საქმის ნომერი: 1/ბ-94-16
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია ბარბაქაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2კ-331აპ.-16, 1/3898-15
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-94-16 (2016-04-11), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-94-16

განაჩენი
საქართველოს სახელით
       11 აპრილი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ავთანდილ ნასყიდაშვილი
სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:
პროკურორი - კონსტანტინე ცაცუა;

დაცვის მხარე:
გამართლებული - ჯ. გ., დაბადებული 19XX წლის X მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, რეგისტრირებული: ქ.თ., მ.-ს მე-X „ბ“ მ/რაიონი, კორპუსი №XX, ბინა №XXX, დროებით მცხოვრები: ქ.თ., ზ. დასახლება, მ.-ს გას. №X, ბინა №XX.
ადვოკატი - კ. ხ.;

კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223[1] მუხლის მეორე ნაწილი („კანონიერი ქურდობა“).

სასჯელი:
ჯ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223[1] მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:

საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის შ. კ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ჯ. გ.-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223[1] მუხლის მეორე ნაწილით შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ჯ. გ.-ს მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. 1986 წელს ჯ. გ. აღიარებულ იქნა „კანონიერ ქურდად“, იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. ასევე აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ე.წ. ქურდულ გარჩევებში ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით. დაკავების შემდეგ პოლიციელებს სიამაყით განუცხადა, რომ სულით და ხორცით არის კანონიერი ქურდი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და შესაბამისი კრებსითი ამონაბეჭდები, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ ჯ. გ. სხვა კანონიერ ქურდებთან ერთად საუბრობს ქურდულ სამყაროში აღიარებულ წესებზე, ანუ მათ მიერ შემუშავებულ დაუწერელ კანონებზე. ჯ. გ. ორ კანონიერ ქურდთან - რ. ჯ.-სთან და რ. ლ.-სთან ერთად ახდენდა დაუწერელი კანონებისა და წესების ინტერპრეტაციას, მათთან ერთად განიხილავდა სხვადასხვა კაზუსურ სიტუაციებს და განსაზღვრავდა ამ სიტუაციებში „შესაბამისი ქცევის წესებს“. ჯ. გ.-მ წინასასამართლო სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის კანონიერი ქურდი. არ შეიძლებოდა უგულებელყოფილიყო ჩანაწერი იმის გამო, რომ მასზე ჩატარებული არ იყო კონკრეტული ექსპერტიზა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა სხდომაზე გამოკვლეული რელევანტური და უტყუარი ჩანაწერი, ასევე მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდებოდა ჯ.გ.-ს მიერ „კანონიერი ქურდობის“ ჩადენა (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

გამართლებულ ჯ. გ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. ხ.-ს პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, ჩანაწერი არაავთენტიკურია, რადგან მასში არის არაერთი წყვეტა, მისი დედანი არ წარმოდგენილა, რადგან კასეტის ლენტზე შესაძლებელი იქნებოდა მონტაჟის დადგენა. ამასთან, დაუდგენელია თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით აცხადებს ბრალდების მხარე, რომ ჯ.გ.-ს ურთიერთობა ჰქონდა კანონიერ ქურდებთან (იხ. სხდომის ოქმი).

სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, ჯ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223[1] მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია წარდგენილი ბრალდებით ჯ. გ.-ს ბრალეულობა. დადგენილებით, პირის ბრალდების შესახებ, 1986 წელს ჯ. გ. აღიარებული იქნა ე.წ. „კანონიერ ქურდად“. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან. იგი ასევე აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მონაწილეობს ე.წ. ქურდულ გარჩევებში ქურდული სამყაროსთვის სარგებლის მიღების მიზნით, კერძოდ, 2006 წლის 13 ივნისიდან ჯ. გ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №X დაწესებულებაში ყოფნისას სხვა ე.წ „კანონიერ ქურდებთან“ ერთად ადგენდა ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს და აღნიშნული ფორმით ორგანიზებას უწევდა ქურდულ სამყაროს. 2015 წლის 4 აპრილს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა ჯ. გ., რომელმაც დაკავებისას განმარტა, რომ არის ე.წ. „კანონიერი ქურდი“.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში მიიჩნევა გამოკვლეულად, ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ჯ. გ.-ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223[1] მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გამამართლებელი განაჩენი ჯ. გ.-ს მიმართ.

