურდა ტაქსით მომსახურება. ცოტა ხანში სახლიდან გავიდნენ ა. კ., დ. შ. და მ., რომლის გვარიც არ ახსოვს. მ. მალევე დაბრუნდა და იყო მათთან ერთად. ა.-მ და დ.-მ მათ უთხრეს, რომ მიდიოდნენ სიგარეტის საყიდლად და მალე მობრუნდებოდნენ უკან. სახლში დაბრუნებისას, დ. და ა. ჩანდნენ აღელვებულები, რის გამოც ის დაინტერესდა თუ რა მოხდა, რაზეც დ.-მ მოუყვა, რომ ტაქსის მძღოლს შეხვდნენ, საუბრის დროს მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც ტაქსის მძღოლმა დ.-ს დანის გამოყენებით მარჯვენა ხელზე ორჯერ მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც დ.-მ და ა.-მ ტაქსის მძღოლი ცემეს და დაუწვეს მანქანა.

პალატა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად ვერ მიიჩნევს დაზარალებულის მიერ დ. შ.-ს დაჭრის ფაქტს, ვინაიდან, აღნიშნული გარემოებას გამორიცხავს არამხოლოდ დაზარალებული, არამედ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც. კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა მ. ლ.-მ დაადასტურა მის მიერ 20.06.2016 წელს გაცემული N0035XXXXX დასკვნის სისწორე და აღნიშნა, რომ გარეგანი დათვალიერებით დ. შ.-ს 02.06.2016 წელს აღენიშნებოდა ნაჭდევები მარჯვენა წინამხრის მიდამოში. აღიშნული დაზიანებები განვითარებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით 7-8 დღის წინ და მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მოწმემ მიუთითა, რომ დაზიანებები არ შეიძლებოდა ყოფილიყო დანით მიყენებული, ვინაიდან დანა არის მჭრელი, ხოლო დაზიანებები მიყენებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები არ იყო გახსნილი, არც სისხლი იყო, არც დალურჯება, იყო მხოლოდ ფუფხი, არ იყო ისეთი ღრმა ნაჭდევები, რომ სხვა მოვლენები განვითარებულიყო, ასეთ დროს კანის ფერით, რა დონეზეა როგორაა განსაზღვრავენ ხარისხსა და დაზიანების დროს. ხსენებული ნაჭდევები მოწმის განმარტებით ახლოსაც არ იყო შემთხვევის თარიღთან. 2016 წლის 20 ივნისს გაცემული N0035XXXXX ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარეგანი დათვალიერებით ა. კ.-ს 02.06.2016 წელს აღენიშნებოდა ნაჭდევები მარცხენა წინამხრის მიდამოში, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით 6-7 დღის წინ და მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბიოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის ნ. გ.-ს ჩვენებით დადასტურდა 2016 წლის 24 ივნისს გაცემული NXXX/სბ დასკვნის სისწორე და დადგინდა, რომ დ. შო.-ს სისხლი მიეკუთვნება I ჯგუფს. ა. კ.-ს სისხლი მიეკუთვნება I ჯგუფს. დ. შ.-ს სისხლი მიეკუთვნება III ჯგუფს. დ. შო.-ს მაისურზე და შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს. ა. კ.-ს შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს, ხოლო მაისურზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. დ. შ.-ს მაისურზე და სპორტულ შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს. დ. შო.-ს და ა. კ.-ს სისხლი და ა. კ.-ს შარვალზე, დ. შო.-ს მაისურზე და შარვალზე, დ. შ.-ს მაისურზე და სპორტულ შარვალზე არსებული სისხლი მიეკუთვნება I ჯგუფს.

პალატა არ იზიარებს აპელანტთა მოსაზრებას, რომ საქმეზე არასწორად იქნა შეფასებული წარმოდგენილი მტკიცებულებები და ობიექტურად არ იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დ. შ.-მ და ა. კ.-მ, წინასწარი განზრახვით და შეთანხმებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით აღუკვეთეს თავისუფლება დ. შო.-ს, რომელსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულეს გადაადგილებულიყო ძველი სასაფლაოს ტერიტორიიდან ახალი სასაფლაოს ტერიტორიამდე, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე დანის გამოყენებით მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას. საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირთა ხელმოწერებით და პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მათში. მსჯავრდებულთა მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ან დაზარალებულ დ. შო.-ს მხრიდან. საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებები, მათ მიერ გაცემული დასკვნების ირგვლივ, სასამართლოს აძლევს საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა დარწმუნდეს საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის სისრულესა და ობიექტურობაში.

