ნახვები: 280
საქმის ნომერი: ას-1708-1602-2012
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი(თავმჯდომარე), პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები: ას-384-2019,
რეზიუმე:
ციტირებისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №ას-1708-1602-2012 (2013-10-09), www.temida.ge
საქმის № ას-1708-1602-2012

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       09 ოქტომბერი, 2013 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
ვასილ როინიშვილი
მოსამართლეები:
პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სადაზღვევო პრემიის გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ის“ მიმართ გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის - 49 500 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2010 წლის 31 მარტს შპს „მ-სა“ და სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ს“ შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გაიცა №H&PI 004/10; №H&PI 005/10; H&PI 006/10 დაზღვევის სერტიფიკატები. გაცემული სერთიფიკატების საფუძველზე დაზღვეულ იქნა შპს „მ-ის“ მცურავი საშუალებების დაზღვევა. №H&PI 004/10 დაზღვევის სერტიფიკატით გათვალისწინებული პრემიის ოდენობა შეადენდა 11 550 აშშ დოლარს, №H&PI - 005/10 სერტიფიკატით გათვალისწინებული პრემიის ოდენობა - 11 550 აშშ დოლარს, ხოლო №H&PI 006/10 სერტიფიკატით გათვალისწინებული - 42 900 აშშ დოლარს, სულ - 65 900 აშშ დოლარს. შპს „მ-იმ“ 2010 წლის 13 მაისს გადაიხადა მხოლოდ 29 343 ლარი და 60 თეთრი, ამდენად, სს „ს. კ. ჯ.პ. ა. ჰ-ის“ მიმართ გადაუხდელი პრემიის ოდენობა 49 500 აშშ დოლარს შეადგენს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

არასწორია მოსარჩელის მითითება მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, აღნიშნულს შპს „მ-ი“ არ ეთანხმება, რის გამოც ხელშეკრულების დადების ფაქტი მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს და მას ხელშეკრულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, დაზღვევის სერტიფიკატები ნამდვილია, თუმცა მხარეთა შორის ძირითადი შეთანხმება დაზღვევის ხელშეკრულების დადების თაობაზე არ მიღწეულა. შპს „მ-იმ“ გადაიხადა სადაზღვევო პრემიის ნაწილი - 29343,60 ლარი, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება არ დადებულა, მოპასუხეს პრემიის დარჩენილი თანხაც აღარ გადაუხდია, გაცემული სერტიფიკატების თანახმად, გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ვადაგადაცილებიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ მომხდარი სადაზღვევო შემთხვევები ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა, ამდენად, მხარეთათვის ცნობილი იყო, რომ სადაზღვევო სერტიფიკატები აღარ მოქმედებდა და აღარც დაზღვევის ხელშეკრულება დაიდებოდა. შპს „მ-ი“ დაზღვეული უნდა ყოფილიყო 2010 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 მარტამდე. სადაზღვევო პერიოდში დადგა სადაზღვევო სერტიფიკატის 8.2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, თუმცა მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ მიუმართავს, რადგანაც მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ სარჩელი შპს „მ-ის“ მიმართ დაკმაყოფილდა, შპს „მ-ის“სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 49 500 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს „მ-იმ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „სა. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 31 მარტს სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ მიერ გაიცა დაზღვევის სერტიფიკატები: №H&PI 004/10; №H&PI 005/10; №H&PI 006/10, რის საფუძველზე დაზღვეულ იქნა შპს „მ-ის“ მცურავი საშუალებები. №H&PI 004/10 დაზღვევის სერტიფიკატით პრემიის ოდენობა შეადენდა 11 550 აშშ დოლარს; №H&PI 005/10 დაზღვევის სერტიფიკატით - 11 550 აშშ დოლარს; №H&PI 006/10 დაზღვევის სერტიფიკატით - 42 900 აშშ დოლარს, სულ სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენდა 65 900 აშშ დოლარს. 2010 წლის 13 მაისს შპს „მ-იმ“ სადაზღვევო პრემიის სახით სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ ანგარიშზე, გადარიცხა 29 343.60 ლარი.