ქმედების სამართლებრივი აღწერა
2006 წლის 25 მაისს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N090060540 საქმეზე ჯ. გ.-ს მიმართ, „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე.

საქართველოს შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 06 აპრილს გაცემული წერილით დგინდება, რომ ჯ. გ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2015 წლის 03 აპრილს ს.ს.კ.გ. ,,ს.-ს’’ გავლით.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსმა გ. მ.-მ განმარტა, რომ 2015 წლის 03 აპრილს შესული შეტყობინების თანახმად, საქართველო-სომხეთის საზღვარი უნდა გადმოეკვეთა „კანონიერ ქურდ“ ჯ. გ.-ს. მოწმის განმარტებით, ჯ. გ. იყო და არის „კანონიერი ქურდი“ 1980-იანი წლებიდან, 2006 წლამდე მოღვაწეობდა საქართველოში, შემდეგ - რ.-სა და ყ.-ში. ე.წ. ,,ს.-ზე’’ მისვლისას ჯ. გ.-ს წარუდგნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები და თხოვეს მოწმის სახით დაკითხვის მიზნით გაჰყოლოდა მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ქ.თ.-ში, გ.-ს ქუჩა №XX-ში. ჯ. გ.-მ საქართველოს შსს ადმინისტრაციულ შენობაში მისვლამდე მათ განუცხადა, რომ იყო ე.წ. ,,კანონიერი ქურდი’’, რის შემდეგაც იგი დააკავა გამომძიებელმა ი. ს.-მ. 2006 წელს დაწყებული სისხლის სამართლის საქმიდან მიღებული ინფორმაციით მისთვის ცნობილია, რომ ჯ. გ. იყო „კანონიერი ქურდი“. დამატებით დასმულ კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ არ აქვს ინფორმაცია ჯ. გ.-ს მიერ განხორციელებული რაიმე აქტიური ქმედების შესახებ.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსმა გ. გ.-მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მიღებული ინფორმაცია ჯ.გ.-ს მიერ საქართველო-სომხეთის საზღვრის კვეთის შესახებ იყო სიტყვიერი. ჯ. გ.-ს მიმართ 2006 წელს დაწყებული იყო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, მისი ქურდული სამყაროს წევრობის შესახებ და ამ საქმის ირგვლივ იყო დაბარებული მოწმის სტატუსით. ჯ.გ. ნებაყოფლობით გაჰყვა მათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ი. ს.-მ განმარტა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 2015 წლის აპრილის თვის ბოლომდე. მის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ჯ. გ.-ს მიმართ კანონიერი ქურდობის ფაქტზე. 2015 წლის აპრილის თვეში მისთვის საზღვრის დაცვის თანამშრომლებისგან ცნობილი გახდა, რომ ჯ. გ. აპირებდა საქართველოში შემოსვლას, რის შემდეგაც იგი წარადგინეს საქართველოს შსს-ს ადმინისტრაციულ შენობაში (ქ.თბილისი, გულუას ქუჩა №10). მან მოწმის სახით დაკითხა ჯ.გ., რომელმაც განმარტა, რომ იყო ე.წ. ,,კანონიერი ქურდი’’, ხოლო თუ რაში გამოიხატებოდა მის მიერ განხორციელებული ქმედება, აღნიშნულის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა, რის შემდეგაც მან ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ბრალდებულის სახით დააკავა ჯ.გ. და განუმარტა უფლებები. გარდა ამისა, მის მიერ დათვალიერებული იქნა 3 ცალი CD დისკი (რომელთა ავთენტურობა არ დაუდგენია, რადგან შესაბამისი სახელმწიფო უწყების ორგანოს მიერ იყო გადმოგზავნილი), სადაც აღბეჭდილი იყო ჯ.გ.-ს საუბარი პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებაში ყოფნისას ორ კრიმინალურ ავტორიტეტთან და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, ასევე დაკითხა რამდენიმე პირი მოწმის სახით. ამასთან, საქმეში მოიპოვებოდა თავად პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელთა ჩვენებები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ჯ. გ. იყო ე.წ. ,,კანონიერი ქურდი’’.

ბრალდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ ჯ. გ. 2015 წლის 04 აპრილს 03:16 საათზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს ადმინისტრაციულ შენობაში (ქ.თბილისი, გულუას ქუჩა №10) საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ ი. ს.-სა და ამავე განყოფილების უფროსის გ. მ.-ს მიერ;

საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ ი. ს.-ს მიერ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2015 წლის 27 აპრილს დანიშნულ იქნა კოპლექსური ფონო (ვიდეოსკოპური), ჰაბიდოსკოპური ექსპერტიზა, ხოლო საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული წერილით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭიროა ორიგინალი ჩანაწერი და ორიგინალი ჩანაწერი მოწყობილობა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა კ. მ.-მ განმარტა, რომ 2015 წლის აპრილის თვის დასაწყისში მას სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან დაუკავშირდა თანამშრომელი (რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს) და აცნობა, რომ ჯ. გ. იმყოფებოდა საზღვართან და აპირებდა შემოსვლას საქართველოში. შედგა ოპერატიული ჯგუფი, წავიდნენ ე.წ. ,,ს.-ს’’ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და აღნიშნული პიროვნება წარმოადგინეს საქართველოს შსს-ს ადმინისტრაციულ შენობაში. მისთვის ცნობილი იყო, რომ ჯ. გ. იყო კანონიერი ქურდი/ქურდული ტრადიციების მატარებელი და მოღვაწეობდა საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გ. ი.-მ განმარტა, რომ მის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ჯ. გ.-ს მიმართ, თუმცა უშუალო შეხება მასთან არ ჰქონია. მის მიერ მტკიცებულებების მოპოვება მოხდა მოწმეთა დაკითხვის შედეგად, ამასთან გატარდა ოპერატიული ღონისძიებები და გაიცა მოსამართლის ბრძანება - ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით. საქმის მასალების მიხედვით, საკანში განიხილებოდა კანონიერი ქურდების შეკრების საკითხები და ქურდულ სამყაროში მოქმედი წესები (საკანში ასევე იმყოფებოდა კანონიერი ქურდობის ჩადენაში მსჯავრდებული - ჯ.), რომლის ჩაწერაც განხორციელდა პანასონიკის ფირმის კასეტაზე. ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში გადაიგზავნა კასეტა მისი შესწავლის მიზნით, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებია, მაგრამ დაუბრუნდა ასლი, ჩაწერილი და გაშიფრული CD დისკებზე, რომლის ნამდვილობაშიც/ავთენტურობაშიც ეჭვი არ შეჰპარვია. მისი განმარტებით, ნივთიერი მტკიცებულების დაცვაზე, მის სათანადოდ საქმეზე დამაგრებაზე და შენახვაზე თავად იყო პასუხისმგებელი, ხოლო პანასონიკის ფირმის კასეტის ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში გადაგზავნა მის მიერ არ მომხდარა, რადგან აღნიშნულს უშუალოდ ახორციელებდა ხელმძღვანელობა. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც სხვა გამომძიებელს საქმის მასალები სრულად გადაეცა, მისთვის „პანასონიკის“ ფირმის კასეტა არ გადაუცია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა გ. ბ.-მ განმარტა, რომ 2015 წლის 03 აპრილს გამოსაძიებლად დაეწერა სისხლის სამართლის საქმე ჯ. გ.-ს მიერ ე.წ. ,,კანონიერი ქურდობის’’ განხორციელების ფაქტზე. გამომძიებელ ი. ს.-სგან გადმოეწერა ზემოაღნიშნული საქმე, მის მიერ მოძიებულ იქნა „პანასონიკის“ ფირმის კასეტა, თუმცა მიმართვის წერილიდან გაარკვია, რომ აღნიშნული კასეტა უკან არ დაბრუნებულა.

საქართველოს შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კ. კ.-მ, მოწმედ დაკითხვის დროს განმარტა, რომ არ იცნობს ბრალდებულ ჯ. გ.-ს. მოწმის განმარტებით, როდესაც მათთან დასამუშავებლად იგზავნება ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, დამუშავების შემდეგ ილუქება და დაუყოვნებლივ უბრუნდება ინიციატორს. მათ არ აქვთ უფლება ავთენტური მასალა დაიტოვონ, დაამონტაჟონ, გაუკეთონ ჭრა ან კორექტირება, თუ იგი შემდეგში არ მოითხოვეს სპეციალური მიმართვით, რომ კონკრეტული მონაკვეთი არ არის გამოძიებისთვის საინტერესო. გამომძიებლის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ნებართვის აღების შემდეგ, აღნიშნულ დავალებას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და საქართველოს შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი. კრიმინალური პოლიციიდან გადმოგზავნილი იქნა წერილობითი შეკითხვა, ინახებოდა თუ არა ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტში ფარული აუდიო-ვიდეო მასალები, რაზეც უპასუხეს უარით. მათთან ორი წლის განმავლობაში ინახება მოლოდ მოსამართლის განჩინება და ოქმი აღნიშნული მოქმედების ჩატარების შესახებ. „პანასონიკის“ ფირმის ვიდეოკასეტა, დალუქული სახით დაუბრუნდა ინიციატორს/გამომგზავნს, რადგან მათთან არანაირი სახით ნივთმტკიცებები არ რჩება. დისკებზე დატანილია იგივე ინფორმაცია, რაც კასეტაზე იყო.

