საქმის ნომერი: 2ბ/2922-14
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები: 2ბ/3077-11, 2ბ/2224-12, 2ბ/1194-16, 2ბ/3077-11, 2ბ/2224-12, 2ბ/1194-16,
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/2922-14 (2014-09-12), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2922-14

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       12 სექტემბერი, 2014 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – დარეჯან ბიძინაშვილი
აპელანტი – ბ. შ.
წარმომადგენელი – ლ. ბ.
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ქ.
წარმომადგენელი – ბ. ზ.
დავის საგანი - ალიმენტის შემცირება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

ბ. შ.-ს სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელში): შერიგების ვადის დადგენის გარეშე მოხდეს მხარეებს შორის ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა.

ნ. უ.-ს სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებულ სარჩელში): მოპასუხე ბ. შ.-ს შვილის - მ. შ.-ს (დაბ. 28.06.2012 წელს, პირადი №XXXXXXXXXXX) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბ. შ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ბ. შ.-სა და მოპასუხე ნ. უ.-ს შორის 2012 წლის 20 ივნისის №XXXXXXXXXXX სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

ნ. შ.-ს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ბ. შ.-ს არასრულწლოვანი შვილის: მ. შ.-ს რჩენა აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 160 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2013 წლის 1 ნოემბრიდან - სრულწლოვანების მიღწევამდე.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. ბ. შ. და ნ. უ. იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2012 წლის 20 ივნისს დაარეგისტრირეს ქორწინება.

2.2. 2012 წლის 29 ივნისს მათ შეეძინათ შვილი - მ. შ.

2.3. ბ. შ. და ნ. უ. ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და ამჟამად ცალკ-ცალკე ცხოვრობენ. მხარეები გამორიცხავენ მათი ოჯახის აღდგენასა და შემდგომში მათი ერთ ოჯახად ცხოვრების შესაძლებლობას.

2.4. მოსარჩელე ნ. უ. ამჟამად ცხოვრობს ცალკე, მცირეწლოვან შვილთან - მ. შ.-თან ერთად.

2.5. მოპასუხე ბ. შ. არ იღებს მონაწილეობას შვილის რჩენასა და აღზრდაში. მას აქვს სტაბილური შემოსავალი და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 405.90 ლარს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება და მოპასუხის წერილობითი შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ქორწინების რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
- მ. შ.-ს დაბადების მოწმობის ასლი.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო, როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ეს ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ შვილები კარგავენ მშობლისაგან სარჩოს მიღების უფლებას. ამ წესიდან არავითარი გამონაკლისი არ არსებობს. შვილების რჩენის მოვალეობას მშობლები ნებაყოფლობით ასრულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩო შვილების სასარგებლოდ მათ უნდა დაეკისროთ სასამართლო წესით. ასეთ დანაკისრს ალიმენტი ეწოდება. მშობლების საალიმენტო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია შვილთან საოჯახო-ნათესაური ურთიერთობა ან კანონით მათთან გათანაბრებული მდგომარეობა და შვილის შრომისუუნარობის გამო მატერიალური დახმარების საჭიროება. საალიმენტო ვალდებულების შესრულება უმეტესად ეკისრება იმ მშობელს, რომელიც განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო ცალკე ცხოვრობს და არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს მეორე მშობელთან მცხოვრები შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში.

საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობათა აუცილებელი სუბიექტია ბავშვი, რომელსაც თავის მშობლისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლება გააჩნია. ის მშობელი კი, რომელიც სარჩელს აღძრავს სასამართლოში მეორე მშობლისაგან ალიმენტის გადახდევინების შესახებ, გამოდის შვილის წარმომადგენლად. მას არა აქვს უფლება მოითხოვოს ალიმენტის გადახდა არა შვილის, არამედ თავის სასარგებლოდ.

შვილების რჩენის მოვალეობა ძირითადად ნებაყოფლობის პრინციპებს ემყარება. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თუ ერთად. მშობლებისა და შვილების ერთად ცხოვრების შემთხვევაში შვილების რჩენაში მშობელთა მონაწილეობის ხარისხი, ჩვეულებრივ, დღის წესრიგში არ დგება. მშობელთა შორის შვილების რჩენაში ვალდებულებათა გამიჯვნა თავს იჩენს ერთ-ერთი მშობლის ცალკე ცხოვრების შემთხვევაში. (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, 2000 წ. გვ. 195-197).

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამრთლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2012 წლის 20 ივნისს გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. 2012 წლის 28 ივნისს მათ შეეძინათ შვილი - მ. შ. მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს. ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ და გამორიცხავენ მათი ოჯახის აღდგენასა და შემდგომში მათი ერთ ოჯახად ცხოვრების შესაძლებლობას. შესაბამისად, ბ. შ.-ს სარჩელის მოთხოვნა (ძირითადი სარჩელი) მხარეთა შორის ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე სასამართლომ მიიჩნია საფუძვლიანად და დააკმაყოფილა.