არ იქნა გაზიარებული აპელანტის პოზიცია, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ამ კუთხით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე, 802-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, 2010 წლის 31 მარტს სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ მიერ შპს „მ-ის“ სახელზე გაცემული დაზღვევის სერტიფიკატების: №H&PI 004/10; № H&PI 005/10; №H&PI 006/10 თანახმად, დაზღვევის საგანს შეადგენდა: ნაწილი I - ხომალდის ძარისა და სამანქანე განყოფილება და ნაწილი II - P&I დაზღვევა: მესამე პირისადმი პასუხისმგებლობა; პასუხისმგებლობა დაბინძურებაზე; პასუხისმგებლობა შეჯახებაზე; სასამართლო ხარჯები, შრომის ხარჯები და ნარჩენების გატანის ხარჯები; ჯარიმები და გადასახდელები; №H&PI 004/10; №H&PI 005/10; №H&PI 006/10 დაზღვევის სერტიფიკატების მოქმედების ვადა შეადგენდა 2010 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 მარტამდე პერიოდს; დაზღვევის თითოეული სერტიფიკატით განსაზღვრული იყო სადაზღვევო პრემიის ოდენობა და პრემიის გადახდის ვადა - ყოველკვარტალურად. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ რა არსებით პირობებზე: ხელშეკრულების საგანზე, დაზღვევის პერიოდზე, სადაზღვევო თანხაზე, სადაზღვევო შესატანის (პრემიის) მოცულობაზე, გადახდის ვადაზე, სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-სა“ და შპს „მ-ის“ შორის ზემოაღნიშნული სერტიფიკატების გაცემით წარმოიშვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. აღნიშნულს ადასტურებდა ის გარემოებაც, რომ შპს „მ-იმ“ აანაზღაურა სადაზღვევო პრემიის ნაწილი.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებზე არ შეთანხმებულან.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე, 799-ე მუხლებით და განმარტა, რომ დაზღვევის ხელშეკრულება განეკუთვნება ე.წ რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას. მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამ-სტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს და აქცევს მას რეალურ ხელშეკრულებად (სსკ 816-ე მუხლი).

სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის პირველი ნაწილის, 817-ე, 818-ე მუხლების, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არა ერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს. კანონმდებელი სადაზღვევო ურთიერთობაში მზღვეველს, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების ძლიერ მხარეს ანიჭებს აქტიურ როლს, რაც მისთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრაში გამოიხატება. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენოს და სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში არ უნდა შექმნას დამზღვევისათვის უარესი პირობები. კანონმდებელი სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდას უკავშირებს მზღვეველის უფლებამოსილებას, დამზღვევს წერილობით განუსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა ან ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე (სსკ 817-818 მუხლები). მართალია, აღნიშნული ნორმები არ არის მავალდებულებელი, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და შემდეგ მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურება. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის დათქმაზე, და აღნიშნა, რომ თუკი დამზღვევის მიერ შესატანის შეუტანლობა მზღვეველს ათავისუფლებს სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, დაუშვებელია ძალაში დარჩეს დამზღვევის ვალდებულება, გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). ასეთ ვითარებაში დამზღვევი, როგორც ხელშეკრულების სუსტი მხარე, უარეს პირობებში ვარდება. ასეთ შემთხვევაში დგება ხელშეკრულების მოშლის საკითხი, რომლის ინიციატივასაც კანონმდებელი მზღვეველს აკისრებს. სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად, მზღვეველს აქვს უფლებამოსილება, წერილობით აცნობოს დამზღვევს ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.

სასამართლომ მიუთითა იმ დადგენილ გარემოებაზეც, რომ დამზღვევს სადაზღვევო შესატანი დროულად არ გადაუხდია, სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობის მიუხედავად, მზღვეველს დამზღვევი წერილობით არ გაუფრთხილებია მოსალოდნელ შედეგებზე, გარდა ამისა, სადაზღვევო პერიოდში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მიუხედავად, მოპასუხეს არ მიუმართავს მოსარჩელისთვის სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. შესაბამისად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საგანი მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენდა, სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობა კი, შეიძლებოდა გამხდარიყო სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, პალატამ ჩათვალა, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას ხელშეკრულება გონივრულ ვადაში უნდა მოშლილიყო. სასამართლოს დასკვნით, სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-სა“ და შპს „მ-ის“ შორის არსებული სადაზღვევო ურთიერთობა მოიშალა, რის შედეგადაც მზღვეველს არ ჰქონდა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. სამოქალაქო კანონმდებლობა სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ს“ ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული არ წარმოადგენდა დავის საგანს. ამდენად, პალატამ სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაამყარა სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 815-817-ე მუხლებს და მიიჩნია, რომ სს „ს.კ. ჯ. პ. ა. ჰ-ი“ არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად. კეთილსინდისიერების პრინციპის სასამართლოსეული განმარტება არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 299-ე მუხლზე, 817-ე და 818-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მათი ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო პრემიის არადრული გადახდა ხელშეკრულების ავტომატურად მოშლას არ ითვალისწინებს, არამედ წარმოუშობს სადაზღვევო კომპანიას ვალდებულებას, წერილობით გააფრთხილოს მზღვეველი და განისაზღვროს 2-კვირიანი ვადა თანხის გადასახდელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი მზღვეველის მიერ პრემიის გადახდის ვადის გადაცილების გამო, აპირებს ხელშეკრულების მოშლას. ამ ორკვირიანი ვადის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს თანხა, ვადის გასვლის შემდეგ კი, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულებისაგან სადაზღვევო კომპანია თავისუფლდება, ამასთანავე, სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია ორკვირიანი ვადის დაწესების ნაცვლად, სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის შესაბამისად, მოშალოს ხელშეკრულება. საყურადღებოა, რომ თავად სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მხარის უფლებას წარმოადგენს, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა ჰოლდინგის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სწორედ მისი ნების თავისუფლების დარღვევაა. სადაზღვევო ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 816-ე მუხლებზე, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა და შპს „მ-იმ“ გადაიხადა სადაზღვევო პრემიის ნაწილი. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა დაზღვევის ხელშეკრულების მოშლის საკითხი დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვის გამო, რადგანაც არ არსებობდა ვალდებულების შეწყვეტისათვის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, ამასთანავე, არ დგინდებოდა ხელშეკრულებიდან გასვლაც, რადგანაც მხარეს ამის თაობაზე ნება არ გამოუხატავს. კასატორის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 815-818-ე მუხლების არასწორი განმარტებით, სასამართლომ იმსჯელა ხელშეკრულების მოშლილად აღიარებაზე, რაც არ იყო დავის საგანი, აღნიშნულით კი დაარღვია ასევე შეჯიბრებითობის პრინციპი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განჩინებით სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 31 მარტს სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ მიერ გაიცა №H&PI 004/10; №H&PI 005/10; №H&PI 006/10 დაზღვევის სერტიფიკატები, რის საფუძველზე დაზღვეულ იქნა შპს „მ-ის“ მცურავი საშუალებები;