მოწმე, საქართველოს შსს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა გ. ს.-მ განმარტა, რომ მის მოვალეობაში შედის სამმართველოში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა. საჯარო ინფორმაციის გაცემის საფუძველია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. მის მიერ 2015 წლის პირველ მაისს გაცემული ინფორმაცია, გამოითხოვა ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან, რაც მიიღო წერილობით. აღნიშნულის ამსახველი დოკუმენტაცია იდენტურია ფაქტობრივ გარემოებებთან და ინახება მათ სამსახურში.

სოხუმის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის განაჩენით ჯ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენით შეუმცირდა 02 (ორი) წლის ვადით.

მოწმე დ. ხ.-ს ჩვენებით, 2006 წელს მუშაობდა პენიტენციური დეპარტამენტის №X დაწესებულებაში განყოფილების რეჟიმის უფროსის თანამდებობაზე. მითითებულ პერიოდში ჯ. გ. სასჯელს იხდიდა აღნიშნულ დაწესებულებაში და იყო ე.წ. ,,კანონიერი ქურდი’’. ამ კატეგორიის მსჯავრდებულები მოთავსებულები იყვნენ ერთად.

მოწმე გ. კ.-ს ჩვენების თანახმად, 2005-2006 წლებში მუშაობდა პენიტენციური დეპარტამენტის №X დაწესებულებაში უფროსის მოადგილედ. უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს ცნობა-ორიენტირი, სადაც აღნიშნულია, რომ ჯ. გ. სასჯელს იხდიდა პენიტენციური დეპარტამენტის №X დაწესებულებაში, სადაც ასევე სასჯელს იხდიდნენ ე.წ. ,,კანონიერი ქურდები’’. ცნობა-ორიენტირს ადგენს უსაფრთხოების სამსახური, სადაც აღწერილია პატიმრის წეს-ჩვეულება. იგი იყო საიდუმლო და თუ რა დგინდებოდა, მისთვის (მოწმისთვის) ცნობილი არ იყო.

მოწმე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის №X დაწესებულების სპეციალური განყოფილების უფროსმა ლ. ჩ.-მ განმარტა, რომ 2006 წლიდან მუშაობს ამავე თანამდებობაზე. პენიტენციური დეპარტამენტის №X დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ შერეული ტიპის დაწესებულებაა, ძირითადად სასჯელს იხდიან განსაკუთრებული რისკის მქონე პატიმრები, ასევე, კანონიერი ქურდობისთვის და ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდებულები.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს სამინისტროს თანამშრომელმა მ. ძ.-მ განმარტა, რომ 2006 წელს იგი მუშაობდა საქართველოს შსს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, სადაც მიმდინარეობდა გამოძიება ჯ. გ.-ს მიერ კანონიერი ქურდობის განხორციელების ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მას ჩატარებული აქვს რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, დაკითხული ჰყავს მოწმეები, რომლებიც მუშაობდნენ იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა ბრალდებული. აღნიშნული მოწმეები ერთმნიშვნელოვნად უთითებდნენ ჯ.გ.-ს კრიმინალურ წარსულზე. აგრეთვე არსებობდა ჩანაწერი, რომლის თანახმად ჯ.გ. სასჯელს იხდიდა სხვა კანონიერ ქურდებთან (მათ შორის კანონიერ ქურდ - რ. ლ.-სთან) და მათი საუბრების შინაარსი იყო ქურდული სამყარო და მათი ქცევის წესები. მისი (მოწმის) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მუშაობისას ბრალდებული ჩამოვიდა საქართველოში, რომელმაც პირად საუბარში აღნიშნა, რომ იყო „კანონიერი ქურდი“, თუმცა აღიარებითი ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. აღნიშნულის შემდეგ ჯ.გ. დაკავებული იქნა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე, (მოწმის საზღვარგარეთ ყოფნის გამო) საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის №X დაწესებულების სამსახურის უფროსი) მოწმე გ. ჯ.-ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად 2005 წლის 14 დეკემბერს №X საპყრობილეში - ქ.რ.-ს №X დაწესებულებიდან შესახლებულ იქნა „კანონიერი ქურდი“ ჯ. გ., რომელიც დაკავებული იყო ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის და განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. იგი სარგებლობდა ავტორიტეტით კრიმინალური სამყაროს სხვა წევრებს შორის და აღიარებდა ქურდულ სამყაროში დამკვიდრებულ წესებს.

საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე (მოწმის გარდაცვალების გამო) ასევე საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული (საქართველოს შსს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის და სპეციალურ დავალებათა მთავარ სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პირველი სამსახურის უფროსი) მოწმე ლ. ფ.-ს ჩვენება, რომლის თანახმად, მას ჰქონდა ინფორმაცია ჯ. ჯ.-ს ძე გ.-ს კანონიერ ქურდად აღიარების და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტით სარგებლობის შესახებ. ჯ.გ. მეგობრობდა და მჭიდრო კავშირი ჰქონდა არაერთ კანონიერ ქურდთან, კანონიერ ქურდად აღიარების შემდეგ სისტემატურად იღებდა მონაწილეობას ქურდულ გარჩევებში ე.წ. ,,ქურდულ სხოდკებში’’ და აქტიურად მონაწილეობდა ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.

ბრალდების მხარემ, მტკიცებულებად იმისა, რომ ჯ. გ. სხვა კანონიერ ქურდებთან ერთად განიხილავდა ქურდულ სამყაროში დამკვიდრებულ ქურდულ ტრადიციებსა და წესებს, პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგინა 3 ცალი CD დისკი, რომლებზეც ასახულია ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო მასალა. სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა აღნიშნული დისკების კრებსითი ამონაწერები.

2015 წლის 02 სექტემბერს გაცემული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული საკვლევი გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია, აღნიშნულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული გამოსახულებების შედარება მონაცემთა ბაზაში რიცხულ ჯ. გ.-ს ფოტოსურათებთან ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირების მიზნით.

ჯ. გ.-მ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და არ დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობის განმარტებას, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223[1] მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია „კანონიერი ქურდობა“. ამასთან, აღნიშნული მუხლი ბლანკეტური ხასიათის ნორმაა და მისი შინაარსის სწორად დასადგენად საჭიროა ”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენციითა და ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება. შესაბამისად, იმისათვის, რათა ე.წ. კანონიერმა ქურდობამ სისხლისსამართლებრივად რელევანტური ხასიათი შეიძინოს, საჭიროა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 223[1] მუხლის მე-2 ნაწილის შეფასება, არამედ კანონით და კონვენციით სადავო საკითხთან მიმართებით დადგენილი წესრიგის გაანალიზებაც.

,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში ამომწურავად არის ჩამოთვლილი ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის ცალკეული ელემენტები, კერძოდ, კანონმდებლის მიერ ტერმინი ,,ქურდული სამყარო” იმგვარი სოციალური ჯგუფის დასახასიათებლად არის გამოყენებული, რომელიც მოქმედებს მათ მიერვე დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომელთა მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ქურდული სამყაროს წევრია ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქურდული გარჩევა გულისხმობს ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტას, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, კანონიერი ქურდი ქურდული სამყაროს წევრია, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.

კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, კანონიერი ქურდობა, ერთის მხრივ, გულისხმობს ქურდული სამყაროსადმი, როგორც ორგანიზებული ჯგუფისადმი კუთვნილებას, ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფის მართვას და ორგანიზებას, ხოლო მეორე მხრივ, ქურდული სამყაროს მიზნების მისაღწევად გარკვეული უკანონო ქმედებების განხორციელებას. ამასთან, ქურდულ სამყაროს, როგორც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ ნაირსახეობას, აქვს კონკრეტულად განსაზღვრული მიზანი - სარგებლის მიღება, რომლის გარეშეც პირთა გაერთიანება ქურდულ სამყაროდ ვერ ჩაითვლება.