დაზარალებულ დ. შო.-ს ჩვენების სისწორე დადასტურებულია არაერთი მტკიცებულებით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N003097216 დასკვნის თანახმად, დ. შო.-ს 30.05.2016 წელს ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახისა და წელის მიდამოებში, ნაჭდევი თავის მიდამოში, რაც მიყენებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხოლო ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, სტაციონარულად დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის წინა კედლის ორი ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიყენებული იყო რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს. ასევე 2016 წლის 24 ივნისს გაცემული N320/სბ დასკვნის თანახმად, დ. შო.-ს და ა. კ.-ს სისხლი მიეკუთვნება I ჯგუფს, ხოლო დ. შ.-ს სისხლი მიეკუთვნება III ჯგუფს. სამივე მათგანის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს. ვინაიდან საქმის გარემოებებით არ არის დადგენილი და არც თავად ა. კ.-ს აღუნიშნავს, რომ მან დ. შო.-თან დაპირისპირების დროს რაიმე დაზიანება მიიღო, მის შარვალზე აღმოჩენილი სისხლი უნდა ეკუთვნოდეს დ. შო.-ს, ხოლო ა.კ.-ს განმარტება, რომ სისხლი შარვალზე ფრჩხილების კვნეტის შედეგად აღმოჩნდა, დაუსაბუთებელია და პალატის მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული.

დაზარალებულის ჩვენების გაუზიარებლობისთვის, პალატას არ გააჩნია საკმარისი საფუძველი. როგორც პალატამ აღნიშნა, დ. შ.-ს და ა. კ.-ს თავიდანვე ჰქონდათ განზრახული ტაქსის მძღოლის მოტყუებით გამოძახება, თითქოსდა ისინი მიდიოდნენ თბილისში. ვერ დადასტურდა თუ რომელ მეგობართან მიდიოდნენ ისინი, ასევე წინააღმდეგობრივია მათი ჩვენებები - მიდიოდნენ ვალის დასაბრუნებლად თუ თანხის სასესხებლად. თავად ბრალდებულთა მეგობრებმაც კი განმარტეს, რომ თ. კ.-ს მიერ გადმოცემული ინფორმაციის მიღების შემდეგ, დ.შ. და ა.კ. ძალიან გაბრაზდნენ და დ.შ.-მ დაურეკა დ.შო.-ს. საგულისხმოა, რომ დაზარალებული წაიყვანეს სასაფლაოების მიმართულებით, ხოლო გაჩერების შემდეგ ძალადობის გამოყენებით აიძულეს გზის გაგრძელება, მიაყენეს დაზიანებები და არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს სწორედ მაშინ, როდესაც დაზარალებულმა თავისი ნების საწინააღმდეგოდ შეასრულა მოქმედებები და ძალადობის გამოყენების ფონზე (ა. კ.-ს დაჭერა, დ. შ.-ს მხრიდან დანის მიდება და ჭრილობების მიყენება) არ აძლევდნენ გათავისუფლების საშუალებას. მოცემული მომენტიდან, დ. შო.-ს მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა ძალადობის და ასეთის გამოყენების მუქარით, გადაიქცა თავისუფლების უკანონო აღკვეთად. მის ხანგრძლივობას, ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ გააჩნია და ის გარემოება, რომ დაზარალებულმა თავი დააღწია მათ და გამოიქცა, არ გამორიცხავს თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემადგენლობას.

დაზარალებულის ჩვენება დასტურდება ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ხოლო დ. შ.-ს და მისი მეგობრების არგუმენტი მის დაზიანებასთან დაკავშირებით, გამორიცხა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ და ექსპერტის დაკითხვამ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს, ექსპერტებს და თავად დ. შო.-ც კი, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულთა განმარტებები არის არარეალური და არადამაჯერებელი, წინააღმდეგობაში მოდის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან და ვერ გახდება დაზარალებულის, მოწმეების და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების გაუზიარებლობის საფუძველი.

რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, რომლებიც წარდგენილი აქვთ დ. შ.-ს და ა. კ.-ს, პალატას ასევე მიაჩნია დადასტურებულად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამასთან, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა თითოეული პირის ქმედებებზე და დ. შ.-ს და ა. კ.-ს კავშირზე. დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია მიუთითებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის არსებობაზე, რაც ასევე დადასტურებულია მსჯავრდებულების ახლო მეგობრული ურთიერთობით. რაც შეეხება სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას, დასტურდება როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით.

სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით

პირველი ინსტანციით საქმის არსებითი განხილვისას დ. შ.-მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და უდავოდ გახადა აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დ. შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ დ. შ.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ დ. შ.-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს . {ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან}

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

პალატას მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათ ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, აღნიშნული ჩვენებების სისწორე გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი საგამოძიებო მოქმედების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით, ხოლო მტკიცებულებები, რაც საკმარისი იქნებოდა ყოველივე აღნიშნულის გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი დ. შ.-ს და ა. კ.-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა საფუძველი გახდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით წარდგენილი ბრალდებით დ. შ.-ს და ა. კ.-ს დამნაშავედ ცნობისათვის, ხოლო დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. შ.-ს, მისი ადვოკატის რ. მ.-ს, მსჯავრდებულ ა. კ.-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი.

დ. შ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დ. შ.-ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. შ.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 30 მაისიდან.

ა. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. კ.-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 30 მაისიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები:

 ,,ოპელ ასტრას” ფირმის მანქანა, ტაქსის ტრაფარეტი, დ.შ.-ს კუთვნილი ,,სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, დ.შო.-ს, დ.შ.-ს და ა.კ.-ს ტანსაცმელი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 ნამწვის ნიმუშები, სისხლის ნიმუშები 6 ფუთად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.