სადაზღვევო პრემიის საერთო ოდენობა შეადგენდა 65 900 აშშ დოლარს, კერძოდ, №H&PI 004/10 დაზღვევის სერტიფიკატით პრემიის ოდენობა შეადენდა 11 550 აშშ დოლარს;

№H&PI 005/10 დაზღვევის სერტიფიკატით პრემიის ოდენობა შეადენდა 11 550 აშშ დოლარს;

№H&PI 006/10 დაზღვევის სერტიფიკატით პრემიის ოდენობა შეადენდა 42 900 აშშ დოლარს;

2010 წლის 13 მაისს შპს „მ-იმ“ სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ ანგარიშზე, სადაზღვევო პრემიის სახით გადარიცხა 29 343.60 ლარი.

არ იქნა გაზიარებული შპს „მ-ის“ მტკიცება, რომ მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულება არ დადებულა, რადგანაც, 2010 წლის 31 მარტის დაზღვევის სერტიფიკატების თანახმად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე: ხელშეკრულების საგანზე, დაზღვევის პერიოდზე, სადაზღვევო თანხაზე, სადაზღვევო შესატანის (პრემიის) მოცულობაზე, გადახდის ვადაზე, რაც ხელშეკრულების დადების ფაქტს ადასტურებდა, ამასთანავე, შპს „მ-ის“ მიერ ანაზღაურებული იქნა სადაზღვევო პრემიის ნაწილი;

მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებზე არ შეთანხმებულან.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ დამზღვევმა გაარღვია პრემიის გადახდის ვალდებულება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ს“ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები სადავო არ გაუხდია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მათ საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.

საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას დავის სამართლებრივი კვალიფიკაციის თაობაზე და თვლის, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება სწორად იქნა შეფასებული როგორც დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც რეალური ბუნებისაა და ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებას წარმოადგენს (სკ 799-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეწყვეტილი იყო, რაც გამორიცხავდა დამზღვევის ვალდებულებას, აენაზღაურებინა მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემია. სააპელაციო პალატამ ეს დასკვნა დაამყარა სამოქალაქო კოდექსის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლებს და განმარტა, რომ მიუხედავად ნორმათა არამავალდებულებელი ხასიათისა, სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიამ მისი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელოს, რათა დაზღვევის ხელშეკრულების სუსტი მხარე არ აღმოჩნდეს უარეს ვითარებაში. პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, თუ პრემიის შეტანის ვადის გადაცილების გამო მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ვითარებაში, დაუშვებელია ძალაში დარჩეს დამზღვევის ვალდებულება, გადაიხადოს სადაზღვევო პრემია.

სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ი“ არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რასაც საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები შედავება წარმოადგინა.

მხარის ზემოაღნიშნული შედავებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლოს მიერ დაზღვევის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების განმარტების სისწორე, კერძოდ ის გარემოება, დამზღვევის მიერ პრემიის შეტანის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, თუ მზღვეველი არ აფრთხილებს მას წერილობით და არ განუსაზღვრავს ვადას, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ხელშეკრულების შეწყვეტილად მიჩნევის საფუძვლად.

ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოსავალ პრინციპს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიღწევა წარმოადგენს, სამოქალაქო კოდექსი ორიენტირებულია პირველადი მოთხოვნის - ვალდებულების შესრულების მიღწევაზე, რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლასა თუ ხელშეკრულებიდან გასვლას, აღნიშნულიც თავისთავად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს თითოეულ ამ ინსტიტუტს. სადაზღვევო პრემიის შეტანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას, კანონმდებელი 817-ე და 818-ე მუხლებით ადგენს მზღვეველის უფლებას შესაბამისი ფორმით განსაზღვროს პრემიის გადახდის დამატებითი ვადა, ასევე კანონით დადგენილი ფორმის დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა მზღვეველის მიერ აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა მისი, როგორც ხელშეკრულების მხარის არაკეთილსინდისიერად მიჩნევის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს.

სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის დათქმა, რომ თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება, არ შეიძლება განმარტებულ იქნას ამავე მუხლის მე-2 ნაწილისაგან განყენებულად, რადგანაც ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია მზღვეველის მიერ შეტყობინების უფლების გამოუყენებლობისათვის ერთგვარი სამოქალაქოსამართლებრივი სანქცია, კერძოდ ის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მას წარმოუშობს სადაზღვევოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია წერილობით გააფრთხილებს დამზღვევს პრემიის გადახდის თაობაზე და 2-კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევოს შემთხვევა, ამ ვადის გასვლამდე მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, დამზღვევს გადაცილებული აქვს თუ არა პრემიის შეტანის ვადა.

რაც შეეხება ამავე სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის დათქმას, პრემიის შეტანის ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნულიც სწორედ უფლებადამდგენი ნორმაა და იგი არ შეიძლება აყვანილ იქნას ვალდებულების რანგში.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კანონის ამგვარი განმარტება სახელშეკრულებო თანასწორობის ბალანსის დარღვევას არ იწვევს, რადგანაც დაზღვევის ურთიერთობის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები ითვალისწინებს იმ კერძო (სპეციალურ) შემთხვევებს, როდესაც დამზღვევს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე (სკ 815.2; 819), ამასთანავე, საყურადღებოა, რომ თუ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში მხარეები რაიმე განსხვავებულ წესს არ დაადგენენ, ამ ურთიერთობის მიმართ თავისუფლად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხარის ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას განამტკიცებენ (მაგ. სკ 399-ე მუხლი).

საკასაციო პალატა იზიარებს სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად ჩათვალა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყვეტილად. სასამართლოს ეს მოსაზრება ემყარება მხოლოდ ვარაუდს, რომ დამზღვევის მიერ პრემიის გადაუხდელობისას როდესაც სადაზღვევო კომპანიამ წერილობით არ განუსაზღვრა ვადის დამრღვევს შესრულების დამატებითი ვადა, მხარეთა ორმხრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა ჩათვლილიყო. სასამართლომ ეს მოსაზრება გაამყარა იმ არგუმენტითაც, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნით დამზღვევს კომპანიისათვის არ მიუმართავს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ მსჯელობას, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისკენ მიმართული ერთ-ერთი მხარის ნამდვილი, ცალმხრივი ნების (ხელშეკრულებიდან გასვლა) არსებობა არ არის დადგენილი. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტად სწორედ ამ საფუძვლებიდან გამომდინარე ვერ იქნება მიჩნეული შპს „მ-ის“ ის ქმედება, რომ მან სადაზღვევო კომპანიას არ მიმართა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ 2010 წლის 31 მარტს სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ მიერ გაცემული სერტიფიკატების საფუძველზე წარმოშობილი სადაზღვევო ურთიერთობა ვადის ამოწურვამდე არ შეწყვეტილა.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სამართლის ნორმის არასწორი განმარტების გამო, არასწორადვე უთხრა უარი მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება წინამდებარე დავაზე, კერძოდ, როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეებმა დადეს მცურავი ობიექტების დაზღვევის ხელშეკრულება, უდავოა ისიც, რომ ხელშეკრულება ვადის ამოწურვამდე არ შეწყვეტილა, დადგენილია, რომ შპს „მ-იმ“ ნაწილობრივ დაარღვია პრემიის შეტანის ვალდებულება, რომლის ოდენობაც 49500 აშშ დოლარია. მოსარჩელის მოთხოვნას მზღვეველისათვის სწორედ ამ თანხის დაკისრება წარმოადგენს, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, სავსებით დასაბუთებულია, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ დავის პირველი ინსტაციის წესით განხილვისას სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-მა“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 2574 ლარი, ხოლო საკასაციო წესით განხილვისას - 4103 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, პალატა თვლის, რომ შპს „მ-ის“ მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯები სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

4. შპს „მ-ის“ (ს/№...) სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ (ს/№...) სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის - 49500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.

5. შპს „მ-ის“ (ს/№...) სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ-ის“ (ს/№...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6677 (2574+4103) ლარის გადახდა.

5. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.