”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2006 წლის 7 ივნისის დადგენილებით, დეტალურად განსაზღვრავს ორგანიზებული ჯგუფის ცნებას, კერძოდ, კონვენციაში, ორგანიზებული ჯგუფისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სავალდებულო ნიშნად დასახელებულია პირდაპირ, ან არაპირდაპირ ფინანსური, ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზანი.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ‘’სარგებლის მიღება’’ არ უკავშირდება მხოლოდ მატერიალურ გამორჩენას. ‘’სარგებლის მიღება’’ გარკვეული უპირატესობის მიღებას გულისხმობს თავად ქურდული სამყაროსათვის და მისი წევრებისათვის. ქურდული ტრადიციებისადმი ერთგულების შედეგად მოპოვებულმა ანტისოციალურმა სტატუსმა დანაშაულის სუბიექტებს საშუალება უნდა მისცეს გარკვეული გავლენა მოახდინონ საზოგადოების წევრებზე, რაც მართალია, შესაძლოა განხორციელდეს ქურდული გარჩევების გზით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რაც სავალდებულოა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არსებობს.

საქმეში „აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი №45554/08, 2014 წლის 15 ივლისი) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ ასახავს კარგად ცნობილ ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის მიმართაც საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 20 დეკემბერს მიღებულ იქნა ფართო საკანონმდებლო პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო ბრძოლა ამგვარი დანაშაულებრივი სინდიკატების წინააღმდეგ... ეს დანაშაულებრივი ფენომენი იმდენად ღრმად იყო საზოგადოებაში გამჯდარი და „კანონიერი ქურდების“ სოციალური ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო, რომ საზოგადოების ჩვეულებრივი წევრებისთვის ცნებები - „ქურდული სამყარო“, „კანონიერი ქურდი“, „დავების გადაწყვეტა კანონიერი ქურდის ავტორიტეტის გამოყენებით“, „ობშიაკი“ და ა.შ. იყო საყოველთაოდ ცნობილი და გაგებული... შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 20 დეკემბერს ორი ახალი დანაშაულის წარდგინებით, კერძოდ, „ქურდული სამყაროს წევრობა“ და „კანონიერი ქურდობა“, საქართველოს კანონმდებლობამ მხოლოდ ამ ცნებების და დანაშაულებრივ („ქურდულ“) სუბკულტურასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაცია მოახდინა...

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.
პალატას მიაჩნია, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.

მართალია, მოწმეებმა ჯ. გ. მოიხსენიეს „კანონიერ ქურდად“, თუმცა, არც ერთ მათგანს არ მიუთითებია ჯ.გ.-ს მხრიდან კონკრეტული კანონსაწინააღმდეგო ფაქტის შესახებ. კონკრეტული პირის ავტორიტეტობის, „კანონიერი ქურდობის“ და ა.შ.. თაობაზე საზოგადოებაში არსებული მოსაზრებით შეუძლებელია დადასტურდეს დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშანი. ის გარემოება, რომ წინა ნასამართლობის პერიოდში, ჯ. გ. მოთავსებული იყო სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდნენ განსაკუთრებული რისკის მქონე პატიმრები, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრები, ე.წ. „კანონიერი ქურდები“, ასევე პირად საქმეში არსებულ ინფორმაციაში ჯ.გ.-ს „კანონიერ ქურდად“ მოხსენიება, არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომელიც საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების დაშვების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებასაც გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი... მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს... მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს იმას, რომ საეჭვო, მცდარი ან სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებები გამოირიცხოს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. გამორიცხული უნდა იყოს გონივრული ეჭვი წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით. სათანადო პროცესუალური სტანდარტების შემცველი, არაორაზროვანი ნორმების საფუძველზე, სასამართლოს, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა შეეძლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, მათი მნიშვნელობისა და უტყუარობის შეფასება. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, აღჭურვოს სასამართლო სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც მას ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხის ან, ასეთ ჩვენებაზე დაყრდნობით, განაჩენის მიღებაში დაეხმარება.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირდაპირი მტკიცებულება და ვერ დაასაბუთა თუ რატომ უნდა გაიზიაროს პალატამ ის ინფორმაცია, რომლის გადამოწმების, შემოწმების და შეფასების საშუალება სასამართლოს არ ჰქონია. „1986 წელს ჯ. გ. აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად, იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, თავისი ცხოვრების წესით საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას“ - ბრალდების მხარე აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს იმ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც სასამართლოს განუცხადეს, რომ მათთვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილია პირადი საქმიდან და ოპერატიული ინფორმაციიდან გამომდინარე, ხოლო კონკრეტული ქმედებ(ებ)ის შესახებ მოწმეებს სასამართლოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

