საქმის ნომერი: 1/ბ-253-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 1/2005-15
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-253-16 (2016-05-20), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-253-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       20 მაისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ავთანდილ ნასყიდაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ხათუნა კუსრაშვილი, ეკა ჭაავა;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ს. გ., დაბადებული 19XX წლის X იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ.თ., კ.-ს NXX, ბინა NXX.
ადვოკატი - გ. ბ.;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ).
სასჯელი:
განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია

მსჯავრდებულ ს. გ.-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ ნარკოტიკული საშუალება მან მოიხმარა არა საქართველოში, არამედ თურქეთში. გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვების შემთხვევაში, დაცვის მხარემ ითხოვა სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება სხვა ალტერნატიული სახის სასჯელით, ვინაიდან, შეფარდებული ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუსაბამოა ჩადენილ ქმედებასთან. ამასთან, არ არსებობს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის საფუძველი, ვინაიდან წინა განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ს. გ.-ს შესრულებული ჰქონდა (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

ბრალდების მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის (გარდა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისა) უცვლელად დატოვება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით: სასამართლომ, სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ს. გ.-ს პიროვნება, მისი არაერთი ნასამართლობის ფაქტი. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ მოიპოვა მტკიცებულება, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ასევე დასჯადია ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, შესაბამისად უსაფუძვლოა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები (იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, ს. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით, ს. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ვადით.

2015 წლის 17 მარტს, 15:36 საათზე, ს. გ. იმყოფებოდა ქ.თ.-ში, დ.-ში, მე-X კვარტლის მე-XX კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ, იგი გადაყვანილ იქნა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში. შემოწმების შედეგად ს. გ.-ს დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერებების: ამფეტამინის, მეტამფეტამინისა და მდმას (ექსტაზი) მოხმარების ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ნოემბრის განაჩენით, ს. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 80 (ოთხმოცი) საათის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. გ.-ს განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს. გ.-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლობის მქონე ს. გ.-ს მიერ, კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტს.

სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებას, ჩადენილს ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული, ან ნასამართლევი პირის მიერ. შესაბამისად, იმისათვის, რომ ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია ქმედების განმეორებით ჩადენა მოხდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით არსებული სახდელის მოქმედების, ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ნასამართლობის პერიოდში.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით ს. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო 2015 წლის 17 მარტს, მას დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერებების: ამფეტამინის, მეტამფეტამინისა და მდმას (ექსტაზი) ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს ს. გ.-ს გამართლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ნარკოტიკული საშუალებები მან მოიხმარა თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის დროს და არა საქართველოში.

პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე:
1. 2015 წლის 17 მარტის ნარკოლოგიური შემოწმების N7021587 დასკვნის თანახმად, ს. გ.-ს ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დაუდგინდა ლაბორატორიული შემოწმების შედეგად.
2. საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის თანახმად, ს. გ. თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოვიდა 2015 წლის 16 მარტს.

შესაბამისად, ის გარემოება, რომ შესაძლოა მან ნარკოტიკული საშუალებები მოიხმარა თურქეთის რესპუბლიკაში, არ არის უარყოფილი საკმარისი მტკიცებულებებით და აღნიშნული არგუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც საჭიროებს სათანადო დასაბუთებას.

ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, თავის მხრივ გულისხმობს ორი ფაქტის თანაარსებობას: 1. პირმა უნდა მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება და 2. ნარკოტიკული საშუალების მიღება უნდა მოხდეს ექიმის შესაბამისი დანიშნულების გარეშე.

ს. გ.-მ დაადასტურა ორივე გარემოება - მას არ ჰქონდა სათანადო ნებართვა და შესაბამისად, ნებართვის გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დროს, პალატა განმარტავს შემდეგს: მოხმარება თავის მხრივ გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მიღების დროს. თუმცა, ფაქტია, რომ მოხმარების გამოვლენა ხდება სწორედ ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, რომელიც უმეტესად არ ემთხვევა ნარკოტიკული საშუალების მიღების თარიღს. დადგენილია, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ადამიანის ორგანიზმიდან იდევნება სხვადასხვა დროს. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ ერთი და იგივე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის პირის დასჯა არ უნდა მოხდეს რამდენჯერმე. მაგალითისთვის, თუ ნარკოტიკული საშუალება ორგანიზმში რჩება 40 დღე და პირი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან ნასამართლობის მქონე პირია, არ შეიძლება ყოველდღიურად, ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ, მას ბრალად წარედგინოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის 40 ეპიზოდი. ასევე, მოხმარების დროს მნიშვნელობა აქვს ქმედების კვალიფიკაციისთვისაც.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ გამხდარა სადავო და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებებად.

შესაბამისად, ის გარემოება, რომ ს. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით იყო ნასამართლობის მქონე, არ წარმოადგენს სადავო გარემოებას. სადავოს არ წარმოადგენს ასევე 2015 წლის 17 მარტს ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენაც. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დროს, ს.გ.-ს ბოლო ჩვენების თანახმად, მოიხმარა 2015 წლის 13 მარტს, თურქეთის რესპუბლიკაში. აღნიშნულ დღეს თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ფაქტი დგინდება საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით, სადაც მითითებულია, რომ ს. გ. 2015 წლის 12 მარტს შემოვიდა საქართველოში, 2015 წლის 13 მარტს გავიდა საქართველოდან, ხოლო 2016 წლის 16 მარტს კვლავ შემოვიდა.

პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ასევე წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას.

მოცემულ შემთხვევაში, გამოძიება დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან ს. გ.-ს სწორედ საქართველოში ჩატარებული გამოკვლევით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებებად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ს. გ.-მ, რომელიც იყო ნასამართლობის მქონე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, კვლავ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.

სასჯელის დასაბუთება
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. გ.-ს სააპელაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ...

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ს. გ. არ უარყოფდა ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე მიღების ფაქტს.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი ს. გ.-ს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე - საქართველოს მოქალაქე ბ.წ - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი „მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი „მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთება და, შესაბამისად, ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან გამომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. თავისუფლების აღვეთის საპირწონედ არის შეზღუდული თავისუფლება, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისაკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.

ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა არასაპატიმრო ალტერნატივები .1

მართალია, ს. გ. ნასამართლევია და სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის შესაბამისად, 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე საშიშროების შემცველ ქმედებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემულ დასაბუთებას, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად და, შესაბამისად, მიზანშეწონილია, ამ დროს გამოყენებულ იქნეს სანქციის მეორე ალტერნატიული სასჯელი - ჯარიმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ეკონომიკური მდგომარეობის, ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ს. გ.-სთვის 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნით შესაძლებელი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და ს. გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს, პალატა ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით ს. გ.-ს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს და განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის საფუძველიც, ვინაიდან, თბილისის პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული წერილის თანახმად, ს. გ.-ს, 2015 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შესრულებული აქვს სრულად (დასრულების დრო 2015 წლის 9 აპრილი).

გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოებაც, რომ ს. გ.-ს მიმართ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 23 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმად, ს. გ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანის მიუხედავად, ს. გ.-ს პატიმრობიდან გათავისუფლება ვერ მოხდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს. გ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ს. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ს. გ.-ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2016 წლის 4 თებერვლიდან განაჩენის გამოტანამდე) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

“ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ს. გ.-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.




1. იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის №590აპ-15 - 24.12.2015; N101აპ-16 – 28.04.2016;