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. უ. ამჟამად ცხოვრობს ცალკე მცირეწლოვან შვილთან მ. შ.-თან ერთად. მოპასუხე ბ. შ. არ იღებს მონაწილეობას შვილის რჩენასა და აღზრდაში, მას აქვს სტაბილური შემოსავალი და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 405.90 ლარს. სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნ. უ.-ს მიერ აღძრულია 2013 წლის 1 ნოემბერს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლიანი შეფასების საფუძველზე მოპასუხეს, ბ. შ.-ს, შვილის, მ. შ.-ს (დაბ. 2012 წლის 28 ივნისს) სარჩოდ მისი სრულწლოვანების მიღწევამდე, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 160 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები


3.1. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი და მის საფუძველზე არასწორად დაადგინა ალიმენტის ოდენობა 160 ლარის ოდენობით. სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის ხელფასის ოდენობა, ასევე ის გარემოება, რომ აპელანტის საცხოვრებელი ადგილი (კაჭრეთი) დაშორებულია მის სამუშაო ადგილს (რუსთავი), რაც დამატებით ტრანსპორტის ხარჯებს ითხოვს. სასამართლო დაეყრდნო ხელფასის დარიცხულ ოდენობას, მაშინ, როდესაც ბ. შ.-ს ხელფასის ოდენობა ხელზე ასაღები თანხის სახით 324 ლარს შეადგენს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ფაქტობრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. ბ. შ.-სა და ნ. უ.-ს ქორწინების პერიოდში 2012 წლის 29 ივნისს შეეძინათ შვილი - მ.შ.

მტკიცებულება:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 15, ტომი 1).

4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტრატეგიული ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს ტრანსპორტის ობიექტების დაცვის სამმართველოს უფროსის მიერ 2013 წლის 13 ნოემბერს გაცემული ცნობის შესაბამისად, ბ. შ.-ს დარიცხული ხელფასი 405 ლარსა და 90 თეთრს შეადგენს.

მტკიცებულება:
- ცნობა (ს.ფ. 69, ტომი 1).

4.3. ბ. შ. ცხოვრობს მშობლებთან, გ.-ს რაიონის სოფელ კ.-ში, ხოლო მუშაობს ქალაქ რ.-ში. აღნიშნული გარემოება მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

მტკიცებულება:
- ცნობა (ს.ფ. 76, ტომი 1);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის სხდომის ოქმი).

4.4. მცირეწლოვანი ბავშვი - მ. შ. ცხოვრობს დედასთან. აღნიშნული გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის სხდომის ოქმი).

4.5. ნ. უ.-ს აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც იგი ვერ ახერხებს მუშაობას. ნ. უ. ცხოვრობს მშობლებთან. აღნიშნული გარემოება მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის სხდომის ოქმი).

სამართლებრივი დასაბუთება

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე _ ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარეთა რეალური ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, საქმეზე ფაქტობრივ გარემოებად დგინდება, რომ აპელანტის დარიცხული ხელფასი და არა ხელზე ასაღები ხელფასი 405 ლარსა და 90 თეთრს შეადგენს. ასევე დგინდება, რომ იგი ფაქტობრივად ცხოვრობს გ.-ს რაიონის სოფელ კ.-ში, ხოლო მუშაობს ქალაქ რ.-ში, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ტრანსპორტის ხარჯებთან.

მეორე მხრივ, ასევე ფაქტობრივ გარემოებად დადგინდა, რომ დედას - ნ. უ.-ს აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ვერ ახერხებს მუშაობას. თავის მხრივ, მკურნალობაც ასევე დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. ასევე დადგინდა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი - მ. შ. ცხოვრობს დედასთან. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

განსახილველ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია ბავშვების ასაკი, კერძოდ, დგინდება, რომ ბავშვი არის მცირეწლოვანი - 2 წლის, რომლის ასაკის ზრდასთან ერთად მატულობს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობაც. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის შემცირება 50 ლარამდე არ შეიძლება ჩაითვალოს იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვნისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ასევე, ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, უცილებელი სასიცოცხლო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება 150 ლარი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის, 39.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 39.2 მუხლის და მე-14 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბ. შ.-ს მიერ 2014 წლის 30 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 75 ლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ნ. უ. გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აპელანტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა


1. ბ. შ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეიცვალოს თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და აღნიშნულ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. უ.-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. მოპასუხე ბ. შ.-ს ნ. უ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის – 2012 წლის 28 ივნისს დაბადებული მ. შ.-ს რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად, ალიმენტი, 150 ლარის ოდენობით, 2013 წლის 1 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
5. ბ. შ.-ს მის მიერ 2014 წლის 30 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან დაუბრუნდეს 75 ლარი;
6. ნ. უ.-ს ბ. შ.-ს სასარგებლოდ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების პროპორციულად დაეკისროს 7 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.