რაც შეეხება თავად ჯ. გ.-ს გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, წინასასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციას, აღნიშნული ასევე არ არის საკმარისი მის ქმედებაში „კანონიერი ქურდობის“ შემადგენლობის ნიშნების დასადგენად. თუნდაც, ჯ. გ.-ს მხრიდან იმის დადასტურება, რომ წარმოადგენდა ე.წ. „კანონიერ ქურდს“, ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223[1] მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის განხილვის დროს მან თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ძირითად მტკიცებულებაზე - ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების - ფარული მიყურადების და ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებულ მასალებთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს შემდეგს:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა არა ჩანაწერის დედანი, არამედ მისი ასლი, გადატანილი დისკებზე. აღნიშნული ასლის ავთენტურობა კი სადავო გახადა დაცვის მხარემ.

თავად ჩანაწერის დედანი, რაც მოთავსებული უნდა ყოფილიყო „პანასონიკის“ კასეტაზე, წარმოდგენილი ვერ იქნა. საქმეზე დაინიშნა კომპლექსური (ფონო) ვიდეოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. ჯ. გ.-მ, თავის მხრივ უარი განაცხადა ხმისა და გამოსახულების ნიმუშის აღებაზე. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული წერილით კი ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო იყო ორიგინალი ჩანაწერი და ორიგინალი ჩანაწერი მოწყობილობა. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული საკვლევი გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია, აღნიშნულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული გამოსახულებების შედარება მონაცემთა ბაზაში რიცხულ ჯ. გ.-ს ფოტოსურათებთან ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირების მიზნით.

პალატა განმარტავს, რომ დასაშვებია ინფორმაციის შემცველი ნებისმიერი ობიექტის სასამართლოში წარდგენა, თუ ის ხასიათდება რელევანტურობით, დასაშვებობით და უტყუარობით. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განისაზღვროს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის რეგულირების სფერო და ის მტკიცებულებები, რომელთა დაუშვებლობასაც ადგენს ეს ნორმა. ამასთან, სასამართლოს მიერ დასაშვებად ცნობილი მტკიცებულება შესაძლებელია არ იქნეს გამოყენებული სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენისას, თუ არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 82-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი კრებსითი ამონაბეჭდები თავის მხრივ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული ჩანაწერებიდან, რომლის უტყუარობა ვერ დგინდება საკმარისობის სტანდარტით. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, მაშინ, როდესაც ვერ დადასტურდა დედანი ჩანაწერის არსებობა, არ წარმოშობს მტკიცებულებების გაზიარების საფუძველს, რაც ბრალდების მხარემ მიუთითა სააპელაციო საჩივარში. ჩანაწერი ეჭვგარეშე ვერ ადასტურებს, რომ სწორედ ჯ.გ. მონაწილეობდა ამ საუბრებში. გარდა ამისა, ჩანაწერში საუბარი ისმის ხარვეზით, ამასთან არის არაერთი წყვეტა.

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა ერთმანეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა არსებობა. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ეფუძნება არა უშუალოდ ნანახს, არამედ ოპერატიული თუ სხვა წყაროებიდან მოძიებულ და სასამართლოსთვის უცნობ ინფორმაციას, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო ჩანაწერი, მიუხედავად სასამართლოს ნებართვის საფუძველზე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა, არ წარმოადგენს ჯ. გ.-ს ქმედებაში „კანონიერი ქურდობის“ დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას.

სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).
პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჯ. გ.-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რასაც სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 40.3), ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი პალატის მოსაზრებით ვერ პასუხობენ მტკიცებულების უტყუარობის ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია, სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის შოთა კახიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის განაჩენი ჯ. გ.-ს მიმართ.

ჯ. გ. უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223[1] მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ჯ. გ.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და გათავისუფლებულია სხდომის დარბაზიდან 2015 წლის 14 დეკემბერს.

ჯ. გ.-ს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აუდიო-ვიდეო ჩანაწერის ამსახველი 03 (სამი) ცალი დისკი და სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 01 (ერთი) ცალ დისკად, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.