ნახვები: 927
საქმის ნომერი: 1/ბ-806-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ლევან თევზაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-806-18 (2018-09-19), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-806-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       19 სექტემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ჯიქია

სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვასილ ოსიძე;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - პ. მ.;
თარჯიმანი - მ. კ.;

მსჯავრდებული - ს. მ.-ს ძე ტ., დაბადებული 19XX წლის X მარტს, რ.-ს მოქალაქე (რ.-ს პასპორტის #XXXXXXX), პირადი #XXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: რ., ქ.მ., კ.-ს ქუჩა, კორპუსი #XX, ბინა #XX, ფაქტობრივად მცხოვრები: თ., გ. მასივი, მე-X მ/ნი, მე-XX კორპუსი, ბინა #XX, ამჟამად პატიმარი.

კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 11{1},187-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)

სასჯელი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით ს. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11{1}-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ს. ტ.-სთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში დაუსაბუთებელია. როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ს. ტ.-მ, რომელიც ხშირად იღებს ალკოჰოლურ სასმელებს, ძალადობრივი ქმედება ჩაიდინა ნასვამ მდგომარეობაში. მსჯავრდებულის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რათა უზრუნველყოფილიყო დაზარალებულის უფლებების დაცვა, მაგრამ შესაბამისი გავლენა ვერ იქონია და მან დაარღვია არამარტო შემაკავებელი ორდერი, არამედ ჩაიდინა დანაშაული. მის მიმართ ასევე გატარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულის ქმედების მომეტებული საზოგადოებრივად საშიში ხასიათიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო სასამართლომ გამოიყენა პატიმრობა, მაშინ როდესაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელს მიანიჭა უპირატესობა. სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის ისეთი დამამძიმებელი გარემოება, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით და მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება არ შეიძლება გახდეს მისთვის ყველაზე მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი. ამასთან, მსჯავრდებულს წარდგენილი აქვს სხვა ახალი ბრალდება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობრივი დანაშაულისათვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. შესაბამისად, მის მიმართ დანიშნულმა არასაპატიმრო სასჯელმა ვერ გამოიღო სათანადო შედეგი და ვერ იქნა შემაკავებელი მისთვის.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი სასჯელის ნაწილში არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ს. ტ.-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეურიგდა დაზარალებულს, ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა გადაიხადა. რაც შეეხება ახალი ბრალდების წარდგენას, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულმა უდაოდ ჩაიდინა ახალი დანაშაული.

სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 14 აპრილს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე დროის შუალედში, ახალქალაქის რაიონის სოფელ მ.-ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს. ტ.-მ დააზიანა მისი მამის, მ. ტ.-ს მფლობელობაში არსებული „ტოიოტა რავ-4“-ის მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით „XXX-XXX“ საქარე მინები, რის შედეგადაც მ. ტ.-ს მიადგა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ს. ტ.-ს დამნაშავეობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

განაჩენის შეცვლის და სასჯელის დამძიმების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ო.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენში მსჯავრდებულ ს. ტ.-ს მიმართ ცვლილება უნდა შევიდეს სასჯელის დამძიმების კუთხით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
პალატა განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
სააპელაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ს. ტ.-სთვის სასჯელის სახედ ჯარიმის შეფარდება არის ზედმეტად ლმობიერი. ამასთან, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატას მიაჩნია, რომ ს. ტ.-ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ხოლო ზოგადი პრევენცია ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან ს. ტ.-ს მსჯავრი დაედო ოჯახურ დანაშაულში) და მსჯავრდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აპრილის დადგენილებით, 2018 წლის 10 აპრილს გაცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნათა დარღვევისათვის, ს. ტ. ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, არ აღმოჩნდა დამაფიქრებელი და ვერ იქონია პრევენციული გავლენა. პალატა ასევე მხედველობაში იღებს ს. ტ.-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ აღიარებს და ინანიებს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს და მიიჩნევს, რომ მას უნდა განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლის თანახმადაც ს. ტ.-ს წარედგინა ახალი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11{1},126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, აღნიშნული უტყუარად არ ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას, (საქმეზე არ არის საბოლოო გადაწყვეტილება). ამასთან, მისი მხოლოდ პასუხისგებაში მიცემა სხვა დანაშაულისათვის ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, თუმცა ს. ტ.-ს მიერ ოჯახის წევრებთან კონფლიქტურ სიტუაციებს გარკვეულწილად ინფორმატიულს ხდის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენში.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ო.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენში ს. ტ.-ს მიმართ შევიდეს ცვლილება.
ს. ტ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11{1},187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ს. ტ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 19 სექტემბრიდან.
ს. ტ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს;
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ხის ფიცრის ნატეხი, რომელიც ინახება შსს რაიონული სამმართველოს ბარალეთის განყოფილებაში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.